პირველი ლგბტქი პრაიდი კავკასიაში, კონკრეტულად კი თბილისში, დაანონსებულია. როგორც მთელ მსოფლიოში, ისე საქართველოშიც, აქცია პრაიდების თვეში, ივნისში იგეგმება. დაანონსებულია იმ ხალხის საყოველთაო მობილიზაციაც, ვინც ამბობს, რომ გეი აღლუმის გამართვას საქართველოში არ დაუშვებს. ჩატარდება თუ არა თბილისი პრაიდი უსაფრთხოდ, დიდწილად პოლიციაზეა დამოკიდებული.
აქციის ადგილი - არც გლდანი და არც დიდგორის ველი
ტექსტი, რომლითაც ქართველმა ლგბტქი აქტივისტებმა, "თბილისი პრაიდის" საორგანიზაციო ჯგუფის წევრებმა პრაიდი დააანონსეს, მკაფიოდ ამბობს, რომ კვირეულის ფინალი - ღირსების მარში, არ იქნება საზეიმო და კარნავალური. და ამას აქვს თავისი მიზეზი - "საქართველოში ქვიარებს არ ეზეიმებათ".
პრაიდის კვირაში თბილისში დაგეგმილია:
- თეატრალური პერფორმანსი, კაფკას „მეტამორფოზა“,
- საერთაშორისო კონფერენცია,
- ღირსების მარში.
სად გაიმართება მსვლელობა, ჯერ საზოგადოებისთვის უცნობია. "თბილისი პრაიდის" დირექტორმა გიორგი თაბაგარმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ბოლო წლებია აქტივისტები შსს-ს მაღალჩინოსნებისგან უცვლელ მესიჯს იღებენ - თუ ისინი უარს იტყვიან რუსთაველსა და თავისუფლების მოედანზე აქციის გამართვაზე, სხვაგან მათ ყველგან უპრობლემოდ დაიცავენ.
ამ გარემოებას გარკვეულწილად ახლაც გაითვალისწინებენ, რადგან პროვოკაციის მომხრეები არ არიან, ამბობს გიორგი, თუმცა, მაგალითად, გლდანში, ეს პრაიდი პრინციპულად არ ჩატარდება, რადგან ეს არ არის ის ადგილი, სადაც ადამიანები საპროტესტო აქციას აწყობენ ხოლმე:
„ამ ღონისძიების მთავარი მიზანი ის არის, რომ ჩვენ მოგვეცეს შეუზღუდავად შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. გლდანში ან დიდგორის ველზე აქციის ჩატარება ვერ ჩაითვლება ამ უფლებით შეუზღუდავად სარგებლობად“.
თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილია უცხოელი აქტივისტების, უფლებადამცველების და ასევე, მაღალი თანამდებობის პირების თბილისში სტუმრობა. და რადგან ეს პრაიდი კავკასიაში პრაიდის ჩატარების პირველი მცდელობაა, ორგანიზატორებს სურთ საქართველოში უმასპინძლონ ლგბტ ადამიანებს სომხეთიდან და აზერბაიჯანიდანაც.
პრაიდის ორგანიზატორები მთავარ პასუხისმგებლობას უსაფრთხოებაზე სახელმწიფოს აკისრებენ, კერძოდ, პოლიციას.
„ადამიანებს, რომლებიც დღეს იმუქრებიან, ადეკვატური პასუხი შსს-მ უნდა გასცეს. ცხადია, ისევე როგორც ადრე, მათ შეუძლიათ მოაწყონ კონტრაქცია, თუ ეს არ იქნება ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი“, - ამბობს გიორგი თაბაგარი.
რატომ არის ასე მნიშვნელოვანი პრაიდის მოწყობა?
„პრაიდი სიამაყეს ნიშნავს. ეს კონკრეტული აქცია კი იმისთვის გვჭირდება, რომ მიწისქვეშეთიდან გამოვიდეთ, ერთმანეთი გავაძლიეროთ და საზოგადოებაში ჩვენი ადგილი დავიმკვიდროთ. გვქონდეს თანასწორუფლებიანობა და არა პრივილეგიები“, - უთხრა გიორგი თაბაგარმა რადიო თავისუფლებას.
