გიულგუნმა ბრძოლა გადაწყვიტა

„ვფიქრობდი, მე პატარა ვარ, ისინი - დიდები, მათ მეტი შეუძლიათ“...

გიულგუნი

ეკრანზე 90 წამის მანძილზე სოფლის კადრი ჩანს, ღამეა, სახლების ფანჯრებში ნათურები ციმციმებენ და ისმის ორი გოგოს ჩურჩული აზერბაიჯანულ ენაზე - ნაადრევ ქორწინებაზე ლაპარაკობენ. პირველი, გიულგუნი, კითხვებს სვამს, მეორე კი თავის ცხოვრებას ჰყვება ხმადაბლა, ისე, რომ არავინ გაიგოს - მისი ვინაობა ანონიმურია, ის ძალიან პატარა გაათხოვეს. მეორე ოთახში მისი ქმარი და დედამთილი არიან, ამიტომ ვერც ხმამაღლა და ვერც ვიდეოკამერის წინ, ღიად, ის ვერ ილაპარაკებს. ამბობს: „მეც ბავშვი ვიყავი, როცა შვილი მეყოლა. როცა ვხედავდი, ჩემი ტოლები სკოლიდან ბრუნდებდნენ, თავს ისე საცოდავად ვგრძნობდი“...

90 წამი იწურება. ჩურჩული წყდება და კადრიც ბნელდება. სოფელი - ქრება.

ეს მოკლე ფილმია სათაურით - „16 წლის ცოლები“ (16-years-old Wives) რომელიც 21 წლის გიულგიუნ მამეთხანოვამ გადაიღო და ამ ფილმით 90-წამიანი ფილმების კონკურსი - DepicT-ი მოიგო. ის მალე ბრიტანეთის საბჭოს დაფინანსებით ბრისტოლის #Encounters-ის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაემგზავრება.

„ვიგრძენი, რომ ძლიერი ადამიანი ვარ. მე ეს შევძელი. ამ წარმატებით დავიჯერე, თუ ადამიანს გულით რაც უნდა და ამისთვის შრომობს, ის ყველაფერს შეძლებს, ყველაფერს“.

გიულგუნის ფილმი GIPA Media Lab-ის ერთ-ერთი პრიზიორია. GIPA MEDIA LAB-ის ისტორიაში კი გიულგუნი პირველი მონაწილეა, რომელიც GIPA-ს სამაგისტრო პროგრამაზე უფასოდ ისწავლის. გიულგუნი - მარნეულის რაიონის სოფელ თექალოდან, გოგო, რომლის ოცნებების ახდენა ახლა იწყება.

და რომელიც ამ ოცნებების ასახდენად დღესაც იბრძვის.

თექალო - გიულგუნის სოფელი

გიულგუნს უყვარს თავისი სოფლისკენ მიმავალი გზის ყურება ავტობუსის ფანჯრიდან. როცა უნივერსიტეტში (თსუ) ლექციები არა აქვს, მარნეულში მიდის, იქ ყვითელ ავტობუსში გადაჯდება ხოლმე, რომელიც გეზს თექალოსკენ იღებს. 40 წუთში სოფელშია. აი, ჩემი სახლიც - ხელს ქვით ნაშენი შეულესავი სახლისკენ იშვერს.

თექალოში სულ აზერბაიჯანელები ცხოვრობენ. ქართულად იქ ძალიან ცოტა ლაპარაკობს. ძირითადად, მოსწავლეები, რომლებიც ქართულ ენას სკოლაში სწავლობენ.

გიულგუნის ეზოში სათბურები მოჩანს - „მანდ კარტოფილს ვთესავთ, ამბობს გიულგუნი, სოფელში თუ მიწაზე არ იმუშავე, თავს ვერ ირჩენ. თან ჩვენ სოციალურად დაუცველი ოჯახი ვართ“.

გიულგუნის მამა წლებია ავადაა. მიწაზე მისი დედა, ძმა და ბებია მუშაობენ. მის ადრე გათხოვილ დებს უკვე თავიანთ ოჯახებში აქვთ საქმე და საზრუნავი.

ჯერ დედა ეგებება. მერე მამა გამოდის სახლიდან - ხელში ორი ყავარჯნით. ბიძა, ბიძაშვილები, დისშვილები - ყველანი ხვდებიან გიულგუნს. მერე ისევ ისმის ჭიშკრის ჭრიალი და ჯერ ერთი მეზობელი შემოდის ეზოში, მერე მეორე - ახალი ამბები ყველას აინტერესებს. გიულგუნის წარმატებები უხარიათ.

