23 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმრები იყვნენ: გიორგი ჭეხანი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და ნინო კიკნაძე, "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" წარმომადგენელი. მათ ილაპარაკეს შშმ და პალიატიური მზრუნველობის პაციენტებისთვის უფასო იურიდიული დახმარების პროგრამაზე, რომელიც 1 ივლისიდან ამოქმედდება. შესაბამის მემორანდუმს ადვოკატთა ასოციაციასა და ფონდს შორის ხელი მოეწერა 22 მაისს. ნინო კიკნაძე წლებია საქმიანობს შშმ და პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ადამიანებთან და გამოცდილებამ აჩვენა, რომ მათ სჭირდებათ როგორც იურიდიული კონსულტაციები სამედიცინო მომსახურების მიღებისთვის წამოჭრილი პრობლემების მოსაგვარებლად, აგრეთვე წარმომადგენლობა სასამართლოში. ამისათვის "საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია" "ფონდ ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით გამოყოფს 10 კვალიფიციურ იურისტს, რომელიც გაივლის მომზადებას და 1 ივლისიდან მზად იქნება მოემსახუროს შესაბამის მოწყვლად ჯგუფებს. ნინო კიკნაძე ყურადღებას ამახვილებს შშმ და პალიატიური მზრუნველობის პაციენტებისთვის ეფექტიანი ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების ხელმისაწვდომობის საკითხზე და თვლის, რომ მნიშვნელოვანი გამოწვევა შესაბამის რეგულაციებში ექიმთა გათვითცნობიერებაა. მნიშვნელოვანია აგრეთვე შშმ პირებისთვის რეაბილიტაციის პროცედურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
Your browser doesn’t support HTML5