30 წლის წინ, 1991 წლის 25 დეკემბერს თანამდებობიდან გადადგა საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი. მეორე დღეს, 26 დეკემბერს, სსრკ უმაღლესი საბჭოს რესპუბლიკათა საბჭომ მიიღო დეკლარაცია სსრკ-ის არსებობის შეწყვეტის შესახებ. 30 წლის განმავლობაში საქართველოში შეიცვალა როგორც პოლიტიკური წყობა, ასევე საბჭოთა კავშირში დამკვიდრებული ტერმინოლოგია და სალაპარაკო ენა, რომელთა ცალკეული ელემენტების გახსენება გარკვეულ წარმოდგენას შეგვიქმნის საბჭოთა კავშირის პოლიტიკური, ეკონომიკური და ყოველდღიური ცხოვრების შესახებ.
ოქტომბრელები
საბჭოთა კავშირში I-III კლასის მოსწავლეები, რომლებიც ემზადებოდნენ ჯერ პიონერთა ორგანიზაციაში (III-VIII)), შემდეგ კი კომკავშირში გაწევრიანებისთვის. სოციოლოგ ემზარ ჯგერენაიას თქმით, ასეთი იყო საბჭოთა სოციალიზაციის ფორმულა მომავალ კომუნისტურ საზოგადოებაში.
„ოქტომბრელები იყვნენ ახალგაზრდა ლენინელები, შემდეგ გარკვეული კარიერული გზა იყო დასახული ახალგაზრდებისთვის: ოქტომბრელი პიონერი ხდებოდა, პიონერი - კომკავშირელი, კომკავშირელი - კომუნისტური პარტიის წევრი. მოკლედ, ეს იყო საბჭოთა სოციალიზაციის მოდელი და გულისხმობდა ახალგაზრდის იმთავითვე გაჟღენთას კომუნისტური პარტიის იდეებით“, - ამბობს ემზარ ჯგერენაია.
ოქტომბრელებიც, პიონერებიც და კომკავშირელებიც ატარებდნენ ლენინის გამოსახულებიან სამკერდე ნიშნებს (პიონერები დამატებით ალისფერ ყელსახვევებსაც), თუმცა მხოლოდ ოქტომბრელის სამკერდე ნიშანზე იყო გამოსახული ნორჩი, ოქროსკულულებიანი ბელადი.
პიონერთა ბანაკი
ასე ერქვა აღმზრდელობით-გამაჯანსაღებელ დაწესებულებას სსრკ-ში, რომელიც განკუთვნილი იყო პიონერების დროებითი ყოფნისთვის.
პიონერული ბანაკები ეწყობოდა სასკოლო არდადეგების დროს. ბანაკებში პიონერები ქმნიდნენ დროებით რაზმეულებს - სხვადასხვა სამოყვარულო ჯგუფებს თავიანთი ინტერესების მიხედვით, იმართებოდა სამხედრო სპორტული თამაშები. ბანაკებს ჰყავდათ კომკავშირელი პიონერხელმძღვანელები. პიონერთა ბანაკი იყო ადგილი, სადაც საბჭოთა კავშირის პოლიტიკური სისტემა ახალგაზრდებს, მომავალ კომუნისტებს ამზადებდა იდეოლოგიურად და ფიზიკურად.
არტეკი - ასე ერქვა ბავშვთა საერთაშორისო ცენტრს ყირიმში, შავი ზღვის სანაპიროზე, გურზუფის მახლობლად, რომელიც დაარსდა 1925 წელს რუსეთის წითელი ჯვრის საზოგადოების მონაწილეობით. საბჭოთა კავშირში „არტეკი“ ითვლებოდა ყველაზე მნიშვნელოვან პიონერთა ბანაკად, სადაც მხოლოდ სანიმუშო აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის იდეოლოგიურად სწორად აღზრდილი პიონერები და მათი უცხოელი თანატოლები ხვდებოდნენ.
