“კედელზე დიდი ასოებით დაწერა, „სიკვდილის მერე დამწვით“...
ეს თხოვნა კედელზე „გრინჩმა“ დატოვა, თაზო ლიპარტელიანმა, 30 წლის მუსიკოსმა და მერე თავი მოიკლა. „გრინჩმა“ მეგობრებს და ახლობლებს დაუტოვა უკანასკნელი სურვილი და „თავსატეხიც“ - „როგორ დავწვათ გრინჩი“.
ჯგუფ kayakata-ს წევრები ზურა ჯიშჯარიანი და მაქსიმე მაჩაიძე სამი წლის წინანდელ ამბავს დღეს ნახევრად ხუმრობით იხსენებენ და ისე ყვებიან, როგორც ფილმის თუ წიგნის შინაარსს - როგორ გადააფრინეს „გრინჩის“ ცხედარი კიევში და 24 საათში უკან, თბილისში დაბრუნდნენ მის ფერფლთან ერთად.
მაქსიმე პატარა, ფერად ბურთებს ათამაშებს ხელში. ვითომ სხვათა შორის იხსენებს იმ დღეებს, როცა „გრინჩის“ კრემაციისათვის სხვადასხვა გზას, მათ შორის ყველაზე აბსურდულ გზებსაც კი განიხილავდნენ. ყვითელ ბურთს ჯერ ბეტონის იატაკს ახეთქებს, მერე ჰაერში იჭერს და ამბობს:
„მე საერთოდ ვამბობდი, მოდი, ჩვენით დავწვათ-მეთქი. ვამბობდი, სანამ რამეს ვიპოვით, დავმარხოთ, მერე ამოვთხაროთ და დავწვათ-მეთქი. მერე ვიღაცეებმა გვითხრეს, არაო, ეგ არალეგალური არის და დაგიჭერენო. კინოებში, აფეთქებების ეფექტებზე რომ მუშაობს, ეგ ტიპი გაიჩითა, და იმანაც გვითხრა, თქვენით ვერ დაწვავთ, მაგას სპეციალური დანადგარი სჭირდებაო. თქვენით რომ დაწვათ, რამდენიმე დღე დაგჭირდებათო. ათას სიგიჟეს ვფიქრობდით. „გრინჩმა“ ერთადერთი თხოვნა დაგვიტოვა და იმის გამო, რომ აქ კრემატორიუმი არ იყო, მის თხოვნას ვერ ვასრულებდით“...
ზურა მაქსიმეს უსმენს. შიგადაშიგ სიტყვას აგდებს:
- ვერაფრით ვხვდებოდი, რა უნდა გვექნა.
- ვიცოდი, რომ ძალიან complicated (რთული) სიტუაცია იყო, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ გამოსავალი უნდა გვენახა.
„თან უსასრულოდ ხომ ვერ გაგრძელდებოდა ეს ამბავი“ - ამბობს ზურა, ლურჯ კაპიუშონს ისწორებს, სავარძლის საზურგეს ეყუდება და განაგრძობს: „საბოლოოდ, კიდევ ერთი მეგობარი, გუკა დაგვეხმარა. კრემატორიუმს მივაკვლიეთ უკრაინაში, კიევში. უამრავი საბუთის შეგროვება დაგვჭირდა, ბილეთები... ოთხნი გავფრინდით: მე, მაქსიმე, გუკა და „გრინჩი“. სხვა ქვეყანაში გადაფრენა და გადმოფრენა იაფი არ ღირს. თან უბრალოდ ხომ არ მიფრინავ, ცხედარი მიგყავს. როგორც სიცოცხლეში ვცემთ ადამიანის უფლებებს პატივს, მისი თვითგამოხატვის უფლებას, სიტყვის თავისუფლებას, მის აზრს, მგონია, რომ ასეთივე პატივი უნდა ვცეთ ადამიანის უკანასკნელ სურვილს და თუ ადამიანი მოითხოვს კრემაციას, მას ამის საშუალება უნდა ჰქონდეს“.
Your browser doesn’t support HTML5
კრძალავს თუ არა კანონი კრემაციას
საქართველოში არ არსებობს კანონი, რომელიც კრძალავს მიცვალებულთა დაწვას. თბილისში სარიტუალო საქმიანობას, დაკრძალვას, სასაფლაოს მოწყობას და ა.შ. არეგულირებს საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის დადგენილება, რომელშიც არაფერი წერია კრემაციის შესახებ.
