გერმანელი ევროპარლამენტარი: შემაშფოთებელი ამბებია საქართველოდან

გერმანელი ევროპარლამენტარი, მიხაილ გალა შეშფოთებას გამოხატავს ოპოზიციონერი ლიდერის, გიგი უგულავას დაპატიმრების გამო. ევროპის სახალხო პარტიის (EPP) წარმომადგენელი დეპუტატი ყურადღებას ამახვილებს სხვა ოპოზიციონერთა გასამართლების პროცესზე და აღქმაზე, რომ ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა.

„შემაშფოთებელი ამბებია საქართველოდან. არჩევნების წინ, ოპოზიციონერი ლიდერი გიგი უგულავა ისევ ციხეშია. ჩვენ გვესმის საქმეების შესახებ ასევე სხვა ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ. ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს არ არის პოლიტიკურად მოტივირებული. (ეს) საფრთხეს უქმნის კონსენსუსს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით“, - წერს გერმანელი ევროპარლამენტარი.

მიხაილ გალა ერთ-ერთი იყო იმ ევროპარლამენტარებს შორის, რომლებმაც 21 იანვარს, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე, მწვავედ გააკრიტიკეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება.