გატაცებული ექიმის ცოლი: ადვოკატს ვკითხე, ძალიან გამხდარია-მეთქი?..

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, 20 დღეზე მეტია არ აქვს ინფორმაცია, რა მდგომარეობაშია ცხინვალის ციხეში დატყვევებული ექიმი, როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ექიმი „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლებმა ბოლოს ნოემბრის ბოლოს ნახეს. ნოემბრის ბოლოს მიიღო ვაჟა გაფრინდაშვილმა ოჯახისგან გაგზავნილი ამანათიც - ტანსაცმელი და სხვა პირადი ნივთები.

ექიმის ცოლმა, თამილა ლაფანაშვილმა, დატყვევებული ქმრის შესახებ ახლა მხოლოდ ის იცის, რომ მას წვერი აქვს მოშვებული. ესეც ადვოკატისგან იცის:

„ყველასთვის ძალიან მძიმეა, როდესაც პატიმარი ჰყავს ოჯახში, მაგრამ როდესაც შენს ქალაქში გყავს პატიმარი, მიხედავ, მიხვალ, მოინახულებ, ან ტელეფონზე დაგირეკავს. ახლა წარმოიდგინეთ, რომ ადამიანი ტყვეობაშია, რომელთანაც არანაირი კომუნიკაცია არ გვაქვს, არც პირადი და ერთადერთი არხი, რომელმაც ის შეიძლება მოინახულოს, არის წითელი ჯვარი, რომლის უფლებამოსილებაც საკმაოდ შეზღუდულია იმ რეგიონში. წითელმა ჯვარმა ვაჟა სულ ორჯერ მოინახულა. არ აკლებენ მცდელობას, მაგრამ აშკარაა, რომ პრობლემებია. ყველა იმ ადამიანს ვუხდი ძალიან დიდ მადლობას, რომლებიც ვაჟას შეხვდნენ და დაეხმარნენ - ან ტანსაცმელი მიაწოდეს, ან საჭმელი“.

თამილა ლაფანაშვილი ამბობს, რომ დაკავებიდან ერთი კვირის თავზე, მის ქმარს ისევ ის ტანსაცმელი ეცვა, რითიც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დააკავეს:

„ვაჟას შესახებ ძალიან მწირ ინფორმაციას ადვოკატისგან ვიღებთ. მის შესახებ რომ ვკითხე, როგორც არის, როგორ გამოიყურება-მეთქი, ასე მითხრა, ადრე მე არ მინახავს, არ ვიცი, როგორი იყო, მაგრამ ახლა წვერი აქვს მოშვებულიო. ვკითხე, ძალიან გამხდარია-მეთქი? და ისევ მიპასუხა, მე ხომ არ მინახავს ადრე, მაგრამ მგონი, ძალიან გამხდარიც არ არისო“.

13 დეკემბერს, ოკუპირებული ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ, ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი. მისი საქმის არსებითი განხილვა 20 დეკემბერს გაიმართება.

თამილა ლაფანაშვილის თქმით, მოლოდინი დიდია, რომ მის ქმარს 20 დეკემბერს გაათავისუფლებენ:

„ყოველ დღე მაქვს მოლოდინი, რომ გათავისუფლდება. აღარ მინდა, რომ გამიცრუვდეს ეს მოლოდინები. ყველანაირ სიტყვას ვწონით და ისე ვლაპარაკობთ. ჩვენი ყველა სიტყვა იწონება აქაც და იქაც, სადაც ვაჟაა და დამატებით ტყვიას ნუ დავახლით, სანამ გამოსულა. როცა გამოვა, მერე თვითონ ახსნის ამ თავის მოქმედებასაც, თავის პრინციპებსაც. სანამ ეს ადამიანი გასათავისუფლებელი გვყავს, მაქსიმალურ ავწონ-დავწონოთ თითოეული სიტყვა“.

ექიმი-ტრავმატოლოგი, ვაჟა გაფრინდაშვილი, 9 ნოემბერს დააკავეს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა. მას დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება წაუყენა და 15 ნოემბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ეს მუხლი შემდეგ სანქციებს ითვალისწინებს: ფულადი ჯარიმა, გამასწორებელი სამუშაო ვადით ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთას ამავე ვადით. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორის რაიონში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.

ვაჟა გაფრინდაშვილი ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებას არ აღიარებს.