თუმცა, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სახეების ჩამონათვალში, კრემაცია ეკონომიკური საქმიანობის სახედ არის შეტანილი. ნეშტის დაკრძალვასა და მასთან დაკავშირებულ საქმიანობებს 96.03.0 ქვეკლასი შეიცავს და ეს საქმიანობებია:
- გვამის მომზადება დაკრძალვის ან კრემაციისათვის
- დაკრძალვის ან კრემაციის მომსახურება
როდის დაიწყეს ფიქრი თბილისში კრემატორიუმზე
მუხათგვერდის სასაფლაოს ასახვევში, ტაქსის საქარე მინას რამდენიმე წვეთი დაეცა. ცა ისე გაშავდა, აშკარა იყო, რამდენიმე წვეთს არ იკმარებდა.
კრემატორიუმის ჟანგისფერ კარს, რომელსაც ბოქლომი ადევს, „ჰერმესის“ თანამშრომლები გვიღებენ. წვიმა ისე ასხამს, გაქცევას აზრი არ აქვს. ოდესღაც კრემატორიუმისთვის განკუთვნილი შენობა ცარიელია. აქა-იქ სამშენებლო მასალაა მიწყობილი - ფიცრები, ფილები, ცემენტის რამდენიმე ტომარა... მაღალი ფანჯრებიდან წვიმა ცერად ასხამს. საბჭოთა, პომპეზური არქიტექტურის ტიპური შენობის შუაგულში ვდგავართ.
კომპლექსი, რომელიც მუხათგვერის სასაფლაოზე რამდენიმე შენობას აერთიანებს, 70-იანი წლების მიწურულს, არქიტექტორ ვიქტორ ჯორბენაძის პროექტის მიხედვით აშენდა (სწორედ მას ეკუთვნის ქორწინების, რიტუალების სასახლეც).
სასაფლაოების მართვის სამსახურის, „ჰერმესის“ თანამშრომელი მეუბნება, რომ ამ კომპლექსის ნაწილს, კრემატორიუმის შენობას, თავისი ფუნქცია არასდროს შეუსრულებია. 80-იან წლებში აქ ძირითადად ქელეხის სუფრები იშლებოდა. ამავე შენობაში იყო სასაფლაოს გამგეობაც (კრემატორიუმის კარზე, თეთრი საღებავით მიწერილი წარწერა ისევ იკითხება), ახლა კი წლებია დაკეტილიაო.
Your browser doesn’t support HTML5
თბილისში კრემატორიუმის აშენების იდეა მიწის რესურსის დაზოგვისა და სანიტარულ-ჰიგიენური მიზნებით, დედაქალაქის მთავრობას გაცილებით ადრე, მეოცე საუკუნის დასაწყისში გაუჩნდა, თან არაერთხელ. პერიოდულ პრესაში პირველი ცნობა კრემატორიუმის შესახებ, გასული საუკუნის 20-იან წლებში ჩნდება.
1925 წლის 12 ივლისის „კომუნისტი“ აქვეყნებს მცირე სტატიას სახელწოდებით „კრემატორიუმის (გვამების საწვავი სადგური) მოწყობა თბილისში“. სტატიიდან ირკვევა, რომ იდეის დასახვეწად, საქართველოდან გერმანიაში ჩავიდა ინჟინერი ქურდიანი. კრემატორიუმისათვის საჭირო მოწყობილობას სწორედ გერმანიიდან უნდა ჩამოეტანათ. დედაქალაქის მთავრობას განზრახული ჰქონდა „სიმენსის“ ფირმის კრემატორიუმის შეკვეთა:
„საბჭოთა კავშირის ქალაქებს შორის, მარტო ლენინგრადში არსებობს გვამის საწვავი დაწესებულება, რომელიც მოწყობილია 1920 წელს. კრემაციის შემოღება თბილისში დროულია, რადგან სასაფლაოებზე უკვე ადგილების სივიწროვეა, ხოლო ქალაქის ახლო მიდამოებში არ მოიპოვება სათანადო ადგილი ახალი სასაფლაოს მოსაწყობად. მეორე მხრივ, კრემაციის შემოღება საჭიროა სანიტარულ-ჰიგიენური მოსაზრებებით, რადგან ხშირად მიცვალებულების ღრმად დამარხვა არ გამოდგება იმის გარანტიით, რომ გადამდები დაავადებები გარდაცვლილი ადამიანის გვამის საშუალებით არ გავრცელდება სნეულება, რომლის ბაქტერიები შეიძლება მიწის სიღრმიდან გამოტანილ იქნას წყაროს წყლის მიერ.
