"აქ ძალიან ფუნდამენტური პრობლემები ჩანს ახლა: ხელისუფლების ბალანსის პრობლემა, კონსტიტუციური წესრიგის არარსებობის პრობლემა"

გია გვილავა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროექტის მენეჯერი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კენჭი უყარა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20 კანდიდატს. მხარი დაუჭირა 14-ს. ეს კანდიდატები არიან: მერაბ გაბინაშვილი, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე, მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, შალვა თადუმაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი, ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე, ალექსანდრე წულაძე. მხარი არ დაუჭირეს: თამარ ალანიას, შოთა გეწაძეს, ზაზა თავაძეს, პაატა სილაგაძეს, ლაშა ქოჩიაშვილს და გოჩა ჯეირანაშვილს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ პროექტის მენეჯერი, გია გვილავა 12 დეკემბერს რადიო თავისუფლების პირდაპირ ეთერში, კომიტეტის სხდომის მიმდინარეობის პარალელურად კიდევ ერთხელ განმარტავდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა-დამტკიცების პროცესის ხარვეზებს. რა დევს სასწორზე?

„აქ არის ლაპარაკი იმაზე, მართლა უვადოდ დავნიშნავთ თუ არა იმ ჯგუფს, რომელიც ყველა ხელისუფლებასთან თანამშრომლობს და აკეთებს ყველაფერს, რასაც ხელისუფლება ავალებს“.

რა არის მთავარი პრობლემა, რაც მიმდინარე პროცესმა გამოაჩინა?

„სამწუხაროდ, ჩვენ ხომ ამ ქვეყანაში რეალური პოლიტიკური პროცესი არ გვაქვს. პარლამენტი არ შედგება ძლიერი ინდივიდებისგან, რომლებიც არიან პოლიტიკოსები და აქვთ თავისი გათვლები, კარგი გაგებით თავის თამაშს თამაშობენ ერთი პარტიის შიგნითაც. ჩვენ ასეთი დამოუკიდებელი ადამიანები არ გვყავს პარლამენტში. ჩვენ გვყავს ადამიანები, რომლებიც შექმნა ბიძინა ივანიშვილმა, ზოგიერთი მანამდეც არსებობდა - ადამიანები, რომლებიც უსიტყვოდ ემორჩილებიან პარტიის ლიდერს, რაც არის სერიოზული პრობლემა.

რა თქმა უნდა, პარტია კოორდინირებულად უნდა მოქმედებდეს, მაგრამ როცა მძიმე პოლიტიკურ დარტყმაზე და რისკებზეა საუბარი, ბუნებრივია, რომ პარტიაში სხვადასხვა პირები, დეპუტატები, თუ მათ წონა აქვთ, გაცილებით აქტიურები უნდა იყვნენ და განსაზღრავდნენ პარტიის პოლიტიკას.

აქ კოლექტიურად არ ისაზღვრება პარტიის პოლიტიკა. ესაა პრობლემა,. იყო რაღაც შეთანხმება, რომ „ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით მივდივართ ყველაფერზე“. ძალიან ტრაგიკული ამბავია. „ნაცმოძრაობა“ რა, იგივე არ იყო თავის დროზე? ეს გაცილებით უარესია, რადგან ერთი ადამიანი მართავს. იქ რამდენიმე ლიდერი ჰყავდათ შიგნით. ისიც არაფორმალური მმართველობა იყო, რადგან როცა ფინანსური და ბიუჯეტის საკითხების გარკვევა გინდოდა, იუსტიციის მინისტრთან მიდიოდი. რა შუაში იყო იუსტიციის მინისტრი?!

აქ ძალიან ფუნდამენტური პრობლემები ჩანს ახლა: ხელისუფლების ბალანსის პრობლემა, კონსტიტუციური წესრიგის არარსებობის პრობლემა.

აი, დაჩი ბერაიაც აქ არის [კომიტეტის სხდომაზე]. პროპორციულზე აუჯანყდა ბიძინას და დღეს იქ ამაგრებს კლანის ინტერესებს, სასაცილოა უბრალოდ. ნუ გვატყუებენ მაინც!“.

Your browser doesn’t support HTML5

გია გვილავა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისთვის კენჭისყრის პროცესზე