1 ოქტომბრიდან თბილისში ტაქსების ბიზნესის რეგულაციის მეორე ეტაპის ამოქმედებას დისკუსიის ახალი ტალღა მოჰყვა. რეფორმას მომხრეები და კრიტიკოსები ჰყავდა საფუძველშივე. მისი მეორე ეტაპის ამოქმედებამ, რაც ტაქსების კატეგორიზაციას და საქმიანობის შესაბამისად განსაზღვრას უკავშირდება, გამოიწვია იმ მძღოლების დაჯარიმება, ვინც შესაბამისი კატეგორიის ფლობის მიუხედავად, მაინც უჩერებდა ქუჩაში მდგომ მგზავრს მანქანას. პოლიტიკოსებისთვის თემად იქცა 1 ოქტომბერს დაჯარიმებულების გადახდის ვალდებულებისგან გათავისუფლება.
გაეროს ექსპერტი ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში, გელა კვაშილავა ემხრობოდა და ემხრობა ტაქსების სფეროში გარკვეული ტიპის რეგულაციების შემოღებას:
„ვერ მეტყვით ვერც ერთ ქალაქს მსოფლიოში - არ აქვს მნიშვნელობა ევროპაა, აზია თუ აფრიკა - რომელიც არის კარგი ქალაქი, რაღაც ფორმით ეს სისტემა არ ჰქონდეს მოწესრიგებული. მოწესრიგებაში იგულისხმება, რა თქმა უნდა, რეგისტრაცია, აღრიცხვა, მძღოლის გარკვეული კვალიფიკაციის არსებობა და ავტომანქანის გამართულობა“.
ექსპერტი თვლის, რომ რეგულაციების ტვირთი, რომელიც თბილისში მომუშავე ტაქსის მფლობელებს ამ ეტაპზე ეკისრებათ არ არის ისეთი სიმძიმის, რომლის აწევასაც ამ საქმით დაკავებული პირი ვერ შეძლებდა:
„ეტაპობრივად რომ არის, კარგია; ღია ბაზარი რომ რჩება და მოთხოვნები ძალიან რომ არ აწვება ამ ეტაპზე, კარგია. ქალაქმა ხომ უნდა იცოდეს, რამდენი ტაქსი მუშაობს?“.
გელა კვაშილავა ლაპარაკობს ზოგადად, ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების სისტემის შექმნის საჭიროებაზე:
„მოდით, სიმართლე ვთქვათ პირდაპირ: სახელმწიფომ უნდა შექმნას სისტემა, რომელიც საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც უზრუნველყოფს, ტაქსის გამართულ სისტემასაც უზრუნველყოფს, პარკინგსაც უზრუნველყოფს, ქვეითად გადაადგილებასაც და ეს სისტემა რომ შექმნა, რაღაც კანონები უნდა გქონდეს, რომ მინიმალური წესები დაიცვა“.
Your browser doesn’t support HTML5