„მეუბნებიან, ყოჩაღ, გოგო, მიდი, გიულგუნ, ისწავლე, იმოგზაურე, ჯერ არ გათხოვდე, მეტს მიაღწიე, შენით ვამაყობთო“

გიულგუნის დედას ვეკითხებით - გაგიჭირდათ მისი ქალაქში სასწავლებლად გაშვება? და ახლა რას ფიქრობთ?

ძალიან ხმადაბლა გვპასუხობს, ისე, რომ თვალს თითქმის არც გვისწორებს: „თავიდან კი, მაგრამ ახლა მიხარია. გიულგუნი სულ ამბობდა, რომ უნივერსიტეტში ისწავლიდა. მან ჩემი ოცნებებიც აიხდინა“.

მერე გიულგუნის მამასაც იმავეს ვეკითხებით. ის კი აზერბაიჯანულ-დამტვრეული რუსულით გვპასუხობს: „ყოჩაღია ჩვენი გიულგუნი. ბევრს მიაღწევს. მისი იმედი მაქვს“.

გიულგუნი კი იცინის და იცინის.

- იცი, „ჩაიხანაში“ პირველი ჰონორარი რომ ავიღე და მამას დავურეკე, რა მითხრა? ნეტავ, თავიდანვე ჟურნალისტიკაზე ჩაგებარებინაო. ხედავ? თავიდან კი იყო წინააღმდეგი, მაგრამ მშობლები ნელ-ნელა ხვდებიან, რომ თუ იშრომებ, ყველაფერი გამოგივა. ახლა იციან, რომ შენს ოცნებებს უნდა მიჰყვე. უფროს თაობას ჯერ უჭირს რაღაცების გადალახვა, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ, მაგალითებით, ხვდებიან, რა ჯობს.

არადა, ის 400-ლარიანი ჰონორარი ისეთი მაგარი იყო! გიულგუნის პირველი ფული, რომელიც თავისი შრომით იშოვა - ამ ფულით არც მთელი თვე უნდა გაეტანა თავი და არც არაფერი! ამიტომ თავისი ერთ-ერთი დიდი ხნის სურვილი აიხდინა:

„ვფიქრობდი, ტელეფონი ხომ არ ვიყიდო? იქნებ კომპიუტერი? მაგრამ მერე მივხვდი, პირველ რიგში, საკუთარი თავი უნდა შეიყვარო. მე კი ჩემი კბილები არ მიყვარდა. ავდექი და „ბრეკეტები“ გავიკეთე“.

სწავლას და სტაბილურად მუშაობას ერთდროულად ჯერ ვერ ახერხებს, ქართულად საგნების მომზადებას გიულგუნის დიდი დრო და ენერგია მიაქვს. ამიტომ მშობლების გამოგზავნილი 180 ლარით ცხოვრობს. 90 ლარი ქირის ფულია, დანარჩენი კი ყველაფერზე უნდა ეყოს: კომუნალურ გადასახადებზე, ტრანსპორტზე, საჭმელზე.

„აი, თვეში 150 ლარი რომ მქონდეს, თავს ვერ ვირჩენ აქ. ვერც 170 ლარით. 180 ლარი არის ზღვარი. 1 ლარიც რომ მოაკლდეს, მორჩა, მაინც ვეღარ მეყოფა. ამიტომ ძალიან მინდა, რომ ჩემი ფული მქონდეს. 250 ლარი, მგონი, კარგად მეყოფოდა“.

ნაქირავებ ბინაში ხუთ გოგოსთან ერთად ცხოვრობს - ხუთივე სტუდენტი ან მომავალი სტუდენტია. მორიგეობით ყიდულობენ პურს, მორიგეობით ალაგებენ სახლს, შინიდან გამოგზავნილ სანოვაგეს - ინაწილებენ. დილით ყველა უნივერსიტეტში მიდის, საღამოს კი მაგიდის გარშემო სხდებიან და მეცადინეობენ.

  • ეს სიტყვა - წიწვიანი რას ნიშნავს?

და ქართულ სიტყვებს გუგლში ეძებენ.

გიულგუნ მამეთხანოვა თსუ-ს გეოგრაფიის ფაკულტეტზე სწავლობს. მაგრამ იცის, რომ თავისი მომავალი ჟურნალისტიკას და რეჟისურას უნდა დაუკავშიროს.

