"არსებობს მზაობა საგარეოპოლიტიკური ტრანსფორმაციისა, რადგან საკმაოდ რთული დინამიკა ჰქონდათ დასავლეთსა და რუსეთს ერთმანეთთან ურთიერთობის"

გიორგი გობრონიძე, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი

საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების 26 სექტემბრის შეხვედრა, რომლის შესახებაც ამ დრომდე მწირი ინფორმაციაა, აქტიურად განიხილება როგორც პოლიტიკურ, ისე საექსპერტო წრეებში. საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტ გიორგი გობრონიძისთვის ერთი მხრივ სრულიად ნათელია, რომ მშვიდობის უზრუნველსაყოფად დიალოგის წარმართვა სწორედ მტერთან არის საჭირო, მეორე მხრივ, ლაპარაკობს რისკებზეც, მათ შორის:

„არის ძალიან სერიოზული რისკები, რომ ერთი-ერთზე რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირმა დიალოგმა შეიძლება საქართველოს ხელისუფლება და მთლიანად ქართული საზოგადოება შეიყვანოს ჩიხში იმდაგვარად, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, 1992 წელს, როცა დაგომისის მოლაპარაკებების დროს მარტო დარჩენილმა საქართველომ მიიღო ე.წ. სამშვიდობო ფორმატი, რომელიც ცალსახად ეწინააღმდეგებოდა ქართულ ეროვნულ ინტერესებს და მივიღეთ ძალთა გადანაწილება ე.წ. შერეულ საკონტროლო კომისიაში - სამი ერთის წინააღმდეგ. მაშინ, გახსოვთ, რუსეთის ფედერაციამ მოახერხა, რომ კონფლიქტის ერთ-ერთ მხარედ ჩაერთო ჩრდილოეთ ოსეთი - რუსეთის ერთ-ერთი ფედერალური სუბიექტი, რომელიც პრაქტიკულად აღჭურვილი იყო მაღალი ხელშემკვრელი მხარის უფლებებით მოცემულ შეთანხმებაში და პრაქტიკულად ამან განაპირობა ის, რომ მერე შერეული სამშვიდობო ბატალიონი დაკომპლექტდა ისე, რომ იყო რუსული, სამხრეთოსური, ქართული და ჩრდილოოსური შენაერთი წარმოდგენილი“.

ფრთხილი მოლოდინის მიუხედავად, გიორგი გობრონიძე მინისტრების უკვე ჩავლილ შეხვედრას მნიშვნელოვნად თვლის:

„ეს შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, რომლებიც ჩვენგან ელოდებიან გარკვეულ ნაბიჯებს იმისთვის, რომ განვახორციელოთ სწორი, გამართული და უსაფრთხო ინტეგრაცია დასავლეთთან, ასევე არიან დაინტერესებული იმაში, რომ ქართულ-რუსულ ურთიერთობებში რისკები და გაუთვალისწინებელი შემთხვევები იყოს მინიმუმამდე დასული. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა გარკვეულწილად იყოს პროგნოზირებად ჩარჩოებში მოქცეული. აქ არ ვლაპარაკობთ ილუზიაზე, რომ რუსეთის ფედერაცია უეცრად გადაიქცევა კონსტრუქციულ აქტორად და ექნება სერიოზული გარღვევა ქართულ-რუსულ ურთიერთობებს გაუმჯოებსების თვალსაზრისით“.

გარღვევას არავინ ელის იმ ფონზეც, რომ რუსეთი კვლავაც თავის „უკანა ეზოდ“ მოიაზრებს საქართველოს და მისთვის კვლავაც კატეგორიულად მიუღებელია ნატოს საზღვრების მასთან მიახლოება. ამის ფონზე, როგორც გიორგი გობრონიძეც აღნიშნავს, რუსეთი დღითიდღე აძლიერებს სამხედრო პოტენციალს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გარდა ამისა:

“ფაქტია, რომ საბოლოოდ ამ რეგიონებში შეიქმნა ერთგვარი ეთნოკრატიული რეჟიმები, რომლებიც თავისი შინაარსით, ჩემი შეფასებით, არაფრით განსხვავდება ფაშისტური დამოკიდებულებისგან ადამიანების მიმართ, რადგან ეთნიკური ქართველი, ვინც შემორჩა დღეს ოკუპირებულ რეგიონებში, არის წარმოდგენილი და დანახული როგორც მეორე-მესამეხარისხოვანი მოქალაქე და ექცევიან იმაზე არანაკლებად, ვიდრე გეტოებში ექცეოდნენ ფაშისტები ებრაელებს“.

როგორ აფასებს „დილის საუბრების“ სტუმარი ერთობლიობაში ბოლო ხანს გააქტუალურებულ საკითხებს: ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელშეკრულების მე-5 მუხლის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გავრცელების გარეშე საქართველოს ნატოში გაწევრიანების იდეა, ჟენევის ფორმატის არაეფექტიანობის გამო დასავლეთისა და საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოხატული უკმაყოფილება და ფორმატის ცვლილების იდეა, რუსეთ-საქართველოს შორის მაღალი დონის დიალოგის საჭიროების წინ წამოწევა და ბოლოს 26 სექტემბრის შეხვედრა:

„არსებობს მზაობა საგარეოპოლიტიკური ტრანსფორმაციისა, რადგან საკმაოდ რთული დინამიკა ჰქონდათ დასავლეთსა და რუსეთს ერთმანეთთან ურთიერთობის. აქედან გამომდინარე, შეიძლება გარკვეულ შედეგებამდე მივიდეთ, თუმცა, წინასწარი ვარაუდები იქნება მოვლენებზე ძალიან არასწორი სახით წინ გასწრება. ამიტომ თავს შევიკავებ კონკრეტული შეფასების მიცემისგან, თუმცა, პესიმისტური ნამდვილად არ არის პროგნოზი, ამას ვიტყოდი“.

გიორგი გობრონიძე ხაზს უსვამს საგარეოპოლიტიკურ კურსზე კონსენსუსის სასიცოცხლო მნიშვნელობას. ამის მისაღწევად, მისივე თქმით, ერთი გზაა და ეს გზა დიალოგია განსხვავებულ პოლიტიკურ ძალებსა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებს შორის.

რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში, რომლის მთავარი თემაც ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრა იყო, გიორგი გობრონიძე ამბობს:

„ეს პროცესი არ უნდა მიდიოდეს დახურულ კარს მიღმა და კულუარებში. ხალხმა, დაინტერესებულმა წრეებმა უნდა იცოდნენ - რა ხდება, რასთან გვაქვს საქმე, რადგან ნებისმიერი მოლაპარაკება რუსეთის ფედერაციასთან განსაზღვრავს არა მარტო ჩვენი, არამედ მომავალი თაობების ბედს“.

Your browser doesn’t support HTML5

გიორგი გობრონიძე ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრის შესახებ