ემზარ ჯგერენაიას თქმით, არცერთი პოლიტიკურ სისტემას არ შეუძლია ელიტის გარეშე ფუნქციონირება, „არტეკი“ კი სწორედაც რომ მომავალი კომუნისტური ელიტის წარმომადგენლებისათვის შექმნილი ბანაკი იყო.
„არტეკში“ ხდებოდა ახალგაზრდების სპეციალური განსწავლა. ამავდროულად ეს იყო სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლების სადნობი ღუმელი, სადაც უნდა გადაედნოთ ეროვნებები, რათა შემდგომ მიეღოთ ერთიანი საბჭოთა ადამიანი, როგორც ეს გამოაცხადა პოლიტიკურმა სისტემამ, რომ შეიქმნა საბჭოთა ადამიანი ახალი ადამიანის სახით“.
ლიკბეზი
ისტორიკოს დავით ჯიშკარიანის თქმით, წერა-კითხვის დაუფლება იყო სწავლების პირველი ეტაპი, შემდეგ მოდიოდა ტექსტების შერჩევა და კითხვა.
„ტექსტებს ჰქონდათ სოციალური ინჟინერიის ფუნქცია ახალი საბჭოთა რეალობის და ყოველდღიურობის შესაქმნელად. იმ პერიოდის გაზეთებიდან კარგად ჩანს, როგორი რთული იყო წერა-კითხვის უცოდინარობის მოსპობა, როგორ დაუნდობლად კიცხავდა პროპაგანდის მანქანა იმას, ვისაც მეცადინეობის მსვლელობისას ჩაეძინა, ვისაც ჩამორჩენა ჰქონდა და ა.შ. ხალხი სამეცადინოდ სამუშაო დღის დასრულების შემდეგ, დაღლილი მიდიოდა და, შესაბამისად, უჭირდა სწავლა. ეს ყველაფერი კარგად არის ასახული გოდერძი ჩოხელის ფილმში „სამოთხის გვრიტები“, - ამბობს დავით ჯიშკარიანი.
მე-13 ხელფასი
საბჭოთა მოქალაქეები 12-ის ნაცვლად, 13 ხელფასს იღებდნენ. ფსიქოლოგ თემურ ნერგაძის თქმით, მე-13 ხელფასს თითქმის ყველა საბჭოთა მოქალაქე იღებდა, მიუხედავად იმისა, თუ როგორ იმუშავა წლის განმავლობაში. არადა, ოფიციალურად, მე-13 ხელფასი იყო წლის შედეგებზე დაფუძნებული ანაზღაურება, რომელიც გაიცემოდა ძირითად ხელფასზე დამატებით სკკპ ცენტრალური კომიტეტისა და სსრკ მინისტრთა საბჭოს 1965 წლის 4 ოქტომბრის ბრძანებულების - „სამრეწველო წარმოების დაგეგმვის გაუმჯობესებისა და ეკონომიკური წახალისების გაძლიერების შესახებ“ საფუძველზე. ამავე ბრძანებულებით, თანხის კონკრეტულ ოდენობას ადგენდა დაწესებულების ადმინისტრაცია პროფკავშირის კომიტეტთან ერთად. ყველაზე ხშირად, მე-13 ხელფასი გაიცემოდა თვიური სარგოს 100%-ის ოდენობით, ახალ წელს ან წლის შედეგების შეჯამების შემდეგ - მომდევნო წლის I-II კვარტალში. „მეცამეტე ხელფასს“ ვერ მიიღებდა ან ნაწილობრივ მიიღებდა თანამშრომელი, რომელმაც დაარღვია შრომის დისციპლინა. პირობებს, რის გამოც დასაქმებულს უმცირებდნენ ან არ უხდიდნენ ანაზღაურებას, ადგენდნენ საწარმოს ხელმძღვანელები, ასევე პროფკავშირის კომიტეტთან შეთანხმებით.
