გლდანში 177 500 ადამიანი ცხოვრობს (თბილისის მერიის მონაცემებით). გლდანის მასივი რვა მიკრორაიონს მოიცავს, იქვე არის სოფელი გლდანიც და გლდანულას დასახლებაც. „თეთრი ტბა“ წლებია ადგილობრივების დასვენების ყველაზე მოსახერხებელი ადგილი იყო, მაგრამ ახლა იქ არათუ ბანაობა, ნაპირზე ყოფნაც აღარ გამოდის, ქარს ტბიდან მყრალი სუნი მოაქვს.
„ჩვენთვის ეს ტბა ბუნების საჩუქარია, გვინდა შევინარჩუნოთ, რომ გლდანის ამხელა მოსახლეობას, აქედან ლისზე არ უწევდეს სიარული. განსაკუთრებით ზედა მიკროებისთვის არის მოსახერხებელი, იქაურებს 5-10 წუთი სჭირდებათ ფეხით ტბამდე მისასვლელად“, - ამბობს გიორგი მულაძე, წევრი საინიციატივო ჯგუფისა, რომელიც გლდანის ტბის გადარჩენას ცდილობს.
Your browser doesn’t support HTML5
გლდანელები პეტიციით ითხოვენ შეიქმნას სპეციალისტების ჯგუფი, რომელიც ტბას გამოიკვლევს.
რა ვიცით ტბაზე?
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, ტბა ამ ტერიტორიაზე სულ მცირე 70 წელია არსებობს. 50-60-იან წლებში მისი ფართობი დაახლოებით 3 ჰექტარს შეადგენდა.
უკვე მერვე წელია, რაც ტბაში წყალი კლებულობს. 2015 წელს ტბის ზედაპირი ზღვის დონიდან 550 მეტრზე იყო, 2023 წელს კი 549 მეტრზე ჩამოვიდა, ანუ 1 მეტრით დაიწია. 2015 წელს წყლის სარკის ზედაპირის ფართობი თითქმის 37 ჰექტარს შეადგენდა, 2022 წელს - 28.2 ჰექტარს. დღეს ტბა წვიმით, თოვლით და მიწისქვეშა წყლით საზრდოობს.
Your browser doesn’t support HTML5
ტბის დაშრობის მიზეზებზე რადიო თავისუფლებას გარემოს დაცვის სამინისტრომ უპასუხა, რომ ტბის მიმდებარედ ახლა არ ჩანს წყლის რესურსის რამე წყარო, რომლითაც შეიძლება ტბა იკვებებოდეს. გარემოს დაცვის სამინისტრო ასკვნის, რომ ტბის დაშრობას კლიმატურ ცვლილებებთან ერთად ისიც იწვევს, რომ ტბის მკვებავი არხები მოშლილია.
„ტბა სიბერის სტადიაშია. გადასარჩენად საჭიროა, რომ ის დამატებითი წყლის ნაკადით შეივსოს“, - წერს სამინისტრო.
ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ტბას ხელოვნურად კვებავდნენ, მასში წყალი რამდენიმე მილიდან ჩადიოდა, მათ შორის ჟინვალის წყალსაცავიდან გამოყვანილით. ახლა ეს მილები ან სრულიად არის გადაკეტილი და მოშლილია, ან - ნაწილობრივ. ვის ეკუთვნოდა მილები, ან ვის ეკუთვნის ისინი ახლა, ამის დადგენა ვერ მოხერხდა.
გარდა ამისა, ტბის სიახლოვეს გზის მშენებლობისას გაიყვანეს გვირაბი. იგი ტბის ზედაპირზე რამდენიმე მეტრით დაბლაა. ერთი-ერთი ვერსიით, წყალი გვირაბშიც მიჟონავს და იკარგება.
ვის ევალება ტბაზე ზრუნვა?
2004-2006 წლებში ტბის ტერიტორია გია აბუაშვილმა სახელმწიფოსგან იჯარით აიღო, შემდეგ გამოისყიდა და ბოლოს ნატალია კვანტალიანს მიჰყიდა. საინიციატივო ჯგუფის მიერ მოძიებული დოკუმენტებით, კვანტალიანს ამ ტბაში 2008 წელს, 3 ათასი დოლარი აქვს გადახდილი.
რეესტრის მონაცემებით, თეთრი ტბა ოთხ ნაწილად არის გაყოფილი. მისი ერთი ნაწილი (45 759 კვ.მ) და ამ ნაკვეთში ტბის მიმდებარე ტერიტორია, ნათია ჩიჩუას ეკუთვნის (ნატალია კვანტალიანის შვილი), მეორე ნაწილი 142 800 კვ.მ - ასევე ნათია ჩიჩუასია, მესამე ნაწილი - 137 200 კვ.მ - შპს „ჯინოს“ ეკუთვნის, რომლის ხელმძღვანელად და 100-პროცენტიან მესაკუთრედ, 2022 წლის მონაცემებით, ირაკლი ჯანიაშვილი ირიცხება. ტბის ნაპირის მეოთხე, მცირე ნაწილი ჯერაც სახელმწიფო საკუთრებაშია. რეესტრში სამივე გასხვისებული ტერიტორიის სტატუსად სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთია მითითებული.
