გაძვირდება თუ არა თბილისში მგზავრობა

თბილისში მიკროავტობუსებით მგზავრობის ფასი შესაძლოა 20-30 თეთრით გაიზარდოს. კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა“ ამ წინადადებით ქალაქის მერიას მიმართა. მერია გაძვირების ალბათობას არ ადასტურებს.

დათო სამარშრუტო ტაქსის მძღოლია. მერვე წელია ყვითელ მიკროავტობუსს მართავს. როგორც ამბობს, მისი შენახვა ყოველწლიურად სულ უფრო ძვირი უჯდება. თუ მანქანას რამე გაუფუჭდება მისი გასაკეთებელია, თუ არ შეაკეთა, სხვა რომ არაფერი, ტექდათვალიერებასაც ვერ გაივლის.

„ამას ემატება გაძვირებული საწვავი, ლიტრი 3 ლარი გახდა, დღეში 90 ლარის საწვავს ვასხამთ. კომპანიას დღეში 60 ლარს ვუხდით. ახლაც ავიღე ბანკის ვალი და 8 ათასი ლარი ისევ მანქანას დავახარჯე“, - ამბობს ის.

Your browser doesn’t support HTML5

ხალხის რეაქცია მგზავრობის შესაძლო გაძვირებაზე

„თბილისის მიკროავტობუსის“ გენერალური დირექტორი დავით ასანიძე აცხადებს, რომ კომპანიას სხვა გზა აღარ რჩება, გარდა იმისა ტარიფი გაზრდისა. მისი თქმით, დოლარის კურსის ცვლილების გამო მათმა ზარალმა უკვე 100 მილიონ ლარს გადააჭარბა.

„2011 წელს ამ მანქანებში 62 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩავდეთ, მაგრამ ვერ გადავიხადეთ, მიუხედავად იმისა, რომ ბანკმა რამდენჯერმე გაგვიკეთა ვალის რესტრუქტურიზაცია. ჩვენი იმედი, რომ 2018 წლისთვის ვალს მთლიანად დავფარავდით და ახალ მანქანებს შევიძენდით არ გამართლდა“.

დავით ასანიძის თქმით, ქალაქის ხელმძღვანელობის პოზიცია ყოველთვის ის იყო, რომ მგზავრობის ფასი არ უნდა გაზრდილიყო. ფასი მართლაც არ გაიზარდა, სანაცვლოდ გაუარესდა მომსახურების ხარისხი.

„2011 წლიდან დღემდე არაფერი დარჩა საქართველოში რაც არ გაძვირებულა, გარდა მიკროავტობუსებისა. ავტობუსებს ნუ შეადარებთ, ავტობუსები სახელმწიფო დოტაციაზეა. თუ ფასი არ გაიზარდა, ჩათვალეთ, რომ სამარშრუტო ტაქსები მალე აღარ იქნება“, - ამბობს დავით ასანიძე და განმარტავს, რომ მგზავრობის ფასის 20-30 თეთრით გაძვირება კომპანიას საშუალებას მისცემს ახალი მანქანები შეიძინოს, ასევე გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს დაევალა მოელაპარაკოს „თბილისის მიკროავტობუსის“ წარმომადგენლებს, რათა ორი კვირის განმავლობაში გამონახონ გამოსავალი, ძველი მანქანების ახლით შესაცვლელად. ამ დრომდე მერიის პოზიცია კვლავ არსებული ფასის შენარჩუნებისკენ იხრება.