საფრთხეებზე ისტორიებს საუბრის დასაწყისში დაგვპირდა, მაგრამ აღარ მოუყოლია. არადა, რეალური საფრთხეები ექმნებოდა. მთელი გზის განმავლობაში მხარდაჭერას კი გრძნობდა, მაგრამ ბევრი სიარული მოუწია უკაცრიელ ადგილებშიც, სადაც ვირტუალური მხარდაჭერა ვერაფერს უშველიდა. პოსტ ფაქტუმ წერდა ხოლმე ზოგიერთ ეპიზოდზე, იუმორით, მათ შორის, მგლებზეც, რომლებიც, ალბათ, თავისებურად - მტაცებლების გაოცებით უყურებდნენ ზურგჩანთამოკიდებულ მარტო-კაცს.
„რუსეთი ოკუპანტია!“, ამ შეძახილით, 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული გმირების ხსოვნის დღეს გორიდან დაიწყო ერთი კაცის „დამოუკიდებლობის მარში“ და 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მესტიაში დაასრულა. ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც დაგეგმილი ჰქონდა:
„მარტო დაწყებული გზა ბევრ ადამიანთან ერთად უნდა დასრულებულიყო და ეს იქნებოდა გამარჯვება“.
ასეც მოხდა.
47 დღეში ფეხით გაიარა 1517 კილომეტრი, 400-ზე მეტი სოფელი და 30-ზე მეტი ქალაქი. საგანგებოდ აარჩია მარშრუტი, რომ რაც შეიძლება ბევრ დასახლებაში შესულიყო.
წინა მსვლელობა დაიწყო 2018 წლის 14 სექტემბერს თბილისიდან. ის სოხუმის დაცემის 25 წლისთავს მიუძღვნა. 13 დღე იარა. 13 თვე და 13 დღე გრძელდებოდა ომიც. 27-ში ენგურის ხიდზე იყო.
გიგა მაქარაშვილი 34 წლის სამოქალაქო აქტივისტია. ფიზიკური მონაცემებით არ გამოვირჩევი, „ჭადრაკზეც კი არ მივლია“-ო, თვითონვე ხუმრობს. რამ მისცა გამძლეობა? - გონებამ, გულმა და ემოციებმა, რომელიც ადამიანებისგან მიიღო:
„იმ წამს, როცა ფიქრობ, გავჩერდები, დავჯდები, ამ დროს ჩერდება მანქანა, სრულიად უცხო ხალხი გადმოვა. ჩაგეხუტებიან, რაც აქვთ, დაგიტოვებენ და მერე... კიდევ გადიხარ 10 კილომეტრს.
პირადად დავინახე, როგორ მემატებოდნენ გულშემატკივრები. მე - არა, იდეას! იდეას, რომელსაც ქვია ერთიანი საქართველო“.
ტელეფონი რომ გადამევსო ფოტოებით, მივხვდი, რომ პროექტი შედგაო.
გიგა მაქარაშვილმა ბევრს დაანახა, რომ ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ყველას შეუძლია თავისის გაკეთება. დაანახა, რომ ერთი კაცის მსვლელობა იდეისთვის გადამდებია.
„პრობლემები უნდა ვეძებოთ საკუთარ თავში“, - ასე სჯერა. „მინდოდა ერთი-ერთზე ვყოფილიყავი პასუხისმგებელი ჩემს თავთან და ჩემს ქვეყანასთან“, - ამისთვის მზად იყო მსვლელობის დასაწყისშივე.
როდის და რატომ დაიწყო გიგა მაქარაშვილის აქტივიზმი:
„ვარ 34 წლის. პროფესიით - ჟურნალისტი. 10 წელი ვიმუშავე ჟურნალისტიკაში, არაპოლიტიკურ და ეკონომიკურ ამბებში. დავდიოდი, ფესტივალებს ვაშუქებდი, სპორტულ მოვლენებს. ბევრი ადამიანი გავიცანი. ბევრი რამე ვნახე. როცა შვილი გამიჩნდა (2009-ში, ომიდან ერთ წელიწადში გაჩნდა), გადავწყვიტე, რომ რაღაც უნდა შემეცვალა. გადავწყვიტე, ჯობია ვიბრძოლო და რაღაც პლაცდარმი დავუტოვოთ შვილებს შემდგომი ბრძოლისთვის. გადავწყვიტე გავმხდარიყავი სამოქალაქო აქტივისტი და მას შემდეგ დავდივარ და ვაპროტესტებ ყველაფერს, რაც არ მომწონს“.
რა არ მოსწონს?
„რუსული ნარატივი, სამწუხაროდ, ძლიერდება და მათ შორის, მაღალჩინოსანი ხელისუფალნი არასწორ განცხადებებს აკეთებენ და არასახელმწიფოებრივს. ეს არ უნდა დავუშვათ. არც ერთ ხელისუფალს არ უნდა ვაპატიოთ, თუ მიზანმიმართულად იქცევიან არასწორად“.
