გარდამტეხი მომენტი ევროპისთვის კორონავირუსის კრიზისში

რიკარდ იოზვიაკი, რადიო თავისუფლების რეპორტიორი ბრიუსელში.

როცა ისტორიკოსები გააანალიზებენ იმ სავალალო მდგომარეობას, რომელშიც ევროკავშირი აღმოჩნდა კორონავირუსის პანდემიის ადრეულ ეტაპზე, - სკანდალური ურთიერთბრალდებებით წევრ ქვეყნებს შორის, საზღვრების დახურვით და ვირუსთან ბრძოლაში კოორდინაციისა და სოლიდარობის ნაკლებობითაც კი, - 2020 წლის 18 მაისს ისინი გარდამტეხ მომენტად გამოაცხადებენ.

ეს იყო დღე, როცა ორი უდიდესი წევრი ქვეყნის, საფრანგეთისა და გერმანიის, ლიდერებმა, როგორც იქნა, შეძლეს ერთობლივად ემუშავათ, რათა ბლოკის მომავალი დაეცვათ გამოსავლის შეთავაზებით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კონტინენტის წინაშე დამდგარი უდიდესი ეკონომიკური კრიზისიდან.

საქმე ეხება საფრანგეთისა და გერმანიის მიერ შემუშავებულ, ხუთ გვერდზე გაწერილ ინიციატივას, რომელიც ბერლინში გამოაცხადა კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტის, იმანუელ მაკრონის, პარიზიდან ვიდეოჩართვის თანხლებით. ლაპარაკია 500 მილიარდ ევროსგან შემდგარ აღდგენის ფონდზე, რომელიც საპროცენტო განაკვეთის გარეშე, გრანტისა და არა სესხის სახით გაიცემა ევროკავშირის ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონებსა და სექტორებზე. ფონდი სრულად დაფინანსდება ევროკავშირის მიერ გაცემული სესხით, რომელიც ბიუჯეტის ნაწილი გახდება და რომელსაც მხარს დაუჭერს 27-ვე წევრი ქვეყანა, ევროპის კომისიასთან ერთად. ევროპის კომისია მომავალ კვირაში წარმოადგენს შემდგომი შვიდი წლის ბიუჯეტის გეგმას, რომელიც, როგორც ვარაუდობენ, 1 ტრილიონ ევროს გადააჭარბებს.

მეტი ფინანსური სოლიდარობის მოსურნე ძირითადად სამხრეთის წევრ სახელმწიფოებსა და ფულის „ტრანსფერის კავშირად“ წოდებული იდეის მიმართ ანტაგონისტურად განწყობილ უფრო მდიდარ ჩრდილოელ ქვეყნებს შორის თვეების განმავლობაში გაგრძელებული კონფლიქტის შემდეგ, ეს ინიციატივა, შესაძლოა, ნიშნავდეს ფუნდამენტური უთანხმოების გადაჭრას.

საფრანგეთისა და გერმანიის ინიციატივა სრულიად არ ესადაგება განხილვის საგნად ქცეულ ე.წ. „კორონაობლიგაციებს“. ეს ინიციატივა, თუკი ის განხორციელდებოდა, იქნებოდა გრძელვადიანი მექანიზმი, რომელიც ყველა წევრ სახელმწიფოს დააკისრებდა პასუხისმგებლობას რომელიმე მათგანის დეფოლტის შემთხვევაში.

ამის ნაცვლად, წარმოდგენილი ინიციატივა იქნება ერთობლივად გაცემული სესხი.

ზოგიერთმა ანალიტიკოსმა ამ ინიციატივას მყისიერად უწოდა „ევროპის ჰამილტონისეული მომენტი“ - მათ მხედველობაში ჰქონდათ 1790 წელს მიღწეული კომპრომისი, როცა აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, ალექსანდერ ჰამილტონმა, სახელმწიფო მდივანი, ტომას ჯეფერსონი, და წარმომადგენელთა პალატის წევრი, ჯეიმს მედისონი, დაარწმუნა აშშ-ის ახალი მთავრობისთვის უფლება მიეცათ პასუხისმგებლობა ეკისრა 13 შტატის ვალზე, ეროვნული დედაქალაქის კოლუმბიის ოლქში დაარსების სანაცვლოდ.

