გზა კიევამდე და უკან - რეპორტაჟი ღამის მატარებლიდან

ომი რომ დაიწყო, რამდენიმე დღე-ღამე უკრაინა-პოლონეთის საზღვრის რკინიგზის სადგურში გავატარე და ვუყურებდი, როგორ მიმოდიოდნენ მგზავრებით გადაჭედილი მატარებლები ქვეყნებს შორის. უკრაინის თითქმის 20 000-კმ-იანი რკინიგზა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სისტემა გახდა. ამ თვეების განმავლობაში მატარებლებმა სამშვიდობოს ათასობით ლტოლვილი გადაიყვანეს, მერე კი, როცა უკრაინა კონტრშეტევაზე გადავიდა, სახლში დააბრუნეს. 4 ოქტომბერს, ყირიმის ხიდის აფეთქებამდე ოთხი დღით ადრე, მეც ვიმგზავრე ფშემისლი-კიევი-ფშემისლის რეისით და ჩემი თვალით ვნახე, როგორია ღამის მატარებლით გადაადგილება ქვეყანაში, სადაც უკვე რვა თვეა, ომი მიდის. მგზავრობის შემდეგ ვესაუბრე “უკრაინის რკინიგზის” სამგზავრო დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ოლექსანდრ პერცოვსკის, რომელმაც ამიხსნა, რატომ არის დღეს მატარებელი უკრაინის მთავარი ტრანსპორტი, მისი თანამშრომლები კი - ამ ომის უცნობი გმირები.

ფშემისლიდან კიევისკენ

ფშემისლი სულ სხვანაირი დამხვდა. ომის პირველ დღეებში, როცა მეცხრამეტე საუკუნის ბაროკოს სტილის დარბაზში შეაბიჯებდი, უმალვე ხალხის მორევი ჩაგითრევდა: ლტოლვილები ჩანთებით, პატარა ბავშვებით, შინაური ცხოველებით; სტუდენტი მოხალისეები, რომლებიც ჯერ ვერ გარკვეულან, რა ქნან, ჟურნალისტები მსოფლიოს ყველა კუთხიდან. ახლა, ომის მერვე თვეს, აქ სიმშვიდეა. ფშემისლში მთელი ევროპიდან ჩამოსული უკრაინელები კიევის მატარებლის გრძელ რიგში დგებიან. საღამოს 11 საათია, გასვლამდე ათი წუთია დარჩენილი, ქალი, რომელსაც, ჩანს, არაერთხელ უმგზავრია ამ მიმართულებით, გამოუცდელებს ამშვიდებს: ნუ გეშინიათ, სანამ ყველა არ ჩასხდება, არ დავიძვრებითო.

რიგი საპასპორტო კონტროლზე - ფშემისლი


…თებერვლის ბოლოს ზუსტად იმავე ადგილზე ველაპარაკე ადამიანებს, რომლებიც უკრაინაში ოჯახის წევრებთან მიიჩქაროდნენ, და თვითონაც არ იცოდნენ, წინ რა ელოდათ. მაშინ კიევში წამსვლელთა რიგი გაცილებით მოკლე იყო, ხალხი თითქმის ჩურჩულით ლაპარაკობდა, გულში ნაჩქარევად ჩალაგებულ ჩანთებს იხუტებდნენ. ახლა ჩემ წინ კოხტა ჩემოდანს ჩამოყრდნობილი გოგო ტელეფონზე ვიღაცას ხმამაღლა უყვება საყვარელი ნამცხვრის რეცეპტს. მგზავრების უმეტესობა კიევში, ომის დაწყების შემდეგ, პირველად არ ბრუნდება: მიდიან მეგობრების, ოჯახების მოსანახულებლად ან საქმეზე.

კიდევ უფრო მოულოდნელი თავად მატარებელი აღმოჩნდა - თბილი, კომფორტული “ინტერსიტი” [სწრაფი მატარებელი] ფართო სალონით. სუფთა ვაგონები და ხავერდით დაფარული ლურჯი სავარძლები საერთოდ არ ჰგავს იმას, რასაც თებერვალში, სადგურში დაღლილ-დაქანცული ლტოლვილები აღწერდნენ: გადატენილი მატარებლები, სადაც ბავშვებს იატაკზე დახვავებულ ბარგზე ეძინათ, უფროსები კი საათობით ფეხზე იდგნენ. ახლა, ხუთ წუთში ყველა თავის ადგილზე ზის, ათში ზოგს უკვე სძინავს კიდეც. თავი ევროპულ მატარებელში გეგონება, რომ არა მონიტორებზე მბჟუტავი ინსტრუქციები: როგორ დაიცვა თავი ჭურვის აფეთქების დროს, როგორ იპოვო უახლოესი თავშესაფარი, როგორ დაამშვიდო ბავშვი, ვის მიმართო, თუ ომში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდი.

