გიორგი გახარია: პანკისთან მიმართებით შეცდომა დავუშვით

გიორგი გახარია პანკისის ხეობაში, 21 აპრილი

  • პანკისის ხეობასთან მიმართებით სახელმწიფო სტრუქტურებმა დაუშვეს შეცდომა - რისკები არასათანადოდ შეფასდა;
  • არ იყო ამოწურული ადგილობრივებთან მოლაპარაკების რესურსი;
  • გასარკვევია - სად და როგორ მოხდა შეცდომის დაშვება;
  • პანკისის ხეობაში გამოვლინდა სოციალური პროტესტი და დაუშვებელია საკითხის პოლიტიზება;
  • ჩიხიდან შს სამინისტრო „მშვიდად, წყნარად, გონივრული მიდგომით" გამოვა;
  • პანკისელების დაჭერასთან მიმართებით შს სამინისტრო გადაწყვეტილებას ქვეყნის, საზოგადოების ინტერესების მიხედვით მიიღებს.

ამ შინაარსის განცხადებები გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, გიორგი გახარიამ 2 მაისს, პარლამენტის სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატის ფარგლებში გამოსვლისას.

გიორგი გახარიას თქმით, შეცდომა დაშვებული იყო იმ სახელმწიფო უწყებების მხრიდან, რომლებიც ჩართული იყვნენ პროცესში ჰესის მშენებლობის საკითხთან მიმართებით. მან დაასახელა შემდეგი უწყებები: შინაგან საქმეთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, სოფლის მეურნეობის სამინისტრო, თუმცა ასევე თქვა, რომ ეს საკითხი კიდევ ბევრი სხვა უწყების პასუხისმგებლობის საგანია.

„როგორც ჩანს, შეფასებებში გარკვეულ მომენტში რაღაც შეცდომა იყო დაშვებული, გაპარული იყო რაღაც, არასრულად იყო გაწეული ეს სამუშაო, შესაძლებელია, რომ არასაკმარისი კოორდინაციაც იყო და ფაქტობრივად, შედეგად მივიღეთ ის, რაც, რა თქმა უნდა, არ შეიძლება ვინმემ კარგ შედეგად შეაფასოს. რა თქმა უნდა, ეს იყო ცუდი შედეგი“.

შს მინისტრის თქმით, პანკისის ხეობაში 21 აპრილს განვითარებული მოვლენები სოციალური პროტესტის გამოხატულება იყო და ადგილობრივებთან მოლაპარაკების რესურსი არ იყო ამოწურული.

მისი შეფასებით, მიუღებელია, როდესაც საკითხის პოლიტიზება ხდება.

„ყველაზე სამწუხარო ჩემთვის გახლავთ ის, რომ სოციალური პროტესტი, რომელიც მართლა იქ აღმოჩნდა... (სახელმწიფოს ჰქონდა პოზიტიური ვალდებულება, რომ ამის პროგნოზი გაეკეთებინა, მაგრამ ვერ გააკეთა - სადღაც შეცდომა მოხდა და გავარკვევ, სად მოხდა და როგორ მოხდა)... ამას როდესაც ვაძლევთ პოლიტიკურ განზომილებებს ჩვენს მოქალაქეებთან მიმართებაში, მე ვთვლი, რომ ეს არის შეცდომა“.

შინაგან საქმეთა მინისტრი პროვოკაციულად მიიჩნევს შეკითხვას - „როგორ გამოხვალთ ამ ჩიხიდან?“ მისი პასუხი ამ შეკითხვაზე ასეთია:

„დაგვაკვირდით და ნახავთ, როგორ გამოვალთ ამ ჩიხიდან - მშვიდად, წყნარად, გონივრული მიდგომით, იმ ხალხთან ერთად, ვინც მშვენივრად აცნობიერებს - გადაცდომის ფარგლები სად იყო და რა მოხდა“.

გიორგი გახარიას თქმით, შს სამინისტრო, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში „ახორციელებს კონკრეტულ გეგმას, თუ როგორ უნდა მოხდეს პანკისის ხეობაში მომხდარი ინციდენტის ეფექტური დაძლევა“. მან მოუწოდა დეპუტატებს მხარდაჭერისკენ და უთხრა, რომ შეუძლიათ სრულად აკონტროლონ ეს პროცესი.

