ათი პრობლემა, რომელთა მოგვარება არსებითად შესაძლებელია და რომლებიც საქართველოში ცხოვრებას აუტანელს ხდის

საქართველოს ხშირად რეგიონის ყველაზე განვითარებულ ქვეყნად მოიაზრებენ. ამის მიუხედავად, ჩვენზე ბევრად განვითარებულ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, ჩვენს ქვეყანაში ცხოვრება დღითიდღე უფრო და უფრო აუტანელი ხდება. რაც მთავარია, ჩვენი ყოფითი ცხოვრების ბევრი დეტალი საერთოდ არ არის პოლიტიზებული და მიიჩნევა, რომ ამის საჭიროება არც არსებობს. ამასთან ერთად, სიტუაცია განსაკუთრებით მწვავეა იმის ფონზე, რომ არსებულ ხელისუფლებას სულ უფრო და უფრო ნაკლები ლეგიტიმაცია აქვს მოსახლეობის თვალში (თუკი ვინმეს თვალშიც აქვს ლეგიტიმაცია, ისიც ძირითადად, ოპონენტების ოდიოზურობის გამო); დღევანდელი მთავრობა, რომელსაც სათავეში უდგას მოსახლეობისთვის არსებითად უცნობი პოლიტიკური ფიგურა, ცვლილებების განხორციელებაზე მაინცდამაინც არ არის მომართული.

ცხადია, ქვეყანაში არსებული ზოგიერთი კატეგორიის ყოფითი პრობლემის მოგვარება მოითხოვს მეტი ფინანსური რესურსის მობილიზებას, რისი საშუალებაც ამ ეტაპზე საქართველოს არ აქვს, მაგრამ არის ისეთი პრობლემებიც, რომლებიც უბრალოდ ცხოვრების წესისა და მმართველობის ფორმის ცვლილებას მოითხოვს. აქ პირველ კატეგორიის, ანუ ფინანსურ პრობლემებზე, ნაკლებად ვისაუბრებ, რადგან ისედაც ცხადია, რომ სანამ ქვეყნის ეკონომიკას რამე არ ეშველება, იქამდე ეს პრობლემებიც არ გადაიჭრება. ძირითადად ისეთ ყოფით პრობლემებზე გავამახვილებ ყურადღებას, რომლებიც ეკონომიკური განვითარების არსებულ დონეზეც კი შეიძლება მეტ-ნაკლები წარმატებით გადაიჭრას. ასეთ ათ პრობლემას გამოვყოფ. იქიდან გამომდინარე, რომ პატარა დასახლებების პრობლემატიკას შედარებით ცუდად ვიცნობ, ძირითადად, დიდი ქალაქების, განსაკუთრებით კი თბილისის პრობლემებზე შევჩერდები.

1. შრომის გაუსაძლისი პირობები - იმის მიუხედავად, რომ „ქართული ოცნების“ პარლამენტმა 2013 წელს შედარებით ჰუმანური შრომის კოდექსი შემოიღო, ქართული კერძო კომპანიების უმეტესობაში დასაქმებულების შრომითი უფლებები დაცული არ არის. ზოგჯერ საჯარო დაწესებულებებიც კი, სადაც სიტუაცია შედარებით უკეთესია, მშრომელების უფლებები უხეშად ირღვევა. დასაქმებულების ხელთ არსებული ერთადერთი თავდაცვის მექანიზმი სასამართლოში ჩივილია, რაც გარკვეულ, ხშირად მიუწვდომელ, ფინანსურ ხარჯებთან არის დაკავშირებული. პროფკავშირების სისუსტის გამო, უმრავლეს შემთხვევაში, ვერც დამსაქმებლებთან კოლექტიური შეთანხმების მიღწევა გამოდის. ქართული კომპანიების გარკვეულ ნაწილს დასაქმებულებთან არ აქვს დადებული წერილობითი კონტრაქტი, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კონტრაქტის დადება სავალდებულოა ყველაზე დაბალი რანგის მუშაკების აყვანის დროსაც კი. ზოგჯერ იმდენად აბსურდულ მდგომარეობამდე მივდივართ, რომ წერილობით კონტრაქტებში შეიძლება ამოვიკითხოთ პუნქტები, რომლებიც შრომით კოდექსს პირდაპირ და დაუფარავად ეწინააღმდეგება. სახელმწიფოს არ გააჩნია არანაირი ქმედითი მექანიზმები ყველაზე მწვავე დარღვევების გამოვლენისთვის და აღკვეთისთვის.

ქართული ბიზნესების ერთი ნაწილი აქამდე ერთსა და იმავე არგუმენტს იმეორებდა, რომ შედარებით მკაცრი შრომის კოდექსი და მისი აღსრულება ხელს შეუშლის ეკონომიკურ განვითარებას. რეალურად კი საუბარია ელემენტარული შრომითი პირობების უზრუნველყოფაზე, რაც მუშების პროდუქტიულობას არანაირად არ დასწევს ქვევით. პირიქით, შრომითი პირობების გაუმჯობესებამ მშრომელების პროდუქტიულობა შეიძლება გააუმჯობესოს კიდეც! სამწუხაროდ, სახელმწიფოს დღემდე არ აინტერესებს, როგორ დამამცირებელ პირობებში შრომობენ მოქალაქეები;

2. ჰაერის და ზოგადად გარემოს დაბინძურება - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2016 წლის მონაცემებით, საქართველო ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით პირველ ადგილზე იყო მსოფლიოში (ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით). შარშან ეს მონაცემები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გააპროტესტა და ამის შედეგად ახალ, 2018 წლის მსოფლიო რეიტინგში 70-ე ადგილზე გავედით. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2016 წლის მცდარი შეფასება ძველ მონაცემებს ეყრდნობოდა და არსებულ სინამდვილეს არ ასახავდა. ახალი მონაცემებით კი, გაირკვა, რომ თურმე მსოფლიოში პირველზე კი არა, ევროპაში მესამე ადგილზე ვყოფილვართ ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობით.

ამ სიაში ჩვენ წინ მხოლოდ ორი ქვეყანაა, სადაც ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის დონე ჩვენსაზე უფრო მაღალია: ტაჯიკეთი და ყირგიზეთი. ცენტრალური აზიის ამ ორი ქვეყნის მონაცემები რატომღაც ევროპის რეგიონს არის მიწერილი. სიას ამ ორ ქვეყანას თუ გამოვაკლებთ, გამოვა, რომ ევროპაში ამ მონაცემებით პირველ ადგილზე ვიმყოფებით, რაც სახარბიელო ნამდვილად არ არის.

ჰაერის დაბინძურების გარდა, უდიდესი პრობლემაა მთლიანად გარემოს დაბინძურება. 2017 წელს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებულმა აჩვენა, რომ საკვებ პროდუქტებში ტყვიის შემცველობა ნორმაზე მაღალია. სახელმწიფო მასშტაბური კვლევის ჩატარებას გეგმავს სისხლში ტყვიის შემცველობის გასაზომად, მაგრამ ჯერჯერობით საუბარი ნაკლებად არის იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ის ეკონომიკური ზიანი, რაც გარემოს დაბინძურებით ადგება ქვეყანას, აღემატება იმ ფულად მოგებას, რასაც სახელმწიფო დაბინძურებული პროდუქციის გაყიდვის ან დამაბინძურებელი საწარმოების ფუნქციონირებით იღებს. მაგალითად, ავტორიტეტული სამეცნიერო კვლევებით დადასტურებულია, რომ სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობა ბავშვების კოგნიტურ განვითარებას აფერხებს. ჰაერის დაბინძურება კი, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, ჯანმრთელობაზე იმდენად გამანადგურებელ გავლენას ახდენს, რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, სიკვდილიანობას ზრდის;

3. უკონტროლო საგზაო მოძრაობა - მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2013 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველო ევროპის რეგიონში მეთორმეტე ადგილზეა ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად დაღუპულების რიცხვით (ერთ სულ მოსახლეზე). ახალი მონაცემები სამწუხაროდ არ გვაქვს და არც ის ვიცით, როგორია უბრალოდ დაშავებულების და არა გარდაცვლილების რიცხვი, თუმცა ამის გარეშეც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში საგზაო წესებს მაინცდამაინც პატივს არ სცემენ. ვინც ერთხელ მაინც ყოფილა საქართველოში, ამას ყველა უცხოელი შეამჩნევდა - საგზაო მოძრაობის წესებს ქართველი მძღოლები მასობრივად არღვევენ. ცხადია, ჩვენზე უარესი ქვეყნებიც არსებობს, მაგალითად, ისეთები, სადაც თითქმის საერთოდ არ იცავენ საგზაო მოძრაობის წესებს, მაგრამ ეს ჩვენს მდგომარეობას ვერ ამსუბუქებს. თბილისში ბევრი მძღოლისთვის საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა ყოველდღიურ ამბად იქცა. „თუ წესები არ დაარღვიე, ამ ქალაქში ვერ იმოძრავებ“ - ასეთია საშუალო სტატისტიკური ქართველი მძღოლის დევიზი.