ბერლინსა და პარიზს შორის ასეთი მასშტაბური მოლაპარაკება არ გამართულა, თუმცა ერთი რამ ცხადია: ბერლინმა უკან დაიხია. ახლა ანგელა მერკელს მოუწევს ამ ინიციატივის პარლამენტის წინაშე დაცვა, თუმცა ამ ამოცანას გააიოლებს ის გარემოება, რომ ევროკავშირს პანდემია უქმნის საფრთხეს - განსხვავებით მთავრობის არასწორი მმართველობით შექმნილი დავალიანების კრიზისისგან, რომელმაც ევროს მოქმედების ზონას ათი წლის წინ კინაღამ კოლაფსი მოუტანა. სავარაუდოდ, მერკელს მისი ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოც მწვანე შუქს აუნთებს, მისი მკაცრი რეპუტაციის მიუხედავად. ამ სასამართლომ მიმდინარე თვეში ბრიუსელში შოკი გამოიწვია, როცა კითხვის ქვეშ დააყენა უნდა მიეღო თუ არა ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ ევროპის ცენტრალურ ბანკს ევროს გადარჩენა შეეძლო სესხის შესყიდვის გზით. ევროკავშირის ხელშეკრულებების მიხედვით, ევროპის კომისიას შეუძლია ფული ისესხოს საფინანსო ბაზრებზე და ამას აქამდე იურიდიული პრობლემების გარეშე აკეთებდა.

ის, თუ რატომ შეცვალა გერმანიამ პოზიცია, სხვა გარემოებებითაც შეიძლება აიხსნას. ევროკავშირის სამხრეთელ წევრ სახელმწიფოებში კვლავ მატულობს ანტიგერმანული სანტიმენტები და რამდენიმე თვეში კიდევ უფრო უსიამოვნო გახდებოდა საქმის დაჭერა იტალიის პოლიტიკურ სპექტრში მოქმედ პოპულისტ ფიგურებთან. გერმანიამ ასევე მნიშვნელოვანი ხეირი ნახა ევროკავშირის მხრიდან სახელმწიფო დახმარებისთვის დაწესებული მკაცრი წესების გაუქმებით. ევროპის მთავრობების მიერ ბოლო თვეებში ბიზნესების კოლაფსისგან გადასარჩენად გაღებული 2 ტრილიონი ევროდან ნახევარი სწორედ გერმანიაზე მოდის.

ამჟამად განხილული 500 მილიარდისგან შემდგარი ფონდის დეტალები შემდეგია: ეს იქნება ერთჯერადი ინიციატივა და თანხა უნდა დაბრუნდეს გრძელვადიანი, 2027 წლამდე გაწერილი, ბიუჯეტის ბოლო სტადიაზე. მერკელის აზრით, ქვეყნები თანხას გადაიხდიან ევროკავშირის ჩვეულებრივ ბიუჯეტში თავ-თავიანთი წილის მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ თანხების გაღება მადრიდსა და რომსაც მოუწევთ.

თუმცა გარკვეული სირთულეები კვლავაც გადასალახი რჩება - ინიციატივას კლუბში ყველა უნდა დაეთანხმოს. ავსტრიის კანცლერმა, სებასტიან კურცმა, ტვიტერით დაწერა, „მზად ვართ სესხებით დავეხმაროთ ყველაზე მეტად დაზარალებულ ქვეყნებსო“, რაც მიანიშნებდა, რომ ის უკმაყოფილოა საპროცენტო განაკვეთის გარეშე გრანტების გაცემის იდეით. ამ განცხადების გაკეთებამდე კურცს კონსულტაციები ჰქონდა კოლეგებთან დანიაში, ჰოლანდიასა და შვეციაში - ეს სახელმწიფოები კი ბრიუსელში, საბიუჯეტო წრეებში „ხელმომჭირნე ოთხეულის“ სახელით არიან ცნობილი.

როგორც ევროკავშირის ნებისმიერი საბიუჯეტო ინიციატივა, ეს წინადადებაც დაექვემდებარება განხილვას, მსჯელობას, მანევრებსა და კონტრშეტევებს - ხშირად სამიტებზე, რომლებიც დღეების განმავლობაში გაგრძელდება. მაგრამ ახლაც, ისევე როგორც ევროკავშირის ისტორიის ნებისმიერ ეტაპზე, როცა საფრანგეთისა და გერმანიის ძრავა ერთობლივად ჩაირთვება, მისი გაჩერება რთული იქნება.