გაუპატიურების საქმეზე გამოკითხული ქალი პოლიციაში დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა - "საფარი"

საილუსტრაციო ფოტო

ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარი“ აცხადებს, რომ 35 წლამდე ფერადკანიან ქალზე, თბილისის ერთ-ერთ უბანში, 8 ივლისს, სავარაუდოდ, სამმა კაცმა სექსუალურად იძალადა. ორგანიზაციის მტკიცებით, გამოკითხვაზე მისული ქალი, პოლიციის განყოფილებაში დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლი გახდა. რთული ფსიქო-ემოციური მდგომარეობისა და საქმის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, ქალი მედიასთან ურთიერთობისგან თავს იკავებს.

„საფარში“ ირწმუნებიან, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მათი დაცვის ქვეშ მყოფი, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალები პოლიციის განყოფილებებში სამართალდამცავების მხრიდან დამამცირებელ და დისკრიმინაციულ მოპყრობას ექვემდებარებიან.

რა მოხდა 8 ივლისს?

პროფესიით პედაგოგი, 35 წლამდე ქალი, 8 ივლისს, ღამის საათებში, სამართალდამცავებმა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს.

ორგანიზაცია „საფარში“ ამბობენ, რომ ქალის მეგობარმა დაინახა, როგორ ძალადობდნენ მის მეგობარზე მეზობელ სახლში:

„სავარაუდო მოძალადეები და მსხვერპლი მეზობლები არიან. ერთ-ერთმა მათგანმა დაპატიჟა ქალი სახლში. რამდენიმე ხანში კი ქალის მეგობარმა, ფანჯრიდან დაინახა, რომ მის მეგობარზე სექსუალურად ძალადობდნენ“, - ამბობს ცირა ჯგერენაია, „საფარის“ იურისტი და ქალის ინტერესების დამცველი.

მისივე თქმით, ადგილზე მისულ სამართალდამცავებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებსა და მეზობლებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი წელს ქვევით შიშველი, უგონო მდგომარეობაში დახვდათ:

„ეს არის ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც გაუპატიურების ფაქტს მოწმე ჰყავს. ეს ფაქტი ქალის მეგობარმა ფანჯრიდან დაინახა და მაშინვე ატეხა განგაში. როგორც თვითმხილველები ყვებიან, ქალი იმდენად უკონტაქტო იყო, რომ თავდაპირველად ის გარდაცვლილიც ეგონათ“, - ამბობს ცირა ჯგერენაია, რომელიც ასევე თვითმხილველების მონათხრობზე დაყრდნობით აღწერს იმ სახლში არსებულ მდგომარეობას, სადაც სამართალდამცავებმა ქალი ნახეს. თუმცა, მისი თქმით, ეს ფაქტი არ აღმოჩნდა საკმარისი სამართალდამცავებისთვის, რომ მათ იქ შესაძლო დანაშაულის ნიშნები დაენახათ და საქმეზე გამოძიება დაუყოვნებლივ დაეწყოთ.

ცირა ჯგერენაია ამბობს, რომ ნაცვლად ამისა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქალი ისე მიიყვანა თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში, რომ ექიმებისთვის არავის არაფერი უთქვამს შესაძლო დანაშაულის ფაქტის შესახებ:

ცირა ჯგერენაია

„ადგილზე მისულ პოლიციას ოთახი დახვდა არეული, ნივთები დამტვრეული, ქალი წელს ქვევით შიშველი. ამას წინ უძღოდა ის ფაქტიც, რომ 112-ში დარეკა ქალის მეგობარმა და მათ აუხსნა სიტუაცია. თუმცა, პოლიციამ ვერ დაინახა დანაშაულის ნიშნები. მეტიც, პოლიციამ კლინიკასაც კი არ შეატყობინა, რომ ქალის მიმართ შესაძლო დანაშაულის ფაქტს ჰქონდა ადგილი, რათა ქალისთვის აეღოთ ბიოლოგიური ნიმუში, გამოეკვლიათ და დაეთვალიერებინათ მისი სხეული. სამართალდამცავებმა ისე, რომ საერთოდ არ გამოუკითხავთ ქალი, ასევე არ გამოუკითხავთ დანაშაულის ფაქტის თვითმხილველი მეგობარი ქალი, გადაწყვიტეს, რომ დანაშაულს ადგილი არ ჰქონია და ამით მოამთავრეს ეს საქმე“.