2017 წლის 1 ივლისიდან შემოიღო ახალი „უკონტაქტო პატრულირების“ სისტემა, რომელიც ვიდეოჯარიმებით საგზაო წესების დაცვის გაკონტროლებას გულისხმობს. ამ სისტემის ავკარგიანობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია და სხვა ქვეყნების გამოცდილებასთან შედარებაც დეტალურ კვლევას მოითხოვს (მაგალითად, იმის შესახებ, თუ რამდენად ეფექტიანად აკონტროლებენ კამერები მთელ საგზაო პერიმეტრს, რამდენად ადვილია კამერების მოტყუება ან რამდენად სწორად აფიქსირებენ დარღვევებს). ფაქტია, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით საგზაო მოძრაობის წესების დაცვა მკაცრად უნდა გაკონტროლდეს, კიდევ უფრო მეტად უნდა გამკაცრდეს და ყოველ ნაბიჯზე წესების დარღვევა ჩვეულებრივი ამბავი აღარ უნდა იყოს. წესების დარღვევა არც საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ან ტაქსებისთვის უნდა იყოს დასაშვები. სხვა შემთხვევაში, მანქანების რაოდენობის ზრდასთან ერთად, გაცილებით მეტ ფატალურ შედეგს მივიღებთ;

4. გამწვანებული საჯარო სივრცის ნაკლებობა - თბილისში სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული განაშენიანება კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ წარმოუდგენიათ ქალაქის და ქვეყნის მმართველებს განვითარება - ეს არის განვითარება საზოგადოებრივი, მწვანე სივრცეების გარეშე. თბილისის ძალიან ცოტა უბანი თუ დაიკვეხნის ისეთი სივრცეების არსებობას, სადაც, მაგალითად, ბავშვს გაასეირნებ, ან დატვირთული კვირის შემდეგ დასვენებას შეძლებ. მთავრობა არა მხოლოდ იმაზე არ ფიქრობს, რომ ახალი საჯარო სივრცეები შექმნას, არამედ არსებული საჯარო სივრცეების განადგურებით არის დაკავებული. ახალი მშენებლობები სრულიად უკონტროლოდ, ქაოტურად მიმდინარეობს. ახალი უბნები ისე შენდება, რომ არავინ ფიქრობს იმაზე, რომ კორპუსებთან ერთად, საჯარო სივრცეების დაპროექტება და გაშენებაც საჭიროა. საჯარო, გამწვანებული სივრცეების გარეშე დარჩენილი ქალაქი სიამოვნებას მის ყველაზე მატერიალურად შეძლებულ მცხოვრებლებსაც კი ვერ მოჰგვრის და ცხოვრების ხარისხი ქალაქში ნელ-ნელა კატასტროფულად ქვევით დაეცემა;

5. საცობები - თბილისში გახშირებული საცობები ბოლო დროს დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად იქცა. საცობებში იკარგება ძვირფასი დრო, რომელიც მუშაობისთვის და გართობისთვის არის განკუთვნილი. ასევე, საცობებში იხარჯება საწვავიც. აშშ-ში, მაგალითად, სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, საცობებში წელიწადში 1.9 მილიარდი გალონი საწვავი იფლანგება. არსებული მდგომარეობა აწუხებთ არა მხოლოდ მხოლოდ კერძო ავტომობილის მფლობელებს, რომელთა სიმრავლეც იწვევს საცობებს, არამედ თბილისის იმ მცხოვრებლებსაც, რომლებიც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობენ (გარდა მეტროპოლიტენის მგზავრებისა, ბუნებრივია). საცობების შემცირების ერთადერთი გზა კერძო ავტომანქანების რაოდენობის შემცირება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაა, რის განხორციელებასაც ჯერჯერობით ვერც ერთმა მთავრობამ ვერ მოაბა თავი. თბილისის ახალი მერის ცარიელი, ტრაფარეტული გამოსვლების გარდა ამ პრობლემის გადასაჭრელად არაფერი კეთდება. სამწუხარო ამბავი კი ის არის, რომ ისე ჩანს, რომ თითქოს ამის რეალური სურვილი აღარც არსებობს;