რადიოს დღე

ყოველ ხუთშაბათ დილით, გიულგუნი სადგურის მოედანზე მიკროავტობუსში ჯდება და მარნეულში მიდის. ხუთშაბათი - რადიოს დღეა, რადიო მარნეულში ის მოხალისედ მუშაობს და კვირაში ერთხელ ოცწუთიანი შემეცნებითი-საგანმანათლებლო გადაცემა მიჰყავს.

„აი, დღეს, მაგალითად, უნდა ვილაპარაკო დმანისის რაიონის სოფლების ისტორიაზე. ბევრმა არც იცის მათ შესახებ, საიდან წარმოიშვა მათი სახელები, როდის გაჩნდა ეს სოფლები...“

რადიო მარნეული - მისი ასახდენი ოცნების ნაწილია. როცა გიულგუნი უნივერსიტეტში გეოგრაფიის ფაკულტეტს დაამთავრებს, GIPA-ს მაგისტრატურაში ისწავლის, უფასოდ. სამი წლის წინ კი, მისი აბიტურიენტობისას:

ჟურნალისტიკა? იკითხეს მშობლებმა და ფაკულტეტების ჩამონათვალი გიულგუნს თავიდან ბოლომდე წააკითხეს. მანდ ხომ არც ფულია, მასწავლელობა სჯობს! თან ხომ უნდა გათხოვდე, ქმარი გაგიშვებს ეგეთ საქმეზე? მიდი, აბა, სხვა ფაკულტეტი ნახე. ეკონომიკაც არა. აბა, სხვა, სხვა ნახე, უფრო ქალური პროფესია.

ისხდნენ სოფელში მაგიდის გარშემო და ერთად ირჩევდნენ გიულგუნის მომავალს.

გიულგუნი კი ფიქრობდა, იქნებ მართლები არიან? იქნებ მართლა გეოგრაფიის სწავლა სჯობს? მათ ნებას დაჰყვა და თსუ-ს გეოგრაფიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა პროგრამით 4+1 (ეს პროგრამა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს, პირველ წელს მოსამზადებელი კურსი გაიარონ).

მაგრამ გიულგუნმა პირველი კურსის დასრულებისთანავე იცოდა, რომ არჩევანში შეცდა.

„ჩემით უნდა გადამეწყვიტა. მაგრამ ძალა არ მეყო. როცა მარტო ხარ, გიჭირს. სასწავლებლად წასვლა რომ გადავწყვიტე და მშობლები ამაზე დავიყოლიე, მაშინ ეს უკვე დიდი გამარჯვება იყო. ახლა დრო რომ უკან დატრიალდეს, სხვანაირად მოვიქცეოდი, მაგრამ არა უშავს, ჩემი ბრძოლა გრძელდება“.

და მართლა ასეა. ხუთშაბათობით, 12 საათზე, რადიო მარნეულის ეთერში გიულგუნის ხმა მაინც ისმის - დასაწყისში ოდნავ ხრინწიანი, რადგან ღელავს, მერე კი ისეთივე მტკიცე, როგორც თავად გიულგუნ მამეთხანოვაა.

ჩურჩულით მოთხრობილი ამბავი

- გიულგუნ, რატომ ჩურჩულებენ შენი ფილმის გმირები?

- იმიტომ, რომ ხმამაღლა ნაადრევ ქორწინებაზე ლაპარაკის ეშინიათ. იმიტომ, რომ კამერის წინ საუბარს რომ დათანხმებოდნენ, სიმართლეს აღარ იტყოდნენ. იმიტომ, რომ ღიად მშობლებს ვერავინ გააკრიტიკებს იმისთვის, რომ ისინი ბავშვობაში გაათხოვეს. იმიტომ, რომ ისინი დედ-მამას ვერ ეტყვიან, მე სხვა ოცნებები მქონდა, თქვენ კი ჩემი ოცნებები მოკალით.

გიულგუნის დებიც ნაადრევად გაათხოვეს - უფროსიც და უმცროსიც. დედამისიც, რომელიც მასწავლებლობაზე ოცნებობდა, მეათეკლასელი იყო, როცა მისი ხელი ითხოვეს. ოცნებები ვერ აიხდინა გარშემო ვერც ერთმა მეზობლის ქალმა. გიულგუნი რომ თექალოში ჩავა ხოლმე, ყველა მათთან იკრიბება და კითხვას კითხვაზე უსვამენ - როგორია ქალაქი? ექსკურსიაზე რომ წახვედი, იქ რა ნახე? უნივერსიტეტი როგორია? და ასე, უსასრულოდ. ყველა დეტალი აინტერესებთ. ყველაფერი, რაც მათი სოფლის მიღმაა.

