რუსეთის პრეზიდენტის მიერ სამგზავრო და კომერციული ავიამიმოსვლის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებასა და რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის აკრძალვის მოლოდინმა კიდევ ერთხელ გააღვიძა დისკუსია რუსეთის არასანდოობასა და საფრთხეებზე, რასაც ამ სახელმწიფოსთან ნებისმიერი სახის ურთიერთობა ქმნის.
„რას ვერჩი მაინცდამაინც რუსეთს?“, - სვამს კითხვას „ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტი, გია ჯანდიერი და პასუხობს:
„ჩვენ ვერჩით რუსეთს იმას, რომ ის არ არის სანდო პარტნიორი. მას არ შეუძლია შეთანხმებას ხელი მოაწეროს და ის შეასრულოს, მას არ შეუძლია საერთაშორისო წესრიგს დაეთანხმოს და მერე ის შეასრულოს, საერთაშორისო კანონებს დაეთანხმოს და ის შეასრულოს. ეს ყველაფერი მას სჭირდება იმისათვის, რომ მერე მანიპულაციისთვის გამოიყენოს. საქართველოს დიდი გამოცდილება გვაქვს იმისი, რუსეთის შეთანხმებები რას ნიშნავს. მაგალითად, გეორგიევსკის ტრაქტატი სრულიად არ ნიშნავდა იმას, რომ საქართველოს სამეფო უნდა გაეუქმებინა რუსეთს. ბოლო ორასი წელია მოგვჩხავიან, რომ თითქოსდა ეს გეორგიევსკის ტრაქტატი ჩვენთვის სასარგებლო იყო“.
გია ჯანდიერის აზრით, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მშვენივრად ხვდება რუსეთის ბაზარზე საქართველოს ეკონომიკის მიბმა საეჭვო მოქმედებაა. დღეს შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას კი აკისრებს საქართველოს ხელისუფლების რამდენიმეწლიან მცდელობას განევითარებინა რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობები:
„დიდი ხნის განმავლობაში საქართველოს მთავრობა მოუწოდებდა თავისი რიტორიკით, რომ რუსეთს ბაზარი არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ის, რომ 2006 წლიდან დავიწყეთ ბაზრის დივერსიფიკაცია, ისევ გადავიდა რუსეთის ბაზრის ძიების პროცესში.
მთავრობა მოუწოდებდა ეკონომიკურ მოთამაშეებს, რომ რუსულ ბაზარზე ჰქონოდათ ორიენტაცია. ბევრჯერ იყო ამის მცდელობა. კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკებებიც მაგას მიუთითებს. ეს ადამიანები შეიყვანეს მძიმე პირობებში, რომლებიც რუსეთში ელოდათ“.
„ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველოს“ ვიცეპრეზიდენტი არასწორად თვლის ტურიზმის სექტორის რუსეთიდან ჩამოსულ ტურისტებზე ორიენტირებას, რადგან მათ მხოლოდ სიიაფე იზიდავთ, ნაკლები მოთხოვნები აქვთ და ნაკლებს ხარჯავენ:
„იაფფასიანი ტურისტების საკითხი დღეს და გუშინ კი არ აღმოვაჩინე, არამედ ჩემს ბავშვობაში. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, მეტი გვეკუთვნის. ისევე, როგორც პარლამენტის გუშინდელი ქცევის მერე ვფიქრობდი: საქართველოს ხომ უფრო მეტი ეკუთვნის, ვიდრე ის, როგორც პარლამენტი იქცევა“.
ეკონომიკის ექსპერტი ავიამიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილებასაც ეხმაურება:
„რუსეთში დიქტატორული ხელისუფლებაა - ვინ გეკითხება, რომ კრძალავ კერძო კომპანიების ფრენას?! შეუძლებელია ამ ქვეყანასთან ურთიერთობა ჯანსაღი იყოს და ვაფრთხილებდით საქართველოს ხელისუფლებას, რომ არ შეიძლება ასეთი მიმართულების პრომოუშენი“.
გია ჯანდიერი „საეჭვოდ“ თვლის ბოლო ხანებში საქართველოს სუპერმარკეტებში რუსული პროდუქციის მოჭარბებას.
მთავარი კითხვა: რა უნდა გააკეთოს საქართველომ დღეს - ვითარებაში, რომელსაც გია ჯანდიერი „ჩიხურს“ უწოდებს?
„საქართველოს ერთადერთი გამოსავალი აქვს ამ სიტუაციაში და ჩვენ დიდი ხანია მივუთითებდით - ჩვენ უნდა შევამციროთ გადასახადები საქართველოში იმისათვის, რომ ბიზნესის კეთება კიდევ უფრო გამარტივდეს. მეორე საკითხი უკავშირდება მონეტარულ პოლიტიკას - საქართველომ უნდა გადადგას ნაბიჯი მეტი მონეტარული დისციპლინისკენ და უარვყოთ ის მონეტარული პოლიტიკა, რაც ჩვენ გვაქვს. ამის ყველაზე მარტივი გზაა ევროს მივებათ და მისი გამოყენება დავიწყოთ. მას შემდეგ, რაც ასოცირების შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი ჯობია ევროსკენ დავიწყოთ მოძრაობა. ტექნიკურად ჯობია ასე“.
საუბრის დასასრულს „დილის საუბრების“ სტუმარი სტატისტიკას იშველიებს იმის დასამტკიცებლად, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკა არ გაზრდილა:
„2000 ლარი 2013 წლის დასაწყისში იყო 1200 დოლარი. დღეს არის 700 დოლარი. ეს არის, რაც ადამიანებს აღელვებთ. ბოლო 5-6- წელიწადი საქართველოს ეკონომიკა არ მიდიოდა წინ. ეს ყველამ უნდა გაიგოს“.
Your browser doesn’t support HTML5