ცირა ჯგერენაია ამბობს, რომ პოლიციას იმ ღამით არ შემოუსაზღვრავს შესაძლო დანაშაულის ადგილი, არ აუღიათ ბიოლოგიური ნიმუშები, არ ამოუღიათ სავარაუდო მოძალადე კაცების ტანსაცმელი, ბოთლი და ჭიქა, სადაც, მისი თქმით, დიდი ალბათობით, „რაიმე ტიპის ნარკოტიკული საშუალება“ უნდა ფიქსირდებოდეს, რაკიღა ქალი სასმელის მიღებიდან 12 საათის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა და "არ ახსოვს არაფერი":

„სავარაუდო დანაშაულის ფაქტიდან 10 დღეა გასული. დღემდე არ არის დათვალიერებული დანაშაულის ადგილი, არადა ძალიან მნიშვნელოვანი იყო იქიდან მტკიცებულებების ამოღება. მათ შორის, ლაპარაკია სასმელებზე. ქალის მონათხრობის თანახმად, მან მხოლოდ ერთი ჭიქა ალკოჰოლი მიიღო, ამის შემდეგ დალია არაალკოჰოლური სასმელი და სწორედ ამ სასმელის მიღების შემდეგ მას აბსოლუტურად აღარ ახსოვს არაფერი. იმ სახლში ბევრი რამ არის, რაც შეიძლება ინახავდეს მტკიცებულებებს, მათ შორის, ბიოლოგიურ მასალებს და ა.შ. თუმცა, 10 დღე გავიდა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ იქ დიდი ალბათობით, უკვე წაშლილია კვალი“.

როგორ განვითარდა მოვლენები პოლიციის განყოფილებაში?

ძალადობის მსხვერპლი ქალი კლინიკიდან 9 ივლისს, დილის საათებში გამოწერეს. სახლში მისვლის შემდეგ, მეგობარმა უამბო წინა ღამის დეტალები და უთხრა, რომ ის გააუპატიურეს. ქალი მაშინვე კლინიკაში გაბრუნდა:

„საავადმყოფოში ქალი მეგობართან ერთად მივიდა. თან ახლდათ კიდევ ერთი მეგობარი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც მათ თარჯიმნობას უწევდა. ქალებს კლინიკაში უთხრეს, რომ ექიმებს არ ჰქონიათ ინფორმაცია, რომ ქალი დანაშაულის მსხვერპლი იყო და რომ მისთვის სპეციფიკური გამოკვლევა უნდა ჩაეტარებინათ. თავდაპირველად კლინიკას ისიც კი არ ეწერა ისტორიაში, რომ ის საავადმყოფოში სასწრაფომ მიიყვანა. ფორმა 100-ში ეწერა, რომ ქალი ინტოქსიკაციის გამო მოხვდა კლინიკაში“, - ამბობს ცირა ჯგერენაია.

ძალადობის მსხვერპლი ქალი კლინიკიდან პირდაპირ ვაკე-საბურთალოს რაიონის შინაგან საქმეთა სამმართველოს მეოთხე განყოფილებაში მივიდა. დაახლოებით დღის 2 საათისთვის.