გიულგუნი მთელი ცხოვრება ამას ხედავდა - სხვების აუხდენელ ოცნებებს და, როგორც თავად გვიყვება, ერთფეროვან ცხოვრებას.

„რა ცხოვრებაა ეს? დილით ადგები, ამზადებ სადილს, ალაგებ სახლს, უვლი ბავშვს, მუშაობ მინდორში და მორჩა. და ასეა ყოველდღე. მათ თვალებში აღარ ჩანს ოცნებები. მათი თვალები ჩამქრალია. მე ამას ვხედავდი. მე არ მინდოდა ასეთი ცხოვრება. მე უნდა გავქცეულიყავი. არ მინდოდა, ამ სოფლით დასრულებულიყო ყველაფერი“.

ამიტომაც გადაწყვიტა ხმამაღლა ელაპარაკა იმაზე, რაზეც სხვები ჩურჩულებდნენ.

თავიდან ეუბნებოდნენ, რაღა ამ ნაადრევი ქორწინების თემა აირჩიეო. ხომ იცი, რომ ჩვენს ერს ამით ჩირქს სცხებო, ხომ სწავლობენ უკვე აზერბაიჯანელი გოგოები, ხომ შეიცვალა ცხოვრებაო.

„მაგრამ ეს პრობლემა არსად გამქრალა. და ისიც ვიცი, რომ ეს მხოლოდ აზერბაიჯანელების პრობლემა არ არის. ბოლო დროს შედარებით გამოსწორდა ვითარება, მაგრამ რადგან ასეთი ფაქტები შემცირდა, თვალი დავხუჭოთ დანარჩენზე? წარმოიდგინე, 20 და 21 წლის გოგოები, ვისაც ჩემსავით სწავლა შეუძლია, მაგრამ უკვე ორი და მეტი შვილი ჰყავს და ნული შანსი აქვთ რამის შეცვლის, ეს სწორია? მგონი, არა. მე ვიცნობ ამ ქალებს. ისინი ჩემს გარშემო არიან. და მე შემიძლია მათი ცხოვრება შევცვალო“.

ახალი ადამიანები

ხანდახან ღამეები თეთრად თენდებოდა - მეცადინეობაში. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მკაფიო მიზანი გაუჩნდა, სწავლის გაგრძელების. სოფელში ქართულის მასწავლელებელი ჩავიდა - ახალი ადამიანი. გიულგუნის დაკვირვების ახალი ობიექტი, რამაც მისი ცხოვრება შეცვალა. ის სხვა ენაზე ლაპარაკობდა, სხვანაირად ცხოვრობდა და აზროვნებდა. გიულგუნი კი ცდილობდა, ყველაფერი შეესრუტა - ყველაფერი ახალი.

„როცა პატარა ვიყავი, მარტო დავჯდებოდი ხოლმე, თვალებს ვხუჭავდი, ვიგონებდი უცნაურ გმირებს და თავგადასავლებს, რომლებიც სხვა ქვეყნებში ხდებოდა. ვიცოდი, რომ სხვაგან მინდოდა წასვლა, ალბათ, გეოგრაფიაც ამიტომ შემიყვარდა. მერვე კლასში დედას ვუთხარი, რომ მე უნივერსიტეტში ვისწავლიდი და ქართულის სწავლა დავიწყე“.

მამეთხანოვების ოჯახში ქართული გიულგუნის ძმამაც იცის, უფრო სწორად, ახლაა სწავლის პროცესში. უნდა ისწავლო, - ეუბნება გიულგუნი ძმას.

„დარწმუნებული ვარ, თუ ისწავლის, ქალების უფლებებსაც პატივს სცემს. ვიცი, რომ ყველა განათლებული ადამიანი არ არის კარგი ადამიანი, მაგრამ მეტია შანსი, იცოდეს, რა არის კარგი და რა ცუდი“.

***

სოფელში ცხოვრება არ იყო მარტივი.

ხშირად მთელი დღე მინდორში მუშაობდნენ - ხან ტონობით კიტრი იყო ასაღები, ხან კომბოსტო ან კარტოფილი. ხან გასათოხნი იყო მიწა, ხან დასაბარი. სახლში მხოლოდ შუადღეს, სადილისთვის თუ შევიდოდნენ ხოლმე ცოტა ხნით. მეცადინეობისთვის დრო ცოტა რჩებოდა.