სსრკ-ში 10 კვერცხი 1,1 - 1,3 მანეთი (კატეგორიის მიხედვით) ღირდა, რაც საშუალო ხელფასის დაახლოებით 1% იყო.
1 ლიტრ უცხიმო რძეში 22 კაპიკს იხდიდნენ, ცხიმიანში - 24 კაპიკს (ხელფასის 0,2%).
1 კგ საქონლის ხორცი 1,80 - 2 მანეთი ღირდა ანუ საშუალო ხელფასის 1,7%.
საბჭოთა კავშირში პროდუქტებზე საუბრისას, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მათი ფასი არ ნიშნავდა იმას, რომ იოლად შეიძლებოდა ნებისმიერი ხარისხიანი პროდუქტის უახლოეს მაღაზიაში შეძენა.
ზრდასრული საბჭოთა ადამიანისთვის კინოთეატრის ბილეთის ღირებულება 25 კაპიკი (ხელფასის 0,2%) იყო, ბავშვებისთვის - 10 კაპიკი. საღამოს სეანსებზე ფასი ორმაგდებოდა. კიდევ უფრო ძვირი ღირდა ორსერიიანი ფილმის ყურება.
თეატრის ბილეთების ფასი მერყეობდა 3-დან 6 მანეთამდე (ხელფასის 2,6-5,2%).
ახალი წიგნის საშუალო ფასი 1-3 მანეთი იყო, თუმცა წიგნების ნაწილი გაცილებით ძვირად და „დახლს ქვემოდან“ იყიდებოდა.
დახლს ქვემოთ
„ხალხს კარგი გიტარა უნდოდა, შემოჰქონდათ კიდეც ამ სოციალისტური ქვეყნებიდან, მაგრამ მაღაზიაში ვერ შეიძენდი, რადგან დიდ დეფიციტში იყო. ასეთი საქონელი „დახლს ქვემოთ“ ხვდებოდა. უნდა მისულიყავი მაღაზიის გამყიდველთან საერთო ნაცნობის სახელით და გეთქვა მისთვის, რომ 50 მანეთით მეტს გადაიხდიდი, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში გამოგიჩენდნენ სასურველ ნივთს. ეს ეხებოდა ყველაფერს, რაც მოთხოვნადი იყო, მათ შორის წიგნებიც. ახლა ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ პრაქტიკულად ყველაფერი დეფიციტში იყო. ამას წინათ სუპერმარკეტში ახალგაზრდა გამყიდველს ვუთხარი, თაროებზე რაც დევს, თქვენხელა რომ ვიყავი, არაფერი არ იშოვებოდა-მეთქი. ასევე არ იშოვებოდა, მაგალითად, ტუალეტის ქაღალდი, კბილის პასტა, კბილის ჯაგრისი და ა.შ.“ - ამბობს გია ჯანდიერი.
გაიშნიკი
„გაიშნიკი“ იყო მილიციელი, რომელიც აკონტროლებდა მანქანების მოძრაობას ანუ საგზაო მილიცია. ჰქონდა საშინელი რეპუტაცია. იღებდა ქრთამს. გაგაჩერებდა, შესაძლოა არაფრის გამო, გამოგძალავდა ფულს და გაგიშვებდა“, - იხსენებს თემურ ნერგაძე.
იმდენად იშვიათი იყო პატიოსანი ავტოინსპექტორი (იგივე „გაიშნიკი“), რომ რუსეთში, ქალაქ ბელგოროდში ძეგლიც კი დაუდგეს საბჭოთა მილიციის პატიოსან ზემდეგს, ვინმე პაველ გრეჩიხინს. „ყველაზე პატიოსან გაიშნიკს“ - ასე ჰქვია სკულპტურას, თუმცა, ალბათ, უფრო ზუსტი დასათაურება იქნებოდა „ერთადერთ პატიოსან გაიშნიკს“. როგორ ირკვევა, ზემდეგმა გრეჩიხინმა 35 წელი იმუშავა ГАИ-ში და პენსიაში გავიდა სსრკ-ის დაშლამდე 3 წლით ადრე. ბელგოროდის მილიციის სამმართველოს მუზეუმში დღესაც ინახება ჯარიმის ქვითარი, რომელიც ავტოინსპექტორმა, თურმე, თავის თავს გამოუწერა შუქნიშნის წითელ სიგნალზე გავლის გამო. ლეგენდარულ „გაიშნიკს“ ასევე დაჯარიმებული ჰყოლია შვილი არასწორი პარკირებისთვის და ცოლი - გზის არასწორად გადაკვეთის გამო.
