თანამედროვე ქართული პოლიტიკა - დაუსრულებელი ქუჩური გარჩევა

წინა ბლოგში, გრიგოლ უბირიას კვლევაზე დაყრდნობით, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ რეჟიმს ვუწოდე „მართული დემოკრატია“. ამ ბლოგში მინდა დავამატო, რომ ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, სცდება ტრადიციულ პოლიტიკურ კატეგორიებს. სინამდვილეში ეს არის დაუსრულებელი ქუჩური გარჩევა, რომელიც ღირებულებათა სისტემის სრულ კოლაფსზე მიგვანიშნებს. სახეზეა არა მხოლოდ ხელისუფლების სრული მორალური გაკოტრება (განსაკუთრებით ბოლოდროინდელი ფარული ჩანაწერების სკანდალის შემდეგ), არამედ მისი მთავარი მოწინააღმდეგის - „ნაციონალური მოძრაობის“ წარმოუდგენელი რადიკალიზაცია ისედაც დიდი ხნით ადრე დაწყებული მორალური დეგრადაციის ფონზე. თუკი „ნაციონალური მოძრაობის“ ცოდვები აქამდე შეიძლებოდა ნაწილობრივ მაინც იმ მონსტრული სისტემის იმპერატივებით აგვეხსნა, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ შექმნა სააკაშვილმა, ახლა უკვე ნათელია, რომ ამ პოლიტიკური ძალის პრობლემა ბევრად უფრო ღრმა მენტალურ შრეებში უნდა ვეძებოთ. ამის საილუსტრაციოდ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთპიროვნული ლიდერის ბოლოდროინდელი გამოსვლიდან ერთ ციტატას შემოგთავაზებთ. სააკაშვილი ფეისბუკზე განთავსებულ ვიდეოგამოსვლაში აღნიშნავს:

"ახლა ივანიშვილი იმყოფება, უბრალოდ, ჩოქბჯენში. ეს კაცი არის ნამდვილი ავადმყოფი და ავადმყოფი, რომელიც არის ჩოქბჯენში… ქართველმა ხალხმა რა უნდა ქნას, მე მგონი, ყველამ ყველაფერი ვიცით...”

სააკაშვილის მიერ თავისი რევანშისტული მიდრეკილებების ასეთი სადისტურ-პორნოგრაფიული გამოხატვა, თავის მხრივ, კიდევ უფრო მეტად რადიკალურს ხდის ხელისუფლებას, რომელიც უკვე არის დადანაშაულებული სადისტურ-პორნოგრაფიულ ქმედებებში. დღესდღეობით, ეს ორი პოლიტიკური პოლუსი თითქოს ერთმანეთით იკვებება, მიუხედავად იმისა, რომ მეორე, ჯერჯერობით, სისასტიკეში და ავტორიტარიზმში ჩამორჩება თავის წინამორბედს.

„ქართული ოცნება“ ნელ-ნელა, მაგრამ მაინც თანმიმდევრულად ცდილობს „ნაციონალური მოძრაობის“ „გამეორებას“. რუსთავი 2-ზე გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერს, რომელშიც პროკურატურის ყოფილი მაღალი რანგის თანამშრომელი მირზა სუბელიანი ხელისუფლების დაკვეთით ადამიანების ცემასა და წამებაზე საუბრობს, ხელისუფლებამ დაუპირისპირა საკუთარი ფარული ჩანაწერი, რომელშიც სუბელიანი ყველა აღნიშნულ ფაქტს ერთი ხელის მოსმით უარყოფს. ფარული ჩანაწერების ტელეეთერში გასვლიდან ცოტა ხანში პროკურატურამ, ორი წლის წინანდელი მტკიცებულებებით, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადებისთვის წაუყენა ბრალი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ორ ყოფილ თანამშრომელს. ამ უაღრესად საეჭვო ჩანაწერებისა და მოულოდნელი დაკავებების ფონზე, „ქართული ოცნების“ მთავრობამ კიდევ ერთი გაუგებარი და საეჭვო ნაბიჯიც გადადგა. პრეზიდენტ მარგველაშვილის მოთხოვნას, მთავრობის სხდომაზე განხილულიყო ქვეყანაში ბოლო დროს შექმნილი კრიზისული ვითარება, პრემიერ-მინისტრმა ბახტაძემ პოლიტიკური არგუმენტები დაუპირისპირა. როგორც კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე შენიშნავს, მთავრობა კონსტიტუციით ვალდებულია გაითვალისწინოს პრეზიდენტის მოთხოვნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის საკითხიც კი დადგეს. მაგრამ საქმე ისაა, რომ „ქართულ ოცნებას“, უბრალოდ, არ აინტერესებს, კონსტიტუციაში რა წერია, ისევე, როგორც არ აინტერესებს კანონდარღვევების ან ბრალდებების დროულად გამოძიება. ხელისუფლების ყოველი მომდევნო ნაბიჯი უფრო და უფრო მეტ დარტყმას აყენებს მის უკვე ლაფში ამოსვრილ სახელს.

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ არც ერთ მთავარ პოლიტიკურ აქტორს არ აინტერესებს თამაშის ყველაზე საბაზისო წესების დაცვაც კი. ეს ჰგავს თავზეხელაღებულ კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის მიმდინარე ქუჩურ გარჩევას, რომელშიც ყველა მხარე ცდილობს ნებისმიერი საშუალებით მოიპოვოს უპირატესობა. მართალია, საბედნიეროდ, სამოქალაქო ომში ეს დაპირისპირება ჯერ არ გადაზრდილა, მაგრამ მხარეთა დაუფიქრებელი ნაბიჯებისა და რიტორიკის ფონზე, ამის საფრთხე მუდმივად არსებობს. ნებისმიერმა მორიგმა სკანდალმა შეიძლება ქვეყანა ისეთ უფსკრულში გადატყორცნოს, საიდან ამოსვლასაც შესაძლოა ათწლეულები დასჭირდეს (და ეს შეიძლება, საერთოდ, ჩვენი სუვერენიტეტის გაუქმებითაც კი დასრულდეს).

იმის გამო, რომ ჯერჯერობით ღირსეული მესამე ძალა არ ჩანს, რომელიც შეძლებს ამ ორი გავეშებული აქტორის პოლიტიკური სივრციდან განდევნას და სამართლებრივი სახელმწიფოს დაფუძნებას, თავად ამ მოთარეშე ძალებმა უნდა მოუხმონ გონიერებას. „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გაიაზრონ, თუ რამხელა საფრთხის წინაშე აყენებენ ქვეყანას. თუ ისინი ვერ შეთანხმდებიან თამაშის მინიმალურ წესებზე და გააგრძელებენ დამანგრეველი ნაბიჯების გადადგმას, ჩვენს საზოგადოებას არათუ ევროპული დემოკრატიული მომავალი, არამედ აღარანაირი მომავალი აღარ ექნება.

ყველაფერი ახლა იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ცივილიზებულად ჩავატარებთ მომდევნო არჩევნებს და რამდენად შეძლებენ ერთმანეთის სისხლს მოწყურებული პოლიტიკური ძალები ვნებების დაოკებას. თუკი მართლა გვინდა, რომ ოდესმე მაინც ჯანსაღი მულტიპარტიული დემოკრატია შევქმნათ, ძალადობის და რეპრესიების ამ მოჯადოებული წრიდან გამოსვლა უნდა ვცადოთ და ძალაუფლების განაწილების ქმედით მექანიზმებზე შევთანხმდეთ.