ივანიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას „გლობალური ომის პარტია“ ებრძვის, რომლისთვისაც „საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს“ და სწორედ ამ ძალამ დააპირისპირა რუსეთთან ჯერ საქართველო, ხოლო შემდეგ - უკრაინა.
ივანიშვილის განმარტებით, „აგენტების“ და „ლგბტ პროპაგანდის“ საწინააღმდეგო კანონპროექტების ინიციირებისთვის დრო „იდეალურად არის შერჩეული“ და ერთ-ერთი მიზანია - „აგენტურას“ ძალები გამოაცალოს, შემოდგომის არჩევნებისთვის - „ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების“ კიდევ ერთი მცდელობის მოლოდინში.
„აგენტების კანონის“ მხარდამჭერი კონტრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ გამართა სლოგანებით - „ღირსებით ევროპისკენ“, „მამული, ენა, სარწმუნოება“. მმართველ პარტიას არ დაუმალავს, რომ რეგიონებიდან ხალხის ჩამოყვანას გეგმავდა და აქციას თავად აფინანსებდა.
ასევე ნახეთ პარლამენტთან „ქართული ოცნების“ „საერთო-სახალხო შეკრება" დასრულდაივანიშვილის გზავნილები „ღია“ და „სკანდალურია“ ექსპერტებისთვის.
ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა მთლიანად „დასავლეთის დემონიზაციისა“ და „რუსეთის უდანაშაულოდ გამოცხადების“ აქცენტებზე იყო აგებული.
„მან თქვა, რომ თურმე დასავლეთი ყოფილა დამნაშავე 2008 წლის ომში, რომელიც თავისი აგენტის - მიშა სააკაშვილის ხელით მოქმედებდა. იგივე - უკრაინაზეც, რომ დასავლეთის ბრალია რუსეთის უკრაინაში შეჭრა. მან თქვა, რომ საქართველო და უკრაინა დასავლეთს საზარბაზნე ხორცად სჭირდება. რუსეთი გამოიყვანა დასავლეთის მსხვერპლად.
თურმე რუსეთის ბრალი არაფერი ყოფილა. ზუსტად ამას ამბობს ლავროვი, სხვას კი არაფერს“, - სუვერენიტეტი, რომლის განმტკიცების პირობაც ბიძინა ივანიშვილმა აქციაზე დადო - დასავლეთის ბრალიაო“, - გია ხუხაშვილს ბიძინა ივანიშვილის მესიჯები პირდაპირი, სკანდალური და იმის მანიშნებელი ეჩვენა, რომ - საქართველო უფრო აქტიურად დაადგება რუსეთისკენ მიმავალ გზას. ანალიტიკოსის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი „რუსული სუვერენიტეტის“ განმტკიცებას ცდილობს.
ასევე ნახეთ NGO-ების გაუმჭვირვალე დაფინანსება ხელისუფლების გარედან დანიშვნის ინსტრუმენტია - ივანიშვილიმას შემდეგ, რაც [2023 წლის 30 დეკემბერს] პოლიტიკაში მესამედ დაბრუნდა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის პოსტი დაიკავა, ბიძინა ივანიშვილმა რუსთაველის გამზირზე პირველად მიმართა საზოგადოებას. იმავე ადგილას, სადაც, წინა დღით, „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეთა მასშტაბური აქცია გაიმართა.
ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა აერთიანებდა ყველა იმ მთავარ მესიჯსა და ტერმინებს, რომლებსაც მანამდე "ხალხის ძალისა" და "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ახმოვანებდნენ:
- „ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დაპირების მიუხედავად, საქართველო და უკრაინა არ გააწევრიანეს ნატოში და ორპირ ქარში დააყენეს. ყველა ასეთ გადაწყვეტილებას გლობალური ომის პარტია იღებს, რომელიც ნატოზეც და ევროკავშირზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს და რომლისთვისაც საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს".
- „საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიის აგრესიის მთავარი მიზეზი ის არის, რომ დიდი ძალისხმევის მიუხედავად საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია, რასაც ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების პირობებში ძალიან მარტივად მიაღწევდა“.
- „მათ [გლობალური ომის პარტიამ] ჯერ საქართველო დააპირისპირეს რუსეთთან, ხოლო 2012 და 2022 წლებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში უკრაინა ჩააყენეს“.
- „პრინციპულად და თავდადებით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, პირადად მე განვაგრძობ ბრძოლას საქართველოს, ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტის სრულად აღსადგენად“.
