ქართველი მებრძოლი 2023 წლის 10 მაისს, ბახმუტის მიმართულებით ბრძოლისას, საჰაერო დაბომბვაში მოჰყვა და მძიმედ დაიჭრა. დაკარგა მხედველობა და მოძრაობის უნარი.
ერთი წლის განმავლობაში ის ჯერ უკრაინაში მკურნალობდა, 2024 წლის გაზაფხულზე კი ოჯახმა საქართველოში გადმოიყვანა სამკურნალოდ.
სპარტაკ ლეკიაშვილის ოჯახის ახლობელი, ია ამირანაშვილი რადიო თავისუფლებას უყვება, რომ ქართველი მებრძოლი თავდაპირველად გორის ჰოსპიტალში, შემდეგ კი თბილისში, სახლში გადიოდა მკურნალობის კურსს, პარალელურად კი ოჯახი და ახლობლები უცხოეთში გასამგზავრებელ თანხას აგროვებდნენ:
„უკრაინის ხელისუფლება, უკრაინის ჯარი მაქსიმალურად დაუდგა სპარტაკს გვერდში. ყველაფერი გააკეთეს, რომ მისთვის ჯერ სიცოცხლე შეენარჩუნებინათ და შემდეგ უკვე, მის გამოჯანმრთელებაზე ეზრუნათ.
მოქალაქეების ჩართულობით უკრაინაში, დაჭრილ შვილთან ჩასვლა მოახერხა მისმა დედამაც.
უკრაინაში მკურნალობიდან დაახლოებით ერთი წლის თავზე, სპარტაკის ოჯახის წევრებმა მისი საქართველოში წამოყვანა გადაწყვიტეს.
გორის ჰოსპიტლის დატოვების შემდეგ, სპარტაკი დედასთან ერთად, თბილისში, ნაქირავებ ბინაში განაგრძობდა მკურნალობას. პარალელურად კი გროვდებოდა თანხა, რომ ბიჭი საზღვარგარეთ წაეყვანათ სამკურნალოდ. თანხის შეგროვების პროცესში ახლობლების გარდა, რიგითი ადამიანები იყვნენ ჩართულნი და რამდენიმეთვიანი პროცესის შემდეგ, საზღვარგარეთ გასამგზავრებელი თანხაც შეგროვდა“, - ყვება ია ამირანაშვილი.
ამბობს, რომ სპარტაკ ლეკიაშვილი დედასთან ერთად საფრანგეთში დაახლოებით ათი დღის წინ გაემგზავრა. ქართველი მებრძოლის გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა 25 ნოემბერს, დილით შეიტყვეს:
„სპარტაკი კლინიკაში გარდაიცვალა. დედამ, ნათიამ მომწერა, ხელებში ჩამაკვდაო. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისათვის ჩემთვის უცნობია, თუმცა, პირველ ეტაპზე, საუბარია, ჯანმრთელობის უეცარ გართულებაზე. სპარტაკის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო. გარდა იმისა, რომ ომში მიღებული ტრავმის შემდეგ მხედველობა დაკარგა, ის სრულად პარალიზებული იყო.
მებრძოლი ბიჭი იყო სპარტაკი, სიცოცხლეს ებღაუჭებოდა, დედას იმედი ჰქონდა, რომ სრულად თუ ვერა, ნაწილობრივ მაინც დაუბრუნდებოდა სპარტაკს მხედველობა, მცირედით მაინც შეძლებდა ხელებისა და ფეხების ამოძრავებას, მის გარდაცვალებას არავინ ველოდით. ყველანი იმედიანად ვიყავით“.
სპარტაკ ლეკიაშვილი ყვარლის რაიონიდან, სოფელ შილდიდანაა. უკრაინაში ომის დაწყებამდე, გარკვეული ხნის განმავლობაში, პოლონეთში მუშაობდა. ომის დაწყებიდან მალევე კი მეგობართან ერთად, უკრაინაში წავიდა და ინტერნაციონალური ბატალიონის რიგებში ჩაეწერა.
ბოლო ვიდეო მიმართვა სპარტაკმა 2024 წლის ოქტომბერში გაავრცელა:
„გთხოვთ, კიდევ ერთხელ დამეხმაროთ, თუ არადა, ეს დაწყებული საქმე წყალში ჩაგვეყრება. ამჟამად არ შემიძლია არც ხელების, არც ფეხების მოძრაობა, მხოლოდ დედა მივლის, მარტო ვერც წყლის დალევას ვახერხებ.
გეხვეწებით მეგობრებო, ვინც მცობთ, განსაკუთრებით მათ მოგმართავთ, კარგად იცით, მთელი ცხოვრება ხან სპორტით ვიყავი დაკავებული, სულ ვმუშაობდი. ეს ყველაფერი ჯოჯოხეთია ჩემთვის. ძალიან დავიღალე, გემუდარებით ბოლომდე მიმაყვანინეთ ეს საქმე, რომ შევძლო დანახვა და გავლა“, - ამბობდა ის ვიდეო-მიმართვაში.
რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ საქართველოს საკონსულო საფრანგეთში სპარტაკ ლეკიაშვილის გარდაცვალების შესახებ საქმის კურსშია და ამჟამად მიმდინარეობს საქართველოში გადმოსვენებასთან დაკავშირებული პროცედურები.
ნოემბრის თვეში უკრაინაში მებრძოლი სამი ქართველი დაიღუპა.
8 ნოემბერს გარდაიცვალა 26 წლის ზურაბ შვანგირაძე. ის თბილისში 19 ნოემბერს დაკრძალეს.
ასევე ნახეთ „სიკვდილი არ არის საშიში, ვნახე უკვე“ - უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი19 ნოემბერს, ხერსონის ოლქში დავალების შესრულებისას დაიღუპა 24 წლის ლევან ლოხიშვილი. საქართველოში ის 25 ნოემბერს, გამთენიისას ჩამოასვენეს.
ასევე ნახეთ „დრონმა მოგვიკლა სიცოცხლითა და იუმორით სავსე ბიჭი“ - უკრაინაში 24 წლის ლევან ლოხიშვილი დაიღუპაომის დაწყების პირველივე დღეებიდან უკრაინაში რამდენიმე ასეული (არაოფიციალური ინფორმაციით, 2000-მდე) ქართველი მოხალისე იბრძვის. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.
ომის დაწყებიდან (2022 წლის თებერვლიდან) დღემდე, უკრაინაში 75 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს 2022 წლის 24 თებერვლიდან აწარმოებს. ფრონტის ხაზი დღეისთვის 1000 კილომეტრზე მეტია.