გემები და ვიკინგები რიონზე - ნაოსნობის ისტორია საქართველოში

ტივი, ორთქლის გემი, კამარა და საწნახელიც კი - რით დაცურავდნენ საქართველოს მდინარეებში? გამომცემლობა „არტანუჯმა“ გამოსცა წიგნი „სამდინარო-საზღვაო ნაოსნობა საქართველოში“, სადაც ქართული ნაოსნობის ისტორიაა მოთხრობილი, დაწყებული პრიმიტიული მორის ნავით - რიონის ფლოტილიით დასრულებული. რადიო თავისუფლება წიგნის ავტორს თემურ ჩაჩანიძეს ესაუბრა.

- ბატონო თემურ, ქართულ სანაოსნო საშუალებებზე საუბრისას თქვენ ჯერ ახსენებთ ტივს, შემდეგ ამოჭრილ მორს, შემდეგ კი ნავს - „კამარას“. კიდევ რით დაცურავდნენ ადგილობრივები მდინარეებში?

- ჩვენს მდინარეებზე ნაოსნობა რთული იყო, მაგალითად, რიონის მხოლოდ 100-110 კილომეტრი თუ გამოდგებოდა ნაოსნობისთვის, ისიც სეზონურად. ზაფხულში, როცა წყლის დონე მაღალი იყო, გაივლიდი ამ 110 კილომეტრს, ზამთარში - ვერა. ამ მდინარეს არ სჭირდებოდა გემები. გაუშვეს რუსებმა გემები რიონზე, მაგრამ მალევე შეაჩერეს, არ გაამართლა. ამიტომ მარტივი კონსტრუქციების სანაოსნო საშულებები გვქონდა: პირველი ტივი იყო, შემდეგ - მორში ამოჭრილი სამკაციანი ნავები, მოგვიანებით შედარებით დიდი, ფიცრებისგან შეკრული ნავები გამოჩნდა - შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ფოთში გემები შემოდიოდა და ტვირთის გადასაზიდად გამართული, დახვეწილი ნავები იყო საჭირო, რომლებიც მდინარიდან ზღვაში გასვლას და ტვირთის წამოღებას შეძლებდნენ.

- ლანდშაფტის ბრალია, რომ საქართველოში ნაოსნობა სათანადოდ ვერ განვითარდა?

- არა, სიდუხჭირის. პირველი საზღვაო ხომალდები დაახლოებით 6 ათასი წლის წინ ფინიკიაში ააგეს, სადაც ხელოსნობა ძალიან იყო განვითარებული. ხელოსნობამ ვაჭრობის განვითარებას მისცა ბიძგი, ვაჭრობამ - ახალი ბაზრების აღმოჩენას. ამის გამო განვითარდა ზღვაოსნობაც. მერე საზღვაო საქმე ბერძნებმა აითვისეს, მერე - რომაელებმა. საქართველო არ იყო ეკონომიკურად ისე განვითარებული, რომ ზღვაზე გასულიყო. ჩვენთან ხალხი უფრო მიწათმოქმედებას მისდევდა.

თემურ ჩაჩანიძე

- მაგრამ, ბუნება გვაძლევდა ნაოსნობის საშუალებას?

- ჩვენთან კარგი ტყეები იყო. მე-19 საუკუნეში რუსებმა დაიწყეს ამ ხეების მოჭრა და სევასტოპოლში გატანა, სამხედრო ხომალდების ასაშენებლად. საქართველოში ნაოსნობისთვის ამუშავებდნენ ფიჭვს, მუხას. მუხა ყველაზე გამძლეა.

- როცა საშუალებაზე გკითხეთ, ვგულისხმობდი იმას, თუ რამდებად გვქონდა ყურეები, ნავსადგომისთვის საჭირო ადგილები?

- ისტორიულად ცნობილია, რომ ბათუმის ყურე ყველაზე ხელსაყრელი იყო. სოხუმის ყურეც, მაგრამ სოხუმს ტყეები ეკრა გარს, რაც მის სხვა რაიონებთან დაკავშირებას ართულებდა. ფოთში რეიდი იყო, ანუ გემი სანაპიროსთან ახლოს ჩერდებოდა და ტვირთი რიონამდე ნავით უნდა გადმოეტანათ. თუმცა, მოგვიანებით, უკვე ახერხებდნენ, რომ გემი რიონის შესართავამდე მოსულიყო.

- ისიც გამიგია, რომ საქართველოში ზღვაოსნობის განვითარებას კუნძულების არარსებობამ შეუშალა ხელიო, ამ მოსაზრებაში რამე საღი აზრი დევს?