6. ტროტუარების არარსებობა ან ავტომანქანებით ტროტუარების კოლონიზება - საქართველოში მანქანა სტატუსის სიმბოლოდ იქცა - რაც უფრო დიდი და ძვირადღირებული მანქანა გყავს, თითქოს მით უფრო „შემდგარ“ ადამიანად გრძნობ თავს. არადა, მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნები დღეს უკვე სწორედ იქითკენ მიისწრაფვიან, რომ მანქანების რაოდენობა რაც შეიძლება მინიმუმამდე დაიყვანონ. ზოგიერთი ქალაქი უკვე ისეთ რადიკალურ ნაბიჯებს დგამს, რის წარმოდგენაც ჩვენი, ქართული პერსპექტივიდან შეუძლებელია. მაგალითად, ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში ამ წლის ნოემბრიდან აპირებენ ქალაქის ცენტრში მთლიანად აკრძალონ იმ ავტომანქანების მოძრაობა, რომლებიც ადგილობრივ მოსახლეობას არ ეკუთვნის. იმავეს გაკეთებას აპირებს ნორვეგიის დედაქალაქი ოსლო. მსოფლიოში ავტოინდუსტრიის ერთ-ერთი ცენტრის, გერმანიის ქალაქებიც კი იწყებენ მანქანების აკრძალვის მასშტაბურ კამპანიას. ამ დროს ჩვენთან, საქართველოში, იმ მარტივ რამეზეც ვერ შევთანხმებულვართ, რომ, მაგალითად, ტროტუარებზე ავტომანქანების დაყენება არ შეიძლება ან იმაზე, რომ ტროტუარები ქალაქის ყველა მონაკვეთში უნდა იყოს სასიარულოდ გამოსადეგი. თბილისის ნებისმიერ უბანში, მათ შორის ცენტრალურ უბნებში, ტროტუარებზე სიარული რომ სცადო, მაშინვე უამრავ დაბრკოლებას წააწყდები: ზოგან ტროტუარი საერთოდ არ არსებობს, ზოგან არსებობს, მაგრამ მანქანებით არის ჩახერგილი, ზოგან ასფალტია ჩანგრეული, ზოგან კაფეებს და რესტორნებს ან სხვადასხვა ბიზნესებს აქვთ უკანონოდ მიტაცებული, ზოგან შეიძლება ბენზინგასამართი სადგური ან სანაგვე ურნა დაგხვდეთ ტროტუარზე და ა.შ. ერთი სიტყვით, ქალაქი ყველანაირად გაგრძნობინებს იმას, რომ ის ქვეითად მოსიარულეთათვის განკუთვნილი არ არის. ამის გამოსწორებაზე, სამწუხაროდ, მთავრობა საერთოდ არ ფიქრობს და თუ ოდესმე სადმე რამის გაკეთება მოაგონდებათ, ძირითადად, მხოლოდ არჩევნების წინ ხმების მოსაგროვებლად;

7. გაუმართავი საზოგადოებრივი ტრანსპორტი - „თბილისის მიკროავტობუსს“ - კომპანიას, რომლის მფლობელობაშიც არის ყვითელი მიკროავტობუსები, 2031 წლამდე აქვს დადებული კონტრაქტი მერიასთან. მიკროავტობუსებს წელიწადში იმდენივე მგზავრი გადაჰყავთ, რამდენიც მეტროს და ავტობუსებს ერთად. მიკროავტობუსების მოძრაობის განრიგი მოსახლეობისთვის უცნობია და ისინი, ძირითადად, მაშინ დადიან, როდესაც თავად მოესურვებათ. ზაფხულში მიკროავტობუსების მძღოლების უმეტესობა კონდიციონერს არ რთავს და ამის გამოსასწორებლად მგზავრებს არანაირი ბერკეტი არ გააჩნიათ. მიკროავტობუსები არ არის გათვლილი იმისთვის, რომ მასში ადამიანები ფეხზე იდგნენ, მაგრამ, ამის მიუხედავად, ყველა მათგანი მგზავრებით გადაჭედილი დადის. მართალია, მერიამ ბოლო დროს ძველი ყვითელი ავტობუსების ახალი, თანამედროვე ავტობუსებით ჩანაცვლება დაიწყო, მაგრამ თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის საკითხის გადაჭრა ჯერ კიდევ შორეულ ოცნებას ჰგავს. არადა, აშკარაა, რომ თბილისს გაცილებით მეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი სჭირდება იმისთვის, რომ ქალაქში ნორმალურად გადაადგილება გახდეს შესაძლებელი. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას ახლა, როდესაც უკვე აშკარაა, რომ კერძო ავტომობილებზე ორიენტირებულმა სატრანსპორტო პოლიტიკამ კრახი განიცადა. სამწუხაროდ, მთავრობას სიტუაციის გამოსწორების ერთიანი, სისტემური ხედვა არ გააჩნია და ამ მიმართულებით რადიკალური ნაბიჯების გადადგმასაც ჯერჯერობით არ აპირებს;

