„ბევრჯერ გვაქვს ეს ყველაფერი ნანახი და დავიღალეთ. ყოველ 4-5 წელიწადში გამეორებასავით გვაქვს და ყველგან ხელისუფლება 315-ე მუხლს, რომელიც შეეხება შეთქმულებას ან ამბოხებას ხელისუფლების ძალადობით შესაცვლელად ან ხელში ჩასაგდებად. ასე იოლად წამოისვრის ხოლმე ხელისუფლება და დაიწყებს გამოძიებას და ამით ჰგონიათ, რომ საზოგადოებას სხვა წარმოდგენები შეექმნება არსებულ სიტუაციაზე“, - ამბობს გიორგი მშვენიერაძე, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) ხელმძღვანელი.
„სინამდვილეში რაც ჩვენ ვიხილეთ, იყო ძალიან სპონტანური აქცია, ვინაიდან როცა შეთქმულებაზე, ამბოხებაზეა ლაპარაკი, ეს ერთ საათში არ იგეგმება. ძალიან არასერიოზული ამბავია“, - გიორგი მშვენიერაძე.
რაც შეეხება ადამიანების გულწრფელი პროტესტის საფუძველს, GDI-ს ხელმძღვანელის შეფასებით, გავრილოვი იყო სიმბოლიზაცია წინამორბედი პროცესის:
„ჩვენ ვნახეთ ადამიანების, როგორც თავად ხელისუფლება ამბობს, გულწრფელი პროტესტი, რომელიც მომდინარეობდა სწორედ იმ უგუნური და მე ვფიქრობ, რომ წლიდან წლამდე, თვიდან თვემდე, დღიდან დღემდე და ნაბიჯ-ნაბიჯ განხორციელებული პოლიტიკიდან, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს და რომელსაც შეიძლება პროდასავლურს ეძახის, მაგრამ შინაარსობრივად მივყავართ უფრო ჩრდილოეთისკენ. ამ პოლიტიკის წინააღმდეგ იყო ბევრი ადამიანის პროტესტი და გავრილოვის აღმოჩენა სავარძელში იყო ამის ერთგვარი სიმბოლიზაცია“.
უფლებადამცველის თქმით, ხელისუფლებას ჰქონდა ლეგიტიმური უფლება პარლამენტთან შეკრებილების ერთ ნაწილთან გამოეყენებინა ლეგიტიმური ძალა მათ კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად ან დასაშლელად, თუმცა, კითხვები, რაც ძალის გამოყენებას უკავშირდება, ეხება მის არაპროპორციულობას, აგრეთვე სპეცსაშუალებების გამოყენების დროულობასა და მიზანს:
„ელემენტარულად, გაზის გაშვება პარლამენტის ჭიშკრის მიღმიდან საკმარისი იქნებოდა ხალხის გასაფანტად და არ იყო საჭირო კორდონის ჩაყენება.
არავის უთქვამს, რომ პოლიციას არ ჰქონდა ძალის გამოყენების უფლება, არამედ გონივრულობაზე ვლაპარაკობთ.
პლასტიკური ჭურვები, რომლის მიზანია ადამიანს მიაყენოს დაზიანება (არა ჭრილობა), დაჟეჟილობა ძირითადად ქვედა კიდურებში, იმისთვის, რომ მიადგეთ დისკოფორტი და დატოვონ ტერიტორია, გამოიყენება, თუკი ისინი თავს ესხმიან სხვებს და სხვაგვარად შეუძლებელია ამის განეიტრალება.
ჩვენ ვნახეთ, რომ ადამიანები, მათ შორის ჟურნალისტები, ხელებაწეული დგანან ან ასრულებენ თავიანთ საქმიანობას, მათ ესროდნენ დამიზნებით წელსზევით და სახის არეში.
ეს იყო სადამსჯელო აქცია - ყველას, ვინც აქ ხართ, საკმარისად გითმინეთ და ახლა მიიღებთ პასუხსო! როცა ამ პასუხზე ვლაპარაკობთ, სწორედ აქედან მომდინარეობს პოლიტიკური პასუხისმგებლობაც“.
ამასთან, გიორგი მშვენიერაძე სვამს კითხვას - რატომ არ შეაჩერეს შს მინისტრმა და სხვა პასუხისმგებელმა პირებმა „რეზინის ტყვიების“ არამიზნობრივი გამოყენება?
