გაუთვალისწინებელი პრობლემები

Covid-19-მა სერიოზული პრობლემა შეუქმნა მსოფლიოს, პანდემია არც საქართველოსთვის აღმოჩნდა იოლი გადასატანი. სხვადასხვა არასასიამოვნო შეზღუდვებს შორის მაღაზიების დაკეტვამ სერიოზული და მოულოდნელი დაბრკოლება წარმოშვა პატარებისთვის. გაზაფხულს ზამთრიდან ცივი ამინდები გადმოყვა და თავიდან ამ საფრთხეს ვერც გრძნობდნენ, მაგრამ როგორც კი მზემ გამოანათა და ეზოში სათამაშოდ იხმო ბავშვები, მშობლებმა აღმოაჩინეს, რომ მათი შვილები ვეღარც ფეხსაცმელს ირგებენ და ტანსაცმელშიც გაჭირვებით ეტევიან. მოდით, გავიცნოთ ბავშვები, რომლებსაც გაუთვალისწინებელი პობლემები დაატყდათ თავს:

ლიზუკა 5 წლისაა და შეუძლია ყველაფერი მოიხდინოს, დამოკლებული ქვედაბილოც და პერანგიც, თუმცა უფრო მოხერხებელ ჩასაცმელზეც არ იტყოდა უარს.

ფრანკო უკვე დიდი ბიჭია, მთელი 1 წლის და 7 თვის. სიარული ხომ კარგად ისწავლა და სირბილიც გადასარევად გამოსდის, მაგრამ პარკში თავის გამოჩენას ჯერ ვერ ახერხებს, რადგან ფეხსაცმელი არ აქვს.

ეს 5 წლის მშვენიერი ელენაა თავისი მშვენიერი კაბით, რომელშიც ჯერ კიდევ ეტევა, მაგრამ არც ერთი ფეხსაცმელი აღარ ერგება და ისღა დარჩენია, ფრჩხილის ლაქი შეუხამოს კაბას.

ეს ფეხშიშველი "Spider man"- ი დათაა. ცოტა არ იყოს, არც ეს საგმირო ფორმაა მთლად მისი ზომა, მაგრამ ასე უფრო თავისუფლად მოძრაობს და ვიდრე ფეხსაცმელს უყიდიან, ისღა დარჩენია ასე კედელ-კედელ იცოცოს.

ანა 5 წლისაა და რაც თავი ახსოვს, სულ პრინცესაა. ალბათ, არც არის გასაკვირი, რომ შარშანდელი დაპატარავებული სამოსი არ აკმაყოფილებს და ახალი, ლამაზი კაბები სჭირდება.

დაჩი 8 წლისაა. ძალიან უყვარს ფეხბურთი და ეზოში თამაში, შარშანდელი ფეხსაცმელი კი წელს აღარ ერგება. მისი აზრით, ბავშვები არ იმსახურებენ სახლში გამოკეტვას, რადგან მათ ბევრი თამაში სჭირდებათ.

ეს ნუკია, 9 წლის. ეტრფის ყოველივე ლამაზს, დახვეწილს და ზღაპრულს. შარშანდელი ტანსაცმელი აღარ ერგება, არადა მისთვის მნიშვნელოვანია ყოველთვის თვალისმომჭრელად გამოიყურებოდეს.

დემეტრე 4 წლისაა, ამჯერად ისიც ფეხშიშველა დარჩა. ზამთრის "ბათინკი" კი ერგება, მაგრამ ძალიან თბილია ამ სეზონისთვის.

სალომე 9 წლისაა, როგორც თავად ამბობს, ლამაზი და გამხდარია, ამიტომაც შარშანდელ ტანსაცმელშიც ეტევა, თუმცა თავისი ზომა მოდური კაბები უფრო გააბედნიერებდა.

მაქსიმე მალე სამის გახდება. ამ სეზონზე ისიც უფეხსაცმლოდ და დაპატარავებული ტანსაცმლის ამარა დარჩა.

მარიტა ჯერ ერთი წლისაც არაა და უკვე სერიოზული პრობლემა აქვს. რაც ებადა ყველაფერი დაუპატარავდა. იზრდება და რა ქნას?