სპეკულანტი
ეკონომისტ გია ჯანდიერის თქმით, საბჭოთა კავშირში სპეკულანტებს უწოდებდნენ ადამიანებს, რომლებიც რაღაც ხერხებით ახერხებდნენ დეფიციტური საქონლის შემოტანას და გაცილებით მაღალ ფასებში გაყიდვას.
„ასეთივე დეფიციტური იყო საქონელი, რომელიც იყიდებოდა სპეციალურ მაღაზიებში იმათთვის, ვისაც სსრკ აგზავნიდა უცხოეთში სამუშაოდ. ასეთ მოქალაქეებს უცხოური ვალუტის სანაცვლოდ (უცხოური ვალუტა ცირკულაციაში არ უნდა გასულიყო) უხდიდნენ ბონებს, რომლითაც შეეძლოთ ევაჭრათ ამ სპეციალურ მაღაზიებში. სწორედ აქ შეძენილ საქონელს ჰყიდდნენ ხუთმაგ და ათმაგ ფასებში. ცხადია, ბონებსაც ყიდულობდნენ სპეკულანტები სპეცმაღაზიებიდან საქონლის გამოსატანად. სპეკულანტობის სხვა წყაროებიც არსებობდა: საქონელი ჩამოჰქონდათ კულტურის მოღვაწეებს, რომლებიც ცნობილი იყვნენ ამ საქმიანობით; ჩამოჰქონდათ მოცეკვავეებს, მომღერლებს, რომლებიც გასტროლებზე დადიოდნენ... ადამიანებს უნდოდათ მაგალითად ჩაეცვათ კარგი ამერიკული ჯინსი Levis, რომელიც არცერთ მაღაზიაში არ იყო, ამიტომ უწევდათ სპეკულანტებთან მისვლა“, - ამბობს გია ჯანდიერი.
პირი, რომელიც სპეკულაციას ეწეოდა ასევე იწოდებოდა გადამყიდველად, ქორვაჭრად.
სპეკულაცია, ანუ საქონლის ან სხვა ნივთების ყიდვა-გაყიდვა მოგების მიზნით, საბჭოთა სისხლის სამართლის კოდექსით ისჯებოდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორ წლამდე ქონების კონფისკაციით ან მის გარეშე, ან გამასწორებელი შრომით, ვადით ერთ წლამდე ან ჯარიმით სამას მანეთამდე. ფართომასშტაბიანი სპეკულაცია ისჯებოდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორიდან შვიდ წლამდე ქონების კონფისკაციით.
ცეხავიკები
ასე იწოდებოდნენ იატაკქვეშა მეწარმეები სსრკ-ში.
ცეხავიკების საქმიანობის ნაყოფიერი ნიადაგი იყო საბჭოთა ეკონომიკური სისტემის უუნარობა, გადაეჭრა ქვეყანაში საქონლის ქრონიკული დეფიციტის პრობლემა, რომელმაც განსაკუთრებით იჩინა თავი საბჭოთა კავშირის არსებობის გვიან წლებში.
გია ჯანდიერის თქმით, ცეხავიკი იყო ადამიანი, რომელიც სინამდვილეში მართავდა დიდ სახელმწიფო საწარმოს, რომელშიც გამოყოფილი ჰქონდა პატარა ადგილი საკუთარი არაოფიციალური წარმოებისათვის.
