მამუკა ხაზარაძის და TBC ბანკის გარშემო ატეხილმა სკანდალმა გააღრმავა ეჭვები, რომ ხელისუფლება გასაქანს არ აძლევს მისგან დამოუკიდებელ ბიზნესებს. ასეთი ბრალდებები პირველად არ ისმის. მაგალითად, ცნობილი კონსერვატორული კვლევითი ინსტიტუტი The Heritage Foundation საქართველოზე წერს, რომ „მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და კანონები სასამართლოს დამოუკიდებლობას აწესებს, პოლიტიკური ზეწოლა [სასამართლოს] მიუკერძოებლობას საფრთხეს უქმნის.“ ამ ანგარიშში, ასევე, ვკითხულობთ იმას, რომ მართალია, „საქართველომ დაბალი რანგის კორუფციასთან ბრძოლაში დიდ წარმატებებს მიაღწია, მაგრამ ზედა რანგის კორუფცია ისევ პრობლემად რჩება.“
მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესზე ზეწოლის შესახებ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ცნობილია, რეაქციები ასეთ ფაქტებზე არაერთგვაროვანია ხოლმე. მაგალითად, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ხაზარაძეზე შესაძლო ზეწოლის ფაქტის გახმაურების შემდეგ, გარდა იმისა, რომ მას ქუჩაში გამოსვლა და „ივანიშვილის რეჟიმის მსხვრევის დაწყება“ ურჩია, ასევე თქვა ისიც, რომ „მსხვილ ბიზნესზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყავს, არ ჰყოლია და არც ეყოლება“.
მსგავსი სენტიმენტები, განსაკუთრებით, ბანკებთან მიმართებაში, სოციალურ ქსელშიც ისმის. ამ ბლოგში მინდა ასეთი მოსაზრებების მართებულობა განვიხილო. ჩემი აზრით, არსებობს შემთხვევები, როდესაც ბიზნესები - მათ შორის, მსხვილი ბიზნესები აუცილებლად უნდა დავიცვათ, მაგრამ ამავე დროს, ბიზნესის დაცვა სახელმწიფო რეგულაციების გაუქმების მოთხოვნად არ უნდა აღვიქვათ (როგორც ეს, მაგალითად, ლიბერტარიანელებს ესმით). რეგულაციები არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი საშუალება მშრომელებისა და გარემოს დასაცავად.
დავიწყოთ იმით, თუ საერთოდ რას ნიშნავს „ბიზნესის დაცვა“. მაგალითად, იმ შემთხვევებში, როდესაც ბიზნესის ინტერესები საზოგადოების ინტერესებს ეჯახება, რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი სიკეთეები უნდა დავიცვათ. საზოგადოებრივი ცხოვრების ბევრ მნიშვნელოვან სფეროს მთლიანად კომერციულ ინტერესს ვერ დავუქვემდებარებთ. მაგალითად, ასეთი სფეროებია: ჯანმრთელობის დაცვა, გარემოს დაცვა, განათლება, მშრომელების დაცვა, ურბანული განვითარება... ყველა ასეთ შემთხვევაში აუცილებელი გარკვეული რეგულაციების, ანუ შეზღუდვების დაწესება. ბიზნესის თავისუფლებაზე როდესაც ვსაუბრობ, პირველ რიგში, ისეთი ტიპის პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფლებას ვგულისხმობ, რომლის მიზანიც ძალაუფლების მონოპოლიზირებაა. საქართველოში, „ნაციონალურ მოძრაობას“ (ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში) და „ქართულ ოცნებას“ სწორედ ამგვარ ზეწოლაში ადანაშაულებენ ხოლმე.
ჩვენს მთავრობებს ბიზნესის დაცვა, როგორც წესი, უკუღმა ესმით: ისინი თითქმის არასდროს იცავენ საზოგადოებრივ ინტერესებს კომერციული ინტერესებისგან, მაგრამ თითქმის ყოველთვის ზღუდავენ ბიზნესს, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. საქართველოში მუდმივად ისე გამოდის, რომ პრობლემები მეტწილად იმ ბიზნესებს ექმნებათ, რომლებიც შედარებით ნაკლებად თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან. ძალიან ძნელია იმის დაჯერება, რომ მაინცდამაინც მუდმივად ის მსხვილი ბიზნესები არღვევენ კანონს, რომლებიც „ქართულ ოცნებასთან“ არ თანამშრომლობენ; ისევე, როგორც ძალიან მცირე ალბათობაა იმისა, რომ TBC ბანკში 11 წლის წინანდელი განხორციელებული ტრანზაქციის კანონიერება 2019 წელს შემთხვევით დადგა ეჭვის ქვეშ. ამ შემთხვევაში, ბევრად სარწმუნო ვერსიაა პოლიტიკური ზეწოლა.