- „ამ წლების განმავლობაში ჩვენ დავაგროვეთ საკმარისი რესურსი, რომ სუვერენიტეტის სრულად განმტკიცება დავიწყოთ - სწორად ამას ემსახურება კანონი „უცხოურ გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ [„აგენტების კანონი“]“;
- „საზოგადოებაში ხშირად კითხულობენ - მაინც რატომ იბრძვიან უცხოეთიდან ასე გამალებით „უცხოელების გამჭვირვალობის წინააღმდეგ“? ჩვენი გუნდის წარმომადგენლები ამ შეკითხვას სწორი მიმართულებით პასუხობენ, თუმცა სრული სიმართლის თქმას ისინი მაინც ერიდებიან. სრული სიმართლე კი ის არის, რომ ენჯეოების გაუმჭვირვალე დაფინანსება არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება შეგიძლია დანიშნო გარედან.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირში გაწევრიანების პირობას დებს:
„გაძლევთ პირობას, რომ ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, სუვერენიტეტსაც განვიმტკიცებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ, ქართულ ეკონომიკასაც გავაძლიერებთ და 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა“.
ასევე ნახეთ 2004-12 წლებში ქვეყანას უცხოური აგენტურა მართავდა - ივანიშვილი
„შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ძალიან შეშინებულია და, მეორე მხრივ, მზად არის ყველაფერზე წავიდეს, რასაც აკეთებენ მცირე კალიბრის დიქტატორები“, - რონდელის ფონდის უფროსი მკვლევრის, დიპლომატ გიორგი ბადრიძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა „რეპრესიები დააანონსა“ და საქართველოში ყაზახეთის მოდელის შექმნას ცდილობს.
„დღევანდელი გამოსვლა იყო აღიარება იმ მოტივებისა, რის გამოც ის [ივანიშვილი] ცვლის დასავლურ კურსს, უარს ამბობს დემოკრატიაზე, რადგან - ნებისმიერი დემოკრატიული პროცესი მიაჩნია საფრთხედ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის. ბოლო დროს როგორც ვნახეთ, ის ემზადება სანქციებისთვისაც და ოფშორებიდან ქონების ნელ-ნელა აქეთ გადმოქაჩვისთვის“, - გიორგი ბადრიძე გვეუბნება, რომ საქართველო „ოლიგარქის ახდენილი ოცნება“ და „კერძო ქვეყანა“ გახდა და „ქართული ოცნების“ პირობებში „საქართველო ევროკავშირში ვერ გაწევრიანდება“.
ევროკავშირში გაწევრიანების დაპირებას გია ხუხაშვილი „ლოგიკურ აბსურდად“ და „ტვინების გამორეცხვად“ მოიხსენიებს.
„დიდი ბოდიში, მაგრამ - თუ დასავლეთს უნდა მეორე ფრონტის გახსნა, ჩვენი საზარბაზნე ხორცად გამოყენება, უნდა რევოლუცია და „აგენტურის“ ხელისუფლებაში მოყვანა - მაშინ რატომ მიდიხარ ევროკავშირისკენ?! უტიფრობა რაშია, იცით?! - ამასაც შევაჭმევ [ხალხს]“, - ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ივანიშვილი ამ დაპირებით ევროკავშირში გაწევრიანების ილუზიას უტოვებს ხალხს, გრძნობს რა ევროკავშირის მიმართ მათ სწრაფვას და თან აფიქრებინებს, რომ „ბიძინა ევროკავშირსაც გამოასწორებს“.
ამ ყველაფრის მიუხედავად, ექსპერტებს იმედი აქვთ, რომ ახალგაზრდების მიერ წამოწყებული პროტესტი თავის შედეგს მაინც გამოიღებს, „წარსულთან ბრძოლას ყოველთვის მომავალი იმარჯვებს“ და ხალხი ვერ შეეგუება საქართველოს რუსეთისკენ სვლას.
ასევე ნახეთ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა მსვლელობაში ცოტნე ივანიშვილი მონაწილეობს
აქცენტები ახლო წარსულიდან
სულ სხვაგვარი იყო ბიძინა ივანიშვილის მიერ დასმული აქცენტები აქციაზე, რომელიც 2019 წლის 14 დეკემბერს, თავისუფლების მოედანზე გაიმართა. „ქართულმა ოცნებამ“ ხალხი იმ აქციაზეც მთელი საქართველოდან ჩამოიყვანა.
5 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის შინაარსი ძირითადად საქართველოს ევროპულ მიზანსა და ისტორიულ ოჯახში დაბრუნების აუცილებლობას უკავშირდებოდა.
