განიხილეთ ახალი არჩევნების შესაძლებლობა - ნორდიკულ-ბალტიკური რვიანი „ქართულ ოცნებას“

NB8-ის ქვეყნები საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებენ. ფოტოზე: ნორდიკულ-ბალტიკური რვიანის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები მოლდოვაში. 2024 წლის ოქტომბერი

მიხეილ ყაველაშვილის პრეზიდენტად ინაუგურაციის შემდეგ, ნორდიკულ-ბალტიკური რვიანის წევრები საერთო განცხადებას ავრცელებენ, შეშფოთებას გამოხატავენ საქართველოში შექმნილი ვითარების - „კრიზისის“ - გამო და ხელისუფლებას მოუწოდებენ, განიხილოს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობა.

„სერიოზულად ვართ შეშფოთებულნი საქართველოში შექმნილი სიტუაციით“, - წერია განცხადებაში, რომელიც 29 დეკემბერს გამოქვეყნდა. ნორდიკულ-ბალტიკური რვიანი რვა სახელმწიფოს აერთიანებს.

ისინი აცხადებენ:

  • „ჩვენ უკვე მოვითხოვეთ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს და მის წინა პერიოდში დაფიქსირებული დარღვევების საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება“.
  • "ჩვენ დავგმეთ ძალადობა და დაშინება მშვიდობიანი მომიტინგეების, პოლიტიკოსებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ და ვგმობთ პრეზიდენტ ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიმართულ მუქარას“.

„როგორც საქართველოს დიდი ხნის მეგობრები და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდამჭერები, შეშფოთებულნი ვართ, რომ ქვეყანა უფრო ღრმა პოლარიზაციისა და კრიზისისკენ მიმავალ გზას ადგას“, - აცხადებენ NB8-ის ქვეყნები.

რვა ქვეყნის განცხადების თანახმად, საქართველოს „სასწრაფოდ სჭირდება გამოსავალი კრიზისიდან, რათა აღდგეს საზოგადოების ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი“.

ბალტიისა და ნორდიკული სახელმწიფოები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, „დაუყოვნებლივ გადადგას ნაბიჯები ამ მიმართულებით, მათ შორის ეუთოს საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებით და ამ რეკომენდაციების საფუძველზე ახალი არჩევნების შესაძლებლობის განხილვით“.

საერთო განცხადების ტექსტს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე ავრცელებს.

ეს ქვეყნები არიან:

  • ლიეტუვა;
  • ლატვია;
  • ესტონეთი;
  • ფინეთი;
  • შვედეთი;
  • ნორვეგია;
  • ისლანდია;
  • დანია.

მეექვსე პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართა საქართველოს პარლამენტის სასახლეში.

მას არ დასწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ყაველაშვილის ლეგიტიმაციის საკითხს სადავოდ მიიჩნევენ როგორც სალომე ზურაბიშვილი, ასევე ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და საერთაშორისო პარტნიორთა დიდი ნაწილი.

ასევე ნახეთ მშვიდობა, ქართული სუფრა და სხვა აქცენტები - მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციის სიტყვა

უკვე 32 დღეა, დემონსტრანტები დედაქალაქსა და რეგიონებში აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

„ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილებამ გაამძაფრა პოლიტიკური კრიზისი, რაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადებას მოჰყვა.

ოპოზიციური პარტიები, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და საპროტესტო დემონსტრაციების მონაწილეები შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევენ, პარლამენტს, მის მიერ დანიშნულ მთავრობასა და არჩეულ პრეზიდენტს კი - არალეგიტიმურად.

28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის დარბევისას და დაშლისას 500-მდე დემონსტრანტი დააკავა, მათ შორის სისხლის სამართლის წესით დააკავა 40-ზე მეტი ადამიანი, რომელთაც რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

ბალტიის ქვეყნებმა სავიზო სანქციები დაუწესეს „ქართული ოცნების“ ლიდერებს, ასევე მოსამართლეებსა და მათთან აფილირებულ სხვადასხვა ადამიანს.

ყაველაშვილის ინაუგურაციამდე ორი დღით ადრე, 27 დეკემბერს, შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს.

სანქციები ეხება Credit Suisse-თან მის დავასაც.

ასევე ნახეთ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა | ყველა დეტალი ერთად