განსხვავებული გიორგობა გორიჯვარზე, დაკვლას გადარჩენილი ასობით ცხოველი

წმინდა გიორგის სახელობის გორიჯვრის ეკლესიისკენ მიმავალი გზა პოლიციამ დილიდანვე გადაკეტა. შარშან ამ დროს საპატრულო პოლიცია ეკლესიამდე მისასვლელ გზაზე მანქანების ნაკადს აწესრიგებდა. ეკლესიაში მისვლის მსურველი იმდენი იყო, რომ გზაზე ხერგილები იქმნებოდა ხოლმე,წელს კი იქ მხოლოდ ფეხით შეიძლებოდა ასვლა.

მომლოცველებმა ფეხით, ჯამში, 4 კილომეტრი გაიარეს, იმისთვის რომ გორიჯვრის ეკლესიამდე მისულიყვნენ. მათ შორის იყო თამარ თედლიაშვილი, რომელიც ტაძარში დილის 9 საათზე წავიდა. ყოველი წლის 6 მაისს და 23 ნოემბერს, გიორგობა დღეს, მისთვის უკვე ტრადიციაა გორიჯვრის მთაზე ასვლა და ეკლესიაში სანთლის ანთება. თამარი ამბობს, რომ წელს, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, გიორგობაც სხვანაირი იყო.მისი თქმით, ღამის მსახურება არ ჩატარდა, მოქალაქეებიც უფრო მოწესრიგებულები იყვნენ და დისტანციას იცავდნენ. მისთვის ყველაზე გასახარი კი ის იყო, რომ წელს, პირველად, ცხოველთა მსხვერპლშეწირვა აღარ ყოფილა. გორიჯვრის ტერიტორიაზე ცხვრის სისხლი და ტყავი არ უნახავს. რამდენიმე ცხვარი შენიშნა, რომლებიც მოქალაქეებმა გაუშვეს.

„წლევანდელი გიორგობა განსხვავებული იყო იმით, რომ მოქმედებს აკრძალვები. ღამის მსახურება არ ჩატარდა. მანქანებით ტაძრამდე მისვლა იყო შეუძლებელი, პოლიცია აკონტროლებდა. სოციალური დისტანცია დაცული იყო. თვითონ ადამიანები, საზეიმო მსახურებაზე დამსწრე მრევლი ცდილობდა, რომ არ დაერღვია სოციალური დისტანცია და პრობლემა სხვისთვის და თავის თავისთვის არ შეექმნა. თვალში მოსახვედრი იყო ისიც, რომ ადამიანების ის რაოდენობა, რაც მე წინა წლებში მინახავს, ასეთი ხალხმრავლობა ახლა არ შეიმჩნეოდა. წელს არც ცხოველთკვლა იყო. სულ სამი ცხვარი შევნიშნე. იქ არც სპეციალური ადგილი იყო, სადაც ადრე კვლა ხდებოდა და სისხლი და ტყავი ჩანდა“, - ამბობს რადიო თავისუფლებასთან თამარ თედლიაშვილი.

გორიჯვრის ეკლესიაში დილითვე მივიდა გორი-ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა). ღვთისმსახურება მან ჯანდაცვის სამინისტროს მითითებების დაცვით ჩაატარა და აღნიშნა, რომ, წინა წლებთან შედარებით, წელს ცოტა იყო ტაძარში მიმსვლელთა რაოდენობა, რაც, მისი აზრით, უამინდობითაც იყო გამოწვეული. გარდა ამისა, მიტროპოლიტმა აღნიშნა, რომ ეკლესიის ტერიტორიაზე აკრძალულია ცხოველების დაკვლა. მიტროპოლიტის თქმით, ეკლესიის მოწოდების მიუხედავად, ამ ტრადიციისგან გათავისუფლება ბოლომდე ვერ ხერხდება, თუმცა წელს ეს აღარ ყოფილა.

„შევძელით, რომ ტაძრის კარიბჭის გარეთ გაგვეტანა, მაგრამ მცდელობის მიუხედავად, რომ ამას ჰქონდეს კულტურული სახე, ადამიანები ამას (მსხვეპლშეწირვა) არ იშლიან და მაინც აქვთ ამის სურვილი. და რადგან არ იშლიან, გვინდა უფრო მოწესრიგებულად მიმდინარეობდეს, სისუფთავის დაცვით, და თუნდაც შეიწირებოდეს, როგორც საღვთო მსხვერპლი. სამწუხაროდ, ბოლომდე ვერ შევძელით, რომ მიგვეღწია ამისათვის. წლევანდელ წელს ეს საკლავის დაკვლა არ იყო და იმედია, რომ მომავალ წელსაც გაითვალისწინებენ ამას“.

ეპარქიის სასულიერო პირები მოქალაქეებს ყოველწლიურად მოუწოდებდნენ, რომ ეკლესიასთან ახლოს ცხოველთა მსხვერპლშეწირვისგან თავი შეეკავებინათ, მაგრამ ადამიანები ამას ხშირად ყურს არ უგდებდნენ და გორიჯვარზე ყოველ 6 მაისს და 23 ნოემბერს ასობით ცხვარი იკვლებოდა. ტერიტორია სისხლით და სხვა ნარჩენებით ბინძურდებოდა. სასულიერო პირებმა ბოლო წლებში ის მოახერხეს, რომ სპეციალური სასაკლაო ეკლესიის კარიბჭის მიღმა გაატანინეს, თუმცა ამ ტრადიციის ბოლომდე აკრძალვა ვერ შეძლეს. ჩვეულება რჯულზე უმტკიცესიაო - ამ პრინციპით, გორელების ნაწილს გორიჯვრის ეკლესიაში ისევ მიჰყავს ცხვრები. წელს, კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, გორიჯვარზე ცხოველთა სასაკლაოს მოწყობა აიკრძალა, ამით კიასობით ცხოველი სიკვდილს გადაურჩა.