გლოვის უფლება

„ვაჟიშვილის ოთახი“ (2001, იტალია, რეჟისორი ნანი მორეტი)

ნანი მორეტის იუბილე აქვს. კინორეჟისორი, რომელიც კარგა ხანია, თანამედროვე იტალიური კინოს ლიდერად ითვლება, 70 წლის გახდა. ბოლო დროს ნელ-ნელა დათმო პოზიციები. წელს კანის ფესტივალზე ნაჩვენები მისი ახალი ფილმის, „მომავლის შუქის“, პრემიერამ უღიმღამოდ ჩაიარა. თანაც იმ ფესტივალზე, სადაც ეს რეჟისორი განსაკუთრებით უყვართ. გაგახსენებთ, რომ ნანი მორეტიმ თავისი „ვაჟიშვილის ოთახით“ 2001 წელს მოიგო „ოქროს პალმა“ კანის ფორუმის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ კონკურსში (მანამდე იტალიურ კინოს 23 წელი არ ღირსებია ასეთი გამარჯვება). მოუგო ისეთ ფილმებს, როგორებიცაა ჰანეკეს „პიანისტი ქალი“, დევიდ ლინჩის „მალჰოლანდ დრაივი“, ბაზ ლურმანის „მულენ რუჟი“, ჟაკ რივეტის „ცოდნა“, ჟან-ლუკ გოდარის „სიყვარულის დიდება“... გაიმარჯვა არა მარტო იმიტომ, რომ ჟიურის თავმჯდომარე ინგმარ ბერგმანის მუზა ლივ ულმანი ფორმალისტურ ძიებებს, რადიკალიზმს და მაყურებლის პროვოცირებას დიდად არ სწყალობდა. ვფიქრობ, კანის ჟიურიმ (რომლის შემადგენლობაში იყვნენ ასევე შარლოტა გინზბურგი, ტერი გილიამი, ფილიპ ლაბრო, ედვარდ იანგი) მხარი დაუჭირა სიახლეს თავად ნანი მორეტის შემოქმედებაში.

ვინ იყო აქამდე ნანი მორეტი? უფრო, ალბათ, ანგაჟირებული მემარცხენე ინტელექტუალი, რომელიც დაუფარავად, ხშირად პლაკატურად გამოხატავდა თავის პოლიტიკურ სიმპათიებს, გვიამბობდა იმაზე, რაც უყვარს (ფინჯანი ყავა იტალიური კრუასანით, ძველი იტალიური ფილმები, პაზოლინი, ფეხბურთი, მოპედი, წყალბურთის თამაში) და რაც სძულს (უძილობა, ექიმებთან ვიზიტი, იტალიელი მემარჯვენეები). ნანი მორეტის ხშირად ადარებენ ვუდი ალენს და ნარცისიზმში ადანაშაულებენ. არცერთ მსახიობს არ ენდობა რეჟისორი ისე, როგორც თავის თავს. მორეტისთვის უნდობლობაც თავისი ხასიათის ნაწილია და თავისი სტილის ნაწილი. მას კარგად აქვს გააზრებული ეს ნარცისიზმი და თვითონაც ეცინება ამაზე. ნანი მორეტის ფილმში „ძვირფასი დღიური“, რომელიც ასევე კანში აღინიშნა პრიზით საუკეთესო რეჟისურისათვის, ავტორსა და გმირს შორის საზღვარი საერთოდ გაუქმდა. მორეტიმ ითამაშა საკუთარი თავი, რეჟისორი, რომელსაც ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და რომელიც სასოწარკვეთილი ებრძვის სიკვდილს. მაგრამ ბოლო ფილმში, რომელიც წელს ვნახეთ კანში, ასევე ირონიული სათაურით „მომავლის შუქი“, სამწუხაროდ, ეს თვითირონია მანერულობაში გადაიზარდა. ნანი მორეტი ვერ გადაურჩა იმას, რაც დაეტყო, მაგალითად, ფელინის გვიანდელ კინოს. „მე ეგოისტი ვარ, ხო? მაგრამ ხომ მაინც საყვარელი ვარ?“ - გვეკითხება რეჟისორი თითქმის მთელი ფილმის მანძილზე.

„ვაჟიშვილის ოთახი“ ამ კეკლუცობისგან სრულიად თავისუფალია. თუმცა დიდი რეჟისორი არც თავის ხელწერაზე ამბობს უარს. ეს ფილმიც ნანი მორეტის ბიოგრაფიის ნაწილია და ასევე იკვლევს კრიზისის ბუნებას. „ვაჟიშვილის ოთახის“ სცენარი დამარცხების პროცესში დაიწერა - ნანი მორეტი, ფაქტობრივად, სათავეში ედგა არჩევნებზე ბერლუსკონის წინააღმდეგ შექმნილ საზოგადოებრივ მოძრაობას. ყოველთვის აფორიაქებულ, მოძრავ, ირონიულ ნანის, ამ გამოუსწორებელ ნევროტიკს დასამახსოვრებელი ხმით და პლასტიკით, მაყურებლის თანაგრძნობა სჭირდებოდა. ზუსტად ის თანაგრძნობა, რასაც მოითხოვენ პაციენტები „ვაჟიშვილის ოთახში“ თავად ნანი მორეტის გმირისგან, ფსიქოანალიტიკოს ჯოვანისგან.