„სწავლა და ცოტა გართობაც მინდოდა ხოლმე, მაგრამ სხვა გზაც არ იყო. მე ძალიან მიყვარს ჩემი მშობლები და ცოტა რომ შემსუბუქებოდათ შრომა, უნდა დავხმარებოდით. ამიტომ მრჩებოდა ღამეები სამეცადინოდ“.

მშობლები ამას ხედავდნენ. თუმცა, გიულგუნს რომ ხმა არ ამოეღო, ალბათ, ისიც თავისი დებივით იცხოვრებდა. ის კი პირდაპირ მივიდა მამასთან და უთხრა, რომ დიდი გეგმები ჰქონდა.

„ჩუმად მისმენდნენ. გრძნობდნენ, რომ ჩემს წინააღმდეგ წასვლის უფლება არ ჰქონდათ. იცოდნენ, რამდენი ვიშრომე და არასოდეს მივცემდი ვინმეს უფლებას, ჩემი სურვილის წინააღმდეგ წასულიყო, ან გავეთხოვებინე“.

საზღვრები

თავიდან უნივერსიტეტშიც უჭირდა სწავლა. ხმის ამოღების, ყველასი და ყველაფრის რცხვენოდა. ფიქრობდა, რომ ქართველები მასზე წარმატებულები და აღმატებულები იყვნენ. რომ ის პატარა იყო, სხვები დიდები... ამის გადალახვას დრო დასჭირდა, მაგრამ ჯერ ერთი წინადადება თქვა ხმამაღლა, აუდიტორიაში, მერე მეორე და გიულგუნიც ალაპარაკდა. შეცდომებით, მაგრამ უკვე თამამად და, რაც მთავარია, ქართულად.

„ხანდახან ძალიან მიჭირს. ხან ვტირი ხოლმე, რატომ არ ვიცი ქართული უკეთესად, რააატომ, ხომ უკეთ შევძლებდი ყველაფერს. ენერგიაც მეტი მჭირდება, რომ ყველაფერი ავითვისო, მაგრამ მერე მახსენდება, რომ ოცნებები მაქვს. ბევრი საქმე მაქვს“.

ოცნებების ახდენაც ამის შემდეგ დაიწყო. და იცით, ერთ-ერთი პირველი რა გააკეთა? საზღვარი გადაკვეთა! „ერასმუსის“ პროექტით აზერბაიჯანში წავიდა - ეს იყო გიულგუნის პირველი მოგზაურობა მატარებლით, თბილისიდან ბაქოსკენ. მთელი ღამე არ ეძინა, არ უნდოდა, საზღვრის გადაკვეთის წამები გამორჩენოდა.

„გული ამოვარდნაზე მქონდა. ვფიქრობდი, ნეტა იქ რა ხდება, საზღვრის იქით, ნეტა, როგორი ადამიანები მუშაობენ? ვუყურებდი და ვუყურებდი. მეგონა გული გამისკდებოდა ემოციებისგან“.

მოგზაურობა იმდენჯერ ახსენა, ვკითხე, რომელ ქვეყანაში წახვიდოდი, რომ შეგეძლოს-მეთქი. დაფიქრების გარეშე წამოიძახა - ისლანდიაში! და იცით, რატომ? იმიტომ, რომ ფერიები არიან. მე მჯერა ამის. და რისიც ადამიანს სჯერა, ის მართლა არსებობს.

თუ ქალები ვერ მიდიან განათლებამდე...

განათლებას გიულგუნი მიიტანს ქალებამდე. ეს უკვე ოცნება კი არა, მიზანია - თავის სოფელში ქალებისთვის ცენტრი გახსნას, სადაც მათ ასწავლის ქართულ ენას და ყველაფერ სხვას, რაც სჭირდებათ.

„მე მივუტან მათ განათლებას, თუ ქმრები აქეთ არ გამოუშვებენ. ეს არის ჩემი მიზანი. ცვლილებები. როგორც ჩემი ცხოვრება შეცვალეს ადამიანებმა, მეც მინდა ვინმესთვის ასეთ ადამიანად ვიქცე“.

ეჭვიც არ მეპარება, რომ ასე იქნება.

Your browser doesn’t support HTML5

გიულგუნი თექალოდან