„იყენებდა სახელმწიფო რესურსებს, თანაც იმდენს ახერხებდა, რომ სახელმწიფოსგან მეტი რესურსი მიეღო. შესაბამისად, მისი საქმიანობის მთავარი ნაწილი ხდებოდა სწორედ ამ პატარა საწარმოში საქმიანობა. აწარმოებდა კარგ, ხარისხიან საქონელს, რაზეც მოსახლეობაში დიდი მოთხოვნა არსებობდა. ეს შეიძლება ყოფილიყო ძალიან მარტივი რამ, მაგალითად, ვენახისთვის საჭირო ბოძები ან წვენი, რომელსაც ამზადებდა გადაყრილი ხილისგან და ა.შ. აკრძალული საქმიანობა იყო კერძო მეწარმეობა, თან არ იხდიდა გადასახადებს. დასდევდნენ, მაგრამ მაინც არსებობდნენ. ასევე იყო აკრძალული კერძო მასწავლებლობა, მაგრამ ისინიც ყველგან იყვნენ“, - ამბობს გია ჯანდიერი.
საბჭოთა საქართველოში ამგვარი არალეგალური ბიზნესის ქრესტომათიული მაგალითია გასული საუკუნის 60-იან წლებში ოთარ ლაზიშვილის მიერ ორგანიზებული საქმე თბილისის სინთეზური ნაკეთობების ფაბრიკის მე-3 და მე-5 საამქროებში, სადაც მილიონობით მანეთის ფეხსაცმელი და ტრიკოტაჟის ნაწარმი მზადდებოდა არალეგალურად. საამქროს მიერ წარმოებულ ტრიკოტაჟის ნაწარმს აკრავდნენ უცხოურ იარლიყს და აგზავნიდნენ დონეცკის უზარმაზარ სავაჭრო გაერთიანებაში, რომელიც, თავის მხრივ, ამ საქონელს საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ყიდდა.
იატაკქვეშ საქმიანობის ფენომენი მდგომარეობდა იმაში, რომ ოფიციალურად შეუძლებელი იყო როგორც კერძო საწარმოს ორგანიზება, ასევე წარმოებული პროდუქციის გაყიდვა. ამიტომ, ცეხავიკებმა იპოვეს გამოსავალი - ოფიციალური სახელმწიფო სტრუქტურა აწარმოებდა ფარულ პროდუქციას და არაოფიციალური ჩრდილოვანი სტრუქტურა ყიდდა ამ პროდუქტებს. ან პირიქით - პროდუქციას აწარმოებდა ჩრდილოვანი სტრუქტურა, მაგრამ იყიდებოდა სახელმწიფო სავაჭრო ორგანიზაციების მეშვეობით. ვარიანტი, რომელშიც ყველა ეტაპი სრულად უკანონო იყო, ნაკლებად გვხვდებოდა, რადგან პრაქტიკაში მისი განხორციელება უფრო რთული იყო. ძალიან იოლად გამოავლენდა ОБХСС - სოციალისტური ქონების ქურდობასთან ბრძოლის განყოფილება.
შაბათობა
თემურ ნერგაძის თქმით, შაბათობაზე მუშები და მოსამსახურეები ალაგებდნენ საწარმოებს, მიმდებარე ტერიტორიებს, ეზოებს და ა.შ.
„შაბათობები იმართებოდა ხშირად და ეძღვნებოდა მნიშვნელოვან პარტიულ ან ისტორიულ თარიღებს, მაგალითად 7 ნოემბერს ან 1 მაისს... წელიწადში სამ-ოთხჯერ მაინც იმართებოდა“, - ამბობს თემურ ნერგაძე.
