ისევ გაურკვეველია, როდის გაათავისუფლებენ ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან მამუკა ჩხიკვაძეს

ფოტო არქივიდან: ცხინვალის შესასვლელი

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფი, ყოფილი სამხედრო მოსამსახურის, მამუკა ჩხიკვაძის ნათესავები მის გათავისუფლებას მეორე თვეა უშედეგოდ ელოდებიან. მაისში დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა ამნისტიის შესახებ დადგენილება გამოსცა და მამუკა ჩხიკვაძეს იმედი გაუჩნდა, რომ მალე გაათავისუფლებდნენ.

ამის შესახებ მან ტელეფონით ოჯახის წევრებსაც უთხრა. რამდენიმე დღის წინ ცხინვალიდან დასთან დარეკვა მან კიდევ ერთხელ შეძლო, თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებას მამუკა ჩხიკვაძის ბიძა, შმაგი ჭანკვეტაძე ეუბნება, საუბარი ცოტა ხანს გაგრძელდა და ახალი არაფერი უთქვამს.

„ბათუმში, მამუკას დას ველაპარაკე. იმან მითხრა, დამირეკაო, ოღონდ ძალიან მოკლედ მელაპარაკაო. ორი-სამი სიტყვით მომიკითხა, როგორ ხარო და ის ვერ მითხრა, გათავისუფლებაზე თუ რამე ხდება. მოკლედ, არც მან იცის არაფერი“.

არ ვიცი, ვაჭრობენ თუ რას აკეთებენ, არ ვიცი. ერთი რამ ნამდვილად ვიცი, რომ ამნისტიის გამოცხადების შემდეგ ცხინვალის ციხიდან არავინ გამოსულა.
შმაგი ჭანკოტაძე

მამუკა ჩხიკვაძის ოჯახი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისგანაც ცდილობს ახალი ამბის გაგებას, თუმცა, როგორც შმაგი ჭანკვეტაძე გვეუბნება, ისინი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის ამოქმედებას ელოდებიან. ჭანკვეტაძისთვის ისიც ცნობილია, რომ ამნისტიის გამოცემის შემდეგ ცხინვალის ციხე ჯერ არავის დაუტოვებია.

„ამათ (სუსის წამომადგენლები) ვისაც ვურეკავ, მეუბნებიან, რომ იქაური მხარისგან ველოდებით დაზუსტებულ ინფორმაციასო, ევროკავშირის მისიის ცხელი ხაზის მეშვეობით. ახალს უკვე ვეღარაფერს ვიგებთ. ამათმა მითხრეს, რომ ადრეც ასე იყოო, ვისაც შეეხო ამნისტია, სამი-ოთხი თვე კიდევ ჰყავდათ იქ, ვიდრე გამოუშვებდნენო. არ ვიცი, ვაჭრობენ თუ რას აკეთებენ, არ ვიცი. ერთი რამ ნამდვილად ვიცი, რომ ამნისტიის გამოცხადების შემდეგ ცხინვალის ციხიდან არავინ გამოსულა“.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, რომელიც 27 აპრილს გაიმართა, ოკუპირებული ცხინვალის ციხეში, უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების გათავისუფლებაზეც იმსჯელეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების თვალსაზრისით პოზიტიური სიგნალი აქვთ, თუმცა დეტალებს არ გაამხელს.

ამის შემდეგ, 8 მაისს, დე ფაქტო პარლამენტმა ამნისტიის შესახებ დადგენილება გამოსცა. ისიც გაირკვა, რომ ხუთი პატიმრის გათავისუფლება იგეგმება, ორს კი სასჯელი გაუნახევრდება და საპატიმროს ისინიც დატოვებენ. ამ დრომდე გაურკვეველია, ეხებათ თუ არა ამნისტია საქართველოს მოქალაქეებს.

ასევე ნახეთ დე ფაქტო პარლამენტმა ამნისტიის შესახებ დადგენილება მიიღო - მამუკა ჩხიკვაძის საკითხი გაურკვეველია

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მამუკა ჩხიკვაძე 2021 წლის 12 დეკემბერს დააკავეს სოფელ ზემო ნიქოზის სიახლოვეს. ყოფილი ჯარისკაცი მანამდე შინდისის გმირთა მემორიალთან ნახეს, მოგვიანებით კი - ნიქოზის სასაფლაოსთან.

ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორსა და ციხეში პატიმრები აუტანელ პირობებში იმყოფებიან.
სამოქალაქო აქტივისტები

14 დეკემბერს მისმა მეგობრებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ჩხიკვაძეს ცხინვალის იზოლატორში სცემდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ. მათ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს. სასამართლომ რუსეთის ფედერაციას, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელ მხარეს, მამუკა ჩხიკვაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება დაავალა.

მამუკა ჩხიკვაძეს 2022 წლის მაისში ოკუპირებული ცხინვალის სასამართლომ 5 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. თუმცა ჩხიკვაძის ცხინვალელმა ადვოკატმა ეს გაასაჩივრა. აგვისტოში კიდევ ერთი სასამართლო პროცესი ჩატარდა და ჩხიკვაძეს 3 წლით და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

ოკუპირებული ცხინვალის წინასწარი დაკავების იზოლატორსა და ციხეში პატიმრები აუტანელ პირობებში იმყოფებიან, ამის შესახებ ადგილობრივი სამოქალაქო აქტივისტები ღიად საუბრობენ. მაგალითად, წინასწარი დაკავების იზოლატორი განთავსებულია სარდაფში და ადამიანები იქ თვეობით, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე იმყოფებიან, მხოლოდ სასამართლოს მიერ ე.წ. სასჯელის განსაზღვრის შემდეგ გადაჰყავთ ისინი ციხეში, სადაც მძიმე და მსუბუქი დანაშაულისთვის მსჯავრდებულები ერთად იხდიან სასჯელს.

ჩხიკვაძე წელიწად-ნახევარია უკვე ოკუპირებული ცხინვალის ციხეში იმყოფება. იქაური კანონმდებლობით, პატიმრობის 2 დღე 3 დღედ ითვლება, ამიტომ გამოდის, რომ ჩხიკვაძეს ე.წ. სასჯელის ნახევარი მოხდილი აქვს.

მამუკა ჩხიკვაძის გარდა, ცხინვალის ციხესა და იზოლატორში საქართველოს კიდევ 7 მოქალაქე იმყოფება. უმრავლესობა ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით არის გასამართლებული.