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბედნიერი იტალიური ოჯახი. შეიძლება მეტისმეტად ბედნიერი და მეტისმეტად იდეალიზებულიც. ერთ დაწყევლილ კვირადღეს მათ ვაჟიშვილი დაეღუპათ. ეგ არის და ეგ. ამის შემდეგ მორეტის გმირს, შვილმკვდარ მამას, გამუდმებით აწუხებს კითხვა: „რა იქნებოდა მაშინ, შვილს რომ გაჰყოლოდა და პაციენტის დახმარებაზე უარი ეთქვა?“

მეტი არც არაფერი. ამ კითხვის გარშემო ტრიალებს „ვაჟიშვილის ოთახი“ - კინო გადაღებული ცივი გონებით და ცხელი გულით.

„ვაჟიშვილის ოთახი“ არის ფილმი გლოვაზე. თუმცა დატირების აქტი აქ უაღრესად ხანმოკლეა - სულ რამდენიმე მზერის შეჯახებით და „წამიერი ცრემლით“. ამის მერე იწყება პერსონაჟების რეკონსტრუქცია (თუ დეკონსტრუქცია?). ჯოვანის წინაშე მისი პაციენტები სარკეებად იქცევიან. იგი თავად გადაიქცევა პაციენტად. ადამიანი რომ გადაარჩინოს, ფსიქოანალიტიკოსი უნდა მოკვდეს. მისი „იდენტობა“ უნდა წაიშალოს. სხვაგვარად ყოველთვის იქნება ბარიერი, რომელიც მას სხვაში ვერ შეიყვანს.

თანამედროვე კინოში იშვიათია, ფსიქოანალიზი არ გადაიზარდოს კარიკატურულობაში, სიკვდილი კი აისახოს ყოველგვარი პედალის გარეშე, კამერის ოდნავი შეხებებით პერსონაჟებთან (ჰოლივუდმა საერთოდ გადაგვაჩვია ასეთ კინოს). ნანი მორეტიმ გადაიღო უბრალო, გულწრფელი, დაკვირვებასა და ნიუანსებზე აწყობილი საოჯახო გლოვა, რომელსაც მუდმივად თან ახლავს სიჩუმე და უსიტყვობა. „ვაჟიშვილის ოთახი“ გატკენთ ყოველგვარი პათოსისა და კინემატოგრაფიული მანიპულაციების გარეშე - დელიკატურად, თავმდაბლურად, გამომწვევად მინიმალისტური ფორმით. გატკენთ და არასდროს დაგავიწყებთ თავის გმირებს. პირველ რიგში, ლაურა მორანტეს დედას და ნანი მორეტის ჯოვანის.

დანაშაულის განცდა და მოგონება (მათ შორის ისტორიის, რომელიც არ მომხდარა) „ვაჟიშვილის ოთახის“ მთლიან სტრუქტურას ქმნის. დანაშაულის განცდას და შვილმკვდარი მამის წარმოსახვას ექვემდებარება მთელი ეს კინემატოგრაფიული არსენალი - შესანიშნავი საუნდტრეკი (ბრაიან ენოს By This River, ფაქტობრივად, ფილმის ერთ-ერთი მთავარი გმირი ხდება), კამერა, მიზანსცენები... გლოვა არა მარტო კათარზისში გადაიზრდება, არამედ ჯერ ეხება და მერე ნელ-ნელა შორდება მაყურებელს. ეს დისტანცირება ტრაგედიასთან - მწარე, უპერსპექტივო, მაგრამ მაინც დისტანცირება, ორმაგდება ფორმით და ფილმის სიუჟეტით. დისტანცირებას და გადააზრებას მოითხოვს მთავარი გმირის პროფესიაც - ბოლოს და ბოლოს, ის ხომ ფსიქოანალიტიკოსია, საკუთარი თავის მართვის „მასწავლებელი“.

„ვაჟიშვილის ოთახი“ ნანი მორეტის ყველაზე აღიარებული და კომერციული თვალსაზრისით წარმატებული ფილმია. მე, პირადად, მისი ადრეული ნამუშევრები, განსაკუთრებით „მესა დასრულებულია“ უფრო მიყვარს, ხოლო „ჩვენ გვყავს პაპი“ ბოლო დროის იტალიური კინოს გამარჯვებად მიმაჩნია. მაგრამ „ვაჟიშვილის ოთახი“ ჩვენთვის დღევანდელობის ფილმია. ამაში დარწმუნდებით ისინიც, ვინც მორეტის სურათს ხელმეორედ ნახავთ. დიდი რეჟისორი გვეუბნება იმას, რაც, ალბათ, ბევრს გვიფიქრია რაჭის ტრაგედიის შემდეგ - ტრაგიკულ წუთებში ძალიან გვჭირდება ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვერდით არიან. რომლებიც ჯერ კიდევ ჩვენ გვერდით არიან.

კი, სიცოცხლე გრძელდება, მაგრამ უამრავი ადამიანისთვის ის აღარასდროს იქნება ისეთი კარგი, როგორიც იყო ტრაგედიამდე.