გარემოსდაცვითი უწყება სოკოს საწარმოს სასამართლოში უჩივლებს

სოკოს მწარმოებელი კომპანია „თეთრი ქუდი"

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი დარღვევებისთვის სასამართლოში უჩივლებს სოკოს მწარმოებელ კომპანია „თეთრ ქუდს“, რომლის მიერ დამზადებული ნიადაგის კომპოსტის უსიამოვნო სუნის გამო, რუსთაველებმა არაერთი საპროტესტო აქცია გამართეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან რადიო თავისუფლებისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ სოკოს საწარმოს არ გაუვლია სკრინინგის პროცედურა, რომელიც აუცილებელია ნარჩენებისგან კომპოსტის დამზადების შემთხვევაში.

ასევე ნახეთ უსიამოვნო სუნით შეწუხებული რუსთაველების აქცია ადგილობრივი მერიის წინ


სკრინინგი არის პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების საჭიროებას.

„ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 79 მე-7 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა”, აცხადებს დეპარტამენტი. აღნიშნული კანონის მითითებული მუხლი ითვალისწინებს 7-დან 10 ათას ლარამდე ჯარიმას.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა „თეთრი ქუდის“ შემოწმება, მოსახლეობის მიერ გამართული აქციებისა და რუსთავის მერიის მოთხოვნით, მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო.

გარდა ამისა, დეპარტამენტის ცნობით, ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ „თეთრ ქუდს“ არ გააჩნია ნარჩენების მართვის გეგმა. ამასთან, „კომპანია არ ახორციელებს წარმოებაში წარმოქმნილი სახიფათო ნარჩენების სეპარირებას“. ორივე დარღვევისთვის ნარჩენების მართვის კოდექსით გათვალისწინებულია 500-500-ლარიანი ჯარიმა.

გარემოსდაცვითი დეპარტამენტი იუწყება, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ 3 დეკემბერს შედგენილი ოქმები სასამართლოში გაიგზავნება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა „თეთრი ქუდის“ შემოწმება, მოსახლეობის მიერ გამართული აქციებისა და რუსთავის მერიის მოთხოვნით, მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო. ზეწოლის შემდეგ, კომპანიამ კომპოსტის საწარმოებლად ახალი დანადგარი შეიტანა, მაგრამ, ამის მიუხედავად, რუსთავში უსიამოვნო სუნი პერიოდულად დღემდე ვრცელდება.