გაშიშვლება და სხეულის აგრესიული ჩხრეკა ქალთა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში

სახალხო დამცველისა და ადამიანის უფლებათა სახლის ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, რომელიც N 5 პენიტენციურ დაწესებულებაში 2018 წლის დასაწყისში მიმდინარეობდა, გამოჩნდა, რომ კვლავ აქტიურად გამოიყენება ღირსების შემლახავი და დამამცირებელი მოპყრობის პრაქტიკა მსჯავრდებული ქალების მიმართ, რაც მათი სხეულის აგრესიულ შემოწმებაში, ამ შემოწმებისთვის სრულ გაშიშვლებასა და, რიგ შემთხვევებში, “ბუქნების გაკეთებაში” გამოიხატება მაშინაც კი, თუ მათ მენსტრუალური ციკლი აქვთ.

შემოწმება მიზნად ისახავს ბრალდებულების/მსჯავრდებულების სხეულში აკრძალული ნივთის პოვნას, თუმცა აღმოჩნდა, რომ 2018 წლის განმავლობაში ჩატარებული სხეულის სრული შემოწმების შედეგად ამ კონკრეტულ დაწესებულებაში განთავსებულ ქალებს აკრძალული ნივთები არ ჰქონიათ.

ეს პრაქტიკა პენიტენციური სისტემისთვის ახალი არ არის, გასულ წლებშიც ფიქსირდებოდა და უფლებადამცველების ყურადღებას იქცევდა. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ სრული გაშიშვლება უნდა განხორციელდეს მხოლოდ კონკრეტული ეჭვის საფუძველზე, შესაბამის გარემოში და განხორციელდეს ღირსების პატივისცემის პირობებში.

ქალ პატიმართა მოპყრობისა და მსჯავრდებულ ქალთა არასაპატიმრო ღონისძიებების შესახებ გაეროს წესების მიხედვით კი, სხეულის აგრესიული ჩხრეკა უნდა ჩაანაცვლოს ისეთმა ალტერნატიულმა მეთოდებმა, როგორიცაა სკანირება.

2018 წლის პირველ ოთხ თვეში N 5 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ქალი მსჯავრდებულები იხდიან სასჯელს, სხეულის სრული შემოწმება ჩაუტარდა 514 ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაწესებულებაში მიღებისას, ხოლო 566-ს დაწესებულების დატოვებისას.

შემოწმების წესთან დაკავშირებით საყურადღებოა ისიც, რომ პატიმარი ქალების დიდი ნაწილი არ არის ინფორმირებული სრული შინაგანი შემოწმების დანიშნულების შესახებ. სრული შინაგანი შემოწმება პირადი შემოწმების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, რომელიც ტარდება სამედიცინო მუშაკის მიერ გინეკოლოგიურ სავარძელზე იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს საფუძვლიანი ეჭვი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულში აკრძალული ნივთიერების არსებობის შესახებ. აღნიშნული შემოწმება პატიმრების ნაწილისათვის სამედიცინო გამოკვლევასთან ასოცირდება. მნიშვნელოვანია პატიმარ ქალებს სათანადოდ განემარტოთ სრული შინაგანი შემოწმების დანიშნულება და მისი გამოყენების საფუძვლები.

მიუხედავად იმისა, რომ 2016 წელს N 5 პენიტენციურ დაწესებულებაში სკანერის აპარატი დამონტაჟდა და დაწესებულების დებულებაში სრული შემოწმების წესებთან დაკავშირებით შევიდა ცვლილებები, რომელთ თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს თავად უნდა აერჩია შემოწმების მეთოდი, ქალებს ამ არჩევანის გაკეთების საშუალება არ აქვთ და ისინი აუცილებლადორივე ტიპის შემოწმებას გადიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს ეწინააღმდეგება დაწესებულების დებულებას.

2018 წლის პირველ ოთხ თვეში N 5 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც ქალი მსჯავრდებულები იხდიან სასჯელს, სხეულის სრული შემოწმება ჩაუტარდა 514 ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაწესებულებაში მიღებისას, ხოლო 566-ს დაწესებულების დატოვებისას.

ქალი პატიმრების განმარტებით, აღნიშნული პროცედურები იყო დამამცირებელი და მორალურ ზიანს აყენებდა მათ. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული პროცედურები ტარდებოდა პატიმრის მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვებისას და დაბრუნების ყველა შემთხვევაში, პატიმრები უარს აცხადებდნენ დაწესებულების გარეთ სამედიცინო მომსახურების მიღებასა და სასამართლო პროცესზე გაყვანაზე.

N 5 პენიტენციურ დაწესებულებაში მონიტორინგი 2018 წლის აპრილში განხორციელდა და ამ პერიოდში გამოიკითხა 91 პატიმარი.