„დამოუკიდებლობის მარშმა“ დაანახა:
„საქართველო არის სავსე კეთილი ადამიანებით, რომლებსაც საერთოდ არ ჰქონდათ იმის განცდა, რომ მეორედ ვნახავდი ან სამაგიეროს დავუბრუნებდი სიკეთისთვის. მე ვხედავდი ანთებულ თვალებს ადამიანების, რომლებსაც არასდროს უფიქრიათ, რომ რამე შეიძლება გააკეთონ ქვეყნისთვის ომის გარდა, მაგრამ თურმე რაღაც შესაძლებელია.
დაინახეს ვიღაც ჩანთიანი ბიჭი მოდის, რომელსაც სჯერა, რომ ერთი კაცი მიდის და ამ სიარულით რაღაცას შეცვლის. დაიჯერეს, რომ თვითონაც შეუძლიათ იგივე“.
47 დღე ვიარე და 1 ლარიც ვერ დავხარჯე საკვების საყიდლადო, ამბობს.
რამდენიმე ადამიანთან შეხვედრის დეტალებს რადიო თავისუფლების ეთერშიც იხსენებს. გადამდებია მისი აღფრთოვანება ამ ადამიანებით.
ოჯახის ზურგი მნიშვნელოვანია. ყვება: მამაზე, რომელიც საქართველოს რუკიანი მაისურით დადის სამსახურში; დედაზე, რომელიც ჩუმად ნერვიულობს - მთელი კედელი მოხატა საქართველოს რუკით და შვილის მარშრუტის აღმნიშვნელი წერტილებით; დაზე, რომელსაც სულ პულსზე უდევს ხელი და ზუსტად იცის, როდის რა შეახსენოს და შვილზე, რომელსაც იმედი აქვს, რომ მომავალ წელს მამის გვერდით ივლის მორიგ მსვლელობაში, კარგი საქმისთვის, იდეისთვის.
ხო... მორიგი მსვლელობა იქნება - ბრიუსელისკენ!
„შემდეგ წელს მექნება ბოლო მსვლელობა. მეტს ვეღარ გავივლი უკვე - განა იმიტომ, რომ არ შემიძლია - სადღა უნდა წავიდე?.. შემდეგ წელს ნოემბერშია ბრიუსელში ნატოს შტაბბინაში მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც საქართველოს მიღების საკითხი თუ არა, „მაპზე უკეთესის“ საკითხი უნდა განიხილონ. გადავწყვიტე, რომ შემდეგი წლის აპრილში დავიძვრები ბათუმიდან და ჩავალ ბრიუსელში. 4720 კილომეტრია. ჩავიტან მესიჯს, რომ მარტოები ვართ, ხალხო, გვიშველეთ, ეს რუსეთი გვჭამს! მგონია, რომ ერთი ადამიანის და იმას მოყოლილი ბევრი ადამიანის სრულიად აპოლიტიკური, მაგრამ გულწრფელი, პატრიოტული სვლა, ადამიანური ფაქტორი იმუშავებს. აუცილებლად გააშუქებს საერთაშორისო მედიაც და იმ დღეს, როცა სხდომა იქნება, ძალიან შევეცდები, რომ ჩავასწრო. ჩავალ და დარწმუნებული ვარ, ემიგრანტები ჩაერთვებიან. ყველა ქალაქში, სადაც ემიგრანტი დამხვდება, ერთად ვივლით. ქალაქიდან-ქალაქამდე. შეიძლება პორტალი დარეგისტრირდეს უკეთესი ორგანიზებისთვის.
არ მექნება ამდენი ხელშეწყობა და ემოცია, რაც აქ. ზუსტად ვიცი, ადამიანური ფაქტორი აუცილებლად იმუშავებს. იქაც ადამიანები სხედან და ხედავენ გულწრფელ ემოციას და სურვილებს.
ზუსტად 6 თვე უნდა ვიარო.
ჩავიტან გზავნილს, რომ ჩემი ქვეყანა არის სავსე პატიორტი დემოკრატიული ღირებულებებით სავსე ადამიანებით, რომლებსაც ეკუთვნით და იმსახურებენ იმას, რომ იყვნენ ევროპული, დასავლური სტრუტურების წევრები“.
დასასრულ დიდი ხნის წინ მამის ნათქვამს გვიზიარებს:
„აღმოსავლური სიბრძნეა, მამაჩემმა ჩამინერგა: შენ თუ არ დაიწვი, მე თუ არ დავიწვი, ის თუ არ დაიწვა, ამ სიბნელეს რა გაანათებსო. 9 აპრილს 4 წლის წამიყვანა მიტინგზე და იქიდან მახსოვს“.
„დამოუკიდებლობის მარში“ ლევან ჩხაიძის (ჯაკოს) ხსოვნას მიუძღვნა:
„მთავრდება 47 დღიანი მარში და ამ ისტორიას ჩემი ძმის ხსოვნას ვუძღვნი. ჩავედი ჯაკო, ჩავედი“, - 26 მაისს დაპოსტა „ფეისბუკზე“.
Your browser doesn’t support HTML5