"ობიექტური სასამართლოსთვისაც კი რთულია განსაზღვროს, რა იგულისხმება შემოქმედებით ნაწარმოებში"

16 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გიორგი ბერაია, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" (IDFI) კანონის უზენაესობის მიმართულების ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც შეეხება შემოქმედებითი ნაწარმოების აკრძალვის უფლების მხოლოდ სასამართლოსთვის მინიჭების შესახებ. გიორგი ბერაიამ განმარტა, რომ დღეს მოქმედი კონსტიტუციით დაშვებულია შემოქმედებითი ნაწარმოები დაყადაღდეს ან აიკრძალოს, თუ ის ლახავს სხვა ადამიანების კანონიერ უფლებებს. კონსტიტუციის ახალ რედაქციაში დაკონკრეტდა, რომ ეს შეიძლება მოხდეს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით. ამის არგუმენტი საკონსტიტუციო კომისიის სხდომებზე იყო ის, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე რომელიმე სხვა უწყებას არ შეეძლება აკრძალოს შემოქმედებითი ნაწარმოები: "ამ თვალით თუ შევხედავთ, ეს ცვლილება გაკრვეულწილად სტანდარტის ამაღლებადაც კი შეიძლებოდა მიგვეჩნია". თუმცა, გიორგი ბერაია აგრეთვე შენიშნავს, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივით, "კონსტიტუციისგან განსხვავებით, რომ შემოქმედებითი ნაწარმოების დაყადაღება და აკრძალვა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის სხვა ადამიანის კანონიერ უფლებებს არღვევს, "კულტურის შესახებ" მოქმედ კანონში ემატება კიდევ: "თუ ის აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, რელიგიურ და რასობრივ შუღლს, ქადაგებს ომს და ძალადობას, პროპაგანდას უწევს პორნოგრაფიას"". გიორგი ბერაიას თქმით, ეს ჩანაწერები აფართოებს იმ წრეს, რომლითაც შემოქმედებითი ნაწარმოები შესაძლებელია აკრძალოს და დააყადაღოს სასამართლომ. IDFI-ს წარმომადგენელს ნიმუშად მოჰყავს ბოლოდროინდელი გახმაურებული საქმე პრეზერვატივების შეფუთვის გაფორმებასთან დაკავშირებით. ის უსაფუძვლოდ თვლის მოსამართლის გადაწყვეტილებას, რომლითაც დაკმაყოფილდა მომჩივნის (თბილისის მერიის) სარჩელი. "ეს არგუმენტები თეირანის მერიის წარმომადგენლის განცხადებებს ჰგავდა", - ამბობს გიორგი ბერაია. ასეთ კონტექსტში ხედავს იურისტი შეშფოთების საფუძველს. კანონპროექტის კრიტიკოსები ამბობენ, რომ, მიუხედავად კონსტიტუციასა და "კულტურის შესახებ კანონში" ჩანაწერებისა, ვიდრე მათი აღსრულების კონკრეტული პროცედურა და გადაწყვეტილების მიმღები ორგანო არ იყო განსაზღვრული კანონით, ისინი ე.წ. "მკვდარ ნორმებად" ითვლებოდა. თუმცა, გიორგი ბერაიას აზრით, არსებული ნორმების საფუძველზე არსებობდა ის რისკი, რომ რომელიმე სამინისტროს, ნების არსებობის შემთხვევაში, მიეღო რომელიმე ნაწარმოების აკრძალვის გადაწყვეტილება. "დღევანდელი კანონმდებლობა და როგორც ის შეიძლება შეიცვალოს, არის უფრო მეტად შემზღუდველი შემოქმედებითი თავისუფლებისთვის, ვიდრე ეს კონსტიტუციით არის განსაზღვრული", - აცხადებს გიორგი ბერაია. შემოქმედებითი თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ საფუძვლად მას წარმოუდგენია საავტორო უფლებების დარღვევა, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა და ა.შ.. ამასთან, იურისტი თვლის, რომ მაღალი ნდობის სასამართლოს პირობებშიც კი, "ძალიან რთულია ობიექტური სასამართლოსთვისაც განსაზღვროს რა იგულისხმება შემოქმედებით ნაწარმოებში".

Your browser doesn’t support HTML5

გიორგი ბერაია შემოქმედებითი ნაწარმოების აკრძალვაზე