გიორგის, რომელიც თავად უცხოეთში გამართული არაერთი პრაიდის მონაწილეა, ასევე ვკითხეთ, რა თავდაჯერებას აძლევს თემის წევრს ასეთ აქციაში მონაწილეობა:
„ჩემთვის პრაიდი არის ის ღონისძიება, სადაც ყველაზე მეტად ვძლიერდები როგორც აქტივისტი და როგორც თემის წევრი. ბევრნაირ პრაიდზე ვყოფილვარ, საზეიმოზეც და პოლიტიკურზეც. ყველგან მთავარი მიზანი ერთად დგომა და იმ გზავნილების მიტანაა გადაწყვეტილების მიმღებ პირებამდე, ვინც კონკრეტულ ქვეყანაში პოლიტიკას განსაზღვრავს“.
გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ შესაძლოა, ამ პრაიდს ჰყავდეს მოწინააღმდეგეები თემშიც, ვინც არ არის ხილვადობის მომხრე, თუმცა მისი ინფორმაციით, არავინ ამ ინიციატივის წინააღმდეგ არ მიდის. ეს არ არის ორი-სამი ადამიანის მიერ დაგეგმილი აქცია და მის მომზადებაში სერიოზული რესურსია ჩადებული.
ანტიგეი აღლუმების ქრონიკა
"გეი აღლუმების" (როგორც მას საქართველოში უწოდებდნენ) საწინააღმდეგო აქციები საქართველოში ჯერ კიდევ მაშინ იმართებოდა, როდესაც ამაზე ღიად თავად თემის წევრებიც კი არ ლაპარაკობდნენ,
„გამოგონილი გეი აღლუმების“ ისტორიას დეტალურად მიმოიხილავს გენდერის მკვლევარი ეკა აღდგომელაშვილი ვიდეოში, რომელიც „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა" მოამზადა.
ეკა ამ ვიდეოში ამბობს, რომ 2012 წელს, როდესაც აქტივისტებმა საქართველოში 17 მაისის - ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნა მართლაც გადაწყვიტეს, საზოგადოებაში უკვე არსებობდა ნათლად გამოკვეთილი, წინასწარი უარყოფითი განწყობა.
რა არის პრაიდი?
გეი პრაიდები ან ლგბტქი პრაიდები, როგორც მას ასევე უწოდებენ, მსოფლიოში ტარდება თემის წევრების მიმართ არსებული დისკრიმინაციის და ძალადობის წინააღმდეგ. ადამიანები ქუჩაში გამოდიან მათი ხილვადობის ასამაღლებლად. იმ უფლებების დასაცავად, რაც მათ კანონით ეკუთვნით, მაგრამ რომელი უფლებების დაცვაც მუდმივი ბრძოლის ფასად უჯდებათ. ჩვენ ვარსებობთ - ამბობენ ისინი - დაგვინახეთ.
პრაიდებს დღეს ფესტივალის სახე აქვს, კოსტიუმირებული მსვლელობაა და საზეიმო განწყობა ახლავს.
პრაიდის თვე ივნისია და ის „სთოუნვოლის ამბოხებებს“ (1969 წლის 28 ივნისის დილას ნიუ-იორკის პოლიციის ოფიცრებმა ცნობილი რეიდი განახორციელეს გრინვიჩ ვილიჯში მდებარე გეი ბარზე - “სთოუნვოლის სასტუმრო”) უკავშირდება. სთოუნვოლი, ფაქტობრივად თანამედროვე ლგბტ უფლებათა მოძრაობის სტარტი იყო.
ლგბტქი პრაიდებს ბევრ ქვეყანაში ჰყავს მოწინააღმდგე ჯგუფები, რომლებიც ხშირად კონტრაქციებსაც აწყობენ. თუმცა ეკა აღდგომელაშვილს არ ახსენდება ლგბტქი თემის წინააღმდეგ ჩატარებული არც ერთი ისეთი ხალხმრავალი და ორგანიზებული აქცია, როგორიც საქართველოში 2013 წლის 17 მაისს გაიმართა და რომლის უკანაც, მისის სიტყვებით, კონკრეტული ინსტიტუცია იდგა.