ბიზნესზე პოლიტიკური ზეწოლა, იმის გარდა, რომ თავისთავად უსამართლოა, დამატებით ორი რამის გამო არის საგანგაშო. პირველ რიგში, ასეთი ზეწოლა ხელს უშლის ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, რადგან არასტაბილურობის განცდას ამკვიდრებს. ბიზნესს, პირველ რიგში, სჭირდება პოლიტიკური სტაბილურობა იმისათვის, რომ განვითარდეს. ინვესტორებისთვისაც ეს არის ერთ-ერთი გადამწყვეტი პირობა უცხო ქვეყანაში ინვესტირებისთვის. ქართული ბიზნესიც, ბუნებრივია, ვერ განვითარდება ისეთ პირობებში, რომელშიც სახელმწიფო რეკეტი მუდმივად ატერორებს.
სტაბილურობის გარდა, ბიზნესზე პოლიტიკური ზეწოლა საფრთხეს უქმნის დემოკრატიასაც. ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აუცილებელია გარკვეული სახის პოლიტიკური პლურალიზმის შექმნა. მრავალპარტიული დემოკრატიის განვითარებას სჭირდება ძლიერი პარტიები. საქართველოში კი ასეთები ვერ შეიქმნება ისეთ პირობებში, როდესაც ბიზნესების უმეტესობა ცდილობს სახელისუფლო პარტიას შესწიროს ფული. სახელმწიფო რეკეტის არსებობის გამო, ბევრი ბიზნესისთვის მთავარი პრიორიტეტია მმართველი პარტიის კეთილგანწყობის მოპოვება.
დემოკრატიაზე საუბრის დროს, უნდა აღვნიშნოთ ისიც, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესის თავისუფლება მედიის თავისუფლებისთვის. უფრო ფართოდ, გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა პირდაპირ არის კავშირში ბიზნესის თავისუფლებასთან. ხაზარაძის და ჯაფარიძის საქმეშიც, ხელისუფლებისთვის წაყენებული ერთ-ერთი მთავარი ბრალდება დამოუკიდებელ კერძო ტელევიზიებზე ზეწოლას უკავშირდება. ამის მსგავსად, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროსაც, დამოუკიდებელი კერძო ტელევიზიები და მათ უკან მდგარი ბიზნესები მუდმივად წნეხისა და ტერორის ქვეშ იმყოფებოდნენ. თუკი მედია დამოუკიდებელი არ იქნება, მაშინ შეუძლებელი იქნება ისეთ თემებზე საუბარი, რომლებიც ხელისუფლებას არ აწყობს. ისეთი ღიად მიკერძოებული ტელევიზიებიც კი, როგორიც „რუსთავი 2“ არის, ახორციელებენ ზეწოლას ხელისუფლებაზე იმით, რომ ყურადღებას აქცევენ ისეთ საკითხებს, რასაც ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი მედიასაშუალებები უგულებელყოფენ. მით უმეტეს, კითხვის ქვეშ არ უნდა დგებოდეს ისეთი პოლიტიკურად დაბალანსებული მედიის ღირებულება, როგორიც „ტვ პირველია“.
შეჯამების სახით, სათაურში დასმულ კითხვას კიდევ ერთხელ რომ გავცე პასუხი: კერძო ბიზნესი უნდა დავიცვათ პოლიტიკური ზეწოლისგან, ხოლო მშრომელები და გარემო - კომერციული ინტერესების პრიმატისგან. კონტინენტური ევროპის (განსაკუთრებით, სკანდინავიის ქვეყნების) მაგალითი გვიჩვენებს, რომ სავსებით შესაძლებელია ისეთი ურთიერთობის დამყარება სახელმწიფოს, საზოგადოებასა და ბიზნესს შორის, რომელიც სამივესთვის მომგებიანი იქნება.