დაახლოებით ერთი კვირის წინ, რადიო თავისუფლებას, თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირის #18-ში მცხოვრებმა მამაკაცმა აცნობა, რომ მათ კორპუსში ლიფტის ბაგირი ჩაწყდა. იმ მომენტში ლიფტში მგზავრი არ იყო და არავინ დაშავებულა. ამ კორპუსს, ისევე როგორც თბილისის არაერთ ძველ კორპუსს, ორი ლიფტი ემსახურება - სატვირთო და სამგზავრო. ჩვენი რესპონდენტი ამბობდა, რომ სწორედ სამგზავრო ლიფტი დაზიანდა.
ლიფტის ბაგირი „გაწყვეტამდე იყო მისული“, მაგრამ არ გაწყვეტილა, თუმცა, რადგან მოძრაობა აღარ იყო უსაფრთხო, გააჩერეს - გვითხრა კორპუსის ამხანაგობის თავმჯდომარემ, ბუბა შერვაშიძემ.
საბურთალოს გამგეობაში გვითხრეს, რომ ლიფტს რეაბილიტაცია სამი წლის წლის ჩაუტარეს. სამუშაოები იმ კომპანიამ შეასრულა, რომელსაც თბილისში მანამდე ათობით ლიფტი გაუმართავს.
გამგეობებს თბილისის ლიფტების კონტროლი არ ევალებათ, თუმცა ჩვენი სატელეფონო ზარის შემდეგ, საბურთალოს რაიონის გამგეობის მონიტორინგის ჯგუფმა ყაზბეგის #18-ში მდებარე კორპუსის ლიფტი მაინც მოინახულა და დაადასტურა, რომ მას ჰქონდა ტექნიკური პრობლემა.
დადგენილი წესით, ლიფტების ინსპექტირება სამ წელიწადში ერთხელ უნდა მოხდეს, თუმცა მოწმდება თუ არა მთელი თბილისის მასშტაბით ისინი, განსაკუთრებით კი ძველ კორპუსებში, ან რა პერიოდულობით და ხარისხით, ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი ვერ მოვიძიეთ.
ასევე ნახეთ რამდენი წლისაა თქვენი ლიფტი? - ამბები სადარბაზოებიდანარ არსებობს არც სრულყოფილი ელექტრონული ბაზა, სადაც თბილისის ლიფტების შესახებ ინფორმაცია მოიყრიდა თავს, მოსახლეობა კი შეძლებდა ამ ბაზაში ის მაინც მოეძებნა, როდის შეამოწმეს ბოლოს მათ კორპუსის ლიფტი.
მერიას თბილისის ლიფტების უსაფრთხოების საკითხში პასუხისმგებლობა მოხსნილი აქვს. ჩვენს კითხვებზე პასუხების მისაღებად მათ გამგეობაში გაგვაგზავნეს.
აღმოჩნდა, რომ ლიფტი, სადარბაზო, სახურავი და წითელ ხაზებში გამავალი წყალ-კანალიზაცია ამხანაგობის საერთო სარგებლობაა და მათი მოვლა-პატრონობაც ამხანაგობას ევალება. გამგეობიდან კი მოგვწერეს, რომ ამხანაგობამ უნდა მიმართოს „ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსო“.
რადგან ჩვენ გვაინტერესებდა, როგორია სქემა, რომლის მიხედვითაც მოწმდება თბილისში ლიფტები, ასევე ის, თუ როგორ არის პასუხისმგებლობა გადანაწილებული სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის, რა მდგომარეობაშია მოძველებული კაბინები მთელი თბილისის მასშტაბით ან რამდენი ლიფტია სულ თბილისში და მათგან რამდენია ტექნიკურად გაუმართავი, ეკონომიკის სამინისტროს შესაბამის სააგენტოსაც ვთხოვეთ კითხვებზე პასუხები.
წერილის გაგზავნიდან ერთი კვირა გადის - პასუხები ჯერაც არ მიგვიღია.