ვაგონებში, მონიტორებზე თავდაცვის ინსტრუქციებია გაშვებული


უკრაინაში ყოველდღე 80-100 ღამის მატარებელი დადის, აქედან 12 “ინტერსიტი” და 200-250 ადგილობრივი, რეგიონული შემადგენლობა. პოლონეთის გარდა, უკრაინის რკინიგზის მატარებლები ვარშავაში, ვენასა და ბუდაპეშტშიც მიემართებიან - უკრაინაში კი ოკუპირებულ ტერიტორიებამდე - კრამატორსკამდე, პოკროვსკამდე და იზიუმამდე დადიან. “ინტერსიტიში“ 569 ადგილია, ღამის კუპეს მატარებელში კი, თითო ვაგონში დაახლოებით 30 ადგილია და მაქსიმუმ 16 ვაგონი.

ღამე სინათლის დიდ ნაწილს აქრობენ - ელექტროენერგიის ეკონომიის მიზნით


შუაღამე გავდივართ და დაახლოებით ოც წუთში უკვე უკრაინაში ვართ. ლვოვამდე არმისული, ვაგონებში ორი ახალგაზრდა, იარაღგადაკიდებული ქალი იწყებს სიარულს და პასპორტების შემოწმებას. უკრაინაში წასვლის მიზანს გეკითხებიან, პასპორტში ბეჭედს გირტყამენ და პირველივე ხანმოკლე გაჩერების დროს ჩადიან. ძალიან მინდა, უკრაინა დავინახო, მაგრამ ფანჯარაში სიბნელეა - ღამე ქალაქების უმეტესობა შუქს აქრობს - ელექტროენერგის ზოგავენ. როგორც იქნა, ლვოვამდე ჩავდივართ, ვაგონებს შორის გავდივარ, იმედით, რომ ცალი ფეხის ჩამოდგმას მაინც მოვასწრებ. თუმცა ამაოდ: “ინტერსიტი” გაჩერებებზე ორი წუთი დგას, გამცილებლები ჩასვლის უფლებას არ გაძლევენ.

მატარებელი 12 საათი ივლის. წინ მთელი ღამეა


უკან, ჩემს სავარძელთან ვბრუნდები. ჩემს მეზობელს გაუღვიძია, ხელს პირველი მიწვდის - “მარია”. ის 32 წლის მოცეკვავეა და ხშირად დადის გასტროლებზე, ახლაც გასტროლებიდან ბრუნდება, შეყვარებულთან, კიევში. “ვეუბნებოდი, ისე მომენატრე-მეთქი. იმან კიდე პასუხად მითხრა, მოიცა, არ მცალია, “საგანგაშო ზურგჩანთას” ვალაგებო. მე მგონი ამაზე რომანტიკული არავის არაფერი უთქვამს ჩემთვის”. “საგანგაშო ზურგჩანთაში” პირველადი საჭიროების ნივთებია, რამე რომ იყოს, უცბად რომ გაიქცე. მარიამ წელს ნაცნობ-მეგობრების თხოვნით სამი ბინა “ჩაალაგა” - ნივთები ყუთში ჩააწყო და სარდაფში ჩაიტანა. თავად კიევიდან არ წასულა - მხოლოდ ახლა, გასტროლებზე, ისიც გული ეთანაღრებოდა, უბრალოდ მიხვდა, რომ ასე გაცილებით მეტ ფულს იშოვიდა. მარია ხელფასის ნაწილს უკრაინის თავდაცვის ძალებს აძლევს. “არ ვიყავი ეგეთი. სიმართლე რომ გითხრა, არჩევნებზეც ერთის გამოტოვებით თუ მივიდოდი, არ მაღელვებდა. მაგრამ ამ თვეების შემდეგ მივხვდი, ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, შეეძლოს თქვას - “მე აქ ვარ, მე ამას ვაკეთებ”.