„მაშინაც კი, როცა არავითარი იმედი არ ჩანდა, სულხან-საბა ისევ ჯიუტად მიისწრაფოდა დასავლეთისკენ და თავისი „სიტყვის კონით“ კვლავ ქმნიდა ევროპას საქართველოში... მიისწრაფოდა სულხან-საბა არა იმიტომ, რომ ვერ ერკვეოდა გეოპოლიტიკურ რეალიებში, არამედ იმიტომ, რომ სხვაგვარად არ შეეძლო, რადგან ევროპული იყო მისი ქართული ბუნება“, - თქვა ივანიშვილმა 2019 წლის დეკემბერში და ამ ქართული ბუნების გამოვლინებად მოიხსენია „ევროპული მასშტაბის მოაზროვნე და ჰუმანისტი“ ვაჟა-ფშაველაც.
„[საქართველომ] თავისი კუთვნილი კაშკაშა ადგილი უნდა დაიმკვიდროს ევროპის თანავარსკვლავედში“; „ქართული სახელმწიფო, საქართველოს ეკლესია, ერი და ბერი, ერთიანია ამ [ევროპულ] არჩევანში“, „ვიცი და ვხედავ, რას ეფუძნება ევროპული ცივილიზაცია - დემოკრატია, კანონის უზენაესობა და შემწყნარებლობა ის ფასეულობებია, რაზეც დგას ევროპა და რაც ასე გამჯდარია ქართულ სულში. სწორედ ეს ბუნება, ეს ღირებულებები აქცევს საქართველოს ევროპის ბუნებრივ ნაწილად“, - თქვა მაშინ ივანიშვილმა.
„საქართველოს გზა ევროპისკენ“ - ამ სლოგანის აქცია, 2019 წლის დეკემბერში, „ოცნებამ“ საქართველოს ევროსაბჭოს თავმჯდომარეობის აღნიშვნას მიუძღვნა.
ის აქცია „გავრილოვის ღამეს“ ადამიანების ძალადობრივი დარბევის შემდეგ აგორებულ პროტესტის ტალღას მოჰყვა, როცა საზოგადოებამ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იხილა რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი და ღიად დაიწყო ლაპარაკი - ხელისუფლების პრორუსულობაზე.
5 წლის წინანდელი გამოსვლაში ივანიშვილმა ილია ჭავჭავაძის სიტყვებიც მოიყვანა - „ჩვენს ქვეყანას ევროპული გამოცდილება, მეცნიერება და განათლება სჭირდება. ეს უნდა იყოს მისი თოფ-იარაღი“ და დაამატა, რომ „სწორედ ესაა ჩვენი გზა, ესაა ილიას გზა, ესაა ევროპული გზა!".
2018 წლის 5 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, ბიძინა ივანიშვილმა „გულგატეხილებსა“ და „ძველ გვარდიას“ მიმართა - უთხრა, თქვენი გულისტკივილის, გაბრაზების მიზეზი კარგად ვიცი და მხარი მაინც „ქართული ოცნების“ კანდიდატს [სალომე ზურაბიშვილს] უნდა დაუჭიროთო. ხალხის უკმაყოფილების ძირითად მიზეზებად მაშინ მან „ხელისუფლებაზე და ცალკეულ ჩინოვნიკზე“ გაბრაზება და „სიდუხჭირე“დაასახელა.
„როცა ხელისუფლება შორდება ხალხს, ის კარგავს ხალხის ნდობას“; „თუ „ქართული ოცნება“ ვერ მუშაობს, თუ მისმა რომელიმე შტომ ხალხის მსახურებაში არ ივარგა, მე პირველი წავალ მის წინააღმდეგ“; „ქვეყნის ცხოვრებაში დგება ხოლმე გარდამტეხი მომენტები, როდესაც ხალხი ხდება ეპოქალური ცვლილებების ავტორი“, - ეს სიტყვებიც ივანიშვილის 2018 წლის 5 ნოემბრის მიმართვიდან არის.
ივანიშვილის მიმართვა მაშინ ვიდეოჩანაწერის სახით გავრცელდა. ის ფიზიკურად არ იდგა აუდიტორიის წინაშე.
ასევე ნახეთ "პუტინისეული ქმედებაა" - პრეზიდენტი "ოცნების" მხარდამჭერთა შეკრებაზე
- ფაბრიკა-ქარხნების ამუშავება, ყველასთვის სამყოფი სამუშაო ადგილების შექმნა, „უფასო ფულზე“ ხელმისაწვდომობა, სამართლიანობის აღდგენა და სხვა მრავალი ასეთი დაპირებით ბიძინა ივანიშვილი, მის მიერ შექმნილი „ქართული ოცნების“ კოალიციასთან ერთად, ქვეყნის სათავეში 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდა, „ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი მმართველობის შემდეგ.
- 2012, 2018, 2023 წლებში მილიარდერი ბიზნესმენი პოლიტიკაში სამჯერ მოვიდა, ორჯერ წავიდა და ორჯერ დაბრუნდა - ორივეჯერ პარტიულ თანამდებობაზე, პოლიტიკური პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების გარეშე. ამჟამად ის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის პოსტს იკავებს.