გიორგი მამალაძის მონახულების შემდეგ კლინიკიდან გამოსულმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ დეკანოზი მას იმაზე კარგ მდგომარეობაში დახვდა, ვიდრე ეს მას გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით წარმოედინა.
„ისეთი სურათი იხატებოდა, რომ მის გაცილებით მძიმედ ყოფნას ველოდებოდი. საკმაოდ ენერგიულად არის მამაო. ექიმები აფასებენ მის მდგომარეობას - როგორც საშუალოს...ჯერჯერობით რაც ჩატარდა კვლევები, მადლობა ღმერთს, ინსულტს არ ადასტურებს, თუმცა წინ კიდევ არის რამდენიმე კვლევა, რომელიც პროტოკოლით გათვალისწინებულ დროში ჩატარდება. ჯერჯერობით არ აფასებენ როგორც მძიმედ და სასიხარულოა, რომ მას არ აქვს ასეთი მდგომარეობა", - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ, საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა.
თუმცა ადვოკატი გიორგი ფანცულაია, რომელმაც გიორგი მამალაძე 16 თებერვალს ჯერ გამთენიისას, ხოლო შემდეგ - საღამოს მოინახულა, რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ავადმყოფის მდგომარეობა დამძიმებულია.
„მას ახლა საპირფარეშოში გასვლაც უჭირს და განსაკუთრებულ სისუსტეს გრძნობს კიდურებში მარჯვენა მხარეს. მეტყველებაც უჭირს. მისი მდგომარეობა აშკარად დამძიმებულია მას შემდეგ, რაც მე ის პირველად მოვინახულე“, - ეუბნება გიორგი ფანცულაია რადიო თავისუფლებას.
მისთვის მიუღებელია ინფორმაციის იმგვარად დამახინჯება, რომ თითქოს გიორგი მამალაძე თავს კარგად გრძნობს და ის შესაძლოა მალე გამოეწეროს კლინიკიდან.
„თავად დეკანოზს რომ არ ეთქვა ჩვენთვის, ექიმები რატომღაც სხვანაირად, უფრო მსუბუქად აღწერენ ამ ვითარებას... გიორგი მამალაძის მდგომარეობა აშკარად გაუარესებულია და როცა ამის შესახებ ვუთხარით მედპერსონალს, მათი მხრიდან აგრესია მივიღეთ“, - განაცხადა ფანცულაიამ.
წინასწარი კვლევებით, დეკანოზ გიორგი მამალაძეს დაუზუსტებელი იშემიური ფორმის სისხლის მიმოქცევის დარღვევა აღენიშნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ მარინა გელანტიამ განუცხადა 16 თებერვალს, დღის პირველ ნახევარში.
„წუხელ, გვიან ღამით შემოყვანილ 34 წლის მამაკაცს აღენიშნებოდა დაბუჟებისა და სისუსტის შეგრძნება მარჯვენა ხელისა და ფეხის მიდამოში. ჩატარდა ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები. ორგანული დაზიანება არ იქნა დაფიქსირებული. პაციენტი გადაყვანილია ინტენსიურ განყოფილებაში შემდგომი მონიტორინგისთვის", - განაცხადა გელანტიამ.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დეკანოზი გიორგი მამალაძე ღუდუშაურის კლინიკაში 15 თებერვალს, ღამით გადაიყვანეს.