„შეგიძლიათ, თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში სრული კონტროლის ქვეშ დააყენოთ ეს პროცესი, ოღონდ - პოზიტიური კონტროლის ქვეშ... ისე კი არა, რომ ამ ტრიბუნიდან ჩიხში შეგვიყვანოთ და გვითხრათ - რას უზამთ ახლა, დაიჭერთ 100 ადამიანს, თუ არ დაიჭერთ?!

მოვიქცევით ზუსტად ისე, როგორც არის საჭირო ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებისთვის“.

გიორგი გახარია არ ეთანხმება შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ პანკისის ხეობაში „ვიღაცამ პოლიცია ამ დღეში ჩააყენა და ვიღაცამ პოლიცია აცემინა“. შს მინისტრის თქმით, პოლიცია 21 აპრილს თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა.

„პოლიციის ფუნქცია იყო მართლწესრიგის დაცვა. პოლიციის იქ შესვლის მიზანი გახლდათ ის, რომ არ მომხდარიყო ფიზიკური დაპირისპირება ჩვენს სხვადასხვა მოქალაქეებს შორის. პოლიციამ ღირსეულად შეასრულა თავისი ფუნქცია და ეს დარტყმა, აგრესია მიიღო საკუთარ თავზე, რაც მისი მოვალეობაა. აღჭურვილობიდან დაწყებული, ქცევით და დაგეგმილი ღონისძიების ნაწილში ეს იყო დაცვითი ღონისძიება“.

გახარიას განმარტებით, პანკისის ხეობაში 21 აპრილს სპეცრაზმი არ შესულა და ეს არ ყოფილა სპეცოპერაცია - ვითარების დაძაბვის შემდეგ, ადგილზე გამოძახებული იყო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძალები, რაც არის „ჩვეულებრივი საპოლიციო ძალები და არა სპეცრაზმი“.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ არავითარი პრობლემა არ არსებობს ურთიერთობებში შს სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის.

„თანამშრომლობა დღეის მდგომარეობით არის ეფექტური, პოზიტიური და ბოლო წლების განმავლობაში - საუკეთესო. ვერავინ შეძლებს რაღაც ბზარების გაჩენას და ვერავინ მიაღწევს იმას, რომ ჩვენ ერთმანეთზე რაღაცეების დაბრალება დავიწყოთ. ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენი ფუნქციები, რომლებსაც ვასრულებთ.

ერთი უწყების შეცდომას პირდაპირი ზემოქმედება აქვს მეორე უწყების ეფექტურ მუშაობაზე და პირიქით. პანკისის ნაწილში მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ: როგორც ჩანს არასრული ანალიტიკა იყო გაკეთებული; როგორც ჩანს, ჩვენს მიერ, პირადად ჩემს მიერაც - არასრულად იყო დასკვნები გაკეთებული იმ რისკების შეფასებისთვის, რაც იქ შეიძლება ყოფილიყო. ეს არის ჩვენი საერთო პასუხისმგებლობა.

ყველა შესაბამის უწყებას თავისი კომპეტენცია ჰქონდა და ყველა თავისი კომპეტენციის ფარგლებში ფარავდა იმ ზონალურ რისკებს, რომლებიც გააჩნიათ. ამიტომ ჩვენ დღეს არავინ არ გადავანაწილებთ ამ პასუხისმგებლობას ერთმანეთზე. ვამბობთ, რომ ეს იყო შეცდომა არასაკმარისი ანალიტიკური მუშაობის შედეგად ყველა ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში და ეს შეცდომა არის გამოსასწორებელი, რასაც ახლა ვაკეთებთ“.

21 აპრილს, პანკისის ხეობაში მოხდა მწვავე დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის. ადგილობრივები მცირე ჰესის („ხადორი 3“) მშენებლობის შეჩერებას ცდილობდნენ.

დაპირისპირების დროს სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. აქციის მონაწილეები კი, ქვებსა და ჯოხებს იყენებდნენ. ხეობაში ვითარების დარეგულირებას ცდილობდა შს მინისტრი გიორგი გახარია.

საგანგებო შეხვედრის დასრულების შემდეგ მან თქვა, რომ ხეობაში ჰესი მხოლოდ იმ შემთხვევაში აშენდება, თუკი ადგილობრივების 90% იქნება მომხრე. ამასთან შს მინისტრმა პირობა დადო, რომ დაისჯება ყველა, ვინც 21 აპრილის ინციდენტის დროს კანონი დაარღვია.