გარდაცვლილი ადამიანი - შრომის უსაფრთხოების საკითხი და პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობა

გორის სამედიცინო კლინიკა „გორმედი“

გორის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომელი რამაზ ლამაზოღლი 24 ივლისს გორის სამედიცინო კლინიკა „გორმედში“ გარდაიცვალა. 58 წლის ლამაზოღლი თავის ტვინის დაზიანებით საავადმყოფოში 22 ივლისს შეიყვანეს და რეანიმაციის განყოფილებაში მოათავსეს. იგი სატვირთო მანქანის ძარადან იმ ბანერთან ერთად გადმოვარდა, რომელიც გორში გამართული REGION FASHION WEEK-ის ორგანიზატორებს ეკუთვნოდათ. „გორმედის“ ექიმის, მარინა მარიამიძის თქმით, პაციენტის ტრავმები თავიდანვე სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო.

Your browser doesn’t support HTML5

გარდაცვლილი ადამიანი - შრომის უსაფრთხოების საკითხი და პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობა

ლამაზოღლის დაღუპვამ სოციალურ ქსელში დიდი ვნებეთაღელვა გამოიწვია. კომენტატორების დიდი ნაწილი პასუხისმგებლობას, შრომის უსაფრთხოების სტანდარტების დაუცველობის გამო, მერიასა და კეთილმოწყობის სააგენტოს აკისრებს, ნაწილი ღონისძიების ორგანიზატორებს ადანაშაულებს, დაღუპულის შვილი რაფიკ ლამაზოღლი კი ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. მისი თქმით, მამამისი თითქმის ორმოცი წლის განმავლობაში დასუფთავების სამსახურში მუშაობდა და ტვირთების აქეთ-იქით ტარება მის ფუნქციაში არ შედიოდა:

„ძიება უნდა ჩატარდეს. მამაჩემი დასუფთავებაზე მუშაობდა, 40 წელია. უნდა გამოიძიონ, დასუფთავების გარდა, ეს სამსახური მას ეხებოდა თუ არა. ამისთვის ძიება უნდა ჩატარდეს“.

REGION FASHION WEEK-ის ორგანიზატორები ხელს მერიისკენ იშვერენ და აცხადებენ, რომ ტექნიკური ორგანიზება მათ უნდა მოეხდინათ და უსაფრთხოების ზომების დაცვაც მათი საზრუნავი უნდა ყოფილიყო. გორის მერი კოტე თავზარაშვილი კი გამოძიების დასრულებამდე დეტალური განმარტებების გაკეთებას თავს არიდებს:

„მე გამიჭირდება ახლა საუბარი, კომპეტენტური ორგანოები დაადგენენ, რამდენად იყო მანდ დაცული უსაფრთხოება ან რამდენად არ იყო. ჩემგან ზედმეტი იქნება ახლა საუბარი, სანამ არ დადგინდება, იყო თუ არა უსაფრთხოება დაცული“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისა და მსუბუქი დაზიანების მუხლით აღძრა და ჯერჯერობით სატვირთო ავტომანქანის მძღოლი დააკავა, თუმცა გამოძიების პროცესში მუხლი გადაკვალიფიცირდება, რადგან ლამაზოღლი დაიღუპა. ქალაქის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელი ბაჩანა გვიანიშვილი აცხადებს, რომ რეგიონალური მოდის კვირეულის ტექნიკური მხარდაჭერა მის სამსახურს გორის მერიამ დაავალა და ლამაზოღლი დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა, თუმცა გვიანიშვილი ვერ აკონკრეტებს, რატომ იმყოფებოდა სატვირთოს ძარაზე ლამაზოღლი ბანერთან ერთად. მისი თქმით, ეს გამოძიების დასადგენია.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ლექსო მერებაშვილი მიიჩნევს, რომ გამოძიება შრომის უსაფრთხოების საკითხებითაც უნდა დაინტერესდეს და საქმე შესაბამისი მუხლითაც უნდა წარიმართოს. მისი თქმით, გასარკვევია, ადგილზე ვინ უწევდა ზედამხედველობას შრომის უსაფრთხოებას და როგორ აღმოჩნდა მუშა სატვირთოს ძარაზე ბანერთან ერთად:

„გამოძიება მხოლოდ მძღოლის მიმართ საქმის წარმოებით არ უნდა შემოიფარგლოს და აუცილებლად უნდა დაადგინოს, ხომ არ ჰქონდა ადგილი უსაფრთხოების წესების დარღვევას იმ პირების მხრიდან, ვისაც ეს ევალებოდა. როგორც ვიცით, ამ საქმეს კურირებდა მერიის კეთილმოწყობის სააგენტო და ზედამხედველი პირები ვინც იყვნენ, მათ მიმართაც უნდა დაიწყოს საქმის წარმოება, რამდენად უზრუნველყვეს ის, რომ უსაფრთხო პირობებში მომხდარიყო ამ ბანერის გადატანა. მეორე მუხლითაც უნდა დაიწყონ გამოძიება, რაც არის შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, რასაც ადამიანის გარდაცვალება მოჰყვა“.

უფლებადამცველი ლაშა მესხი მიიჩნევს, რომ საქმეში უნდა ჩაერთოს შრომის ინსპექცია და გამოიკვეთოს კონკრეტული პასუხისმგებელი პირები, ვინც ყურადღება არ მიაქცია შრომის უსაფრთხოების სტანდარტს. მისი თქმით, არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ მუშებზე იმის გადაბრალება, რომ ისინი არ იცავენ ნორმებს და დაუსჯელობის სინდრომის პრაქტიკა უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში:

„როცა ადამიანი, ყველანაირი დაზღვევის გარეშე, სატვირთო მანქანაზე ზის ბანერთან ერთად, ეს არის დარღვევა და სიცოცხლის რისკის ქვეშ ჩაგდება. მნიშვნელოვანია მოხდეს ამ ფაქტის შესაბამისი გამოძიება და აუცილებელია ამ მიმართულებით შრომის ინსპექტირების დეპარტამენტთან აქტიური თანამშრომლობა სამართალდამცველების მხრიდან, რომ მოხდეს რეაგირება და აღკვეთა მსგავსი ფაქტების. საქმე გვაქვს ცალსახად შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევასთან. ეს ადამიანი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და რა მნიშვნელობა აქვს, მანქანაზე იჯდა, შახტაში მუშაობდა თუ მშენებლობაზე. აუცილებელი იყო, რომ მისი შრომა ყოფილიყო უსაფრთხო. ეს ადამიანი, როდესაც რაღაც ტვირთი გადაჰქონდა, ასრულებდა კონკრეტული სამსახურის მითითებას. თავისით ხომ არ მიდიოდა?! სახლში ხომ არ მიჰქონდა ბანერი?! ამიტომ ვიძახი, რომ აუცილებელი არის შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი ჩაერთოს და დაინტერესდეს ამ საქმით. უნდა გაირკვეს, რეალურად შრომის უსაფრთხოება იყო თუ არა დარღვეული. ადამიანი სამსახურში რომ მიდის, ის არ უნდა კვდებოდეს“.

ლამაზოღლის დაღუპვის ფაქტზე ყველა პასუხისმგებლობას იცილებს თავიდან და გამოძიების დასრულებას ელოდება. ამის გამო სოციალურ ქსელში ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ მძაფრი კრიტიკა ისმის, ხელისუფლება კი ოჯახის მიმართ მხოლოდ სამძიმრის განცხადებით შემოიფარგლა. კომენტატორების დიდი ნაწილი აღნიშნავს, რომ მოუმზადებელი მოდის კვირეული ქალაქში საერთოდ არ უნდა ჩატარებულიყო, რადგან მისი ხარისხი თავიდანვე კითხვის ნიშნებს იწვევდა. გარდა ამისა, უკვე ჩაშლილი ღონისძიების შემდეგ ორგანიზატორები ქალაქის ერთ-ერთ რესტორანთან ერთმანეთს სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ამ ფაქტმა საზოგადოება უფრო მეტად აღაშფოთა.