საბჭოთა კავშირში შაბათობა მიიჩნეოდა კომუნისტური ურთიერთობების ერთგვარ ჩანასახად. ყველაფერი კი დაიწყო 1919 წლის 12 აპრილს, შაბათ დღეს, როცა მოსკოვის ერთ-ერთი დეპოს შემკეთებელთა ჯგუფმა, არასამუშაო დროს, უფასოდ შეაკეთა ორთქლმავალი. ვ.ი. ლენინმა ამ ინიციატივას უწოდა "დიდი წამოწყება", რის შემდეგაც შაბათობები რეგულარულად იმართებოდა. 1920 წელს ლენინმა თავად მიიღო მონაწილეობა კრემლის ტერიტორიაზე გამართულ შაბათობაში (შენახულია ფოტოსურათი, სადაც მას სხვა მშრომელებთან ერთად მორი მიაქვს). 1960-იან წლებში შაბათობის ტრადიცია აღორძინდა, კერძოდ, ლენინის დაბადების დღის (22 აპრილი) უახლოეს დასვენების დღეს „საბჭოთა ხალხი“ გადიოდა ლენინურ შაბათობაზე: ასუფთავებდა ტერიტორიას ან უსასყიდლოდ მუშაობდა. შაბათობები ფაქტობრივად სავალდებულო იყო.
დამკვრელები
ისტორიკოსი დავით ჯიშკარიანი ამბობს, რომ თავიდან, როცა საბჭოთა კავშირის ისტორიის შესწავლა დაიწყო, ეგონა, რომ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დამკვრელები იგულისხმებოდა.
„სინამდვილეში დამკვრელი ერქვა შრომის მეწინავე ადამიანს, რომელიც დიდ წარმატებას აღწევდა სხვადასხვა სახის შრომაში. იყვნენ დამკვრელი მემანქანეები, დამკვრელი მეტალურგები, დამკვრელი ინჟინრები, გეოლოგები და ა.შ. თუმცა ბევრი რამე ხელოვნურად კონსტრუირდებოდა. იყვნენ მართლა კარგად და პატიოსნად მშრომელები, მაგრამ იყვნენ ისეთი შრომელები, რომელთა შრომა მხოლოდ ქაღალდზე იყო განდიდებული“, - ამბობს დავით ჯიშკარიანი.
კომუნალკა
სოციოლოგ ემზარ ჯგერენაიას თქმით, „კომუნალკა“ იყო ადამიანთა საერთო საცხოვრებელი, სპეციალურად შექმნილი პოლიტიკური სისტემის მიერ, რათა ადამიანებს ეკონტროლებინათ ერთმანეთის ყოველდღიური ცხოვრება, ერთმანეთის პოლიტიკური შეხედულებები და ცხოვრების წესი.
რამდენიმე ოჯახის ერთ ბინაში ცხოვრება ხშირად იწვევდა ჩხუბსა და კონფლიქტს. როგორც წესი, კომუნალურ ბინებში ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ კეთდებოდა რემონტი და მათში ცხოვრება დიდ დისკომფორტთან იყო დაკავშირებული.
ხუთწლედი
ეკონომისტ, გია ჯანდიერის თქმით, მმართველი და ერთადერთი ლეგალური პარტია, სსრკ კომუნისტური პარტია ადგენდა, რა ამოცანებისთვის უნდა მიეღწია საბჭოთა კავშირის ეკონომიკას, კულტურას და ნებისმიერ სხვა სფეროს მომდევნო 5 წლის განმავლობაში.
