გახარია: „ლელოს“ მოთხოვნა იყო, არ ვყოფილიყავი სიაში, რასაც დავთანხმდი

გიორგი გახარია შეთანხმების აქამდე უცნობ პირობებზე საუბრობს.

„ერთ-ერთი ასეთი პუნქტი იყო, რომ გახარია არ უნდა იყოს სიაში“, - აცხადებს ექსპრემიერი გიორგი გახარია „ლელოსთან“ გაერთიანებაზე მოლაპარაკებების შესახებ.

რადიო თავისუფლების კითხვაზე პასუხად გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ „ლელომ“ მოლაპარაკებებში ეს პუნქტი წამოაყენა და, გახარიას თქმით, იგი ამას დასთანხმდა.

„მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონმა პრეზიდენტმა მე დამიცვა … ისეთი სიდიდის და მნიშვნელობის საკითხი იყო მაგიდაზე, რომ მე ამაზე დავთანხმდი“, - თქვა გახარიამ 20 სექტემბერს პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

პასუხად „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ მოგვიანებით განაცხადა, რომ მოლაპარაკებებისას გახარიას შესთავაზა, არცერთი არ ყოფილიყო სიაში, თუმცა შემდეგ ეს შეთავაზება უკან წაიღო:

„მას შევთავაზე, რადგან კონფლიქტის წარსულიდან მოვდივართ, ხომ არ ჯობია, არ ვიყოთ სიაში და ახალგაზრდებს დავუჭიროთ მხარი-მეთქი. გუშინდელ შეხვედრაზე მივხვდი, რომ შეიძლება ჩათვალა, რომ ვიღაცას უნდა ჩემი და მისი სიაში არჩაწერა. მან, შეიძლება, ჩათვალა, რომ ეს მისი პოლიტიკიდან ჩამოშორებას იწვევდა. ამიტომ ვუთხარი, როგორც კომპრომისი, მზად ვარ. ეს პუნქტი შევცვალე და, თუ აქვს სურვილი იყოს სიაში, იყოს სიაში. და მეც მასთან ერთად“, - თქვა ხაზარაძემ ბრიფინგზე, „ლელოს“ ოფისში.

დამაზუსტებელ კითხვაზე, არის თუ არა „ლელოსთან“ შეუთანხმებლობის ერთ-ერთი მიზეზი საარჩევნო სიაში პირადად მისი არყოფნის მოთხოვნა, გახარიამ თქვა: „ვთქვი პრობლემაა-მეთქი?! პრინციპებში ჩამოვთვალე?!“

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მე მარტო არ ვარ. არასდროს ვამბობ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ვარ მხოლოდ მე. ჩემ უკან უზარმაზარი გუნდია. თქვენ თუ დააკვირდებით, სხვა ბევრი პარტიისგან განსხვავებით, ჩვენი გუნდი ძალიან მდგრადია. ეს ადამიანები დაახლოებით ათი წელია, ერთად ვშრომობთ. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, ბევრი ვერ დავარწმუნე. როდესაც ვსაუბრობდით, იმ დონეზე ვიყავით მისულები, რომ ამ ადამიანებს ვესაუბრებოდი, მეგობრებო, თქვენ შეიძლება მოგიწიოთ სიაში შესვლა, სადაც მე ვერ ვიქნები, ბევრმა უარი თქვა. ზოგი წინააღმდეგი იყო“, - განაცხადა გახარიამ.

მანამდე გახარიამ ჩამოთვალა სამი საკითხი და თქვა, რომ მზადაა, საარჩევნოდ „ლელოსთან“ საერთო შეთანხმებას მოაწეროს ხელი, თუ მამუკა ხაზარაძის პარტია ამ პირობებს დათანხმდება. ეს პირობებია:

  • ნეიტრალური საარჩევნო პლატფორმა, - თუმცა რა ნომრით, ის არ აზუსტებს და ამბობს, რომ ტექნიკურად შესაძლებელია;
  • პარიტეტული პრინციპი - რომ პარტიებს შორის ადგილები გარკვეული წესით გადანაწილდეს;
  • პრინციპი, რომ არჩევნების შემდეგ არ შედგება კოალიცია არც „ქართულ ოცნებასთან“ და არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“.

გიორგი გახარიას განცხადების შემდეგ პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ მხარეები მანამდე ცხრა პუნქტზე იყვნენ შეთანხმებული, ხოლო „გახარიას ახალი პირობები [რომლებიც დღეს ჩამოთვალა] ტექნიკურად, სამართლებრივად შეუძლებელია“:

„ეს ნიშნავს, რომ პარტიები, ჩვენი კოალიცია, ჩვენი გაერთიანება უნდა ჩამოშორდეს კამპანიას. იმიტომ, რომ 30 დღის განმავლობაში შეუძლებელია რაიმე კამპანიის, ნომრის, სიის, ტექნიკური საშუალებების მომზადება, განთავსება“, - თქვა ხაზარაძემ.

„არ ვუპასუხებ ქვეტექსტებს, რაც, სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ სტილია, რომ მიაწებონ ადამიანს უხეში ეპითეტები“, - თქვა მამუკა ხაზარაძემ და განაცხადა, რომ შეთანხმებულ ცხრა პუნქტში იყო შემდეგი პრინციპული საკითხებიც:

  1. 20 ივნისის საკითხი;
  2. ანაკლიის პორტის საკითხი, - „ის უნდა აშენდეს დასავლური ინვესტიციით და არა ჩინური ინვესტიციით“;
  3. „წერილის“ საკითხი, - „საჯარო საკითხები, რაც უნდა გამოიძიონ დამოუკიდებელი სასამართლოს და პროკურატურის პირობებში“.
ასევე ნახეთ გახარია მზადაა, ხაზარაძესთან შეთანხმებას ხელი მოაწეროს სამი პირობის შესრულების შემთხვევაში