პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „რუსთავი 2“, რომელიც ხშირად ავრცელებს შსს-სთან დაკავშირებულ ექსკლუზიურ ინფორმაციას, იუწყება, რომ „დარჩო ხეჩუაშვილი საქართველოში „ამჯერადაც, მოვლენების პროვოცირების“ მიზნით ჩამოვიდა.
„ახლა თავისივე დარჩო ხეჩუაშვილს თანხას ჩაახუტებენ. ისიც ჩაჯდება და იტყვის, მიშამ, ან ნაცებმა, ან გლობალური ომის პარტიამ და ა.შ. დამავალაო“, - ამბობს გივი თარგამაძე, რომელსაც წლების წინ დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებაც დასჭირდა.
აფეთქება 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე 4 დღით ადრე მოხდა. თარგამაძე მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი იყო და „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამ ფაქტს უკრაინისა და „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმებს უკავშირებდა; თუმცა ხეჩუაშვილის ოჯახი ლაპარაკობდა მის კავშირზე არა უკრაინასთან, არამედ რუსეთთან.
გივი თარგამაძე რუსეთმა საერთაშორისო ძებნილად 2013 წელს გამოაცხადა. მოსკოვში, „ბალოტნაიას მოედანზე“ 2012 წელს მომხდარი მასობრივი არეულობის ორგანიზების ბრალდებით.
ოფიციალური ინფორმაციით
დარჩო ხეჩუაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად „რუსთავი 2“-მა გაავრცელა, ხოლო შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა.
საგანგებო ბრიფინგზე ითქვა, რომ:
- 1974 წელს დაბადებულმა დ.ხ.-მ [დარჩო ხეჩუაშვილმა] საქართველოს სახელმწიფო საზღვარი ე.წ. მწვანე ზოლის საშუალებით, 19 სექტემბერს გადმოკვეთა.
- ის საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის რესპუბლიკიდან შემოდიოდა.
- საზღვრის გადმოკვეთისას, დაკავებული დაკვირვების ტექნიკური საშუალებებით შეამჩნიეს.
- პირის იდენტიფიცირება მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო მონაცემების ბაზების მიხედვით მოხდა, რადგან თან არ ჰქონდა პიროვნების დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტაცია და ნამდვილ სახელსა და გვარს არ ამხელდა.
- ხეჩუაშვილი დააკავეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 მარტის განაჩენის საფუძველზე - მსჯავრდადებულის სახით და საპატიმროში გადაიყვანეს.
შს სამინისტროს ინფორმაციით, დარჩო ხეჩუაშვილი 2016 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო 2017 წლიდან ინტერპოლის მიერ, საერთაშორისო დონეზე წითელი ცირკულარით სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე, 236-ე და 187-ე
მუხლების შესაბამისად იძებნებოდა.
ხეჩუაშვილის საქართველოში შემოსვლის მოტივის შესახებ შს სამინისტროს ბრიფინგზე არაფერი უთქვამს და უწყება ჯერჯერობით არც რადიო თავისუფლების შეკითხვებს პასუხობს.
მანამდე, პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „დარჩო ხეჩუაშვილი საქართველოში „ამჯერადაც, მოვლენების პროვოცირების“ მიზნით ჩამოვიდა.
შსს-ში გვითხრეს, რომ ბრიფინგის შინაარსს ჯერჯერობით ვერაფერს დაამატებენ.
აფეთქების მოტივი?
ხელისუფლებისადმი ლოიალურმა ანალიტიკოსებმა 20 სექტემბერს დაიწყეს ლაპარაკი იმის შესახებ, რომ დარჩო ხეჩუაშვილი ყველაფერს იტყვის აფეთქების დამკვეთების შესახებ და „ნაციონალურ მოძრაობას“ გასამართლება არ ასცდება.
„ნაცჯალათებო თქვენიანებს არ ინდობთ და ხელისუფლებაში მობრუნებაზე ოცნებობთ? ვერ, ვერასდროს!“ - წერს გია აბაშიძე ფეისბუკზე.