- ისიც წამიკითხავს, ქართველები ზარმაცები იყვნენ და ზღვის ეშინოდათო. მაგრამ ერთადერთი, რაც მართლაც აფერხებდა საქმეს, იყო ეკონომიკა. არ გვქონდა ისეთი წარმოება, რომ საზღვარგარეთ გაგვეტანა.

- შეიძლება ვთქვათ, რომ მთავარი სანაოსნო მდინარე საქართველოში რიონი იყო, რადგან ამ მდინარით გადაჰყავდათ მგზავრები და გადაჰქონდათ ტვირთი, რომელიც შავი ზღვით შემოდიოდა?

- დიახ, რიონი. იყო ასეთი მოსაზრებაც, რომ რიონიდან ნავებით ასულიყვნენ ვარციხემდე, შემდეგ ლიხის ქედზე ტვირთი ხმელეთით გადაეტანათ, იქით მხარეს ისევ ნავებით გაეგრძელებინათ გზა და საბოლოოდ ტვირთი კასპიის ზღვამდე ჩასულიყო. ამ მარშრუტით რუსეთიც იყო დაინტერესებული, მაგრამ ნავები ვარციხემდეც ვერ აღწევდნენ.

- რიონზეც ნავს ხშირად ცხენები მიათრევდნენ.

- კი, ნავი მიდიოდა მდინარის საწინააღმდეგოდ. თურქებს ჰქონდათ პატარა გემები, რომლებითაც ცხენებიც მიჰყავდათ და მერე, სადაც გაუჭირდებდათ, ცხენებს გემს ჩაუბამდნენ თოკით. ამ დროს ცხენი ან მდინარეში იდგა, ან ნაპირზე.

ფოთის პორტი

- თქვენს წიგნში ისიც არის აღწერილი, როგორ შეუშალა ხელი ნაოსნობის განვითარებას ურმების ნაკლებობამ.

- კი, ეს უკვე მე-19 საუკუნისკენ. ტვირთის გადასატანი ურმები აკლდათ, თან ზოგი საქონელი მალფუჭებადი იყო. ეს უფრო თბილისს ეხება. მერე ამიტომაც მოიფიქრეს, მტკვარზე გავატაროთ გემიო.

- თქვენ მოყვანილი გაქვთ ფლავიუს არიანეს ციტატა (95-135წწ.), ფაზისის, იგივე რიონის წყალი იმდენად სუფთა იყო, 10 წელი არ ფუჭდებოდაო. ასეთი რამ მართლაც შესაძლებელია?

- რა გითხრათ. შესაძლებელია გაზვიადებულიც იყოს.

- საქართველოს ნაპირებს მე-9 საუკუნეში ვიკინგების, ქართულად ვარანგების ხომალდებიც ახსოვს. რატომ და როგორ მოხვდნენ ისინი ჩვენთან?

- 3000 ვიკინგი ჩამოვიდა სასირეთის ბრძოლაში (დაპირისპირება ბაგრატ მეოთხესა და კლდეკარის ერისთავს შორის) მონაწილების მისაღებად. ერთ-ერთი ვერსიით, ისინი მეფემ დაიქირავა. უცნაური ის არის, რომ ჩამოსული 3000 ვიკინგიდან ბრძოლაში მხოლოდ 700 წავიდა. დანარჩენებს რა ბედი ეწიათ, უცნობია.

ვიკინგების ხომალდი

ვიკინგებისთვის ხომალდი ყველაფერია, გარდაცვლილ ბელადებსაც კი ხომალდთან ერთად მარხავდნენ ან ზღვაში უშვებდნენ. რიონი მაშინ მთიდან მოტაცებული ხეებითა და ღორღით იქნებოდა სავსე. იქ გემი ვერ გაივლიდა, დაილეწებოდა. ვიკინგები სადღაც 80-მდე გემით იქნებოდნენ. პატარა ნავებიც ჰქონდათ, მხოლოდ ისინი თუ გაივლიდნენ რიონზე. არსებობს ვერსია, რომ ვიკინგების დიდი ნაწილი თავიანთ გემებთან დარჩა და დანარჩენების დაბრუნებას იქ დაელოდა.

- რამე დეტალები თუ არის ცნობილი რიონზე გამართულ ბრძოლებზე?