ევროპაში ამჟამად შემოღებულია კრემატორიუმის ორი ტიპი, რომელთა საშუალებით, 1000-1200 გრადუსამდე გავარვარებულ ატმოსფეროში სწარმოებს გვამების დაწვა. კრემატორიუმი საჭიროებს ყოველი გვამის დასაწვავად 2 ფუთს ნავთს. თბილისის აღმასკომის კომუნალური განყოფილება შეუდგა გვამსაწვავი მანქანის მოწყობას. რომლის გამოკვლევა მინდობილი ჰქონდა ინჟინერ ქურდიანს, რომელიც ამას წინათ გაგზავნილი იყო გერმანიაში სხვადასხვა საქმეების გამო”.
გაზეთ "კომუნისტში" გამოქვეყნებული სტატიიდან ირკვევა, რომ კრემატორიუმში დღე-ღამეში 20 გვამი უნდა დამწვარიყო. საჭვარტლიდან გასულ გაზებში არ უნდა ყოფილიყო ჭვარტლი, „რომ ჰაერში არ გავრცელებულიყო სიმყრალის სუნი“.
კრემატორიუმის შენობის მიმდებარედ იგეგმებოდა სამლოცველოს მოწყობა ყველა სარწმუნოების მოქალაქეებისათვის. კრემატორიუმის გარშემო უნდა გაშენებულიყო ბაღი.
10 წლის შემდეგ, 1935 წელს, გაზეთ „კომუნისტი“ ისევ წერს ამ თემაზე და ირკვევა, რომ დედაქალაქის მთავრობამ კრემატორიუმის აშენებას ათი წლის განმავლობაში თავი ვერ მოაბა.
„სასაფლაოთა მეურნეობის მოწესრიგება ტფილისის საქალაქო მეურნეობის ერთ-ერთი სუსტი ადგილია. ქალაქის გაფართოებისა და მოსახლეობის რიცხობრივი ზრდის გამო, საჭირო ხდება ქალაქის ფარგლებში არსებული სასაფლაოების დახურვა და გადატანა ქალაქს გარეთ, რაც გარდა დიდი ხარჯებისა, დაკავშირებულია მრავალ უხერხულობასთან. ამ უხერხულობათა თავიდან ასაცილებლად, ტფილისის საბჭომ გადასწყვიტა მომავალ წელს შეუდგეს კრემატორიუმის აგებას. სათანადო თანხები გათვალისწინებული იქნება მომავალი წლის საკონტროლო ციფრებით. კრემატორიუმის ასაგები ადგილის მოსანახად, მშენებლობის მოსამზადებელ სამუშაოთა ჩასატარებლად და ამ საქმესთან დაკავშირებული საკითხების მოსაწესრიგებლად, მუშაობა დაიწყება შემოდგომიდან. 1936 წელს კრემატორიუმის მშენებლობისათვის გათვალისწინებულია 800 000 მანეთის გადადება“.
რაში დაიხარჯა კრემატორიუმისთვის გამოყოფილი ფული, პერიოდულ პრესაში აღარ იძებნება.
კრემატორიუმის ახალი პროექტი მერიაში
60 წლის ინჟინერი და ეკონომისტი გოჩა ჯაიანი თბილისში ცხოვრობს. კრემატორიუმის აშენების იდეა რამდენიმე წლის წინ, მას შემდეგ გაუჩნდა, რაც გაარკვია, რომ სიკვდილის შემდეგ, მისი უკანასკნელი სურვილის ასრულება ოჯახის წევრებს გაუჭირდებოდათ:
„მოწესრიგებული ადამიანი ვარ და ვცდილობ ყველა პირადი პრობლემა თავად მოვაგვარო. 50 წლის რომ გავხდი, დავიწყე ფიქრი, როგორ შემემსუბუქებინა ოჯახის წევრებისთვის ჩემი უკანასკნელი სურვილის ასრულება და გადავწყვიტე, წინასწარ დამეგეგმა ყველაფერი. ვინაიდან საქართველოში არ არის კრემატორიუმი, დავიწყე უახლოესი კრემატორიუმის ძებნა. ჩეხეთში მყავს მეგობრები და საბოლოოდ, სწორედ ეს ქვეყანა შევარჩიე. იქ 80 კრემატორიუმია და მომსახურების ტარიფიც საკმაოდ დაბალია. თუმცა, თავი იჩინა ტრანსპორტირებასთან დაკავშირებულმა პრობლემამ, კერძოდ მისმა ღირებულებამ, რომელმაც ამ პროცესის საერთო ღირებულება რამდენჯერმე გაზარდა, ამას დაემატა ბიუროკრატიული პრობლემები სათანადო დოკუმენტაციის მოსამზადებლად და ამან კიდევ უფრო დაამძიმა სიტუაცია“.