ახალი ლიფტის რიგში
ლიფტის გაუმართაობის პრობლემა მხოლოდ ძველ აშენებულ კორპუსებში მცხოვრებ მოსახლეობას არ ექმნება. ჯიქიას ქუჩაზე, დაახლოებით ათი წლის წინ აშენებული კურპუსის ბინადრებსაც გამოუცხადეს, რომ მათ ლიფტს ექსპლუატაციის ვადა გაუვიდა და საჭირო იყო მისი რეაბილიტაცია.
როგორც ამ 11-სართულიანი კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრები უყვება რადიო თავისუფლებას, კორპუსის ამხანაგობამ თანადაფინანსების თხოვნით, ვაკის გამგეობას მიმართა, მაგრამ იქ უპასუხეს, რომ რიგში დგომა მოუწევდათ, რადგან დაფინანსების მოლოდინში იყო სხვა ათობით ძველი კორპუსის მოსახლეობაც. რამდენ ხანს მოუწევდათ ლოდინი - არ უთქვამთ.
ამასობაში, ლიფტი მომსახურე კომპანიამ გამორთო, რადგან ჩათვალა, რომ უსაფრთხო არ იყო.
მოსახლეობამ ერთხანს იცადა, მაგრამ მალევე თავად იპოვა გამოსავალი - ფული შეაგროვეს - თითო ოჯახმა 120 ლარი, თურქეთში საჭირო ნაწილი იყიდეს და ლიფტი დროებით, თავიანთი სახსრებით შეაკეთეს იმ იმედით, რომ როცა მათი რიგი მოვა და გამგეობიდან დაურეკავენ, ლიფტს კაპიტალურ რეაბილიტაციას ჩაუტარებენ.
"ეს ლიფტები უბედური შემთხვევის მოლოდინშია"
ერთ-ერთი მსხვილი კერძო კომპანია, რომელსაც ლიფტებისა და სხვა საშიში ობიექტების უსაფრთხოების გამოვლენა ევალება, „CA ინთერნეიშენალია”, რომლის გენერალური დირექტორი, სანდრო შელია რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ ლიფტების უსაფრთხოების სისტემა თბილისში მოშლილია - მოძველებული ლიფტები ფაქტობრივად არ მოწმდება. ხოლო თუ მოწმდება, არ არსებობს სტატისტიკა, რამდენი შემოწმდა ან რა პერიოდულობით.
მისი კომპანია, როგორც წესი, მხოლოდ ახლად აშენებული კორპუსების ლიფტების ინსპექტირებას აკეთებს. ძალიან იშვიათად ხდება როცა მათ რომელიმე ძველი კორპუსის მოსახლეობა უკავშირდება და ლიფტის შემოწმებას უკვეთავს. ეს მხოლოდ გამონაკლისი შემთხვევებია.
ასეთი კორპუსები ან უკონტროლოდაა დარჩენილი, ან ამხანაგობები ერთ სპეციალისტს ქირაობენ, რომლის პასუხისმგებლობაც ხდება ლიფტის გამართული მუშაობა.
ძველი ლიფტები, რომელთაც ქსპლუატაციის ვადა უკვე გაუვიდათ, დროის გასვლასთან ერთად, კიდევ უფრო სახიფათო ხდება.
უსაფრთხოების ექსპერტი ამბობს, რომ ამ პროცესში პასუხისმგებელი სახელმწიფო უნდა იყოს. მოქალაქეებს არც საკმარისი ინფორმაცია აქვთ, არც ტექნიკური ცოდნა და, რაც მთავარია, ხშირად არც შესაძლებლობა, რომ კორპუსის ლიფტებს მიხედონ.
„დღეს რომ კანონის მოთხოვნა შესრულდეს და ზედამხედველობის სამსახურმა თბილისის ყველა ლიფტი შეამოწმოს, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უნდა დააჯარიმოს, რადგან თბილისის ლიფტების აბსოლუტური უმრავლესობა გაუმართავია და ისინი ვერ დააკმაყოფილებენ სხვადასხვა ტექნიკურ მოთხოვნებს“, - გვითხრა სანდრო შელიამ.