10 000 კაცს გამოვიყვანთ - „ქართული მარში“ „ღირსების მარშს“ ქუჩაში დახვდება
ნაციონალისტური მოძრაობა „ქართული მარში“ პრაიდის საპასუხოდ სრულ მობილიზაციას გეგმავს და დედაქალაქის ყველა ცენტრალური გამზირის დაკავებას აპირებს, რომ დაანონსებული „ღირსების მარში“ ვერ ჩატარდეს აღმაშენებლის, ჭავჭავაძის, ყაზბეგის, რუსთაველის გამზირებსა და ძველი თბილისის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მოძრაობის ლიდერი სანდრო ბრეგაძე თან ამბობს, რომ აქციის მონაწილეები ძალადობრივ მეთოდებს არ მიმართავენ, თან ორი დღით ადრე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში „სისხლის უკანასკნელ წვეთამდე“ ბრძოლით და პოლიციასთან დაპირისპირებითაც კი იმუქრება.
ამ საგანგებო ვიდეომიმართვაში ბრეგაძე მოსალოდნელ პრაიდს უწოდებს „საშინელებას“, ხოლო მის ორგანიზატორებს „ნაძირლებს, ავაზაკებსა და მოღალატეებს“.
„ყველაზე მეტად მათი დამცველი შსს-ს ახალი ხელმძღვანელობაა... ჩვენ არავისი გვეშინია. ბოლომდე დაგიდგებით წინ, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე შეგებრძოლებით. თქვენ იქნებით ჩვენთვის ისეთივე დამპყრობლები, როგორც იყო ჩვენთვის მე-11 არმია, მურვან ყრუ, შაჰ-აბასი და ჯალალ ედ დინი. არც თქვენი ნიღბიანების გვეშინია და არც თქვენი სპეცრაზმის“, - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ და „ქუდზე კაცი გამოიძახა“.
ქართული მარშის ლიდერის მიმართვას ფეისბუკზე ასობით გაზიარება აქვს და ასობით მხარდამჭერი კომენტარი. მათ შორის, პოლიციელებისაც, რომლებიც წერენ, რომ „ფორმას გაიხდიან და მათ გვერდით დადგებიან“.
„ქართულმა მარშმა“ მერიას კონტრაქციის ჩატარების განცხადებით უკვე მიმართა - შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონი ამბობს, რომ ორგანიზატორები ვალდებულები არიან მერიას აცნობონ დაგეგმილი აქციის თაობაზე. თუმცა მერია ამ ამბავს ცნობად იღებს - მას არც ნებართვის გაცემის ფუნქცია აკისრია და არც შეკრების აკრძალვის უფლება აქვს.
თუ აქციის ორგანიზატორები გზის სავალი ნაწილის გადაკეტვას დაგეგმავენ, აქ უკვე შსს და საპატრულო პოლიცია ერთვება.
პრაიდის ორგანიზატორებს შსს-სთვის ჯერ არ მიუმართავთ. თუმცა მათ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი, ცხადია, სამართალდამცველი ორგანოები იქნებიან. და უნდა ვივარაუდოთ, რომ „ქართული მარშის“ მუქარის და დაანონსებული მობილიზების ფონზე, პოლიციას თავადაც მოუწევს დიდი ძალების მობილიზება.
პრაიდს მოწინააღმდეგეები თემის შიგნითაც ჰყავს
რადიო თავისუფლებაში ლგბტ აქტივისტის, ელია ამისულაშვილის წერილი მოვიდა. ის გვწერს, რომ ის არ ემხრობა ღირსების მარშის ჩატარებას თბილისში და მას არაფერი საერთო მსგავს პრაიდებთან არა აქვს.