"შემდეგ მინისტრთა საბჭო ანუ მთავრობა ადგენდა პრაქტიკულ გეგმებს, რომელ საწარმოს რა უნდა გამოეშვა მომდევნო 5 წლის განმავლობაში და სად უნდა გაეყიდა. ცენტრალური მთავრობის მერ შედგენილი გეგმა სხვადასხვა სტრუქტურებით, იშლებოდა რესპუბლიკებზე... ყველაფერი იგეგმებოდა, მათ შორის სამომხმარებლო საქონლის წარმოებაც. იგეგმებოდა, მაგალითად, როგორი მოთხოვნა იქნებოდა პალტოებზე, ქურთუკებზე, ფეხსაცმელებზე და ა.შ. წინასწარ იგეგმებოდა ტანსაცმლის ფერი, კაბების სიგრძე და ა.შ. რომელთა ზუსტი დაგეგმვა წარმოუდგენელი ამოცანა იყო. რომ მოგეხერხებინა და შეგესრულებინა ეს გეგმები, რომლებიც დაგისახა პარტიამ, მომხმარებელი მაინც არ დაიტაცებდა, რადგან ამასობაში იცვლებოდა მოდა, გემოვნება, მოკლე კაბის ნაცვლად იცვამდნენ გრძელ კაბებს, მწვანე ფერს ამჯობინებდნენ წითელს და ა.შ. შესაბამისად წარმოებული საქონელი არ იყიდებოდა და რჩებოდა საწყობებში. ერთი ოჯახის ყველა წევრის ცხოვრების 5 წლით დაგეგმვა არის წარმოუდგენლად რთული (ყველას თავისი ცვალებადი მოთხოვნილება აქვს), მილიონობით ადამიანისა კი საერთოდ შეუძლებელია. საბჭოთა კავშირის დაშლის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. ცენტრალურმა დაგეგმვამ არ გაამართა: მოთხოვნად საგნებზე იქმნებოდა დეფიციტი, ისეთი საგნები კი, რომლებიც არავის სჭირდებოდა, ჭარბად იწარმოებოდა“, - ამბობს გია ჯანდიერი.
სწორედ ცენტრალური დაგეგმვის ბრალი იყო ქართული ღვინის წარმოუდგენელი გაყალბება და ფალსიფიკაცია, რომლის შედეგებს დღემდე ებრძვიან ქართველი მეღვინეები. სსრკ მოითხოვდა დიდი რაოდენობით ღვინის წარმოებას, რასაც საქართველოს მეღვინეობის დარგი, ღვინის ხარისხის გაუარესების გარეშე, ვერაფრით აუვიდოდა.
„იმისათვის, რომ ხუთწლედით დასახული ამოცანები მაინც შესრულებულიყო, საქართველოს კომპარტიის ცკ დებდა პირობას, რომ შეასრულებდა გეგმას და გადაამეტებდა კიდეც. საქართველო იძულებული გახდა არა მარტო გაეყალბებინა სტატისტიკა, თითქოს ამდენი ათასი ტონა ყურძენი მოიყვანა, თითქოს ამდენი ათასი ლიტრი ღვინო აწარმოვა, არამედ შეეცვალა ყურძნის წარმოების სტრუქტურაც და გადასულიყო ისეთ ჯიშებზე, რომლებიც დიდი მოსავლიანობით გამოირჩეოდნენ“, - ამბობს ეკონომისტი გია ჯანდიერი.
მშთ
აბრევიატურა დევიზისა „მზად ვარ შრომისა და (სსრკ-ს) თავდაცვისთვის“ (რუსულად ГТО), რომელიც საბჭოთა სკოლის ყველა მოსწავლისათვის იყო ცნობილი და წარმოადგენდა საკავშირო ფიზიკური კულტურის კომპლექსს. მშთ საფუძვლად დაედო ფიზიკური აღზრდის სახელმწიფო სისტემას და მიზნად ისახავდა „საბჭოთა ხალხის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, ყოვლისმომცველ ფიზიკურ განვითარებას, სამშობლოს დაცვასა და მომზადებას შრომითი საქმიანობისათვის“.
სულ არსებობდა 5 ასაკობრივი საფეხური: I საფეხური - 6-8 წლის ბავშვებისთვის, II საფეხური - 9-10 წლისებისთვის, III საფეხური - 11-12 წლისებისთვის, IV საფეხური - 13-15 წლისებისთვის და V საფეხური - 16-17 წლისებისთვის.
მშთ-ს I საფეხური 4 სახის გამოცდას (სირბილი, ამანათრბენი, ღერძზე მიზიდვა, ძელზე გავლა) ითვალისწინებდა, მაშინ, როცა V საფეხურზე 13 სახეობაში ბარდებოდა ნორმატივები. ერთ-ერთი იყო სპორტული ყუმბარის სროლა. ნორმატივის მიხედვით, ყმაწვილები ისროდნენ 700 გრამიან ყუმბარას (27-35 მეტრი), ხოლო ქალიშვილები - 500 გრამიანს (13-20 მეტრი).