„ეს მიწა ჩვენი ოჯახისაა. ის კომპანიაც [შპს „ჯინო - რ.თ.] ჩვენია. წყალი და ბუნებრივი რესურსები არ იყიდებოდა და არც მიყიდია, მხოლოდ ტერიტორია შევიძინე. ეს შესყიდვა არაფერს მავალდებულებდა, რადგან წყალი ჩემი არ არის. მიწა, რომელზედაც წყალია, ანუ ფსკერი ჩემია, თავად წყალი - სახელმწიფოსი“, - ამბობს ნატალია კვანტალიანი.
რამდენად კანონიერია ფორმულა „ფსკერი ჩემი - წყალი სახელმწიფოსი“? იურისტი მაკა ნუცუბიძე ამბობს, რომ მსგავსი რამ უბრალოდ შეუძლებელია. თუ მიწას ყიდულობ, ამ მიწაზე არსებული წყალიც შენია. არც ის არის სიმართლე, რომ სახელმწიფოს ტბის გაყიდვა არ შეეძლო, შეეძლო, თუმცა, გარკვეული დათქმებით.
მიუხედავად იმისა, რომ გლდანის ტბა, თავისი არსით, ნამდვილად ტბაა და შესასვლელშიც დიდი ასოებით „თეთრი ტბა“ აწერია, რადიო თავისუფლების მიერ მოძიებულ არც ერთ ოფიციალურ დოკუმენტში ის ტბად არ იწოდება. კითხვას, აქვს თუ არა მას ტბის სტატუსი, გარემოს დაცვის სამინისტრომ პასუხი არ გასცა. ქონების მართვის სააგენტოში კი აცხადებენ, რომ ამ მიწას გაყიდვის დროს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის სტატუსი ჰქონდა.
„ამ ტბას ძალიან მძიმე ისტორია აქვს… [გაყიდვის] შემდეგ იქ არაფერი გაკეთებულია, არადა, ტბა არის და მას მოვლა-პატრონობა სჭირდება. მიწა მაქვს მხოლოდ ნაყიდი, წყალი არ მიყიდიაო, ნატო კვანტალიანი რომ ამბობს, მაშინ მანდ ნავებით შეჯიბრებები რომ ტარდებოდა, მას რატომ მიმართავდნენ და არა სახელმწიფოს… რამდენიმე სტრუქტურა უნდა ჩაერთოს. გაირკვეს, ან როგორ გაიყიდა, ან როგორ გადაიყიდა. ან წყალი და ფსკერი როგორ იმიჯნება? რა გამოდის, ტბა რომ დაშრეს, მეპატრონეს იქ რამის აშენება შეეძლება?“ - კითხულობს კონსტანტინე ზარნაძე, გლდანის რაიონის მაჟორიტარი საკრებულოში.
ტალახი ტბის ნაცვლად
2023 წლის ივლისში გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ტბის მდგომარეობა შეისწავლა - ქიმიური და მიკრობიოლოგიური პარამეტრები. დასკვნაში წერია, რომ ტბის ზედაპირის უმეტესი ნაწილი წყალმცენარეებით არის დაფარული. ზოგიერთ ადგილზე შეიგრძნობა გოგირდწყალბადის სუნი. წყალი დაბინძურებულია, მაგალითად, ტოტალური კოლიფორმების [ბაქტერიები - რ.თ.] დასაშვები რაოდენობა 5 ათასია, გლდანის ტბაში კი 30 ათასზე მეტი აღმოჩნდა. დასაშვებ ზღვარს აღემატება სულფატების, ქლორიდების, ამონიუმის რაოდენობაც.
ადგილობრივები ამბობენ, რომ ტბაში უკვე დიდი ხანია აღარავინ ბანაობს, გაწყდა თევზი. სიმყრალე ტბიდან ქარს მიკრორაიონებში მიაქვს.
„გარშემო ხალხი ხომ ცხოვრობს, მათ უნდა მოსთხოვონ გარემოს დაცვის სამინისტროს, გარემოს დაბინძურების პრობლემა მოაგვაროს, - ამბობს იურისტი მაკა ნუცუბიძე, - თუ ტბას ტბის სტატუსი არა აქვს, ამაზეც შეიძლება იდავონ სახელმწიფოსთან, რომ სტატუსი არ მისცა და არ გაუფრთხილდა. მაგრამ უნდა დაასაბუთონ, რომ ეს ტბა მათთვის მართლაც მნიშვნელოვანია. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა, გაუფრთხილდეს ბუნებრივ რესურსებს“.