გიულგუნი თექალოდან

Your browser doesn’t support HTML5

21 წლის გიულგუნ მამეთხანოვამ, 18 წელი იცხოვრა მარნეულის სოფელ თექალოში. ერთ დღეს კი დედ-მამას გამოუცხადა, რომ ის, თანატოლებივით, ადრე გათხოვებასა და სოფელში დარჩენას არ აპირებდა - დიდი მიზნები ჰქონდა: აუცილებლად ისწავლიდა უნივერსიტეტში და ბევრს იმოგზაურებდა. თავიდან მის ამ სურვილს დუმილით შეხვდნენ, მაგრამ გიულგუნის გადარწმუნება ადვილი არ აღმოჩნდა - ღამეებს ათენებდა, ქართულს სწავლობდა, ოლიმპიადებში იმარჯვებდა. პროფესიის არჩევის დრო რომ დადგა, მშობლებს გაუმხილა, რომ ჟურნალისტობა სურდა. სწავლის უფლება მისცეს, მაგრამ ურჩიეს, უფრო სხვა, „ქალური პროფესია“ აერჩია და გეოგრაფიის ფაკულტეტზე შეატანინეს საბუთები - ფიქრობდნენ, რომ გიულგუნიც, სხვა აზერბაიჯანელი გოგონების მსგავსად, ვინც სწავლა გააგრძელა, მასწავლებელი გახდებოდა. მაგრამ გიულგუნმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავისი ოცნება აეხდინა. მისმა 90-წამიანმა ფილმმა ნაადრევ ქორწინებაზე, რომელიც GIPA-ს მედიალაბორატორიის დახმარებით მოამზადა, 90-წამიანი ფილმების კონკურსი - DepicT-ი - მოიგო: როცა უნივერსიტეტს დაამთავრებს (ის ახლა მესამე კურსზეა), GIPA-ს მაგისტრატურაში უფასოდ შეისწავლის იმ პროფესიას, რომელზეც ოცნებობდა. „გეოგრაფია ძალიან მიყვარს, მაგრამ როგორ დავეხმარო ამ პროფესიით ხალხს? ჟურნალისტიკით კი მგონია, რომ ხალხის დახმარებას უფრო შევძლებ. მე მათ პრობლემებზე ხმამაღლა ვილაპარაკებ და დავიწყებ აზერბაიჯანელი ქალების ცხოვრებით, რომელიც მინდა შეიცვალოს და უკეთესი გახდეს. მჯერა, შემიძლია“.