„ხანდახან ოჯახები იშლებიან და მერე ისევ ერთიანდებიან და როგორ გითხრათ, რომ მე კატეგორიულად გამოვრიცხავ რაიმეს“, - ასე უპასუხა გედევან ფოფხაძემ, ამჟამად უკვე „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა ჟურნალისტების კითხვას - ხომ არ ხედავს ის საკუთარ თავს კვლავ ბიძინა ივანიშვილის გვერდით 2020 წლის საპარლამენტი არჩევნებზე?
ბიძინა ივანიშვილთან სამომავლო თანამშრომლობის თეორიული შესაძლებლობის შესახებ გედევან ფოფხაძემ მმართველ გუნდთან „გამოსამშვიდობებელი“ პრესკონფერენციის მიწურულს, რამდენჯერმე გამეორებული შეკითხვის შემდეგ განაცხადა, მანამდე კი გედევან ფოფხაძე ამბობდა,რომ მისთვის ბიძინა ივანიშვილთან ურთიერთობის რესურსი ამოწურულია:
“როდესაც ტოვებ პოლიტიკურ გუნდს, როცა ექვსი წელი მისი წევრი იყავი, როდესაც თანამონაწილე იყავი ძალიან ბევრი პროცესის, როდესაც 2012 წლის ოქტომბრის გამარჯვებაში ხალხის გარდა, დიდი იყო ბიძინა ივანიშვილის პიროვნული ფაქტორიც, მაგრამ დღეს მიდიხარ გუნდიდან, ეს ნიშნავს იმას, რომ ხედავ იმ ნეგატიურ პროცესებს, რის გამოც მიდიხარ. შესაბამისად, მე მაქვს პრეტენზიები ბიძინა ივანიშვილთანაც, მაგრამ თუ ჩემი რიტორიკა მის მიმართ იქნება აგრესიული, ეს არ იქნება სწორი“.
კრიტიკული ქართული ოცნების და ფრთხილი მისი ლიდერის მიმართ
ანალოგიური პოზიცია ქონდა გასულ კვირას ეკა ბესელიასაც. დეპუტატი ხისტი და კრიტიკული იყო ყოფილი თანაგუნდელების, მაგრამ არა “ქართული ოცნების” გუნდის ლიდერის - ბიძინა ივანიშვილის მიმართ.
ანალიტიკოსი ზვიად აბაშიძე ფიქრობს, რომ „ქართული ოცნებიდან“ წასული წევრები, ამ ეტაპზე, როდესაც მათი პოლიტიკური მომავალი ჯერჯერობით ბუნდოვანია, არ გაამწვავებენ პერსონალურ კონფლიქტს ბიძინა ივანიშვილთან.
ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის ფრთხილ სტრატეგიას პერსპექტიულად არ მიიჩნევს, პოლიტოლოგი გია ნოდია, რადგან ვერ იხსენებს ვერცერთ მაგალითს, როდესაც “ივანიშვილს ერთხელ მოწყვეტილი ადამიანები, კვლავ თავისთან დაებრუნებინოს“.
„ეს ადამიანები ბიძინა ივანიშვილის გარეშე არაფერს წარმოადგენდნენ, ისინი ბიძინა ივანიშვილმა აქცია ფიგურებად და ეს უნდა იყოს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ მიუხედავად მმართველი გუნდიდან წასვლისა, ისინი ცდილობენ დაიტოვონ ბიძინა ივანიშვილთან მისასვლელი გზა“, - ამბობს გია ნოდია, რომელიც ფიქრობს, რომ მმართველი გუნდის განდგომილი წევრები ხვდებიან, რომ მათ თითქმის არ აქვთ შანსი ძლიერ, დამოუკიდებელ პოლიტიკურ გუნდად ჩამოყალიბებისა.
შორს “ქართული ოცნებისგან”, ახლოს ბიძინა ივანიშვილთან
შესაძლებელია თუ არა, რომ ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნებიდან“ წასული წევრები ალტერატიული დასაყრდენი ძალის შესაქმნელად გამოიყენოს?