„ჩვენ არაფერი გვეამაყება, იმ ქვეყანაში სადაც მენტალიტეტის გამო ოჯახებიდან ყრიან უმცირესობებს! სადაც რელიგია ებრძვის განსხვავებულებს და სადაც სკოლებში დღემდე აბულინგებენ გეებს მათივე მასწავლებლები, თანაკლასელები და მათი მშობლები“, - ელია ამბობს, რომ ამ ფორმალური ღონისძიებით საქართველო ევროპაში გამოცხადდება უმცირესობებისთვის უსაფრთხო ქვეყნად, რაც გამოიწვევს უამრავი გაქცეული გეი/ტრანსის თუ ბისექსუალის გამოძევებას იმ ქვეყნებიდან, რომლებიც მათ იფარებენ.
„ჩემი თხოვნაა ნუ ჩაერთვებით ამ ბინძურ კამპანიაში, თორემ მალე გასაქცევიც აღარ დაგრჩებათ, რომ ცოტა იფიქროთ ადამიანებზეც რომლებმაც ძალიან ბევრი რაღაცის დათმობის და დათმენის ხარჯზე წლებია გეი სტატუსით ევროპაში იპოვეს თავშესაფარი“, - წერს ელია.
კრიტიკული კითხვა: „ვაგრძელებთ ცხოვრებას თუ მივდივართ ამ ქვეყნიდან?
ამ კითხვაზე გადის ზღვარი ლგბტ აქტივის, პაატა საბელაშვილისთვის, თბილისში, პრაიდის ჩატარების მნიშვნელობაზე ლაპარაკისას.
პაატა ერთ-ერთი პირველია მათგან, ვინც წლების წინ საქართველოში ლგბტ ადამიანების უფლებებისთვის ბრძოლა დაიწყო - ჯერ კიდევ თემის აბსოლუტური უჩინარობის დროს. მისთვის გარეთ გამოსვლა თვითმიზანი არ არის:
„გარეთ გავდივართ, რათა ხმა ავიმაღლოთ იმ ძალადობისა და დევნის წინააღმდეგ, რაც განსაკუთრებით 2013 წლის 17 მაისიდან მოყოლებული უპასუხოდ და დაუსჯელად გრძელდება. და რაც უფრო მეტად გვდევნიან, მით მალე მოხდება თვითგამორკვევა და ღირსეული ცხოვრებისკენ სწრაფვა ლგბტ თემში“, - უთხრა პაატამ რადიო თავისუფლებას.
Your browser doesn’t support HTML5
კიდევ ერთი ლგბტ აქტივისტი, რომელმაც ასევე ერთ-ერთმა პირველმა დაარღვია დუმილი და საკუთარი იდენტობის შესახებ ხმამაღლა ალაპარაკდა, გვეუბნება, რომ გამოხატვის თავისუფლებისთვის თემი დიდი ხანია საქართველოში იბრძვის. კონსტიტუციური უფლება, რომლითაც საქართველოში ყველა სარგებლობს, მხოლოდ მათ მიმართ ირღვევა, ამიტომ მას პრაიდის ჩატარების ინიციატივის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.
„მით უფრო, რომ ჩემთვის, 2012 და 2013 წლებში ჩატარებული აქციებიც პრაიდი იყო. ის მუხტი, რაც პრაიდს დასაბამიდან ჰქონდა, ნებისმიერ ჩვენ გარეთ გამოსვლას აქვს. ვფიქრობ, რომ ყველაფრის კარგად განსახორციელებლად ფართო დისკუსია უნდა გაიმართოს თავად ლგბტ მოძრაობაშიც, ყველა უნდა ჩაერთოს, ვინც დღეს აქტიურია და რაც მთავარია, აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული პრაიდში მონაწილე ადამიანების უსაფრთხოება“, - ნათია 2013 წლის 17 მაისის აქციის ის მონაწილეა, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა კონტრაქციის მონაწილეების თავდასხმა ყვითელ ავტობუსზე, რომლითაც ის და მისი მეგობრები დარბეული აქციიდან გაჰყავდათ.
Your browser doesn’t support HTML5
სწორედ იმ გამოცდილებიდან გამომდინარე, ნათია ფიქრობს, რომ სახელმწიფოსთვის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ვალდებულების სამართლიანად დაკისრებასთან ერთად, კონკრეტული გეგმა აქტივისტებსაც უნდა ჰქონდეთ.