მარიას ფრთხილად გამოვუტყდი, რომ ვერ წარმოვიდგენდი, უკრაინელები ასე მშვიდად თუ იქნებოდნენ ომის დროს.

“იცი, შენ გაქვს დასვენების უფლება. შენ გაქვს მხიარულების, ძალების შევსების უფლება, თუ ამავდროულად ეხმარები სხვებს და ზრუნავ საკუთარ თავზე, ყველაფერი ოქეია. რაღაც მომენტში მივხვდი რომ მორჩა, აღარ მეშინია, ვთქვი, მოდი, აღვიდგენ თავს. ჯერ ფსიქიკის აღდგენით დავიწყე - ფსიქოლოგთან მივედი. მერე სხეული - წავედი ვარჯიშებზე და ასე ვისწავლე სტრესთან ბრძოლა. მერე სამსახური ვიშოვე. მერე შემოქმედება, ცეკვა დავიწყე”.

გათენებას რომ იწყებდა, მარია დამემშვიდობა და ძილი შეიბრუნა, მე კი კაფე-ვაგონში წავედი, რომელიც ლვოვის მერე იხსნება. აქ ორი ქალი მთელი ღამე მუშაობს, ფოტოს არ მაღებინებენ - უკვე მეორე დღე-ღამეა ცვლაში ვართ და ცუდად გამოვიყურებითო. თუმცა ერთ-ერთი, ირა, გამომელაპრაკა. “ხან სად დავდივართ, ხან სად, ბევრ მატარებელზე ვმუშაობთ. კიევში რომ ჩავდივართ, თუ კომენდანტის საათამდე [23:00-05:00] ვერ ვასწრებთ სახლში მისვლას, დეპოში ვრჩებით და მერე ისევ მივემგზავრებით”, - მიყვება ირა. თითქმის სულ ფეხზე დგანან - მოწყენას ვერ მოასწრებ, ისე გადის დილამდე საათები და მერე ყავის რიგი დგება.

ღამის მატარებლის კაფე


“უკრაინის რკინიგზის” სამგზავრო დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ პერცოვსკის თქმით, “უკრაინის რკინიგზა” ქვეყანაში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია, სულ 230 000 ადამიანი მუშაობს, სამგზავრო განყოფილებაში დაახლოებით 30 000 ადამიანია, დაახლოებით 9000 ადამიანი უშუალოდ მგზავრებთან მუშაობს, გამცილებლები და მემანქანეები არიან.

"უკრაინის რკინიგზა" ქვეყანაში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელია - აქ 230 000 ადამიანი მუშაობს


“ომის განმავლობაში 260 თანამშრომელი დავკარგეთ [ამ ინტერვიუს ჩაწერიდან ეს რიცხვი 3-ით გაიზარდა - რ.თ.]. დაახლოებით 8000 ადამიანი გაიწვიეს, ან თავისი ნებით წავიდა ომში. ზოგიერთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა, მაგალითად, დონეცკში, როცა ხიდის აფეთქებისას ნამსხვრევები საევაკუაციო მატარებელს მოხვდა და გამცილებელი მოკლა. ზოგიერთი თანამშრომელი გზის შეკეთების დროს დაიღუპა, ზოგი რკინიგზის მახლობლად ცხოვრობდა და ევაკუაციისას სახლი არ დატოვეს, რადგან სარკინიგზო მიმოსვლის შენარჩუნებაზე ზრუნავდნენ და დაბომბვას შეეწირნენ. ზუსტი დანაკარგი ახლაც არ ვიცით, რადგან არის ქალაქები, მაგალითად, მარიუპოლი, სადაც ჯერჯერობით დანაკარგი უცნობია”.

"შენ გაქვს მხიარულების, ძალების შევსების უფლება, თუ ამავდროულად ეხმარები სხვებს და ზრუნავ საკუთარ თავზე, ყველაფერი ოქეია" - მარია კიევში, გასტროლების შემდეგ ბრუნდება.


საუბრებში გათენებამდე დრო მალე გადის. მგზავრები იღვიძებენ და ირას დახლთან ხალხი გროვდება. ახალგაღვიძებული მარია, ხელში უზარმაზარი კაპუჩინოთი, ფანჯარაში იყურება.

“ხანდახან, იმდენად დისტანცირებულად ვუყურებ ომს, გეგონება, “სატახტოთა თამაში” იყოს. ეს კარგიცაა და ცუდიც. ცუდი იმიტომ, რომ ნაკლებად მობილიზებული ვარ. კარგი იმიტომ, რომ პარანოიას არ ვარ აყოლილი”.