„შეიძლება ვიღაცამ თქვას, რომ მე არ მითქვამს ვინმეს სახეში ესროლეთო. გასაგებია, მაგრამ შენ ხომ ისევე ხედავდი, ბატონო მინისტრო, პასუხისმგებელო პირებო, რომ სახეში ესროდნენ, როგორც მე ვხედავდი ამას ტელევიზიით და მაშინ რას აკეთებთ თქვენ? აძლევთ თუ არა ბრძანებას რომ დაუყოვნებლივ შეწყდეს რეზინის ტყვიების გამოყენება, რომელსაც არასწორად იყენებს პოლიცია? არა! ეს უნდოდა ხელისუფლებას! ეს გააკეთა ხელისუფლებამ და ამისთვის პასუხი უნდა აგოს!“.
GDI აგრძელებს დაკვირვებას მიმდინარე პროცესზე:
„ჯერ რასაც ვხედავთ, პროკურატურა, შსს დაინტერესებული არიან გამოიძიონ ყველა ის სამართალდარღვევა, რომელიც მიმართული იყო „სახელმწიფოს წინააღმდეგ“. პირველი სამიზნეში ამოიღეს ოპოზიციონერი დეპუტატები და პოლიტიკოსები, ერთ-ერთ მათგანს ბრალიც წაუყენეს. ყველა ადმინისტრაციულად დააკავეს, ვისაც იმ დღეს დაეწიენ. სასამართლომ პირველი უმრავლესობა, ას კაცზე მეტი, პირდაპირ გაუშვა საპატიმროში. მოგვიანებით შეცვალა მიდგომა. მოვა დრო და ამაზეც ვისაუბრებთ რამ განაპირობა ეს. მეტი დოკუმენტირება მოხდება და კარგად დავინახავთ სურათს.
შემდგომ დაიწყო გამოძიება და ჟურნალისტები დაკითხეს. ჩვენი ორგანიზაციაც იცავს რამდენიმე პირს, ვინც დაზარალდა ამ პროცესში. იბარებდნენ მათ როგორც ადამიანებს, ვისაც ზიანი მიადგათ, მაგრამ სინამდვილეში მათი დაკითხვის მიზანი იყო არა გამოძიება - სად მიიღეს დაზიანება, არამედ მტკიცებულებების მოგროვება სხვა კერძო პირების წინააღმდეგ , რომლებიც შეკრება-მანიფესტაციაში მონაწილეობდნენ. ეს იყო რეალური მიზანი და ეს თვალნათლივ გამოჩნდა.
ამავდროულად, ხელისუფლებას არავინ საკუთარი რიგებიდან არც პოლიტიკურად და არც სამართლებრივად მიუცია პასუხისმგებაში. სამართალდამცავი ორგანოები - პროკურატურა და შსს ჩაერთვნენ კიდევ ერთხელ იმ თამაშში, რომელსაც წლებია ვუყურებდით. ისინი იქცნენ პოლიტიკურ ინსტრუმენტად ხელისუფლების ხელში“.
გიორგი მშვენიერაძე ლაპარაკობს ამ პროცესში სასამართლოს „სრულ ჩავარდნაზე“:
„სასამართლოს ჰქონდა სრული ჩავარდნა. თვალწინ მედგა 2007 წლის 7 ნოემბრის სასამართლო, როცა პირადად ვესწრებოდი პროცესებს, როცა პირველი გოგა ხაინდრავა და სხვები დააკავეს. კონვეერულად აკავებდა და აპატიმრებდა ყველას სასამართლო“.
GDI-ს ხელმძღვანელი აგრეთვე ამბობს:
"სამწუხაროდ, რაც ინფორმაცია მაქვს, იგეგმება ათჯერ მეტი ადამიანის დაკავება, რაც იქნება ასევე კატასტროფული შეცდომა. ხელისუფლებამ შეიძლება აწარმოოს გამოძიება ამ საქმეზე, მაგრამ ვერანაირ აუცილებლობას ვერ ვხედავ ახლა, ამ წუთას ეს ადამიანები საპატიმრო დაწესებულებებში აღმოჩნდნენ იმიტომ, რომ ეს კიდევ უფრო დაამძიმებს ისედაც არც თუ მსუბუქ სიტუაციას.
ხელისუფლებას იმის იმედი აქვს, რომ მიტინგი პარლამენტის წინ მინელდა, ზაფხულია, ხალხი აღარ არის ქალაქში, დაიღალნენ ადამიანები და გადავტეხეთ პროტესტი წელში. ეს ასე არ არის. სხვაგან ამოყოფს თავს პროტესტი და უფრო მძიმედ ხელისუფლებისთვის, თუ ის ამ შეცდომას დაუშვებს".
Your browser doesn’t support HTML5