8 წლის წინ, გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის მოტივებზე პროკურატურას არაფერი უთქვამს. თუმცა აფეთქების შემდეგ მალევე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ გავრცელებული ფარული ჩანაწერების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ამზადებდა ე.წ. რევოლუციურ სცენარს - არეულობას, მკვლელობებს და კრიზისის შექმნას ცდილობდა. „მე ვფიქრობ, რომ ამ სცენარის ერთ-ერთი სეგმენტი იყო გივი თარგამაძის აფეთქება“, - ამბობდა მაშინ ვოლსკი.
„რუსთავი 2“-მა 20 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხეჩუაშვილი „2012 წლის შემდეგ უკრაინაში საცხოვრებლად გადავიდა და საქართველოში 2016 წელს დაბრუნდა“, - რადიო თავისუფლების მოპოვებული ინფორმაციით - ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
„ახლა თავისივე დარჩო ხეჩუაშვილს თანხას ჩაახუტებენ.
ისიც ჩაჯდება და იტყვის, მიშამ, ან ნაცებმა, ან გლობალური ომის პარტიამ და ა.შ. დამავალაო.
მე ამ ცირკში მონაწილეობას არ ვაპირებ. სულ რაღაც ორ თვეში მოვა ის დრო, ყველაფერი რომ ცხადად გამოაშკარავდება.
მოთმინება მაქვს. ამ წარმოდგენის მსახიობებმა იდარდონ თავის ბედზე“, - წერს გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში.
რადიო თავისუფლება გივი თარგამაძეს დაუკავშირდა, მაგრამ მან დამატებითი კომენტარებისგან ამ ეტაპზე თავი შეიკავა.
თარგამაძე ფეისბუკზე ავრცელებს 2016 წლის ვიდეოსიუჟეტს, რომელშიც დარჩო ხეჩუაშვილის მამა აცხადებს, რომ მისი შვილი სამუშაოდ მოსკოვში დადიოდა.
- აფეთქება 2016 წლის 4 ოქტომბერს, კოლმეურნეობის მოედანზე, 21:30 საათზე მოხდა, „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელ ოფისთან ახლოს.
- გამოძიება მაშინ აცხადებდა, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომანქანის უკანა ნაწილის ქვედა მხარეს დარჩო ხეჩუაშვილმა დაამაგრა და შემდეგ მოქმედებაში მოიყვანა.
აფეთქების შედეგად სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ გივი თარგამაძე და მისი მძღოლი. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, მძღოლს დღემდე არაერთი ოპერაცია დასჭირდა. მძიმედ დაშავებულთა შორის იყო ასევე სამარშრუტო ტაქსის მძღოლი. ხალხმრავალ ადგილას დაშავდნენ გამვლელებიც.
გივი თარგამაძე და მისი თანაგუნდელები მაშინ მოითხოვდნენ, რომ საქმეს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცემოდა, მაგრამ ეს არ მოხდა.
შს სამინისტროს მიერ 20 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით - დარჩო ხეჩუაშვილი სასამართლომ „დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების, ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენის, შენახვა-ტარების,
გასაღებისა და სხვისი ნივთის დაზიანება-განადგურებისთვის“.
ოპოზიცია მომხდარს მაშინ რუსეთს უკავშირებდა - რადგან ამ დროისთვის კრემლს გივი თარგამაძე უკვე საერთაშორისო ძებნილად ჰყავდა გამოცხადებული.
ვინ არიან დარჩო ხეჩუაშვილი და სხვა ბრალდებულები?
გავრცელებული ინფორმაციით, დარჩო ხეჩუაშვილი წარსულში ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელი იყო. ოჯახი აცხადებდა, რომ ის დაკავებული იყო პრეზიდენტ შევარდნაძეზე ტერაქტის გამო, ხოლო, მოგვიანებით, გივი თარგამაძე, მის მიერ ჩატარებულ დამოუკიდებელ გამოძიებაზე დაყრდნობით აცხადებდა, რომ ხეჩუაშვილს კავშირი ჰქონდა მუხროვანის ამბოხთანაც და ამავე ამბოხისთვის იყო გასამართლებული მეორე დაკავებულიც.
