გელა ზასოხაშვილი (ზასჰოფი)

გელა ზასოხაშვილი (ზასჰოფი)

ექიმობა, გელა ზასოხაშვილი ფართო პროფილის ქირურგი და ორთოპედია,  მისი პროფესიაა. ვაზის მოვლა, გერმანიაში ქართული ჯიშების გახარება და  ღვინის დაწურვა-დაყენება  გერმანიაში გაღვიძებულმა მიწის სიყვარულმა ასწავლა.

ის რაგბის თამაშზე გავიცანი გერმანიაში, ფრანკფურტში, გერმანიის საქართველოს ნაკრებების მატჩზე. მაშინ გავიგე, რომ ექიმი და მეღვინე, ადრე მორაგბეც იყო.

გელა ზასოხაშვილი სამი ათეული წლის წინ, ქართველსა და ოსებს შორის მომხდარი ტრაგიკული დაპირისპირების შემდეგ იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა, ჯერ უკრაინაში იცხოვრა და იმუშავა და შემდეგ გერმანიაში დამკვიდრდა.

Your browser doesn’t support HTML5

გელა ზასოხაშვილი (ზასჰოფი)

მდინარე ნაეს ხეობაში, მარტინშტაინში, ღვინის რეგიონში, ექიმს ბედმა არგუნა კარ-მიდამო, ვაზი, შესაძლებლობა დაწუროს ღვინო, რომელიც გელა ექიმის თქმით, მას კარგად გამოსდის. ვისაც მისი რისლინგი თუ სხვა ღვინო უგემია, ამას ვერ უარყოფს, გემრიელ რისლინგს კი აკეთებს გელა ექიმი.

2017 წელს, როცა პროგრამა „შინ-უცხოეთში-სთვის“ გელა ზასჰოფზე (ასე იცნობენ მას გერმანიაში) მოკლე ფილმი გადავიღეთ ოპერატორ ილია სამურგანიდისთან ერთად, გელა ექიმმა გვითხრა: „ჩემთვის ვაზი და ღვინო ცოცხალი არსებაა,“ „მიწის სიყვარული გამეღვიძა, რაღაცნაირად მიწის სიყვარული, ბუნების სიყვარული - სამწუხაროდ არა ჩემს მიწაზე საქართველოში, არამედ გერმანიაში...“

ამ ადამიანს დიდი გამოცდილება აქვს მედიცინაში, მრავალმხრივი ექიმი. მას ბად ზობერნჰაიმში აქვს თავის კერძო საექიმო კლინიკა - როგორც გერმანიაში უწოდებენ, თავისი „პრაქსისი“. ასეთ საექიმო პატარა ან შედარებით დიდ „პრაქსისში“ მუშაობს ხოლმე ერთი ან რამდენსამე ექიმი, მათ აქვთ იურიდიული აღიარება, ხელშეკრულებები სადაზღვევო ფირმებთან, და სხვა პირობები, დაქირავებული აქვთ სივრცე და იღებენ პაციენტებს. გელა ზასოხაშვილი თვლის, რომ საქართველოში ეს ფორმა კარგად იმუშავებს და ფიქრობს ამაზე, იქნება ოდესმე ეს მოახერხოს კიდეც. თუმცა, გერმანელი პაციენტების დატოვება არ სურს და მათაც გელა ექიმის გაშვება არ სურთ.

Your browser doesn’t support HTML5

შინ - უცხოეთში: გელა ზასოხაშვილი

გელა ზასჰოფის ვენახში ძალიან კარგად იხარა ალადასტურმა და გორულმა მწვანემ, „შესანიშნავი მოსავალი ჰქონდა ქართლში რომ ჩინურს უძახიან - ჩინურმა, იგივე ჩინებულმა“...და იქნება საქართველოში „გადმოინერგოს“ სასიკეთო პრაქტიკები გერმანიიდან.

იმედი აქვს გელა ზასოხაშვილს, რომ „პროგრესულად მოაზროვნე ქართველების და ოსების ნატვრა რაც არის, ეს არის შერიგება, ისევ ერთად ყოფნა, ისევ ძმობა, მეგობრობა... არასდროს არაფერი ჰქონდათ გასაყოფი, ორივე ქრისტიანი ერი ვართ და ჩვენი ერთად ყოფნა მომავალში ღვთისგან არის გადაწყვეტილი და მე მგონი ასეც იქნება“.