"ალტერნატივა გერმანიისათვის" და "პეგიდა" - ეს არის ორი პოლიტიკური ძალა, რომელიც ბოლო წლებში გერმანიაში შეიქმნა და ანტიიმიგრანტული, ანტიმუსულმანური რიტორიკით მკვეთრად შეცვალა ამ ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტი.
“მერკელი ანტიკონსტიტუციურად მოქმედებს, მერკელი უნდა წავიდეს“, „ძალადობის გარეშე და ერთად - რელიგიური ომების წინააღმდეგ გერმანიის მიწაზე“, - ეს არის მოძრაობა "პეგიდას" მიერ დრეზდენში ორგანიზებული მიტინგების უცვლელი დევიზები. ასევე მყარია ამ დემონსტრანტების სიმპათია გერმანიის წამყვანი ულტრამემარჯვენე, ანტიიმიგრანტული პოლიტიკური ძალის, AFD-ს, მიმართ.
ტაბლოიდურ მედიაში, არის მყვირალა, ძალიან პრიმიტიული, პოპულისტური მიდგომა და სათაურები, როგორც „ბილდში“, რომელიც გერმანიაში არის ყველაზე პოპულარული გაზეთი...ელენე ბოროდა
AFD - ეს არის "ალტერნატივა გერმანიისათვის", წამყვანი ულტრამემარჯვენე ოპოზიციური პარტია. ევროკავშირის მწვავე კრიტიკითა და ანტიიმიგრანტული რიტორიკით „ალტერნატივამ გერმანიისათვის“ 2017 წლის სექტემბრის არჩევნებში ხმათა 12 პროცენტზე მეტი მიიღო და პირველად მოხვდა პარლამენტში. AFD-ს წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა დრეზდენში დაარსებულმა "პეგიდამ".
„რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ“, - ამბობს "პეგიდას" ლიდერი ლუც ბახმანი. - "ამჟამად ეს პარტია არის ჩვენთვის ერთადერთი ალტერნატივა! მერკელის პარტია... უკვე აღარ შეიძლება აირჩიო, რადგან ის არის პასუხისმგებელი - მემარცხენეებთან, სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან ერთად - ყველა იმ საზიზღრობაზე, რაც ხდება აქ და მთელ ევროპაში“.
ისევე როგორც მიგრანტების პრობლემის გარშემო პოლარიზებულ პოლიტიკურ სპექტრში, ერთმანეთისაგან განსხვავებულია რიტორიკა გერმანიის მედიაშიც. მედიაჯგუფ "ფუნკეს" ჟურნალისტის, ელენე ბოროდას, თქმით, თავშესაფრის მაძიებელი უცხოელების მომრავლებას ზოგი მაღალტირაჟიანი გამოცემა ხშირად უკავშირებს ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარების გაუარესებას.
„გერმანიის მედიაში არის ორი მიდგომა. ერთი, ტაბლოიდურ მედიაში, არის მყვირალა, ძალიან პრიმიტიული, პოპულისტური მიდგომა და სათაურები, როგორც „ბილდში“, რომელიც გერმანიაში არის ყველაზე პოპულარული გაზეთი, და, მეორე მხრივ, არის სერიოზული მედია, რომელიც იხილავს მიზეზებს“, - ამბობს ჟურნალისტი ელენე ბოროდა.
სამწუხაროდ, არსებობენ პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც სარგებლობენ ხალხის ამ შიშით და თავიანთი რიტორიკით, გარკვეულად, ძირს უთხრიან ინსტიტუტებს...კორინა ჰორსტი
გერმანიაში მემარჯვენე პოპულისტები თუ ჯერ მხოლოდ პარლამენტში მოხვდნენ, პოლონეთსა და უნგრეთში პოპულისტური ძალები აღმასრულებელ ხელისუფლებას აკონტროლებენ და ცდილობენ თავიანთ გავლენას დაუქვემდებარონ დემოკრატიული ინსტიტუტების - სასამართლოებისა და მედიის - მუშაობა. ამის გამო ევროპარლამენტმა ცოტა ხნის წინ მხარი დაუჭირა უნგრეთის მიმართ სანქციების დაწესებას, ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, რაც ითვალისწინებს ევროკავშირის საბჭოში ხმის უფლების ჩამორთმევას.
მიუხედავად ევროპარლამენტის და სხვა წარმომადგენლობითი ინსტიტუტების წინაღმდეგობისა, პოპულიზმს, გერმანიის მარშალის ფონდის ვიცე-პრეზიდენტ კორინა ჰორსტის დაკვირვებით, ჯერ კიდევ არ მიუღწევია თავისი პიკისათვის. ევროპელი ულტრამემრჯვენეები შიდა პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებენ სოციალურ ეკონომიკურ პრობლემებსა და საფრთხეების აღქმას.
„ბევრ ადამიანს აქვს შეგრძნება, რომ მათ შიშს ყურადღებას არ აქცევენ. სამწუხაროდ, არსებობენ პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც სარგებლობენ ხალხის ამ შიშით და თავიანთი რიტორიკით, გარკვეულად, ძირს უთხრიან ინსტიტუტებს, რომლებიც არსებობს იმისათვის, რომ დაიცვან პრესის თავისუფლება, დამოუკიდებელი სასამართლო, კონსტიტუცია და შესაძლებლობა მისცენ ადამიანებს, განხილვებში რეალური მონაწილეობით განსაზღვრონ, თუ როგორ განვითარდეს საზოგადოება“, - ამბობს კორინა ჰორსტი.