გიორგი ოქროპირიძე - თავისუფალი ხელოვანი ვენაში

გიორგი ოქროპირიძეს დიდი გამოცდილება აქვს ბრინჯაოს ქანდაკებების სარესტავრაციო საქმეში. 2000 წელს დაიწყო რესტავრატორის კარიერა ვენაში.

გიორგი - გოგი ოქროპირიძე ხელოვანი, მოქანდაკე, რესტავრატორია, ის დიდი ხანია ვენაში ცხოვრობს.

ბევრ გამოფენასა და პროექტში მიუღია მონაწილეობა, ევროპის ქვეყნებში, ცხადია, ავსტირიაში, მშობლიურ თბილისში. ექვსი წლის წინ ვესტუმრეთ ოპერატორი ილია სამურგანიდი და მე ავსტრიის დედაქალაქს და მოკლე ფილმი გადავიღეთ მისი ნამუშევრებზე, გოგიზე როგორც რესტავრატორზეც, შინ - უცხოეთში ცხოვრებაზეც.

სახლი და სახელოსნო, ანუ ატელიე, სადაც ხელოვანები შრომობენ, დიდი თემაა. ეს არის ადგილი, სადაც იქმნება ნამუშევრები, მიდის ხალხი და არტისტს მუშაობისას უყურებენ, გიორგი ოქროპირიძე გიამბობთ თავის ცხოვრებაზე სახელოსნოში და მის გარეთაც. გოგი სახელოსნოშიც მარტოა და ბინაშიც, მაგრამ სულ მარტო - არასოდეს.

სახელოსნო ვენის ოტაკრინგის უბანშია.

ბოლო წლებში ქუჩა ფეხით მოსიარულეთა ზონად იქცა, ის მანქანებისთვის ჩაკეტილია. ისტორიკოსების თანახმად, IX საუკუნეში, როცა კარლოს დიდმა ევროპის ამ არეალში ავარები შეავიწროვა, აქ დაარსდა სწორედ ეს თემი, სადაც გოგი ოქროპირიძე როგორც საკუთარ სახლში ისე გრძნობს თავს და სადაც უკვე ათწლეულებია ცხოვრობს.

გოგი ამბობს, მარტო ვცხოვრობ ბინაში, მაგრამ სახელოსნოში მარტო არასოდეს ვარ და ჩემი შვილებიც კი აქ მომინახულებენ ხოლმეო. გიორგი ოქროპირიძეს სამი შვილი ჰყავს, უფრო გოგოსგან კი - შვილიშვილიც.

სახელოსნო რის საშუალებასაც იძლევა, იმ მასშტაბის კონცერტები იქ დღესაც იმართება ხოლმე. ერთი-ორი განსაკუთრებული მოვლენაც კი იყო, როცა გაიმართა კონცერტი ელექტრომუსიკალურ ინსტრუმენტ ტერემენის მონაწილეობით.

ეს ტერემენი - უცნაური ინსტრუმენტი, საბჭოთა ფიზიკოსმა ლევ ტერემენმა გამოიგონა, როცა პეტროგრადის ფიზიკის ინსტიტუტში ატარებდა ექსპერიმენტებს. ტერემენი, რომელსაც სულ ადრე ეთეროფონიც ერქვა, უცნაურია იმით, რომ მასზე ეგრეთ წოდებულ ანტენებზე ხელის შეუხებლად უკრავენ, ინსტრუმენტის გარშემო შექმნილ ელექტრომაგნიტურ - ცხადია, უხილავ - ველზე ხელის ზემოქმედებით. ამ ინსტრუმენტზე ნებისმიერი მუსიკის დაკვრა შეიძლება.

ამ პერიოდში, მას მერე, რაც ჩვენ ვენაში ვესტუმრეთ გოგი ოქროპირიძეს, კაცობრიობას რამდენიმე მძიმე წელი ჰქონდა კოვიდის პანდემიის ფორმით.

სამი წელი კორონამ წაიღოო, მიიჩნევს ვენელი ხელოვანი და მიმხელს, რომ ძალიან სამწუხაროა, ვიღაცას ჯანმრთელობაზე ავნო ვირუსმა, სხვას ფსიქიკაზე, მე კი, მართალი რომ გითხრა, მაგრად ვიყავიო. პირიქით, ერთი პერიოდი ისეთი ხალხმრავლობა მქონდა სახელოსნოში, გავგიჟდიო.

გიორგი ოქროპირიძეს გვარიანი გამოცდილება აქვს ბრინჯაოს ქანდაკებების სარესტავრაციო საქმეში. 2000 წელს დაიწყო რესტავრატორის კარიერა ვენაში. დღეს გოგი ამბობს, რომ როცა იმ ძეგლებს ხედავს, რომელთა აღდგენაზე უმუშავია, სიამაყის განცდა არ აქვს, რადგან მისი დამსახურება მცირეა, - ძეგლი უკვე არსებობდა და მისი აღდგენის გეგმა სხვამ შეიმუშავა, მე მხოლოდ შევასრულეო.

და თითქოს გვერდზე გვრჩება საკუთრივ გოგი ოქროპირიძის შემოქმედება. თავის ნამუშევრებზე ლაპარაკი იოლი არ არის. თვითონ ამბობს, ძნელია ასე ზოგადად რამის თქმა, განსაკუთრებით დიდი წარმატება არ მქონიაო, თავმდაბლობს და ერთი-ორი გამოფენის ამბავს მიყვება სულ მოკლედ.