ქალის ინტერესების დამცველი ადვოკატი ამბობს, რომ სწორედ იმ მომენტიდან დაიწყო ძალადობის მსხვერპლის მიმართ დისკრიმინაციული ხასიათის მოპყრობა, რომელიც მისივე მტკიცებით, უშუალოდ განყოფილების უფროსის მოადგილის, ბექა ბენდელიანის მხრიდან ხორციელდებოდა:

„ეს ადამიანი ელაპარაკა თვითონ მსხვერპლს, ელაპარაკა მის მეგობრებს. მან ისიც კი უთხრა მსხვერპლს, რომ ამორალურია, როდესაც მამაკაცს უგონებენ გაუპატიურებას და საქმის დასაწყისშივე გადაწყვიტა, რომ ეს ფაქტი იყო გამოგონილი. პოლიციის განყოფილებაში მსხვერპლ ქალს უთხრეს ისიც, რომ თუკი ის ვერ დაამტკიცებდა გაუპატიურების ფაქტს, შესაძლოა თავად მის მიმართ დამდგარიყო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. გამოართვეს ტელეფონი და ათვალიერებდნენ მის ფოტოებს, ხუთი საათის განმავლობაში დაკავებულები იყვნენ იმით, რომ შეესწავლათ მისი ცხოვრების წესი. ეკითხებოდნენ ქალიშვილი იყო თუ არა. იმ პირობებში, როდესაც სქესობრივ დანაშაულზე მიმართვიანობა ისედაც ძალიან დაბალია, როდესაც ქალები ისედაც იკავებენ თავს ამ დანაშაულის შესახებ განაცხადონ და როცა ქალი მიდის პოლიციაში და მას ხვდება ასეთი დამამცირებელი დამოკიდებულება, წინასწარ გამოტანილი დასკვნები, ეს არის დანაშაული“.

უცხო ქვეყნის მოქალაქის სავარაუდო გაუპატიურების საქმეში ორგანიზაცია „საფარი“ 9 ივლისს, გვიან ჩაერთო. ქალები უფლებადამცველებს პოლიციის განყოფილებიდან დაუკავშირდნენ:

„ჩვენ მაშინვე ჩავაყენეთ საქმის კურსში შსს-ს ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი და ამის შემდეგ შეიცვალა პოლიციაში მათ მიმართ მიდგომაც“, - ამბობს ცირა ჯგერენაია.

ძალადობის მსხვერპლი ქალი, რომელიც პოლიციის განყოფილებაში შეუძლოდ გახდა, სახლში გაუშვეს. მოგვიანებით სახლში გამოკითხა ის გამომძიებელმა ქალმა. მეორე დილით, 10 ივლისს კი ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში ქალს ბიოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდა.

დაიწყო საქმის გამოძიებაც. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ქალს ჯერჯერობით არ აქვს დაზარალებულის სტატუსი, მისი ინტერესების დამცველები არ იცნობენ საქმის მასალებს.

როგორც ცირა ჯგერენაია ამბობს, იმის გამო, რომ სავარაუდო მოძალადეები და მსხვერპლი ქალი მეზობლები არიან და მას აქვს შიში, ქალმა ჯერ კიდევ 9 ივლისს მოითხოვა მათ მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა. თუმცა, იურისტის თქმით, სამართალდამცავებმა ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც 17 ივლისს, ორგანიზაცია „საფარმა“ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქმეზე პრეს-კონფერენციის ჩატარებას გეგმავდა:

„ღამის 12 საათზე დამირეკა ბექა ბენდელიანმა და მითხრა, რომ ორი კაცის მიმართ გამოწერილია შემაკავებელი ორდერი. სანამ პრეს-კონფერენცია არ დაანონსდა, მანამდე ეს საკითხი ღიად იყო დატოვებული. ასევე დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ დანიშნავენ ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზას, რაც ასევე დაგვიანებულია, რადგან ფაქტის შემდეგ უკვე 10 დღეა გასული“.

