გიორგი გახარია სექტემბრის შუა რიცხვებში შეხვდა საქართველოში ამერიკული „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს, ჯონი დიპიროს.
შეხვედრის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა ტელეკომპანია „იმედმა“, რომელიც იუწყებოდა, რომ შეხვედრაზე გახარიას „დაავალეს“ მამუკა ხაზარაძესთან საარჩევნო გაერთიანებაზე ჩაშლილი მოლაპარაკებების „შემობრუნება“.
პირველ ნოემბერს გახარიას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, კახაბერ ქემოკლიძემ ფეისბუკზე დაწერა, რომ გახარიასა და დიპიროს შეხვედრა შედგა 17 სექტემბერს, თბილისში, კაფე „ლეიზიში“ - ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე, - 12:30-სა და 13:30 საათს შორის, - სამი დღით ადრე, ვიდრე ეს „ნიუსი“ „იმედმა“ გაავრცელა.
„ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ფოტო გადაღებულ იქნა რუსი „ტურისტების“ მიერ (ერთი მამაკაცი და ერთი ქალი), რომელიც, როგორც ჩანს, მიაწოდეს სამთავრობო ტელევიზიას და გამოიყენეს პროპაგანდის მიზნით“, - წერს ქემოკლიძე.
„ისმის ვალიდური კითხვა - ვის „ეჯდა“ რუსული ოპერატიული კუდი შუაგულ თბილისში?! - გახარიას (ერთ-ერთი მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერს), თუ IRI-ს (ერთ-ერთი საკვანძო სადამკვირვებლო ორგანიზაციის) დირექტორს?!“ - კითხულობს ის.
ქემოკლიძის თქმით, თუკი ეს ინფორმაცია დადასტურდა, ეს იქნება საქართველოს არჩევნებში რუსეთის სპეცსამსახურების ჩარევის დამადასტურებელი ფაქტი.
კახაბერ ქემოკლიძე უსაფრთხოების საკითხების სპეციალისტია, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ყოფილი უფროსი. 2012-18 წლებში ის მთავარი მომლაპარაკებელი იყო ერგნეთი/გალის შეხვედრებზე, 2018-19 წლებში კი - შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი.
ასევე ნახეთ „მინდა, რომ ნატოზეც თქვან უარი“ - კრემლი და მისი პროპაგანდისტები საქართველოს მომავალს გეგმავენ ასევე ნახეთ არჩევნების შედეგები ასევე ნახეთ როგორ შემოუშვა სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი საქართველომ საარჩევნოდ და რა დაწერა მან