კიევიდან დაახლოებით ას კილომეტრში გათენებას იწყებს


ხალხი ორ ჯგუფად გაიყო - ამას მეუბნება. ერთნი, მარიას მგავსად, თითქმის ფატალისტურ სიმშვიდეს ინარჩუნებენ, აგრძელებენ ყოველდღიურ რუტინას, საჰაერო განგაშისას თავშესაფარშიც აღარ ჩადიან. ეს ხალხი ძირითადად უკრაინაშია - ან დაბრუნდნენ, ან არც არასდროს წასულან. მეორე ჯგუფი კი “პარანოიააკიდებულები” [запараноенные] არიან, ლტოლვილი უკრაინელები, რომლებიც შორიდან ადევნებენ თვალყურს სამშობლოს და ეჩვენებათ, რომ უკრაინა 24/7-ზე ცეცხლის ალშია.

5 ოქტომბერი. კიევი ომთან ადაპტირებული დამხვდა. მეტროს ცენტრალური სადგურები - “ხრეშჩატიკი” და “მაიდან ნეზალეჟნოსტი” დაკეტილია, რაც საერთო უკმაყოფილებას იწვევს. გზებიდან ალაგებულია, თუმცა იქვეა დატოვებული ტანკსაწინააღმდეგო “ზღარბები”.

დამოუკიდებლობის მოედნის მახლობლად, მიწაში ასობით დროშაა ჩარჭობილი - დაღუპული მეომრების მოსაგონრად. ხალხი იქ რამდენიმე წუთს ყოვნდება, შემდეგ გზას აგრძელებენ.

მეგობრობის თაღიდან, რომელიც ჯერ კიდევ 2014-ში “გაიბზარა”, აღარ დგას რუსეთისა და უკრაინის მეგობრობის ძეგლი - სამუდამოდ თუ არა, ძალიან დიდი ხნით.


ამ დღიდან ზუსტად ერთი კვირის თავზე რუსეთმა უკრაინას რაკეტები დაუშინა, მათ შორის კიევის ცენტრს, რაც ომის განმავლობაში არასდროს მომხდარა. ცხადი გახდა, რომ ორივე ჯგუფი, რომელზეც მარია მიყვებოდა, თავისებურად მართალია: ომში არ არსებობს მშვიდად ყოფნის არგუმენტი, თუმცა შეუძლებელია, მუდმივ შიშში ცხოვრობდე, თუ მხნეობის შენარჩუნება გინდა.



კიევიდან უკან - ფშემისლში


უკანა მატარებელი განსხვავებული იყო - თითქმის ორმაგი გადავიხადე (დაახლოებით 70 ევრო) და საძილე ვაგონში მოვხვდი, ოთხკაციან კუპეში. ჩემი თანამგზავრები გავიცანი, უფროსკლასელი სონია, რომელიც პოლონეთში, ინგლისურენოვან სკოლაში გაძლიერებული პროგრამით სწავლობს, ინგა, რომელიც ირლანდიაში, ლტოლვილად წასულ დედასთან ბრუნდებოდა, და ოლეგი [სახელი შეცვლილია], რომელმაც ანონიმურობა მთხოვა.

კიევის რკინიგზის სადგური


სანამ ჩვენ-ჩვენს საგზალს შევექცეოდით და გამცილებლის მოტანილ ჩაის ვსვამდით, თანამგზავრებმა თავიანთი ამბები გამიზიარეს. სონია კიევში იყო ჩასული ოჯახთან, თუმცა ბოლო სამი წელია კრაკოვში სწავლობს და ამბობს, რომ მისი ახალი სახლი სწორედ ისაა. ჰყვება, როგორ უთხრეს მასწავლებლებმა ომის დაწყების შემდეგ, სკოლაში რუსი მოსწავლეებიც გვყავს და გთხოვთ, სიმშვიდე შეინარჩუნოთ მათთან ურთიერთობაშიო. “მერე ბავშვებმა ვილაპარაკეთ ერთმანეთში და გადავწყვიტეთ, რომ არასწორი იქნებოდა, მათ მიმართ მტრული განწყობა გვქონოდა. მეტსაც ვიტყვი, ეს ერთადერთი შემთხვევა იყო, როცა რუსმა ჩემ წინ მოიბოდიშა”, - თქვა სონიამ.