8. დაურეგულირებელი და გაუკონტროლებელი ჯანდაცვის სერვისი - საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მეტწილად კერძო კომპანიებზეა აწყობილი, მაგრამ ხშირად გაუგებარია, ვინ აკონტროლებს ამ კომპანიებს და მათში მომუშავე ექიმებს. კონტროლის მექანიზმები მორყეულია სახელმწიფო მფლობელობაში არსებულ კლინიკებსა და საავადმყოფოებშიც. ბოლო პერიოდამდე ყველაზე დიდი პრობლემა იყო ჯანდაცვის სექტორში კორუფცია: პაციენტების მიერ ექიმებისთვის სისტემატურად ქრთამის მიცემა. ბოლო დროს ეს პრობლემა თითქოს შედარებით გამოსწორდა, მაგრამ დღემდე არ არსებობს კერძო და სახელმწიფო ჯანდაცვის დაწესებულებებზე ქმედითი კონტროლის მექანიზმები. ჯანდაცვის სფერო ერთ-ერთი ის სფეროა, რომელზეც, წესით, ყველაზე მკაცრი რეგულაციები უნდა ვრცელდებოდეს. ჩვენთან კი, ფაქტობრივად, უმრავლეს შემთხვევაში, ავადმყოფი ადამიანი ექიმის კეთილ ნებაზე და კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. შედეგად ვიღებთ ისეთ მდგომარეობას, რომ კარგი და კეთილსინდისიერი ექიმი თუ იპოვნე, ეს ან გამართლებას უნდა მიაწერო, ან ნაცნობობას, რაც, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ სისტემა რიგითი მოქალაქისთვის ვერ მუშაობს;

9. ძალადობა საშუალო სკოლებში - ხორავას ქუჩაზე მომხდარმა მკვლელობამ სააშკარაოზე გამოიტანა, რაც ისედაც ყველამ ვიცოდით: სკოლის ასაკის ბავშვებში ძალადობის დონე გაუმართლებლად მაღალია. სკოლებში მანდატურების ინსტიტუტის შემოღებამ, როგორც ჩანს, ბოლომდე ვერ გაამართლა და ჯერ კიდევ ბევრი რამ არის საჭირო იმისთვის, რომ ძალადობა მინიმუმამდე შემცირდეს. პირველ რიგში, საჭიროა მუშაობა მშობლებთან და მასწავლებლებთან. თუკი ჩვენი მომავალი თაობა ისევ იმ ძალადობრივი ნორმებით გაიზრდება, რითიც იზრდებოდნენ წინა თაობები, განსაკუთრებით 1990-იან წლებში, მაშინ ჩვენს საზოგადოებას ნათელი მომავალი არ ელის.

მოზარდებს შორის ძალადობა განსაკუთრებით მოულოდნელია იმ ფონზე, როდესაც უფროს თაობაში კრიმინალური მენტალიტეტი საგრძნობლად შესუსტდა და ე.წ. ქურდული სამყაროს გავლენა მინიმუმამდეა დაყვანილი. იმისათვის, რომ კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტიანად გაგრძელდეს, ბავშვების სწორად აღზრდა უნდა დავიწყოთ ადრეული ასაკიდანვე - ოჯახშივე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ მასწავლებლებს, რომლებიც თვითონ ქადაგებენ ძალადობას ან ძალადობენ ბავშვებზე, რადგან ხშირად უფროსების აგრესიული ქცევა ბავშვებში მეტ აგრესიას იწვევს;

10. უსაფრთხოების ნორმების ტოტალური უგულებელყოფა - ამ მოგვარებადი, მაგრამ უგულებელყოფილი პრობლემების სიას დავამთავრებ იმით, რომ საქართველოში ყოველ ნაბიჯზე უგულებელყოფილია უსაფრთხოების ნორმები. 2017 წლის ნოემბერში სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარს 11 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიებამ დაადგინა, რომ შენობაში სახანძრო უსაფრთხოების წესები იყო დარღვეული. ამ ფონზე არ გვაქვს მონაცემები იმის შესახებ, თუ კიდევ რამდენ დაწესებულებაში ირღვევა ეს წესები. სამწუხაროდ, სანამ ტრაგიკული შედეგი არ დადგება, იქამდე ალბათ ვერც გავიგებთ, თუ უსაფრთხოების მხრივ რა მდგომარეობაა ქართულ კერძო და საჯარო დაწესებულებებში.

