გზა ჩაკეტეს - პენსიონერთა ნაწილი ახალგორში აღარ დაბრუნდა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის რაიონთან ე. წ. საზღვარი 2019 წლის 4 სექტემბერს დაკეტა.

საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე დაბრუნების ბოლო მსურველებმა მოსაბრუნის გამშვები პუნქტი, რომელსაც დე ფაქტო ხელისუფლება „რაზდახანს“ უწოდებს, 6 თებერვალს, საღამოს, გადაკვეთეს.

ახალგორის გამგებელ ნუგზარ თინიკაშვილის თქმით, ახალგორელების ნაწილი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩა. თინიკაშვილის აზრით, დე ფაქტო ხელისუფლება პენსიონერებისთვის ე. წ. გამშვებ პუნქტს მარტის ბოლოს კიდევ ერთხელ გახსნის:

„დღეს აღარ გამოუშვეს არავინ. გარკვეული რაოდენობა დარჩა, უმეტესობა გადავიდა ისევ უკან. აქ დარჩენილებმა შვილებთან არჩიეს ყოფნა, ვიდრე იქ მარტოობა. ზამთარია, ცივა. ზაფხულში უფრო ადვილია იმათთვის იქ ყოფნა. იმათ (დე ფაქტო ხელისუფლება) გამოაცხადეს, რომ გაიხსნებოდა 24-დან 6-მდე და შემდეგ 2 თვის მერე და ვნახოთ, როგორ იქნება“.

ახალგორში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტის, თამარ მეარაყიშვილის, განცხადებით, ნაწილი სამკურნალოდ დარჩა, ნაწილი წეროვანში ნათესავებთან აპირებს ზამთრის გატარებას. მეარაყიშვილმა სოციალურ ქსელში ახალგორის ფოტოებიც გაავრცელა, ამ ფოტოებზე დაბა დაცარიელებული ჩანს.

წეროვანში გამშვები პუნქტის ჩაკეტვამდე ერთი დღით ადრე გადმოვიდა ახალგორელი პედაგოგი თამარ გიგაური, რომელიც გასული წლის ნოემბერში ჭაში ჩავარდა და მძიმე დაზიანებები მიიღო. ოჯახის არაერთი მცდელობის მიუხედავად, დე ფაქტო ხელისუფლება დღემდე უარს ამბობდა თამარ გიგაურისთვის ე.წ. საზღვრის გახსნაზე, რომ მას სამედიცნო მომსახურება მიეღო რომელიმე ქართულ კლინიკაში. თამარ გიგაურის ნათესავების ინფორმაციით, მას ე.წ. საშვი მხოლოდ 4 თებერვალს მისცეს, 5 თებერვალს კი თამარ გიგაური ახალგორიდან წეროვანში მცხოვრებ ნათესავებთან ჩავიდა. მას სამედიცინო გამოკვლევებს ჩაუტარებენ. თამარ გიგაურმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში თქვა, რომ ჯერ სამედიცინო გამოკვლევებს ჩაიტარებს, იმკურნალებს და ამის შემდეგ გადაწყვეტს დაბაში დაბრუნების საკითხს:

ასევე ნახეთ თამარ გიგაური, არაერთი მცდელობის შემდეგ, ოკუპირებული ახალგორიდან გამოვიდა

„მოტეხილობები მაწუხებს, ჯერ ვერც გამოვსულვარ მდგომარეობიდან, ცოტა ძნელად იყო გამოსვლა ჩემი. საშვი არ მქონდა და ისე კიდევ არ გადმომიყვანეს. არ ვიცი, რა! რას გაიგებ პოლიტიკისას. პირველ რიგში, უნდა ვიმკურნალო, აუცილებლად კვლევები უნდა ჩავიტარო და, ალბათ, მერე დრო გვიჩვენებს, როგორ იქნება. ეს ფეხი მთელი ამ სამი თვის განმავლობაში იმდენად მტკივნეულია, რომ ვერ ვმოძრაობ ნორმალურად“.

30 იანვარს რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი იუწყებოდა, რომ, ე. წ. უშიშროების საბჭოს 2019 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილების თანახმად, „რაზდახანის“ გამშვებ პუნქტზე ახალგორის მცხოვრებლებს, რომლებსაც არ აქვთ დე ფაქტო სამხეთ ოსეთის (რუსეთის) მოქალაქის სტატუსი და რომლებიც პენსიას საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იღებენ, ორ თვეში ერთხელ გაატარებენ.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ 24 იანვარს 10 დღის ვადით გახსნა ახალგორის რაიონთან თითქმის ხუთი თვის დაკეტილი ე. წ. საზღვარი. დროებით ღონისძიებას 3 თებერვალს ეწურებოდა ვადა, თუმცა ის 6 თებერვლამდე გააგრძელეს. 24 იანვარს დაბიდან გამოსული პირველი პენსიონერები რადიო თავისუფლებასთან იმ პრობლემებსა და სიდუხჭირეზე ლაპარაკობდნენ, რომლის გადატანაც ბოლო 5 თვის განმავლობაში მოუხდათ.

ასევე ნახეთ ახალგორელი პენსიონერებისთვის ათი დღით გაიხსნა გზა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორის რაიონთან ე. წ. საზღვარი 2019 წლის 4 სექტემბერს დაკეტა. დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ გზა არ გაიხსნება, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გააუქმებს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან აგვისტოს ბოლოს განთავსებულ საპოლიციო საგუშაგოს. ე. წ. საზღვრის დაკეტვით დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორელებს შეუზღუდა წვდომა სამედიცინო მომსახურების, პენსიისა და განათლების მიღებაზე საქართველოს ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.