"ყოვლად დაუშვებელია გადაჭედვა, გავსება საზოგადოებრივი ტრანსპორტის. ორი სკამი რომ არის გვერდიგვერდ, იქ ერთი ადამიანი უნდა იჯდეს"

17 მარტს საქართველოს პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ დროებით ჩერდება მოქალაქეების მიკროავტობუსებით, ე.წ. „სამარშრუტო ტაქსებით“ მომსახურება. მოგვიანებით თბილისის მერმა გამოაცხადა თბილისის ავტობუსებში მძღოლის ნაწილის იზოლირების შესახებ.

ამ გადაწყვეტილებებამდე ცოტა ხნით ადრე საზოგადოებრივ ტრანსპორტთან დაკავშირებულ რეკომენდაციებზე 17 მარტის „დილის საუბრებში“ ილაპარაკა გაეროს ექსპერტმა ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხებში, გელა კვაშილავამ. მის მიერ ჩამოთვლილ რეკომენდაციებს შორის იყო სამარშრუტო ტაქსების მუშაობის შეჩერება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლების უსაფრთხოების დაცვაც.

როგორც „დილის საუბრების“ სტუმარმა აღნიშნა, საზოგადოებრივი ტრანსპორტში ახალი კორონავირუსის გავრცელების მხრივ მაღალი რისკის გარემო იქმნება სამი ფაქტორის გამო:

„ადამიანების დიდი რაოდენობა იყრის თავს დახურულ სივრცეში, სადაც განიავება შეზღუდულია; მეორე - ამ სივრცეში ფაქტობრივად პოტენციური ვირუსის მატარებელი პირების იდენტიფიცირება და კონტროლი შეუძლებელია და მესამე, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი - სხვადასხვა საერთო მოხმარების ზედაპირთან უწევთ ადამიანებს შეხება“.

გელა კვაშილავას თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ ფაქტორების გათვალისწინება ჩინეთსა და სამხრეთ კორეაში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა მთლიანად არ გაჩერებულა. გაჩერდა უჰანში და მის ცენტრალურ ნაწილში. სხვა მხრივ კი ტრანსპორტი მუშაობდა საგანგებო წესების დაცვით და ეს წესები იყო:

  • 70 წელს გადაცილებული პირების საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის მაქსიმალურად შეზღუდვა
  • მოკლე მონაკვეთებზე (5-10 წუთიანი შუალედით) ან ავტომატიზებულად საზოგადოებრივი ტრანსპორტის დეზინფიცირება;
  • მძღოლების კაბინების იზოლირება მგზავრების ნაწილისგან და მათი სავალდებულო ეკიპირება პირბადეებითა და ხელთათმანებით;
  • მგზავრების მიერ პირბადეების მასობრივად გამოყენება საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისას;
  • საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადატვირთულობის თავიდან აცილება;
  • ტრანსპორტში სანიტაიზერების დამონტაჟება.

გელა კვაშილავა შენიშნავს, რომ საქართველოში ყველაზე ხშირად საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობენ ქალები და შუახნის ზევით ასაკის პირები. მისი რეკომენდაციაა, მგზავრებმა მაქსიმალურად გამოიყენონ პირბადეები, როცა საზოგადოებრივი ტრანსპორტის დახურულ სივრცეში იმყოფებიან.

უპირველესი რეკომენდაცია კი მაინც ასეთი ტრანსპორტით მგზავრობისგან მაქსიმალურად თავის შეკავებაა.

„დილის საუბრების“ სტუმარი თვლის, რომ უნდა მოხდეს მძღოლების სისტემატურად შემოწმება კორონავირუსზე, რადგან ისინი რისკჯგუფს წარმოადგენენ. აგრეთვე, მისი თქმით, მიზანშეწონილია, ტაქსით მგზავრობისას მგზავრმა ისარგებლოს უკანა სავარძლით და არ დაჯდეს მძღოლის გვერდით.

„ინვესტირება პირბადეებში და სანიტაიზერებში უკეთესია სახელმწიფოსთვის, რადგან თუ ვირუსი გავრცელდება, მეტი ხარჯი იქნება“, - ეუბნება გელა კვაშილავა რადიო თავისუფლებას.

Your browser doesn’t support HTML5

გელა კვაშილავა COVID-19-ის გავრცელების ფონზე საზოგადოებრივ ტრანსპორტში უსაფრთხოების დაცვაზე