სისტემატურად უგულებელყოფილია მუშების უსაფრთხოება, განსაკუთრებით, მაღაროებსა და მშენებლობებზე. ქართული საწარმოების დიდი ნაწილი ისე ფუნქციონირებს, რომ ვერაფრით იფიქრებ, რომ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და არა, მაგალითად, მონათმფლობელურ ეპოქაში. უსაფრთხოების ღვედის გაკეთება, მართალია, სავალდებულოა კერძო ავტომობილებში, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის სავალდებულო საქალაქთაშორისო ტრანსპორტში. არავინ აკონტროლებს არც იმას, მაგალითად, რამდენად არის დაცული ბავშვების უსაფრთხოება საბავშვო ბაღებში, სკოლებში, სათამაშო მოედნებზე და ა.შ. გაეროს ბავშვის ფონდისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ერთობლივმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოში სკოლების მხოლოდ 12% აკმაყოფილებს ჰიგიენის საბაზისო ნორმებს. არავინ აკონტროლებს არც იმას, მაგალითად, რამდენად არის დაცული ბავშვების უსაფრთხოება საბავშვო ბაღებში, სკოლებში, ექსკურსიებზე (მაგალითად, სავალდებულოა თუ არა ღვედის გაკეთება ავტობუსებში, რომლებსაც ბავშვები ექსკურსიაზე მიჰყავთ და თუ კი, ვინ აკონტროლებს ამას), სათამაშო მოედნებზე... ერთი სიტყვით, ვცხოვრობთ დევიზით „მე მაინც არაფერი დამემართება“, ანუ ბედს ვართ მინდობილები. რისკების შემცირებაზე კი არც ერთ შემთხვევაში არ ვფიქრობთ. ასე ცხოვრება ხშირად ფატალური შედეგებით მთავრდება. თუკი ქვეყანაში უსაფრთხოების წესებს არ გავამკაცრებთ, უკონტროლო მშენებლობების, თავნება კომპანიების, სატრანსპორტო საშუალებების ზრდის ფონზე, უფრო და უფრო მეტად დამძიმდება სიტუაცია.

ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ, ცხადია, ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემების სია საბოლოო არ არის და მას შეიძლება კიდევ დავამატოთ ბევრი უგულებელყოფილი პრობლემა, რომელთა გადაჭრა შესაძლებელია. ამ სიტუაციაში ყველაზე აუტანელი ის არის, რომ თითქმის არც ერთი ამ პრობლემათაგანი სათანადოდ პოლიტიზებული არ არის. უკვე მერამდენე, ერთი შეხედვით დემოკრატიული, არჩევნები იმართება, მაგრამ პოლიტიკოსების უმრავლესობა ყველაზე ხელშესახები საკითხების მოგვარებას კი არ გვპირდება, არამედ, ძირითადად, ქარის წისქვილებთან ბრძოლით არის დაკავებული. შეიძლება ვიღაცამ მისაყვედუროს კიდეც, რა დროს ეს „წვრილ-წვრილი“ ყოფითი პრობლემებია, როდესაც უზარმაზარი გეოპოლიტიკური ან „ეროვნული“ გამოწვევების წინაშე ვდგავართო. ფემინისტებს აქვთ რევოლუციური სლოგანი, რომელიც გვეუბნება, რომ „პირადი არის პოლიტიკური“. ამის მსგავსად, დროა გავიაზროთ ისიც, რომ ყოფითიც არის პოლიტიკური. სინამდვილეში, ყველაზე ხელშესახები პრობლემების მოგვარებაზე მსჯელობით იწყება დიდი პოლიტიკა. იმედია, ოდესმე ასეთ პოლიტიკას საქართველოშიც ვეღირსებით. სხვა შემთხვევაში საქართველოში ცხოვრება უფრო და უფრო აუტანელი გახდება.