გოჩა ჯაიანმა გაარკვია, თუ რა დრო და რა თანხა შეიძლება დაიხარჯოს კრემაციის მიზნით ნეშტის საზღვარგარეთ ტრანსპორტირებისათვის: „მხოლოდ საჰაერო გზით ტრანსპორტირების ხარჯები ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში დაახლოებით 3000 დოლარს აღწევს, ხოლო ყველა საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებას 7-10 დღე სჭირდება. საქართველოში არსებობს რამდენიმე ისეთი კერძო სარიტუალო კომპანია, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე გასავლელი აუცილებელი ეტაპების სრულ პაკეტს (გარდაცვალების ცნობის აღებიდან - ნეშტის დანიშნულების აეროპორტში ჩატანამდე) უფრო მოკლე ვადებში შემოგთავაზებენ, მაგრამ მომსახურების ფასი გაიზრდება. არადა, უშუალოდ კრემაცია დაახლოებით 300-400 ამერიკული დოლარი ჯდება“.
სხვადასხვა ინფორმაციის შეჯამების შემდეგ, გოჩა ჯაიანმა თბილისში კრემატორიუმის აშენება გადაწყვიტა. 2017 წელს დაიწყო მოლაპარაკებები ერთი მხრივ, ჩეხურ მხარესთან, ინვესტორთან და მეორე მხრივ, თბილისის მერიასთან.
მოლაპარაკების შემდეგ, გადაწყდა ჩეხური წარმოების კრემაციის აპარატის TABO-CS-ს შეძენა, რომელსაც დღეში 24 პროცედურის ჩატარება შეუძლია და აკმაყოფილებს ეკოლოგიური სისუფთავის თვალსაზრისით ევროპული სტანდარტების პარამეტრებს. შეიქმნა კრემატორიუმის ესკიზებიც. ქალაქის მერის სახელზე დაიწერა წერილი, რომელიც პროექტთან ერთად მერიაში შევიდა. თუმცა, გოჩა ჯაიანმა კრემატორიუმის მშენებლობის ნებართვაზე თბილისის მერიისგან იმ ეტაპზე უარი მიიღო:
„კრემაციისათვის საჭირო დანადგარის შეძენა, ჩამოტანა და მონტაჟი საკმაოდ ძვირი ჯდება, დაახლოებით მილიონ ევრომდე. ამას ემატება მიწის ნაკვეთის ღირებულებაც. თბილისის მერიასთან მოლაპარაკებების პროცესში ჩემი წინადადება იყო ისიც, რომ სწორედ მიწის ნაკვეთის საკითხის მოგვარება აეღო საკუთარ თავზე დედაქალაქის მუნიციპალიტეტს. წერილის შეტანიდან ერთ კვირაში შევხვდით მერიის ქონების მართვის სამსახურის ქონების განკარგვის და საინვესტიციო განყოფილების უფროსსა და მერის მრჩეველს. გამოითქვა ინტერესი, თუმცა, მერიამ პროექტში თანამონაწილეობაზე უარი თქვა, რადგან ჩვენს მიერ მოძიებულ მიწის ნაკვეთს არ ჰქონდა შესაბამისი სტატუსი, მაგრამ განგვიმარტეს, რომ თუკი ვნახავთ შესაფერის მიწის ნაკვეთს, კვლავ შევხვდებით მერიის ქონების მართვის სამსახურს და ისინი განიხილავენ მიწის პრივატიზაციის შესაძლებლობას. ამასთანავე, კვლავ გრძელდება მოლაპარაკებები ინვესტორებთან და იმედი მაქვს, ეს პროექტი საბოლოოდ წარმატებით დასრულდება".
გარდა მიწის რესურსის დაზოგვისა, კრემატორიუმის არსებობის შემთხვევაში, მნიშვნელოვნად იზოგება სარიტუალო მომსახურების ხარჯებიც.