გივი თარგამაძის აფეთქების საქმეზე, მეორე დაკავებულს - ხეჩუაშვილის ცოლისძმას - ბორის ჩაგუნავას ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება და დამზადებისთვის წარუდგინეს. თუმცა ჩაგუნავა მალევე გაათავისუფლეს 4-წლიანი პატიმრობის პირობითი მსჯავრით შეცვლის შემდეგ.
პროკურატურას მაშინ ჰქონდა ვრცელი ჩამონათვალი, თუ რა იარაღი ამოიღეს ეჭვმიტანილთა ბინებისა და ავტოფარეხის ჩხრეკის შედეგად:
- მოთეთრო ფერის ფხვნილი – ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი;
- 2 მოწითალო ფერის შეკვრა – ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი;
- 1 მომწვანო ფერის შეკვრა – ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი;
- მუყაოს 3 კოლოფი, მასში არსებული სხვადასხვა ზომის ლითონის ფრაგმენტებით;
- „აკ-47“-ის მოდელის 1 ავტომატი მაყუჩით;
- „აკს-უ“-ს მოდელის 1 ავტომატი;
- იარაღის ოპტიკური სამიზნე მოწყობილობა;
- 6 ხელყუმბარა;
- 16 მჭიდი;
- 2112 ვაზნა;
- ლულისქვეშა სასროლის 16 ყუმბარა და სხვა.
ასევე - „დაზარალებული გივი თარგამაძის საცხოვრებელი და სამუშაო ადგილების გეგმა და ნახაზები“.
ჩაგუნავა და მისი ოჯახი აცხადებდნენ, რომ ეს შეიარაღება მათ არ ეკუთვნოდათ და, ერთ-ერთი ვერსიით - შესანახად ხეჩუაშვილი აწვდიდა.
დამოუკიდებლად ჩატარებული გამოძიების მიხედვით, გივი თარგამაძე ასახელებდა კიდევ ერთ პირს, რომელიც დაკავებული არ ყოფილა და მაშინ ისიც მოსკოვში ეგულებოდა.
შს სამინისტრო ახლა აცხადებს, რომ „გივი თარგამაძის მკვლელობის
მცდელობის ფაქტზე, გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში გრძელდება დ.ხ. -ს თანამზრახველი პირების დადგენისა და დაკავების მიზნით“.
8 წლის წინ, ოქტომბერში, უკვე არჩევნების შემდეგ - როდესაც დარჩო ხეჩუაშვილი შს სამინისტრომ ეჭვმიტანილად გამოაცხადა, უკვე აღარ იმყოფებოდა საქართველოში.
„ფაქტობრივად, ადამიანი მაშინ საზღვარზე გააცილეს [„ქართულმა ოცნებამ“] და შემდეგ დაიწყეს რაღაც ვერსიებზე საუბარი. დაკავება რომ სდომებოდათ, მაშინვე შეეძლოთ მისი დაკავება. მაშინაც ადამიანების დაშინება უნდოდათ არჩევნების წინ და ახლაც - უკვე ამ ახალი აბსურდული ვერსიით. სასაცილოც არის და ამორალურიც მათი მხრიდან“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გივი თარგამაძის ყოფილი თანაგუნდელი, ირაკლი აბესაძე. რომელიც წლების წინ აქტიურად ლაპარაკობდა გამოძიების გაჭიანურებისა და დაზარალებულად თარგამაძის ცნობის დაგვიანების შესახებ.
„მათ [„ქართული ოცნების“ ხელისუფლებას] რეალური დამნაშავეების რეალურად დასჯის სურვილი არ გამოუვლენია“, - ამბობს აბესაძე.