სონია კიევიდან სკოლაში, პოლონეთში ბრუნდება


მე კიდევ, რაღაც პერიოდი, ყველა სიტყვაზე, რომელიც “რუ”-თი იწყებოდა, უკვე ვბრაზდებოდი” - უპასუხა 26 წლის ინგამ. ინგას თან სქელი, უკრაინული წიგნი აქვს წამოღებული - გადავწყვიტე, აწი უკრაინულად ვიკითხოო, ამბობს. დედასთან ერთად, ირლანდიაში გადასახლდა, სადაც უკრაინელებს ახლა ვიზები არ სჭირდებათ, მაგრამ მამა და ბებია დონეცკის ოლქში, მაკეევკაში დარჩნენ. მათ ომზე რადიკალურად განსხვავებული შეხედულება აქვთ და სჯერათ, რომ რუსეთი იცავს - ინგას მათთან გაჩერება გაუჭირდა და კიევში, შეყვარებულს ჩააკითხა; თუმცა დიდხანს იქაც ვერ გაძლო. “მეშინია. ძალიან მგრძნობიარე ადამიანი ვარ და უბრალოდ ვერ ვწყნარდები”.

ინგა ძილის წინ კითხულობს. "გადავწყვიტე, აწი უკრაინულად ვიკითხო წიგნები"

ოლეგი კიევში ცხოვრობს, მაგრამ ოჯახის წევრების მოსანახულებლად, ევროპაში დადის. ამბობს, რომ ის სიმშვიდე, რაც მატარებელში სუფევს, მოჩვენებითია - შინაგანად ყველა საფრთხის მოლოდინშია. მშვიდად გვათვალიერებინებს მისი სახლის სიახლოვეს აფეთქებულ ჭურვს. ინგა ფოტოებს თვალს არიდებს.

აფეთქება სახლის გვერდით


"ნეტავ, იმ მატარებლით მემგზავრა, სადაც ანჯელინა ჯოლი იყო. წარმომიდგენია, რა დამემართებოდა", - ამბობს ძილისწინ. ომის განმავლობაში უკრაინაში მხარდასაჭერის გამოსახატად ან დიპლომატიური მისიით არაერთი ცნობილი სახე ჩავიდა - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, ევრკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი. 10 აპრილს ღამის მატარებლით იმხანად ბრიტანეთის პრემიერმა, ბორის ჯონსონმა იმგზავრა და მატარებლის გამცილებლების სიმამაცე შეაქო - "როგორც გავიგე, რკინის ადამიანებს გიწოდებენ... ვფიქრობ, ეს გამოხატავს თქვენს შემართებას და უკრაინის შემართებას, წინ აღუდგეს იმ შემზარავ აგრესიას, რომლის მოწმეებიც ვართ". მატარებლები, რომლებითაც მაღალჩინოსნები მგზავრობენ, იგივეა, რაც მოქალაქეებისთვის განკუთვნილი, მაგრამ დელეგაციის სიდიდიდან გამომდინარე ხან მთლიან ვაგონს, ხან მხოლოდ კუპეს იკავებენ.

ლვოვის სადგურში მატარებელს შლიან და ოდესის ვაგონებს აერთებენ


გამცილებელმა თეთრეული დაგვირიგა, და ღამის ორი საათისკენ დასაძინებლად გავემზადეთ, მაგრამ მე ორ საათში ისევ ავდექი, მაინტერესებდა, ლვოვში როგორ აცალკევებენ ვაგონებს. კიევიდან ორი შეერთებული მატარებელი გამოვიდა - ფშემისლი და რახივი. ლვოვში რახივის ვაგონებს ხსნიან, კიევის ვაგონებს კი ოდესიდან ჩამოსულებს აბამენ, ასე რომ, ფშემისლში თორმეტი ვაგონი მიდის. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ფშემისლის სადგური პატარაა და ორ ბაქანს ვერ დათმობს.

ვასილ ტკაჩენკო - გამცილებელი 27 წლიანი გამოცდილებით


სანამ ვაგონებს აბამდნენ, გამცილებელთან, ვასილი ტკაჩენკოსთან შევიხედე.

