კონსტიტუციონალისტი, ილიაუნის სამართლის სკოლის ლექტორი, სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლის მკვიდრია. მას ახლა მკაცრი კარანტინის რეჟიმში უწევს ცხოვრება, როგორც ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების სხვა მცხოვრებლებს. რადიო თავისუფლების ეთერში ის დეტალურად აღწერს შექმნილ ვითარებას და თვლის, რომ მარნეულში ვითარების დამძიმების გამაპირობებელი მთავარი ფაქტორი ინფორმაციის ნაკლებობა იყო. დღეს უმთავრესად მიაჩნია შემოღებული წესებისა და რეკომენდაციების ყველას მიერ და თანმიმდევრულად შესრულება, რაშიც მთავრობის გარდა, ცალკეული მოქალაქის პასუხისმგებლობის მნიშვნელობა განუზომელია:
„ამ ეტაპისთვის საჭიროა მაქსიმალურად კოორდინირებულები ვიყოთ, გვქონდეს სწორი ინფორმაცია და ეს არა მხოლოდ ამ ორ რაიონს ეხება, არამედ მთელ საქართველოს, ვისაც არ აქვს გათვითცნობიერებული, უნდა გაათვითცნობიეროს, რომ ჩვენზე არის ბევრი რამე დამოკიდებული.
ამ პერიოდში მეტი ადამიანი იცავს წესებს.
...უნდა აღინიშნოს ერთი მთავარი: შეუძლებელია, ადამიანები გამოიკეტონ სახლში ისე, რომ არ დასჭირდეთ გარეთ გასვლა. მეც ვიყავი გუშინ აფთიაქებში წამლებისთვის, საკვებზეც მაღაზიაში. ადრეც ბევრჯეერ ვთქვი და ახლაც ასეა - აქ არის დამცავი საშუალებების დეფიციტი. გუშინდელი დღის მონაცემებით, მარნეულის ყველა აფთიაქიდან მხოლოდ ერთში იყო პირბადე, მხოლოდ სამში იყო ხელთათმანი და არც ერთში არ იყო სადეზინფექციო ხსნარი. გასაგებია, რომ დეფიციტია, მაგრამ თუ ვამბობთ, რომ ეს სივრცე - მარნეულის და ბოლნისის რაიონები არის „წითელი ზონა“ და განსაკუთრებული რისკის ქვეშ დგას, მაშინ რესურსის მენეჯმენტი ისე უნდა მოხდეს, რომ საფრთხის არიდება მაქსიმალურად მოხდეს“.
გიორგი მუმლაძე ლაპარაკობს იმ სირთულეებსა და მყისიერ გამოწვევებზე, რაც COVID-19-მა შექმნა მარნეულის მუნიციპალიტეტში:
„ყველაფერი გაჩერებულია. ძალიან ბევრი ადამიანი აქ იყო თვითდასაქმებული და ყოველდღიურ შემოსავალზე დამოკიდებული და ძალიან ბევრს არ აქვს დანაზოგი. ხელმისაწვდომი ფასები არის გადამწყვეტი. ადამიანების საჭიროებები არ შემოიფარგლება ჯანდაცვის საჭიროებებით, არამედ საკვები სჭირდებათ. რაც უფრო დიდი დრო გავა ყოველდღიური შემოსავლის დაკარგვის შემდეგ, ადამიანები უფრო მეტად გახდებიან იძულებული დაარღვიონ კარანტინის წესები, რადგან სხვანაირად შეუძლებელი გახდება მათი არსებობა.
მოდით, აღვწეროთ აქ რა ხდება: მარნეულის რაიონში შემოსავალი არის ორი წყაროდან - ერთი არის სოფლის მეურნეობა და მეორე - ვაჭრობა. ამ ეტაპისთვის არც ერთი არ არსებობს. მიზეზი მარტივია. არ არსებობს სავაჭრო სივრცეები, არ არსებობს პროდუქტის გატანის ეფექტიანი საშუალებები. არ შემოდის ხალხი, დაკეტილია საზღვრები. მეორე - გაზაფხული დაიწყო და ახლა მოსავლის აღების დრო არ არის, ახლა ხდება კულტივირება და არის თესვის დრო. ამიტომ ახლა სოფლის მეურნეობიდან შემოსავალი არ არის. შეიძლება 3-4%-ს ჰქონდეს სასათბურე მეურნეობები. ის ვინც ვაჭრობდა, მისი პროდუქტი არის დასაწყობებული. მყიდველი არ არის.
გუშინ მთელი ქალაქი გავიარე, აშკარად შეინიშნება, რომ ადამიანები ძალიან ცოტა საკვებს ყიდულობენ. ეს ერთი მხრივ კარგია, მაგრამ ამის მიზეზი არის ფულის დეფიციტი. მათ შეუწყდათ ყოველდღიური შემოსავალი. ეს პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდება“.
გიორგი მუმლაძე რადიო თავისუფლების ეთერში გამოეხმაურა საზოგადოების ნაწილის მიერ აგრესიისა და ქსენოფობიის გამოხატვას მარნეულში მცხოვრები ეთნიკური აზერბაიჯანელების მიმართ, რის საბაბადაც მუნიციპალიტეტში COVID-19-ის გავრცელების საფრთხის გაზრდა იქცა:
„ძალიან გთხოვთ, ყველას მივმართავ: სანამ რამეს იტყვით, დავფიქრდეთ, რა შეიძლება ამან მოიტანოს. ჩემი ძალიან ბევრი მეგობარი ეთნიკური აზერბაიჯანელი უბრალოდ განადგურებული იყო - მწერდნენ, რა ვუპასუხოთ, რა ვუთხრათო...
უნდა აღვნიშნო ერთი ფაქტი კიდევ - ამ სტერეოტიპული დამოკიდებულებიდან უნდა გამოვფხიზლდეთ. საქართველოში ვცხოვრობთ და ისიც არ ვიცით, რომ მარნეულსა და ბოლნისში არ ცხოვრობენ მხოლოდ ეთნიკური აზერბაიჯანელები, აქ ცხოვრობენ ქართველები და ყველა სხვა ჯგუფი“.
გიორგი მუმლაძეს სჯერა, რომ COVID-19-ის გავრცელებასთან ბრძოლაში სოლიდარობა და სამოქალაქო პასუხისმგებლობა გადამწყვეტია:
„ეს არის ყველას ბრძოლა. ჩვენი დამარცხება არის ყველას დამარცხება და ჩვენი გამარჯვება არის ყველას გამარჯვება“.
Your browser doesn’t support HTML5