გერმანელი მოგზაურის ტაო-კლარჯეთი და საქართველო 1970-იანი წლებიდან

გერმანელმა მოგზაურმა და მკვლევარმა ვერნერ რუდიგერმა საქართველოს ხელოვნების სასახლეს 1970-80-იან წლებში, საქართველოში, ტაო-კლარჯეთსა და ჩრდილოეთ კავკასიაში გადაღებული 300-ზე მეტი უნიკალური ფოტო აჩუქა.

ამ ფოტოების გადაღებიდან ჯერ საუკუნეც არ გასულა, მაგრამ ამ წარსულიდან ბევრი ამბავი უკვე გამქრალია.

შეცვლილია ან საერთოდ აღარ არსებობს ისეთი ქალაქი, ისეთი ეკლესია. ის ძველი ხედები, ის სახლები, ის ხიდი და მდინარე, ის წესი და ჩვეულება, ის ადამიანი.

სწორედ ამიტომ მიაჩნია ეს კოლექცია გამორჩეულად და იმდროინდელი სურათების აღსადგენად მეტად მნიშვნელოვნად ხელოვნების სასახლის დირექტორს, ისტორიკოს გიორგი კალანდიას, რომელიც მალე გერმანიის საელჩოსთან თანამშრომლობით, ვერნერ რუდიგერის ფოტოგამოფენის მოწყობას და წიგნი-ალბომის გამოცემასაც გეგმავს.

„მე რუდიგერს მე-20 საუკუნის საქართველოს ქრისტეფორე კასტელს ვუწოდებდი“, - გვითხრა მან.

გიორგი კალანდიას სიტყვებით, საქართველო არასოდეს ყოფილა განებივრებული უცხოელი მოგზაურებით და რომ არა ქრისტეფორე კასტელისა და არქანჯელო ლამბერტის მოგზაურობები, მისი აზრით, იმ დროის საქართველოს ვიზუალური ისტორია ძალიან მწირი იქნებოდა. ასეთივე სამსახური გაუწია რუდიგერმა საქართველოს და მის ისტორიულ ტერიტორიებს მე-20 საუკუნეში.

ვერნერ რუდიგერი ისტორიულ სამხრეთ საქართველოში1970-იან წლებში ჩადის - ტაო-კლარჯეთში, რომელიც უკვე თურქეთის შემადგენლობაშია.

თან ეს ის დროა, როცა ქართველი მეცნიერები, იშვიათი გამონაკლისების გარდა, იქ მისვლას და მუშაობას ვერ ახერხებენ.

რუდიგერი იღებს ფოტოებს, ხატავს და რაც მთავარია, ყველაფერს იწერს.

აი, ერთ-ერთი ნაწყვეტი თურქეთის მოგზაურობის დღიურებიდან. 1980 წლის 24 აპრილი, ტრაპიზონი:

„ვსაუზმობ ქალაქის ძველ უბანში. ვათვალიერებ ღირშესანიშნაობებს. უკანასკნელად აქ 1967 წელს ვიყავი. მას შემდეგ ქალაქი უარესობისკენ შეცვლილა. უსახური, ინტენსიურად მზარდი ახალმშენებლობათა გამო ძველი ქალაქი სამარცხვინოდ გამოიყურება...“

საქართველოში რუდიგერი პირველად 1971 წელს ჩამოვიდა.

თავის ჩანაწერებში ის იხსენებს, რომ იმ პერიოდში თურქეთისა და საქართველოს შესახებ ლიტერატურა თითქმის არ არსებობდა.

ცოტა რამ შეიტყო 1968 წელს სტამბოლში გამოცემული აჰმედ ოზგანის, ალია მელაშვილის წიგნიდან, „გურჯისტანი“.

მერე კი, ერთ დღეს, მიუნხენში, სადაც ის მხატვარ-გრაფიკოსად მუშაობდა, სიძველეთა მაღაზიაში 1924 წელს გამოცემული ა.სანდერსის წიგნი „კავკასია“ აღმოაჩინა - ისტორიული ნარკვევების კრებული, სადაც დაწვრილებით იყო აღწერილი საქართველოს ისტორიული წარსული და ხუროთმოძრული ძეგლებიც.

ოშკი

„ეს გამოცემა იქცა ჩემი შემდგომი საქმიანობის ამომავალ წერტილად“ - წერს რუდიგერი. როცა ის პირველად საქართველოში ჩამოვიდა, უკვე იცოდა, რომ ქართულ ენასაც ისწავლიდა.

ტრაპიზონის აია-სოფიას ტაძარი

ენის სწავლა მან 1977 წელს დაიწყო. პირველი ვიზიტიდან რვა წლის შემდეგ კი ისევ დაბრუნდა საქართველოში და მის უძველეს ისტორიულ პროვინციებში - ტაო-კლარჯეთსა და სამცხეში კვლევით სამუშაოს შეუდგა.

ხიდი არტანუჯისწყალზე

გიორგი კალანდია მოგვითხრობს, რომ ვერნერ რუდიგერის ნახატების კოლექცია საქართველოში 2009 წლიდან ინახება, თუმცა ფოტოკოლექციის თაობაზე სულ ახლახან შეიტყო ხელოვნებათმცოდნე ირინა გივიაშვილისგან და რუდიგერს მიწერა...

იენი რაბათი

გერმანელმა მოგზაურმა კოლექცია სრულად გადასცა საქართველოს და ფირები, რომლებიც უკვე გაციფრულებულია. უკვე ხელოვნების სასახლის კუთვნილებაა.

ლაზეთი

„გადაღებული აქვს ტაო-კლარჯეთის ისტორიული ძეგლები, არტანუჯი, ახიზა, ოკში,იშხანი, მამაწმინდა, ბანა თუ დოლისყანა...ზოგან სურათი უკვე შეცვლილია - მაგალითად, ახიზის ციხესთან წყლის დაგუბების შედეგად დღეს წყალი სულ სხვა დონეზეა, ვიდრე მის გადაღებულ ფოტოზე ჩანს. ან, აი, მაგალითად, ხიდი არტანუჯის წყალზე, რომელიც დღესგამქრალა - წყლითაა დაფარული“, - მოგვითხრობს გიორგი კალანდია.

ჩრდილოეთ კავკასია

გერმანელმა მოგზაურმა ლაზეთშიც იმოგზაურა. გადაიღო და აღწერა იქაური ყოფა და ცხოვრება, ბუნება და ძეგლები. ყოველდღიურობა - ცეკვები იქნება ეს თუ ხარების შეჯიბრი, ლაზების სოფლები, სახლები.​

თბილისი, 1970-იანი წლები

„ჩემთვის, როგორც ისტორიკოსის და მკვლევრისთვის, ყველაზე საინტერესო სწორედ ეს ნაწილია - ადამიანები: ყველაზე ცოცხალი, რეალური, ნამდვილი და განსაკუთრებული“, - ამბობს გიორგი კალანდია.

თბილისი, 1970-იანი წლები

რუდიგერმა იმოგზაურა ჩრდილოეთ კავკასიაშიც. 1

1972 წლის თბილისის ხედებიც შემოინახა - „ძალიან ლამაზი თბილისის“, რომელიც, როგორც კალანდია ამბობს, ჩვენს თვალწინ გაგვიქრა.

ვერნერ რუდიგერი