„გმირი დედა“
საპატიო წოდება, რომელიც ენიჭებოდათ მრავალშვილიან დედებს და წარმოადგენდა დედებისთვის განკუთვნილ უმაღლეს ჯილდოს სსრკ-ში. გმირი დედის ორდენი და წოდება დაწესდა სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1944 წლის 8 ივლისს განკარგულებით.
სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის იმავე 1944 წლის 8 ივლისს განკარგულებით, ასევე არსებობდა „დედობის დიდების ორდენი“ - საბჭოთა სახელმწიფო ჯილდო. დედობრივი დიდების ორდენს ჰქონდა სამი ხარისხი: დედებს, რომლებმაც შვიდი შვილი გააჩინეს და აღზარდეს, გადაეცემოდათ დედობრივი დიდების მესამე ხარისხის ორდენი; გააჩინა და აღზარდა რვა შვილი - მეორე ხარისხის ორდენი; გააჩინა და აღზარდა ცხრა შვილი – პირველი ხარისხის ორდენი.
დედობის დიდების ორდენის სამივე ხარისხით დაჯილდოვდა 5,5 მილიონზე მეტი ქალი.
ასევე არსებობდა პირველი და მეორე ხარისხის „დედობის მედალიც“: მეორე ხარისხის - გადაეცემოდათ ქალებს, რომლებმაც გააჩინეს და გაზარდეს ხუთი შვილი, ხოლო პირველი ხარისხის - დედებს, რომლებმაც გააჩინეს და გაზარდეს ექვსი შვილი.
საერთო ჯამში, ორივე ხარისხის „დედობის მედალი“ დაახლოებით 15 მილიონამდე ქალს გადაეცა.
გულაგი
ისტორიკოს დავით ჯიშკარიანის თქმით, გულაგი იყო სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის (შს სამინისტრო 1946 წლიდან) სტრუქტურული ერთეული 1934-1956 წლებში, რომელიც მართავდა იძულებითი შრომის ბანაკების სისტემას.
„ეს იყო ნაწილი პენიტენციური სისტემისა, სადაც მსჯავრდადებულები ჩადენილი დანაშაულისთვის შრომით გამოისყიდდნენ თავიან დანაშაულს ანუ ისინი შრომობდნენ იმისთვის, რომ გამოესყიდათ დანაშაული, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, არც კი ჰქონდათ ჩადენილი. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ რა მუხლით იჯდა პატიმარი და რომელ ბანაკში იხდიდა სასჯელს. იყო ბანაკები, სადაც მოხვედრა ნიშნავდა აბსოლუტურად არაადამიანურ შრომას დიდ და შრომატევად ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის რკინიგზის მშენებლობაზე ციმბირში, ოქროს მოპოვებაზე და ა.შ.“, - ამბობს დავით ჯიშკარიანი.
გულაგის სისტემის პატიმართა ბანაკებში შექმნილი იყო უმძიმესი პირობები. მკაცრი სასჯელი გამოიყენებოდა რეჟიმის ოდნავი დარღვევისთვისაც კი. პატიმრები უფასოდ მუშაობდნენ არხების, გზების, სამრეწველო ობიექტების მშენებლობაზე შორეულ ჩრდილოეთსა და შორეულ აღმოსავლეთში. ალექსანდრ სოლჟენიცინის წიგნის "გულაგის არქიპელაგის" (1973 წ.) გამოქვეყნებისა და საბჭოთა სახელმწიფოში მასობრივი რეპრესიების სისტემის მხილების შემდეგ, ტერმინი "გულაგი" გახდა საბჭოთა ბანაკების, ციხეებისა და მთლიანობაში საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის სინონიმი.