გიორგი მარგველაშვილი: „კომიკურ მდგომარეობაში იგდებენ თავს“

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაცვის გარეშე რჩება. იგი მიიჩნევს, რომ ეს ცვლილება როგორც მისი, ასევე პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია, მით უფრო, რომ გიორგი მარგველაშვილი იმ პენსიასაც არ იღებს, რომელიც სხვა ქვეყნებში ყოფილ პრეზიდენტებს აქვთ.

- ბატონო გიორგი, რატომ ფიქრობთ, რომ ეს ცვლილება პირადად თქვენ წინააღმდეგ არის მიმართული?

- ეს კანონი ჩემს სტატუსს ცვლის, მაგრამ ამ საკითხს განვიხილავ იმ სისტემურ კონტექსტში, რომელსაც ხუთი წლის განმავლობაში ვადევნებდი თვალს - ინსტიტუციების დაკნინებისა და შესუსტების პოლიტიკის კონტექსტში.

კარგად მოიქცევი - იქნება პენსია, არ მოიქცევი და ეს იქნება გადაწყვეტილება.


ჩვენ ამით ვამბობთ, რომ პრეზიდენტის სტატუსი არაფერი არ არის, მისი მუშაობა ქვეყნისთვის არაფერი არ არის. რადგან მათთვის სასურველი არ ვიყავი, რაში მერგება რაიმე ტიპის შეღავათი?! საქართველო ასეთი დამოკიდებულებით სახელმწიფო ინსტიტუტებს ანგრევს. ყველაფერი არის პიროვნული: კარგად მოიქცევი - იქნება პენსია, არ მოიქცევი და ეს იქნება გადაწყვეტილება. ეს ძალიან კომიკური და ცუდი დასანახია. ის, რომ მე ამით რამე სირთულე მექმნება - კომიკურია, მაგრამ ქვეყანას რასაც უკეთებენ, ეს უკვე ძალიან არასასიამოვნოა.

- წესით, როგორ უნდა ყოფილიყო?

- წესით, უნდა წავიდნენ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, ნახონ, იქ როგორ არის და გადმოიღონ. მაგალითად, გერმანიაში, სლოვაკეთში... ყოფილ პრეზიდენტებს უყურებენ როგორც რესურსს და არა როგორც ადამიანებს, რომლებსაც უნდა ებრძოლონ. საერთაშორისო არენაზე ამ ადამიანებს გააქვთ თავიანთი ქვეყნების დღის წესრიგი. არა მარტო დაცვა და პენსია, ნორმალურ ქვეყანაში ყოფილ პრეზიდენტს მცირე ოფისიც აქვს, რადგან მე მუდმივად დავდივარ საერთაშორისო ვიზიტებით, გამაქვს საქართველოს საკითხები, საქართველოს ინტერესებზე ვლაპარაკობ, მუდმივად მაქვს ინტერვიუები ამა თუ იმ უცხოურ სააგენტოსთან.

-გარდა დაცვისა და პენსიისა კიდევ რა სერვისები შეგეზღუდათ?

- არაფერი. მე რა სერვისი მქონდა, რომ? ეს ჩემი შეზღუდვა კი არ არის, ამას საკუთართავს უკეთებენ. კომიკურ მდგომარეობაში იგდებენ თავს ამ უპრეცედენტო გადაწყვეტილებით. აქ კიდევ სხვა დეტალია: ერთი დღით ადრე რომ შემეწყვიტა ჩემი უფლებამოსილება, დღეს პენსია მექნებოდა. საქართველოს კანონმდებლობით ასეა: თუ გადადგება პრეზიდენტი, მას პენსიაც ექნება და დაცვაც.ბუნებრივია, ეს არ გავაკეთე. არ გავუკეთე ქვეყანას, რადგან ეს საქართველოს სტატუსს შეასუსტებდა. მაგრამ აბსურდულია: ესე იგი, თუ ქვეყანას ბოლო დღემდე ემსახურე, არ იმსახურებ პენსიას, მაგრამ თუ გადადექი, მაშინ იმსახურებ. ქართული რეალობაა, სამწუხაროდ.

- რეალურად რამდენად გჭირდებათ დაცვა?

- არანაირად! მე საქართველოში დაცვა? ერთხელ ნახონ, რა დამოკიდებულება აქვს რიგით მოქალაქეს ჩემ მიმართ. აქ ის კი არ არის, რომ ვიღაცა თავს მესხმის, აქ სტატუსის თემაა. დაცვა მე ნამდვილად არ მჭირდება. აი, სხვა პოლიტიკოსებზე ნამდვილად ვერ დავდებდი თავს, რომ შეუძლიათ ჩემსავით იოლად გავიდნენ ქუჩაში.