ურნის დამარხვა 50 ლარი ღირს. მაშინ, როდესაც სტანდარტული საფლავის გათხრა 230 - ლარი. იმ შემთხვევაში, თუ ჭირისუფალს არ უწევს სასაფლაოს შეძენა, დაკრძალვის ხარჯები მინიმუმ 900 ლარს შეადგენს. ხოლო, თუკი საფლავი შესაძენია (მაგალითად, ერთადგილიანი), მისი მინიმალური ღირებულება 1000 ლარია. გაცილებით ძვირია ფასები კერძო სასაფლაოებზე.
როდის ამოიწურება თბილისის სასაფლაოების რესურსი
კრემატორიუმის მშენებლობის იდეა თბილისის მერიას 2016 წელს მიაწოდეს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ექსპერტებმაც.
ურბანისტ გოგი აბაშიძის თქმით, მერიამ მათ ასეთი პასუხი გასცა: „გვთხოვეს, რომ ეს თემა საჯაროდ არ გამოგვეტანა, რადგან მათი თქმით, ეს პოლიტიკურად აგრესიული თემა იყო. გენგეგმის პირდაპირი ფუნქცია არ არის კრემატორიუმის მშენებლობის საკითხები, თუმცა, ჩვენ ყურადღებას ვამახვილებდით იმაზე, რომ კრემატორიუმი მიწის რესურსის დაზოგვის ერთ-ერთი გზა იქნებოდა“.
თბილისის სასაფლაოების ფართობების ბოლო 10 წლის ფაქტიური დინამიკის გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასაფლაოების რესურსი მაქსიმუმ 20-25 წელი იქნება საკმარისი.
სიტუაცია გაართულა იმანაც, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებიდან, ყოველგვარი რეგულირების გარეშე გაგრძელდა სასაფლაოების სტრუქტურულ-ტერიტორიული განვითარება. მოსახლეობის ზრდასთან ერთად გაიზარდა სასაფლაოების რაოდენობაც. თუკი 2004 წელს სასაფლაოების ფართობი 401 ჰექტარს შეადგენდა, 2019 წელს მისი ფართობი თითქმის 2-ჯერ გაიზარდა.
დღესდღეობით, თბილისში სასაფლაოების 8.4 % (67 ჰა) კონფლიქტურ არეალებში ხვდება, ხოლო 61.7% (490 ჰა) - თბილისის განაშენიანებული ტერიტორიის ბუფერული ზონის შიგნით:
„რამდენიმე სასაფლაოს ჰქონდა გადაფარვა საცხოვრებელ და სხვა ფუნქციურ დაწესებულებებთან. გარდა ამისა, სასაფლაოების 9%-ს გადაფარვა ჰქონდა მკაცრი შეზღუდვის ზონებთან. მაგალითად, თბილისის ზღვის წყალდაცვით არეალთან. თან აქ ისეთ ქანებზეა ლაპარაკი, რომლის ჩანარეცხიც პირდაპირ თბილისის ზღვაში ჩაედინება“, - ამბობს გოგი აბაშიძე.
თბილისის საქალაქო სასაფლაოების რესურსი რომ მალე ამოიწურება, ამას რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადასტურებს „ჰერმესის“ დირექტორი ნოდარ რაზმაძეც.
თბილისში, მუნიციპალური სასაფლაოების საერთო ფართობი 759 ჰექტარს შეადგენს. ამ ფართობიდან დღესდღეობით ათვისებულია 555 ჰექტარი. სასაფლაოებს დედაქალაქის 1%-ზე მეტი უკავია. გარდა 55 მუნიციპალური სასაფლაოსი, ქალაქში 20-მდე კერძო სასაფლაოა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, თბილისში თვეში დაახლოებით 1000-მდე ადამიანი კვდება. ნოდარ რაზმაძის თქმით, მუნიციპალური სასაფლაოები თვეში 700-800 ადამიანს უწევს მომსახურებას. მისივე თქმით, მიწის რესურსის დაზოგვის მიზნით, 15 წლის გასვლის შემდეგ, საგვარეულო საფლავზე ნებადართულია ნეშტზე ზემოდან დაკრძალვაც, თუმცა, მიუხედავად ამისა, მომდევნო 20-25 წელში, დედაქალაქი სასაფლაოებისათვის განკუთვნილი მიწის რესურსი ამოიწურება.