Your browser doesn’t support HTML5
დღეს ეს ლიფტები უბედური შემთხვევის მოლოდინშია, - ამბობს უსაფრთხოების ექსპერტი. ამიტომ, სულ ცოტა, რაც, მისი აზრით, სახელმწიფომ უნდა გააკეთოს, ისინი მასობრივად უნდა შეამოწმოს, რომ თუნდაც ყველაზე სახიფათო, ყველაზე გაუმართავი ლიფტები გამოავლინოს.
„მე მაინც მგონია, რომ სწორი დაგეგმვის შემთხვევაში, შესაძლებელია, თბილისის ლიფტების ტექნიკურად განახლება და ამაში მხოლოდ დედაქალაქის მერიამ კი არა, მაგალითად, ფინანსურმა ინსტიტუტებმაც შეიძლება მიიღონ მონაწილეობა. დაფინანსდეს ეს პროცესი, მოსახლეობას კი მიეცეს შესაძლებლობა, რომ ნელ-ნელა გადაიხადონ ეს თანხა წლების განმავლობაში - ეს შესაძლოა, ჯამში იგივე თანხა იყოს, რასაც ისინი დღეს ხურდების დაგროვებით, ლიფტით მგზავრობაში იხდიან და არავინ იცის, ეს ფული სად და როგორ ნაწილდება. დღეს გაკეთებულმა ლიფტმა კიდევ შეიძლება ოცი წელი იმუშაოს“.
სანდრო შელიამ რადიო თავისუფლებას ასევე უთხრა, რომ მათი გათვლით, თბილისის ლიფტების სრული მოდერნიზაცია დაახლოებით ხუთი მილიონი დოლარი დაჯდებოდა.
„ეს მაშინ, როცა ვაკის პარკის შადრევანი 12 მილიონი დაჯდა. თუ იმის საშუალება არსებობს, რომ განაახლო შადრევანი, რომელიც ისედაც მუშაობდა, მაშინ უნდა გამოიძებნოს ხარჯები, რომ განახლდეს ის, რასაც მართლა სჭირდება ეს და რაზეც ადამიანების სიცოცხლეა დამოკიდებული. ის, რომ ეს აქამდე არ გაკეთდა, ჩემი აზრით, უფრო პოლიტიკური ნების არარსებობის შედეგია და არა ეკონომიკური მდგომარეობის“.
ბოლო რამდენიმე წელში, თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ, ლიფტის ჩამოწყვეტის, ადამიანების ლიფტის შახტში ჩავარდნის თუ სხვა სახის ტექნიკური გაუმართაობის არაერთი ფაქტი მოხდა.
ასევე ნახეთ უბედური შემთხვევა გლდანში - ძველი და საშიში ლიფტები- 2020 წელს, გლდანის მე-3 მიკრორაიონში, 6 წლის ბიჭი ლიფტის შახტში ჩავარდა. ბავშვი გადარჩა - ლიფტის ხელოსანი მაშინ ამტკიცებდა, რომ ლიფტი გამართული იყო. ვარაუდობენ, რომ ბავშვმა ლიფტი გამოიძახა, მაგრამ კარი რომ გაიღო, კაბინა იქ არ დახვდა;
- 2020 წელს, ისევ თბილისში, ბაგრატიონის 6-ა-ში, ლიფტის ჩამოწყვეტის შედეგად ოთხი მოქალაქე დაშავდა. დაშავებულებს შორის ერთ-ერთი არასრულწლოვანი იყო;
- 2019 წელს, ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მშენებარე კორპუსში ლიფტი ჩამოწყდა, რომლითაც ექვსი ადამიანი მგზავრობდა.
- 2016 წელს, ლიფტის ბაგირი გაუწყდა ქობულეთის ერთ-ერთი ცხრასართულიანი კორპუსის ლიფტს, რომლითაც გოგონა მგზავრობდა - მაშინ მთელი სისწრაფით დაშვებული კაბინა მეხუთე სართულზე გაიჭედა.
- 2015 წელს, თბილისში, დიღმის მასივში მაღალსართულიან კორპუსში ლიფტის ბაგირი გაწყდა, რის გამოც 60 წლის ქალი ლიფტის შახტში ჩავარდა.
და ეს მხოლოდ უბედური შემთხვევების მცირე ნაწილია, რომელიც გაუკონტროლებელი და მოძველებული ლიფტების მიზეზით ხდება.