ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებიდან ორი წელი შესრულდა. რა გამოცდილება მისცა საქართველოს მოქალაქეებს ამ ორმა წელიწადმა და რა გაზრდიდა ვიზალიბერალიზაციის ეფექტს? მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს აღმასრულებელი მდივანი, გიორგი ჯაში "დილის საუბრებში" უვიზო მიმოსვლის მნიშვნელობაზე ამბობს:
"ქვეყანა უკავშირდება პირდაპირ იმ წიაღს, რომლიდანაც ჩვენ ვართ წარმოშობით - ეს არის ევროპული ოჯახი და როდესაც ამ ევროპულ ოჯახში მიემგზავრები, კარზე კაკუნი არ გესაჭიროება. მიდიხარ თავისუფლად და გაქვს საშუალება გამოიყენო ეს შენს სასიკეთოდ.
უვიზო მიმოსვლა ჩვენს ძალიან ბევრ თანამემამულეს აძლევს რამდენიმე ძალიან კარგ შესაძლებლობას: ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ უვიზოდ იმოგზაურონ თავიანთი ბიზნესსაქმიანობის განსახორციელებლად; სტუდენტს შეუძლია წავიდეს, გასაუბრება გაიაროს, ჩაირიცხოს სასწავლებელში და ა.შ.; ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც პირდაპირ უკავშირდება ეკონომიკას, არის ის, რომ ადამიანს, ვისაც უნდა კონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და წასვლა დროებით სამუშაოდ ევროკავშირის რომელიმე ქვეყანაში, შეუძლია უვიზო მიმოსვლის საშუალებით ჩავიდეს დანიშნულების ქვეყანაში, მოიძიოს შესაბამისი სამუშაო, მიიღოს შესაბამისი კატეგორიის ვიზა და დასაქმდეს იქ დროებით".
გიორგი ჯაში იხსენებს, რომ უვიზო მიმოსვლის შესახებ ევროკავშირის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საქართველოს მიერ შესასრულებელი დავალებების "ოთხი ბლოკი":
"ორი ბლოკი უკავშირდებოდა მიგრაციის მართვას; დანარჩენი ორი ბლოკი მოიცავდა უამრავ საკითხს - ადამიანის უფლებებს, პერსონალურ მონაცემთა დაცვას, უამრავ რეფორმას სხვადასხვა მიმართულებით".
უვიზო მიმოსვლის მოქმედების პარალელურად სულ უფრო იზრდება იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებიც საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს ანიჭებენ. დღემდე საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარეს: ბულგარეთმა, საფრანგეთმა, ლიხტენშტეინმა, ავსტრიამ, ბელგიამ, ნიდერლანდებმა, ისლანდიამ, ლუქსემბურგმა, ირლანდიამ, ესტონეთმა, დანიამ და ჩეხეთმა. საქართველოს ბევრ მოქალაქეს აღელვებს ეს საკითხი, რადგან უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის თავშესაფრის მოთხოვნაზე დადებითი პასუხის მიღებას:
"უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს არავინ მოგანიჭებს, თუ არ გეკუთვნის. არ ხდება, რომ ეს თავშესაფრის მინიჭების შემცირებისთვის გააკეთონ. უნდა აკმაყოფილებდე ყველა მოთხოვნას, რაც ქვეყანას ესაჭიროება. თუმცა, ეს ასევე ეხმარება სახელმწიფოებს მიგრანტთა ნაკადების რეგულირებაში, განსაკუთრებით, როცა საქმე ეხება თავშესაფრის სისტემის არამართებულად გამოყენებას. თავშესაფრის მოთხოვნას აქვს თავისი საფუძვლები, რომელსაც განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებდეს. უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნად ცნობა, მათ შორის, ნიშნავს იმას, რომ თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განაცხადის განხილვა მიმდინარეობს არა რამდენიმე თვის განმავლობაში, არამედ ეს პერიოდი ძალიან მცირდება".
მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის წარმომადგენელი უმნიშვნელოვანესად თვლის საქართველოს მოქალაქის ინფორმირებულობას, ვიდრე ის კონკრეტული მიზნით ევროკავშირის/შენგენის ქვეყანაში გაემგზავრება. ხშირ შემთხვევაში გამგზავრების მიზანი დასაქმებაა:
"არსებობს უამრავი საშუალება, რითაც ადამიანს შეუძლია მოიპოვოს ინფორმაცია იმ სამუშაოსთან დაკავშირებით, რომელსაც ჰპირდებიან. გარდა ამისა, ადგილზე ჩასვლის შემდეგ, მას აქვს სამი თვე, რომ დარწმუნდეს ეს სამუშაო რეალურადა არსებობს თუ არა, აკმაყოფილებს თუ არა იმ მოთხოვნებს და იმედებს რაც მას გააჩნდა. ამის მიხედვით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და არ გახდეს არალეგალი იმ ტერიტორიაზე. ამ მხრივ სახელმწიფო უფრო ეხმარება მოქალაქეს, ვიდრე ზღუდავს".
გიორგი ჯაშის თქმით, ერთადერთი, რამაც შეიძლება არალეგალური მიგრაცია ჩაანაცვლოს, არის ლეგალური შრომითი მიგრაციის სქემები:
"ამაზე 2013-2014 წლებიდან არის დაწყებული მუშაობა. მიმდინარეობს მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან დროებითი შრომითი მიგრაციის სქემების აგებასთან დაკავშირებით, იქნება პროგრამების თუ შეთანხმებების სახით. ამას ეძახიან ცირკულარულ მიგრაციასაც".
აქ თავს იჩენს ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა:
"ის ძირითადი პროფესიები, რომლებიც ევროკავშირის ბაზარზე არის მოთხოვნადი, ხშირად არ შეესაბამება იმ კვალიფიკაციებს, რომლებიც ამავე პროფესიის ადამიანებს აქვთ საქართველოში. აქ უკვე მივდივართ რეკვალიფიკაციის საკითხთან".
რაც შეეხება სტატისტიკას, გიორგი ჯაშის თქმით, 2017 წლის 28 მარტიდან დღემდე სულ არის დაახლოებით 500 ათასი გასვლა, მათგან დიდი წილი მოდის ადამიანებზე, ვინც ისედაც მოძრაობს უცხოეთში - სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლები, სტუდენტები, ტურისტები, ბიზნესმენები, რომლებიც შეიძლება წელიწადში რამდენჯერმე სარგებლობდნენ უვიზო მიმოსვლით:
"ძალიან მცირე ოდენობაა ხალხისა, ვინც გავიდა და დარჩა - გასულების 1-2%. ესეც შეიძლება გამოთვალო იმათი რიცხვით, ვინც რეადმისიას დაექვემდებარა ამ ხნის განმავლობაში".
Your browser doesn’t support HTML5