ნოდარ რაზმაძე ამბობს, რომ მისთვის, როგორც დამკრძალავი და სარიტუალო სფეროს წარმომადგენლისთვის, კრემატორიუმის აშენების იდეა აქტუალურია, თუმცა, იმასაც ამბობს, რომ საკითხი შესაბამისმა სამსახურებმა, მათ შორის საპატრიარქომაც უნდა განიხილოს:
„შენობა, რომელიც მუხათგვერდის სასაფლაოზე დგას, საკმაოდ მდგრადია. ჩაუტარდება ექსპერტიზა და ამის მიხედვით გადაწყდება, განთავსდება თუ არა იქ კრემატორიუმი. ვფიქრობთ, საკითხის სენსიტიურობის გათვალისწინებით, აღნიშნული თემის რეგულაცია შესაძლებელია საპატრიარქოსა და მოქალაქეთა ერთობლივი ჩართულობით“.
რას ამბობს საეკლესიო კანონი კრემაციაზე
რამდენიმე წლის წინ, პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა კრემაციის შესახებ საუბრისას თქვა: „იმ მართლმადიდებლების მიმართ, ვინც კრემაციას მიმართვას, ეკლესია არ მოკვეთს, ანუ გარდაცვლილს ჩვეულებისამებრ აუგებენ წესს და ყველა საჭირო რიტუალს, ვინაიდან ჩვენ ვლოცულობთ ადამიანის სულისათვის და არა სხეულისათვის, თუმცა, ჩვენი ეკლესია ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება სხეულის დაწვას“.
„ბიბლიაში დაკრძალვის წესი არსადაა დადგენილი. მასში არაფერია ნათქვამი ცხედარი უნდა დაიმარხოს თუ უნდა დაიწვას“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბრისას დავით თინიკაშვილი, მართლმადიდებელი თეოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევარი.
მისივე თქმით, არ არსებობს არანაირი საეკლესიო კანონი, მსოფლიო თუ ადგილობრივ კრებაზე მიღებული, რომელიც კრძალავს კრემაციას:
„გვამის მიწაში დამარხვის მომხრეები ხშირად აპელირებენ ბიბლიურ სიტყვებზე „მიწა ხარ და მიწად მიიქცევი“, აღნიშნავენ რა, რომ ღმერთი სწორედ მიწაში დამარხულ სხეულს აღადგენს. მაგრამ განა მიწაში დამარხული გვამის მსგავსად, რომელიც დროთა მანძილზე მტვრად იქცევა, დამწვარი სხეულის ფერფლად ანუ მტვრად არ იქცევა? თუკი თეოლოგიური განსაზღვრებით, ღმერთი ყოვლისშემძლეა, მაშინ გაუგებარია რატომ ვერ უნდა შეძლოს მან ყველანაირი ფორმით განადგურებული სხეულის აღდგენა, იქნება ის მიწაში დამარხული, ზღვაში ჩაძირული თუ მხეცების მიერ შეჭმული. ამაზე მინიშნება ქრისტიანულ წმინდა წერილშიცაა: „ზღვამ მისცა [ღმერთს] მასში მყოფი მკვდრები, სიკვდილმა და სამარემაც მისცეს მათში მყოფი მკვდრები (აპოკ. 20:13)“. საყოველთაო აღდგენისას იქმნება სრულიად ახალი სხეული და ეს ოფიციალური ქრისტიანული დოქტრინაა“.
რაც შეეხება კათოლიკურ ეკლესიას, საეკლესიო სამართლის კოდექსის მიხედვით (კანონი 1176, ნაწ.3), კათოლიკური ეკლესია არ კრძალავს კრემაციას, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ის ქრისტიანული მოძღვრების საწინააღმდეგო მოტივებით აღესრულება.
დავით თინიკაშვილი ამბობს, რომ მიცვალებულის სულისთვის ჭირისუფალს ნებისმიერ ადგილას შეუძლია ილოცოს: „იქნება ეს ეკლესია, საკუთარი სახლი, ტრიალი მინდორი, ოკეანის ფსკერი თუ კოსმოსური ხომალდი. სრულიად არაა აუცილებელი, ღვინის ბოცებითა და სხვადასხვა სახის ხორაგით ასვლა ქაოსურად მოწყობილ სასაფლაოებზე მიცვალებულთა სულებისთვის პატივის მისაგებად“.
სად არის „გრინჩი?“
„გრინჩის“ ფერფლი ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა უფლისციხეში გაფანტეს.
და ახლა, როცა მის მეგობრებს ვინმე ეკითხება, სად მოვიგონოთ „გრინჩი“, პასუხობენ;
„ნებისმიერ ადგილას, რადგან ის ქარს გაჰყვა და ახლა მთელ პლანეტაზეა“.