- ყირიმის ომის დროს (რუსეთ-თურქეთის ომი 1853-1856 წწ.) რუსი კაზაკების ფლოტილიას რიონთან ბაზა ჰქონდა. შავი ზღვის სანაპიროზე, ხეებზე მეგრელები ისხდნენ და ზღვას აკვირდებოდნენ. თურქულ გემს რომ დაინახავდნენ, კაზაკებს ატყობინებდნენ. კაზაკებიც გამოდიოდნენ ნავით ზღვაში და გემი აბორდაჟით აჰყავდათ (უახლოვდებოდნენ ხომალდს, გემბანზე სამკაპებს გადაისვრიდნენ, რის შემდეგაც ხომალდს მოძრაობა უჭირდა - რ.თ.). ეს შედარებით პატარა გემებთან გამოსდიოდათ, დიდთან ვერა.

- თქვენს წიგნში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თავია, სადაც აღწერთ მე-19 საუკუნეში პორტის რედუტ-კალეს შექმნის ისტორიას, თუ სწორად მივხვდი, ის ახლანდელი ყულევის ადგილას მდებარეობდა, არა?

- პორტი რედუტ-კალე რუსებმა დააარსეს. 1804 წელს საქართველოში რუსეთის ჯარი შემოვიდა, მას მომარაგება სჭირდებოდა. მომარაგება ხდებოდა ზღვით. ამიტომ გახდა საჭირო რედუტ-კალე. სევასტოპოლიდან მოდიოდა გემი, რომელიც რედუტ-კალესთან უნდა დამდგარიყო. იქ ტვირთი ურმებით რიონამდე, იქიდან კი ნავებით გადაჰქონდათ. რედუტ-კალეს ჰქონდა ძალიან მოუხერხებელი რეიდი, ქარიშხალი ხომალდებს ლეწავდა ხოლმე. ამიტომ შემდეგ ის ფოთმა ჩაანაცვლა. მაშინ ფოთს პორტი არა, მაგრამ ძალიან კარგი მდებარეობა ჰქონდა, გემები პირდაპირ რიონის შესართავთან შემოდიოდნენ და ტვირთის გადატანა გაცილებით იოლი იყო.

- რედუტ-კალე, ფაქტობრივად, ქართული ვენეცია იყო, რადგან როდესაც მდინარე ხობი დიდდებოდა, დასახლების ერთადერთ გზას ფარავდა და ხალხი ქუჩაში ნავებით და საწნახელებითაც კი დაცურავდა, ანუ საწნახელს როგორც ტრანსპორტის საშუალებას იყენებდნენ?

- კი, ძველ პრესაშიც არის ნათქვამი, რომ საწნახელი ერთ-ერთი მცურავი საშუალება იყო. საწნახელიც ხის მორისგან იჭრებოდა, ძველი ნავების მსგავსად.

- ფოლკლორშიც არის ამის გამოძახილი, არსებობს მითები, რომ კუდიანების შეკრებაზე ზოგი ჯადოქარი საწნახლით მიდის.

- კი, ტრანსპორტის საშუალება იყო.

სოხუმის პორტი, ფოტოს გადაღების თარიღი უცნობია.

- როდის წყდება, მთავრდება რიონზე ნაოსნობა?

- როდესაც რკინიგზა გაიყვანეს. თუმცა, მანამდეც გემები მხოლოდ მაშინ დაცურავდნენ, როდესაც მდინარეში წყლის დონე იყო მაღალი, თუ არა და - ჩერდებოდა გემი და მგზავრებს თუ ტვირთს გზა ნავებით უნდა გაეგრძელებინა.

- თუმცა, რამდენიმე გემი მაინც დადიოდა რიონზე: „აკერმანი“, „სესტრიცა“, „კნიაზ ბარიატინსკი“...

- კი, პირველი გემი იყო „აკერმანი“, რომელიც რუსებმა ჩამოიყვანეს. თუმცა, ყველა რუსული გემი არ იყო, ზოგი ინგლისში ააგეს. მათაც ტვირთი გადაჰქონდათ: იარაღი, ჭურვები, საჭმელი, ორი ხიდი ჩამოიტანეს თბილისისთვის, ქუთაისის ხიდიც. ეს გემები ორთქლის ძრავაზე იყო.

ერთი რამ მეც ვერ გამიგია, იმდენად ვიწრო იყო მდინარე, რომ ვერ ვიგებ, რანაირად ახერხებდა გემი შემოტრიალებას. ალბათ რაღაც მონაკვეთში უკანა სვლით მიდიოდა, სანამ შემოსაბრუნებელ ადგილს მიაგნებდა.