ვასილი მომიყვა, რომ ზუსტად ასე, ღამის ცვლაში გაიგო 24 თებერვალს ომის დაწყება. მატარებელი ეგრევე საევაკუაციო გახდა და მაგ ღამიდან, ერთ თვეზე მეტხანს, მუდმივად დადიოდა, აღმოსავლეთიდან ლვოვამდე, შედარებით უსაფრთხო ზონაში. იმ დროს მატარებელს, რომელიც სულ 250 მგზავრზეა გათვლილი, 250 კაცი თითო ვაგონში აჰყავდა.

“ტამბურებით დაგვყავდა ხალხი, კუპეში ათი კაცი, გასასვლელში 30, 50 კაცი ფეხზე. მოვდიოდით სიბნელეში, ფარდები ჩამოშვებული და შუქი გამორთული. გვესმოდა ხოლმე აფეთქებების ხმა, სროლების. რა თქმა უნდა [გამცილებლებსაც] გვეშინოდა, არ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ამის არ შეეშინდებოდათ, მაგრამ ვიცოდით, რომ უნდა წავიყვანოთ ხალხი, ბავშვები, მოხუცები. ვამშვიდებდით გზაში, ველაპარაკებოდით. კითხვა ბევრი იყო, და ყველასთვის უნდა გაგეცა პასუხი, რჩევა, დამშვიდება. ახლა ისევ "ბანალური" კითხვებია - როდის ჩავალთ, როდის გავივლით საბაჟოს… უსაფრთხოების ზომები შევამსუბუქეთ, როცა კიევიდან გაყარეს არამზადები. ახლა ბილეთებსაც ვყიდით, ეგებ ცოტა მაინც დაფაროს ის ხარჯები, რაც უკრაინის რკინიგზამ გასწია“.

ახლა ევაკუაცია უფრო წერტილოვნად მიმდინარეობს - მატარებლებს შშმ პირები, ასაკოვანი მოქალაქეები, კრიტიკული პაციენტები მოჰყავს აღმოსავლეთიდან დასავლეთში. ოლექსანდრ პერცოვსკის თქმით, ზამთარში მოსალოდნელია, ზოგიერთი დასახლება ელექტროენერგიისა და გათბობის გარეშე დარჩეს, ამიტომ მოსახლეობა იქიდანაც მოჰყავთ.

“უკრაინის რკინიგზა” სახელმიწფო კომპანიაა და ბიუჯეტიდან სუბსიდირდება. წელს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა რკინიგზას €50 მილიონის სესხიც დაუმტკიცა.

ღამის მატარებელში ჩაის ჭიქის ძველებური დამჭერით არიგებენ


დაახლოებით მაისიდან უკვე დაიწყო ხალხმა დაბრუნება. ყველას არ შეუძლია ადაპტაცია, ასიმილაცია უცხო ქვეყანაში. ვიღაც ფინანსური, ვიღაც პატრიოტული მიზეზით. ვფიქრობ, ისიცაა, რომ მიხვდნენ რომ იმათი ჯარი უბრალოდ ბანდიტები არიან, რომლებმაც მთელ მსოფლიოს შთააგონეს, რომ უძლიერესები არმიაა.”

ჩემი და გამცილებლის გარდა, ვაგონში კიდევ ერთი ადამიანი ფხიზლობდა, რომელიც ვიცანი - გამგზავრებისას ამ ახალგაზრდა ქალის შეყვარებული მატარებელს გამოეკიდა, ის კი ფანჯრიდან ხელს უქნევდა. ახლა ოლენა ნედაშკივსკა სკოჩგადაკრული ფანჯრიდან, ისევ გარეთ, სიბნელეში იხედება.

ოლენა ნედაშკივსკა. მის გვერდით შუშაზე გაკრული წებოვანი ლენტი ჩანს - იმისთვის, რომ აფეთქების შემთხვევაში ნამსხვრევები მგზავრებს არ მოხვდეს


“ეგ იმისთვის არის, რომ მინა სახეში არ მოგხვდეს, როცა გასკდება”, - მიხსნის ოლენა. “თუმცა ეს მინა ისედაც რეზინაში ზის, მაგის ალბათობა აქ მინიმალურია”. ოლენა ამ საკითხში ექსპერტი ივანკოვოს 38-დღიანი ოკუპაციის დროს გახდა. ეს ქალაქი ბუჩის მხარესაა, კიევის ჩრდილო-დასავლეთით. “ბოროდიანკამ, ჩვენ, ბუჩამ - პირველებმა გავიგეთ, “რუსული სამყარო” [Русский мир] რა იყო. იმ ერთი თვის განცდები ექვსი თვეა, დამდევს. დიდი ხნის განმავლობაში ვაკუუმში ვცხოვრობდით, ტელევიზორს ვერ ვუყურებდით, და რატომღაც მეჩვენებოდა, რომ მთელი უკრაინა იმავე მდგომარეობაშია, რაშიც ჩვენ. როცა დავინახე, რომ კიევში ყველაფერი წყნარადაა, რომ მაღაზიებში პროდუქტია, ლამის ისტერიკა დამემართა, ეს ხომ ჩვენგან სულ 50 კილომეტრშია”.

.....


ფანჯრებზე წებოვანი ლენტის გარდა, ომის საწყის პერიოდში, ავიაციისგან დასამალად მატარებლებში სინათლესაც აქრობდნენ ხოლმე. სპეციალური რეჟიმის დროს, მატარებლები უფრო ნელა მოძრაობს, მგზავრების ჩასხდომა-გადასხდომის დროს კი ხალხი ბაქანზე კი არ ჩერდება, არამედ მიწისქვეშა გადასასვლელებში იცდის. გარე დამკვირვებლისთვის რკინიგზა რუსული იერიშით შედარებით ნაკლებად დაზიანებული ჩანს. ოლექსანდრ პერცოვსკის ვკითხე, ამას როგორ ხსნის:

“ის, რომ უკრაინის რკინიგზას მტერი სწყალობს, არ არის სწორი. რკინიგზას ყოველდღიურად ადგება ზარალი. ძირითადად, თავს ესხმიან ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას და რელსებს. არა მგონია, მტერს ახლა ჰქონდეს ისეთი ამბიციური გეგმა, როგორიცაა რკინიგზის სათავისოდ გამოყენება. ადრე რომც ჰქონოდათ მსგავსი გათვლა, ახლა ეს წარმოუდგენელია”.

უკრაინის რკინიგზის მობილური ჯგუფები შემთხვევის ადგილზე მიდიან და ცდილობენ, მოძრაობა საათებში აღადგინონ. თუმცა გათავისუფლებული რეგიონების შემთხვევაში ეს შეუძლებელია - როცა რელსების ქვეშ მტერი ნაღმებს ტოვებს, უსაფრთხოების სამუშაოებს დღეები სჭირდება.

მატარებლით მგზავრობა კომფორტული გახდა. ომის დასაწყისში პატარა ბავშვებს იატაკზე დახვავებულ ჩანთებზე ეძინათ.


დილისკენ, საზღვართან ახლოს, მატარებელი ისევ ჩერდება და პასპორტების შესამოწმებლად გვაღვიძებენ. ოლეგი ახალ ამბებს გვიკითხავს და სასხვათაშორისოდ ახსენებს, რომ სანამ ვმგზავრობდით, ჩვენგან ასიოდე კილომეტრში ბილა ცერკვას კამიკაძე დრონები დაეცა. ინგა ამბობს, ცუდად მეძინა, მთელი ღამე მეღვიძებოდაო, სონიას კი თავი წიგნებში აქვს ჩარგული. სულ ცოტა ხანში ჩავალთ და ჩემი თანამგზავრები კრაკოვში წავლენ, მე - ვარშავაში.



იმ ორ დღე-ღამეში, რაც უკრაინაში გავატარე, ოთხმა მატარებელმა თითქმის ორი ათასი მგზავრი გადაიყვანა კიევი-ფშემისლი-კიევის გზაზე. ხუთ დღეში კიევის ცენტრი დაიბომბა, რაც ყირიმის ხიდის აფეთქების “სამაგიეროს” ტალღის დასაწყისი გახდა. მას მერე, უკრაინის ქალაქები დღემდე იერიშის ქვეშაა. ჩემი და ოლექსანდრ პერცოვსკის ინტერვიუ ორი დღე გაგრძელდა, რადგან საჰაერო განგაშის გამო ევაკუაცია უწევდა. თუმცა მატარებლები მაინც მოძრაობენ, უკრაინის რკინიგზა #KeepRunning [“გააგრძელე მიმოსვლა”] სლოგანს მიჰყვება, და ათასობით ადამიანი შრომობს, რომ მატარებელი სადგურში წუთი-წუთზე მივიდეს. ამ სტატიის ყველა გმირი ცოცხალია და კარგად არის.