ბაია პატარაია, „საფარის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ გაუპატიურების მსხვერპლი ქალების მიმართ პოლიციის მხრიდან დამამცირებელი და დისკრიმინაციული მიდგომა სისტემური პრობლემაა. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ეხება:

ცირა ჯგერენაია, ბაია პატარაია

„ეს არ არის ჩვენი პირველი საქმე, როდესაც მსგავს პრობლემას ვაწყდებით. გვქონდა საქმე, სადაც ასევე დაფიქსირდა დისკრიმინაციული დამოკიდებულება, რასიზმი და სექსიზმი. განსაკუთრებით უცხოელ ქალებს ეპყრობიან უდიერად, არ სჯერათ მათი განცხადებების. სამართალდამცავებს არ გააჩნიათ მგრძნობელობა ამგვარი საქმეების მიმართ. როგორც წესი, მიაჩნიათ, რომ ქალი აუცილებლად ტყუის“.

სავარაუდო გაუპატიურების მსხვერპლი ქალის ინტერესების დამცველებს მიაჩნიათ, რომ გამოძიების პროცესში ადგილი ჰქონდა სამართალდამცავების მხრიდან სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტს. სწორედ ამიტომ 17 ივლისს მათ მიმართეს გენერალურ პროკურატურას და მოითხოვეს საქმეში ჩართული პოლიციელების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის ფაქტების გამოძიება.

ამის პარალელურად, ორგანიზაცია „საფარი“ მოითხოვს, რომ საქმის გამოძიება გადაეცეს თბილისის საგამოძიებო სამმართველოს:

„ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ამ საქმის გამოძიება გაგრძელდეს ვაკე-საბურთალოს რაიონის მეოთხე განყოფილებაში. ამიტომ, როგორც კი გენერალური პროკურატურა დაიწყებს გამოძიებას სავარაუდო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, ამ საფუძვლით ჩვენ მოვითხოვთ მეოთხე განყოფილების აცილებას და საქმის თბილისის საგამოძიებო სამმართველოსთვის გადაცემას. ამასთანავე, დავაყენებთ შუამდგომლობას მსხვერპლი ქალისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების შესახებ“, - ამბობს ცირა ჯგერენაია.

რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, გაუპატიურების მუხლით, 9 ივლისს დაიწყო. უწყების პრეს-სამსახურის ინფორმაციითვე, საქმეზე მიმდინარეობს საჭირო საგამოძიებო მოქმედებები.

გაუპატიურების მზარდი სტატისტიკა

უკანასკნელ ოთხ წელში მზარდია ქვეყანაში რეგისტრირებულ დანაშაულს შორის გაუპატიურების მუხლით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა

თუკი 2019 წელს საქართველოში გაუპატიურების 119 შემთხვევა აღირიცხა, 2022 წელს ეს მაჩვენებელი 176 იყო.

2023 წლის პირველ სამ თვეში, საქართველოში გაუპატიურების 27 შემთხვევაა დარეგისტრირებული.

სხვადასხვა დროს, რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუებში, გაუპატიურების მსხვერპლ ქალებს არაერთხელ დაუფიქსირებიათ გამოკითხვის პროცესში სამართალდამცავების მხრიდან დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევები. მათ შორის, ერთ-ერთი იყო ახალგაზრდა ქალი, რომელიც ქალაქის ცენტრში ორმა პირმა გააუპატიურა. მან იმავე ღამეს მიმართა სამართალდამცავებს: „ერთ-ერთმა შენიშვნა მომცა, „კალგოტკა“ რატომ არ გეცვაო“, - ასე იხსენებდა გამოკითხვის დეტალებს რადიო თავისუფლებასთან გაუპატიურების მსხვერპლი ქალი.

ქალთა უფლებადამცველები ამბობენ, რომ სექსუალური ძალადობისა და გაუპატიურების შემთხვევების გამოძიებას ართულებს საზოგადოებაში და მათ შორის, საგამოძიებო უწყებებში არსებული სტერეოტიპული დამოკიდებულებაც - „იქნებ ქალის ბრალია? იქნებ გამოწვია?“. მათი თქმით, ზოგიერთ შემთხვევაში, ხდება ქალის დადანაშაულება, რაც გარკვეულწილად გავლენას ახდენს როგორც საგამოძიებო, ისე შემდგომ, სასამართლო პროცესზე.