გია ნოდია ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს არ სჭირდება ასეთ დასაყრდენ ძალად ბესელია-ფოფხაძე-გოგიჩაიშვილი მაშინ, როდესაც მას უკვე ჰყავს „პატრიოტთა ალიანსი“: „პატრიოტთა ალიანსმა“ ერთხელ უკვე შეასრულა ეს ფუნქცია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ“, - ამბობს ის.
ასევე ნახეთ ვინ ვისკენ გადაინაცვლა პოლიტიკურ სცენაზე მეორე ტურისთვისშეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა, რომელმაც ღიად დაუჭირა მხარი მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, ეს სწორედ “პატრიოტთა ალიანსი” იყო. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ, 25 ნოემბერს, მათ ხალხმრავალი აქცია გამართეს გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის წინააღმდეგ და განაცხადებს, რომ ისინი სწორედ სალომე ზურაბიშვილს უჭერდნენ მხარს.
სწორედ ამიტომ ფიქრობს გია ნოდია, რომ მმართველი გუნდის ყოფილი წევრების „პატრიოტთა ალიანსთან“ შერწყმა, ამ პროცესის ყველაზე ლოგიკური გაგრძელება შეიძლება იყოს:
„სამივე [ ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი -რ.თ] თუ არა, რომელიმე მათგანი მაინც შეიძლება აღმოჩნდეს იქ. ადა მარშანიამ, ფაქტობრივად, იზეიმა ეკა ბესელიას მმართველი გუნდიდან წასვლა, ეს კი იმას ნიშნავს, რომ არ არის გამორიცხული, რომ ეკა ბესელია სწორედ მათ გუნდში ვიხილოთ. თუმცა, ცხადია, რომ ამას ასე ხელაღებითაც ვერ იტყვი, რადგან მსგავსი პროცესები ხშირად პიროვნულ ურთიერთობებზეა აგებული“.
ზვიად აბაშიძე ფიქრობს, რომ საფუძველს უნდა იყოს მოკლებული ვარაუდი იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს შეიძლება ეძებდეს ალტერნატიულ დასაყრდენ ძალას, თუმცა, ის არც იმას გამორიცხავს, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნებისათვის, ივანიშვილი შესაძლოა, შეეცადოს „პოლიტიკური ბანქოს“ გადათამაშებას.
ეკა ბესელიას მესამე ძალა
რაც შეეხება ეკა ბესელიას გარშემო ახალი პოლიტიკური ძალის, ე.წ. მესამე ძალის შექმნის შესაძლებლობას, ზვიად აბაშიძე ამბობს, რომ დღეს ამ გუნდს ამის ძალა არ შესწევს: „ისინი არ არიან ის ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურ სპექტრში ავტორიტეტს ფლობენ. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო. ამიტომ არ მგონია, რომ მათ ირგვლივ ახალმა ძალებმა მოიყარონ თავი. რაც შეეხება ფორმალური მესამე პარტიის შექმნას, ეს ვერანაირად ვერ იქნება მესამე ძალა. ეს იქნება იგივე ძალა, იგივე ხალხი, უბრალოდ, სხვა ფორმით“.
ასევე ნახეთ ეკა ბესელია “ქართული ოცნების“ გარეშე - ვინ დაკარგა მეტი, მან თუ პარტიამ?!საპარლამენტო უმრავლესობამ გასულ კვირაში არ გაიზიარა ეკა ბესელიასა და მისი რვა თანაგუნდელის ხელმოწერილი კანონპროექტი, რომელიც რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას 2024 წლის 31 დეკემბრამდე ითვალისწინებდა.
ეს კანონპროექტი იქცა „ოცნების“ განხეთქილების ვაშლად, რომელმაც მართველ გუნდს, ამ ეტაპზე, ოთხი წევრი - ლევან გოგიჩაიშვილი, ეკა ბესელია, ბექა ნაცვლიშვილი, გედევან ფოფხაძე და პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დააკარგვინა.